საერთაშორისო დასახელება:
ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, დექსტროზა;
მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი,” საქართველო.
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რეჰიდრატაციული პერორალურად მისაღები საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი პაკეტებში, 20.82 გ და 4.16 გ.
1 (20.82 გ) პაკეტი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს – 2.6 გ; კალიუმის ქლორიდს – 1.5 გ; ნატრიუმის ციტრატს – 2.9 გ; უწყლო გლუკოზას – 13.5 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.
1 (4.16 გ) პაკეტი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს – 0.52 გ; კალიუმის ქლორიდს – 0.3 გ; ნატრიუმის ციტრატს – 0.58 გ; უწყლო გლუკოზას – 2.7 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აისოლი წარმოადგენს ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორეგირებელ საშუალებას. ორგანიზმის გაუწყლოვნების დროს პრეპარატი აღადგენს წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას.
ფარმაკოკინეტიკა:
აისოლი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
პრეპარატი ხანმოკლედ ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სწრაფად გადადის ინტერსტიციალურ სივრცესა და უჯრედებში.
მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.
თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლოა პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კალიუმის გამოყოფის შეფერხება.
ჩვენებები:
წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე დიარეის დროს მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციით (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
თერმული დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევასთან;
წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის პროფილაქტიკის მიზნით თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც აღინიშნება ინტენსიური ოფლდენა.
მიღების წესი და დოზირება:
აისოლი მიიღება პერორალურად, კვებისგან დამოუკიდებლად.
1 (20.82 გ) პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ლ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში, ხოლო 1 (4.16 გ) პაკეტის შიგთავსი – 200 მლ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აისოლის მომზადებული ხსნარი ინახება არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურაზე.
– მოზრდილებსა და მოზარდებში მსუბუქი ხარისხის დეჰიდრატაციის დროს მიიღება ხსნარის 50 მლ/კგ სხეულის მასაზე პირველი 4-6 სთ-ის განმავლობაში;
– საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს - 100 მლ/კგ სხეულის მასაზე პირველი 6 სთ-ის განმავლობაში. მისაღები ხსნარის რაოდენობა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და თერაპიის ეფექტურობაზე.
– თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად მსუბუქად მიმდინარე დიარეის დროს მიიღება დღეში 100-200 მლ/კგ სხეულის მასაზე, დიარეის შეწყვეტამდე.
– მძიმედ მიმდინარე დიარეის დროს - 15 მლ/კგ სხეულის მასაზე ყოველ სთ-ში, დიარეის შეწყვეტამდე.
– ბავშვებში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს საწყისი დოზაა 50 -100 მლ/კგ სხეულის მასაზე პირველი 4 სთ-ის განმავლობაში, შემდგომში მიიღება დღეში 100 მლ/კგ-მდე სხეულის მასაზე, დიარეის შეწყვეტამდე. მისაღები ხსნარის რაოდენობა დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და თერაპიის ეფექტურობაზე.
– ხსნარი ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ სუფთა კოვზით ან ჭიქით. ბოთლით ხსნარის მიცემა დაუშვებელია.
– მცირე ასაკის ბავშვებში ხსნარის პირში ჩასაწვეთებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პიპეტი.
–2 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 ჩაის კოვზი ყოველ 1-2 წთ-ში. ღებინების შემთხვევაში რეჰიდრატაცია უნდა შეწყდეს 10 წთ-ით და შემდეგ გაგრძელდეს დაბალი სიხშირით (1 ჩაის კოვზი ყოველ 2 წთ-ში).
თერმული ზემოქმედების დროს წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევისას, რაც გამოწვეულია გადახურებითა და გაუწყლოებით (პოლიურია, წყურვილი), აისოლის ხსნარი მიიღება 100-150 მლ ულუფებით 500 დან 900 მლ-მდე პირველი 30 წთ-ის განმავლობაში,
შემდგომ ყოველ 40 წთ-ში ხსნარი მიიღება იგივე დოზებით წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე და თერმული დაზიანების სიმპტომების გაქრობამდე.
– ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის პროფილაკტიკისათვის, პრეპარატი მიიღება ულუფებად წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილებამდე.
გვერდითი მოვლენები:
აისოლის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ ვლინდება.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ინსულინდამოკიდებული და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი; ნაწლავთა გაუვალობა; ჰიპერკალემია; მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აისოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის შესწავლილი.
აისოლის ხსნარს გააჩნია სუსტი ტუტე რეაქცია, აქედან გამომდინარე შესაძლოა იმოქმედოს იმ პრეპარატების ეფექტურობაზე, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია ნაწლავის შიგთავსის pH-ზე.
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: შესაძლოა განვითარდეს ჰიპერნატრიემია (სისუსტე, ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა); თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს მეტაბოლური ალკალოზი.
მკურნალობა: დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.
ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის კორექცია საჭიროა ჩატარდეს ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
რეკომენდებული დოზებით აისოლი შესაძლოა დაინიშნოს ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოყენების თავისებურებები:
მძიმე დეჰიდრატაციის კორექცია ხდება რეჰიდრატაციული საშუალებების ი/ვ შეყვანით, შემდგომ შესაძლოა დაინიშნოს აისოლი.
მომზადებულ ხსნარში შაქრის დამატება დაუშვებელია.
პაციენტებს, რომელთაც დეჰიდრატაცია განუვითარდათ თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე, რის დროსაც დაირღვევა მჟავა-ტუტოვანი, ელექტროლიტური ან ნახშირწყლოვანი ბალანსი, აისოლით თერაპიის დროს ესაჭიროებათ მონიტორინგი.
საჭიროა ექიმის კონსულტაცია თუ აისოლის მიღებისას გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:
შენელებული მეტყველება, გადაღლილობა, ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება (39ºC-ზე მეტი), შარდის გამოყოფის შეფერხება, 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობის დიარეა, დიარეის უეცარი შეწყვეტა და ძლიერი ტკივილის განვითარება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
აისოლი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შენახვის პირობები:
ინახება 15 – 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მომზადებული ხსნარი ინახება 2 - 8ºC ტემპერატურაზე, არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში!
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.