ალკოჰოლიზმი (ქრონიკული ალკოჰოლიზმი) პროგრესულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის საფუძველსაც ეთილის სპირტისადმი ლტო¬ლვა წარმოადგენს. სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება (ლოთობა) იწვევს ქცევის ზნეობრივი და სოციალური ნორმების რღვევას. ამით ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებას. ახალგაზრდებს შორის სიკვდილის მიზეზი ხშირად ალკოჰოლური მოწამვლაა. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა (მაგალითად, მოციმციმე არითმია). ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში იზრდება საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სატრანსპორტო ტრავმების ალბათობა. ალკოჰოლიზმით დაავადებულებს შორის თვითმკვლელობა უფრო ხშირია.
ალკოჰოლიზმის ადრეულ სტადიაზე თავს იჩენს წყლულოვანი დაავადება, ტრავმები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოგვიანებით - ღვიძლის ციროზი, პიელონეფრიტი, ტვინისმხრივი დარღვევები.
მიზეზები. ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედაციური მოქმედება, რაც ეიფორიას (გუნება-განწყობის ამაღლებას) და რელაქსაციას (დაძაბულობის მოხსნას) იწვევს. ასეთი ეფექტებისადმი მიილტვიან პათოლოგიური პიროვნებები, ნევროზიანები, ისინი, ვინც ვერ ახერხებს საზოგადოებასთან ადაპტირებას, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის პირობებში მომუშავეები.
ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემოცვა, ოჯახური მიკროკლიმატი, აღზრდა, ტრადიციები, სტრესებისა და სტრესული სიტუაციების სიხშირე. უდავოა მემკვიდრეობითი ფაქტორების, სახელდობრ, ხასიათის თავისებურებისა და მეტაბოლური ცვლის დარღვევისადმი წინასწარგანწყობის გავლენა.

ალკოჰოლური თრობა
სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმლის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე. განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს. ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნება-განწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა; მიმიკა ჩვეულებრივზე მეტყველია, მოძრაობა კი ნაკლებად ზუსტი. თრობის ამ სტადიის გავლის შემდეგ კეთილგანწყობა შეიძლება შეიცვალოს გაღიზიანებით, აგრესიულობით. ირღვევა კოორდინაცია და სიარულის მანერა. ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს არამოტივირებული იმპულსური საქციელი. მეტყველება არასწორი ხდება, ქვეითდება ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნება.
თრობის შემდეგ აღინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები: თავის სიმძიმე და ტკივილი, წყურვილი, სისუსტე, სხეულში ტეხის შეგრძნება, აპათია ან გაღიზიანებადობა. მახსოვრობა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა.
არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნება-განწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული. ზოგიერთს ეუფლება ამაღლებული განწყობა, რასაც თან სდევს მოძრაობის გააქტიურება და გიჟმაჟური ქცევა. სიმთვრალის ატიპური ფორმები აღენიშნებათ პირებს, რომელთაც ადრე ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდათ გადატანილი ან დაავადებულნი არიან ოლიგოფრენიით, ასევე - ფსიქოპათებს.
სიმთვრალის მძიმე ხარისხის დროს შეიმჩნევა გონების გათიშვის ნიშნები (კომაც კი). ზოგჯერ აღმოცენდება ეპილეფსიური გულყრა. გამორიცხული არ არის უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რომელიც ადამიანს მეორე დღეს აღარ ახსოვს.
დიაგნოსტიკა. ალკოჰოლური თრობის დიაგნოსტირება კლინიკური ნიშნებისა და სპეციალური სინჯების საფუძველზე ხდება.
მკურნალობა. საშუალო ხარისხის სიმთვრალის დროს აუცილებელია კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის 1,5-2 ლ სუსტი ხსნარით. მძიმე სიმთვრალის შემთხვევაში ადამიანს დახმარება სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაეწიოს. ღებინების გამოწვევა რეკომენდებული არ არის - შესაძლოა პირნაღები მასის ასპირაცია (უნებლიე ჩასუნთქვა).

პათოლოგიური თრობა
პათოლოგიური სიმთვრალე ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკის მწვავე დარღვევაა. ის, ჩვეულებრივ, არასრულფასოვანი ნერვული სისტემის მქონე პირებს - ეპილეფსიით, ენცეფალოპათიით, ფსიქოპათიით დაავადებულებს - უვითარდებათ. პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება განუვითარდეთ მათაც, ვისაც ალკოჰოლის აუტანლობა აღენიშნება. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დათრობამდე არასასურველი ფაქტორების (სტრესის, იძულებითი უძილობის, შიმშილის, გადახურების) გავლენას, ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების შესუსტებას.
პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო რაოდენობით (50-100 გ) სპირტიანი სასმლის მიღებამაც და გამოვლინდეს გონების თავისებური დაბინდვით. ამ დროს ავადმყოფის ქცევა ვითარების არაადეკვატურია. ყურადღებას იქცევს შიშის, სიბრაზის ან მრისხანების აფექტები. ავადმყოფი აღგზნებულია, ჩხუბობს, ირგვლივ მყოფებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ან თავს იცავს, გაქცევას ცდილობს. შესაძლოა, თავის მოკვლაც სცადოს. პათოლოგიური თრობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. აგზნება საერთო სისუსტესა და ღრმა ძილში გადადის. ადამიანს მომხდარი აღარ ახსოვს.

ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი დაავადებაა, რომელსაც ალკოჰოლის სისტემატური მიღება იწვევს და განსაზღვრული ფსიქიკური და სომატური გამოვლინებები ახასიათებს.
ალკოჰოლიზმის პირველივე სტადიაზე ვლინდება ალკოჰოლისადმი დაუძლეველი ლტოლვა. ადამიანი უზომოდ სვამს, რადგან დაკარგული აქვს ზომიერების გრძნობა. სიმთვრალის დროს მომხდარი მოვლენები გონებიდან ამოვარდება.
მეორე სტადიაში ალკოჰოლისადმი მიჩვევა აღწევს მაქსიმუმს (დღეში 1-2 ლ არაყი). ყალიბდება აბსტინენციის სინდრომი (ალკოჰოლური შიმშილის მდგომარეობა), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მძიმე ალკოჰოლური ექსცესების დროს ან რამდენიმედღიანი გადაბმული სმის შემდეგ აღმოცენდება. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თრობის მეორე დღეს სპირტიანი სასმლის მცირე ულუფა ხსნის უსიამოვნო შეგრძნებებს და მდგომარეობას ამსუბუქებს. ჯანმრთელ ადამიანებს თრობის მეორე დღეს რჩებათ ინტოქსიკაციის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ალკოჰოლის მიღებისას გამძაფრდეს და სპირტიანი სასმელების ზიზღი გამოიწვიოს.
აბსტინენციის სინდრომი ვლინდება სახის ჰიპერემიით, სკლერების სიწითლით, გულისცემის შეგრძნებით, არტერიული წნევის მომატებით, ოფლიანობით, გულის არეში ტკივილით, კიდურების ტრემორით, სისუსტით. ზოგიერთს უვითარდება დისპეფსიური მოვლენები: მუცლის გვრემა, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. დროთა განმავლობაში სომატურს ერთვის ფსიქიკური გამოვლინებებიც. იცვლება გუნება-განწყობა: ადამიანი დათრგუნულია, ეუფლება მოუსვენრობა, შიში, დანაშაულის განცდა. ძილი ზედაპირულია, სიზმრები - კოშმარული. ამ დროს ფსიქიკურ აშლილობათა ადრეული გამოვლენა ან სომატურთან შედარებით მათი სიმკვეთრე შემდგომში ფსიქოზის განვითარების შესაძლებლობაზე მეტყველებს. აბსტინენცია პიკს აღწევს სპირტიანი სასმლის მიღების შეწყვეტის მე-3 დღეს.
ალკოჰოლიზმის II სტადიაში ავადმყოფები მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღე სვამენ. შესვენებები გამოწვეულია მხოლოდ გარე ფაქტორებით: ფულის უქონლობით, კონფლიქტით სამსახურში, ოჯახში.
ალკოჰოლიზმის III სტადიაში ქვეითდება ალკოჰოლისადმი გამძლეობა. თრობას ადრინდელთან შედარებით ნაკლები ოდენობის სასმელი იწვევს, ვინაიდან დარღვეულია ეთილის სპირტის ცვლის პროცესი. უარესდება ავადმყოფის სომატური და ფსიქიკური მდგომარეობა, აღინიშნება უმადობა, სიგამხდრე, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, მეტყველების, სიარულის მანერის დარღვევა, კიდურების ტრემორი, დროდადრო - გულყრა. ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო გადაბმული სმის ხანგრძლივობა მოკლდება (2-3 დღე), შესვენებები კი იზრდება.
ალკოჰოლიზმის დროს პიროვნების შეცვლა II სტადიაშივე ხდება, ხოლო III-ში ალკოჰოლური დეგრადაციის ხარისხს აღწევს. ადამიანს უყალიბდება ე.წ. ალკოჰოლური ხასიათი: ერთი მხრივ, ზოგადი აგზნების გამო თითქოს მძაფრდება ემოციური რეაქციები (დარდი, სიხარული, უკმაყოფილება, აღფრთოვანება და სხვა), გულჩვილობა, განსაკუთრებით - თრობისას. მეორე მხრივ, ხდება ემოციური გაუხეშება. ავადმყოფი ხდება ეგოისტი, ოჯახისადმი გულგრილი, უქრება მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობა. მთელი ყურადღება სასმლისკენ აქვს მიმართული, აღარ მალავს სასმლისადმი ლტოლვას და სვამს ყველგან და ყოველთვის, ანუ კარგავს სიტუაციის კონტროლის უნარს.
მოზარდთა ალკოჰოლიზმი შეიმჩნევა უმთავრესად ისეთ ოჯახებში, სადაც მოზარდების მიმართ კონტროლი სუსტია, მეტადრე - როცა მშობლებიც ალკოჰოლიზმით არიან დაავადებულნი. ალკოჰოლს უმთავრესად 13-15 წლის მოზარდები ეტანებიან, თუმცა აღრიცხულია ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები უფრო ადრეულ ასაკშიც. მოზარდებში, განსაკუთრებით - სისტემატური სმის დროს, სწრაფად ყალიბდება აბსტინენციის სინდრომი და ვითარდება ფსიქიკური მოშლილობა. მოზარდს ხასიათი ეცვლება - იღებს ფსიქოპათიურ ელფერს, რაც ან აგზნებადობის მატებით, აგრესიულობით, ან აქტიურობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით გამოიხატება. ამ ასაკში ხშირად ერთდროულად მოიხმარენ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს.
ქალებს შორის ალკოჰოლიზმი უფრო ნაკლებად არის გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებს შორის. უმთავრესად ალკოჰოლიზმით დაავადებულნი არიან საშუალო ასაკის ქალები. სმა თავდაპირველად ან ეპიზოდური, ან ციკლური ხასიათისაა - ქალი ალკოჰოლს გუნება-განწყობის ასამაღლებლად ან დაძაბულობის, შფოთვის მოსახსნელად იღებს. მოგვიანებით სპირტიანი სასმლის მიღება ჩვევად იქცევა. ყალიბდება მისდამი სწრაფვა.
ალკოჰოლიზმი მამაკაცებში უმთავრესად გულ-სისხლძარღვთა დაზიანებას იწვევს. ქალებში უფრო მეტად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი) გვხვდება.
ალკოჰოლიზმის მკურნალობა: ალკოჰოლიზმის მკურნალობა წარმატებით დაგვირგვინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ავადმყოფს სურს განკურნება, მაგრამ არც ერთი ალკოჰოლიკი თავს ავადმყოფად არ მიიჩნევს, ამიტომ საჭიროა ფსიქოლოგიური მომზადება ექიმ ნარკოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქოლოგის დახმარებით. მკურნალობა შეიძლება ამბულატორიულ პირობებშიც და სტაციონარშიც. პირობების არჩევა, ერთი მხრივ, პაციენტის ნება-სურვილზე, მეორე მხრივ კი მის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როდესაც აბსტინენციური სინდრომი მძიმეა, გამოხატულია ძლიერი სომატური და ფსიქიკური დარღვევები ან მანამდე აღნუსხული იყო ფსიქიკური აშლილობების ეპიზოდები სიმთვრალის დროს, აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა.
პირველ ყოვლისა, წყდება ალკოჰოლის მიღება და გადასხმების მეშვეობით თუ სხვა სახის მედიკამენტური თერაპიით ავადმყოფი მდგომარეობიდან გამოჰყავთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტარდება დეზინტოქსიკაცია. საჭირო პრეპარატი უმთავრესად ვენიდან ან კუნთებიდან შეჰყავთ. აშკარა ფსიქიკური აშლილობისას გამოიყენება ტრანკვილიზატორები (სედუქსენი, რელანიუმი და სხვა), ძილის დარღვევისა და კოშმარული სიზმრების დროს - ბარბიტურატები (ლუმინალი, ბარბამილი). ავადმყოფს აძლევენ რეკომენდაციას, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე (მინერალური წყლები, წვენები) და იმავდროულად უნიშნავენ შარდმდენებს. მძიმე სომატური დარღვევების დროს საჭიროდ მიიჩნევა თერაპევტის კონსულტაცია და მკურნალობა, კალორიული, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ იწყება სიფხიზლის შენარჩუნებისთვის ზრუნვა. ამ მიზნით მოწოდებულია რამდენიმე მეთოდი, რომელთაგან ოპტიმალურს ექიმი ავადმყოფსა და მის ახლობლებთან ერთად შეარჩევს.

ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდებია:

  • პირობითრეფლექსური თერაპია - ალკოჰოლის სუნსა და გემოზე ღებინების რეფლექსის გამომუშავება, რაც ალკოჰოლისა და სასაქმებელი საშუალებების ერთდროული მიღებით მიიღწევა;
  • მასენსიბილიზებელი თერაპია - ალკოჰოლისადმი ლტოლვის დათრგუნვა. ავადმყოფს ამ მიზნით აძლევენ პრეპარატს, რომელიც თავისთავად უვნებელია, მაგრამ ორგანიზმში სპირტიანი სასმლის მოხვედრისას იწვევს ურთიერთქმედების რეაქციას მძიმე შედეგებით. საქართველოში ეს მეთოდი დანერგილი არ არის.
    ალკოჰოლიზმის მკურნალობისას ყველაზე მნიშვნელოვანია და, შეიძლება ითქვას, წარმატების საფუძველს წარმოადგენს ფსიქოთერაპია და ჯგუფური რაციონალური ფსიქოთერაპია. არსებობს თვითდახმარების, ე.წ. ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ანონიმური ჯგუფები, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები ერთმანეთს სპირტიანი სასმელებისგან თავის შეკავებაში ეხმარებიან.

ალკოჰოლისადმი ლტოლვა დიდხანს გრძელდება, ამიტომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ოჯახისა და ახლობლების დახმარება და, რაც მთავარია, ფსიქოთერაპია. ბევრი ამ მიზნით ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ანონიმურ ჯგუფებში ერთიანდება.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია