ამოვარდნილობა ნიშნავს სახსარში მონათესავე ძვლების სასახსრე ზედაპირების ერთმანეთისგან სრულ ან ნაწილობრივ დაცილებას. თუ სასახსრე ბოლოები მთლიანად არის დაცილებული (ანუ არ ეხება) ერთმანეთს, ამოვარდნილობა სრულია, ხოლო თუ ნაწილობრივ მაინც ეხება - არასრული. უკანასკნელ ფორმას ქვეამოვარდნილობასაც უწოდებენ.
ამოვარდნილობას თან სდევს სასახსრე პარკის დაზიანება.
სახსრიდან დისტალურად მდებარე ძვლის ამოვარდნის მიხედვით საუბრობენ მხრის (და არა მხრის სახსრის), ბარძაყის (და არა ბარძაყის სახსრის), სხივის, იდაყვის, დიდი წვივის და ა. შ. ამოვარდნილობაზე.
ამოვარდნილობა შეიძლება იყოს თანდაყოლილიც (ვითარდება ნაყოფის მუცლადყოფნის პრიოდში) და შეძენილიც. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ტრავმულიც და პათოლოგიურიც. პათოლოგიურ ამოვარდნილობას იწვევს სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი - ტუბერკულოზი, მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი ანთება, სახსრის მამოძრავებელი კუნთის დამბლა, სიმსივნე და სხვა.

თანდაყოლილი ამოვარდნილობა უმეტესად მენჯ-ბარძაყის სახსარში ვითარდება და ცალმხრივია, თუმცა არის ორმხრივი ამოვარდნილობის შემთხვევებიც. ამოვარდნილობას მაშინ ამჩნევენ, როდესაც ბავშვი ფეხს იდგამს: აღინიშნება კოჭლობა, სახსრების მტკივნეულობა, ფეხის დამოკლება. ორმხრივი ამოვარდნილობისთვის დამახასიათებელია იხვისებური სიარული. დიაგნოზს ადასტურებს რენტგენოგრამა.
ამოვარდნილობა ათიდან 8-9 შემთხვევაში შეძენილია (ტრავმულია). ადამიანის ზოგიერთი ინდივიდუალური ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება (სასახსრე ზედაპირების ზომათა შეუთავსებლობა, ფართო სასახსრე ჩანთა, არამყარი იოგოვანი აპარატი), ასევე - ასაკი, პროფესია და სხვა ამოვარდნილობის რისკფაქტორებს წარმოადგენს.

ტრავმული ამოვარდნილობის მიზეზი პირდაპირი, უფრო ხშირად კი არაპირდაპირი ძალდატანებაა (მაგალითად, მხრის ამოვარდნა გაშლილ ხელზე დაცემისას). ტრავმული ამოვარდნილობის დროს სასახსრე პარკი იგლიჯება. ჭაღისებურ (მუხლის, იდაყვის, კოჭ-წვივის) სახსრებში ამოვარდნილობის დროს ზიანდება საფიქსაციო აპარატი, მყესები. სახსარსა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ვითარდება სისხლჩაქცევა.
თუ ამოვარდნილობასთან ერთად მის ახლოს მდებარე ძვლის მოტეხილობაც განვითარდა, ზიანდება მსხვილი სისხლძარღვები და ნერვები, რაც ამოვარდნილობის მკურნალობას ართულებს (გართულებული ამოვარდნილობა).

სასახსრე პარკისა და იოგოვანი აპარატის მოდუნებისას ამოვარდნილობა შესაძლოა უმნიშვნელო დატვირთვამაც კი გამოიწვიოს. მაგალითად, ხელის მოქნევამ - მხრის ამოვარდნილობა, დამთქნარებამ - ყბისა. დაშავებულის გამოკითხვის შემდეგ ადგენენ ტრავმის მიზეზს და ამოვარდნილობის მექანიზმს. ჩივილებიდან მნიშვნელოვანია ტკივილი და კიდურის ფუნქციის მოშლა. ტკივილი ზოგჯერ მძაფრია და სახსრის ყოველგვარი მოძრაობისას ძლიერდება. არის შემთხვევები, როდესაც ამოვარდნილი სეგმენტის ნერვზე ზეწოლის ან კუნთების სპასტიკური შეკუმშვის გამო აღინიშნება კიდურის დაბუჟება, სახსრის დეფორმაცია და მისი არანორმალური მდებარეობა.
ბარძაყის ამოვარდნილობისას კიდური მოხრილია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში, ბარძაყი მოზიდულია წინ და შიგნით, მისი გამართვის ოდნავი ცდაც კი საშინელ ტკივილს იწვევს, ხოლო კიდური ხელის გაშვების შემდეგ ზამბარასავით უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას.

მხრის ამოვარდნილობისას მხარი ტანიდან 15-30 გრადუსით არის განზიდული. გულმკერდს რომ მივუახლოოთ და ხელი გავუშვათ, მაშინვე პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.
ამოვარდნილი ძვლის სასახსრე ბოლო ხშირად უჩვეულო ადგილას, მაგალითად, იღლიის ფოსოში ან მკერდის კუნთის ქვეშ ისინჯება.
ამოვარდნილობის შემდეგ კიდურის მოჩვენებითი დამოკლება-დაგრძელება სასახსრე თავის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.
ამოვარდნილობის დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიური კვლევით. იგივე კვლევა ადასტურებს ან გამორიცხავს თანდართულ მოტეხილობას, რაც მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ტრავმული ამოვარდნილობის დროს საჭიროა ამოვარდნილი ძვლის დაუყოვნებლივ ჩასმა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ. პირველი დახმარება გულისხმობს ტკივილის შემცირებას: დაზიანებული სახსრის მიდამოზე ცივი საფენის დადებას, ტკივილგამაყუჩებლის მიცემას. უნდა მოხდეს კიდურის იმობილიზაცია იმ მდგომარეობაში, რომელიც მან ტრავმის შემდეგ მიიღო. თუ დაზიანებული კანის მთლიანობა დარღვეულია, აუცილებელია ასეპტიკური ნახვევის დადება (ჩამობანა, ჭრილობის ირგვლივ სპირტის, იოდის წასმა და სტერილური დოლბანდით გადახვევა). დაშავებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა ამოვარდნილობის ჩასწორება დამოუკიდებლად არ უნდა სცადონ - ეს მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას.
პირველ საათებში ამოვარდნილობის ჩასწორება ადვილია და შედეგიც გაცილებით უკეთესია, ტრავმიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ძნელდება, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ უოპერაციოდ შეუძლებელიც კი ხდება, შედეგიც გაცილებით უარესია.
ამოვარდნილობის ჩასწორებისას აუცილებელია გაუტკივარება.
ჩასწორების შემდეგ ტარდება საკონტროლო რენტგენოგრაფია. კიდური 6-10 დღით ფიქსირდება ფუნქციურად ხელსაყრელ მდგომარეობაში, შემდეგ კი ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია