ანაფილაქსიური შოკი ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მძიმე გამოვლინებაა და არცთუ იშვიათად სიკვდილით სრულდება. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში შრატის ან განსაზღვრული მედიკამენტის - სულფანილამიდების ჯგუფის რომელიმე პრეპარატის, ანტიბიოტიკის (ტეტრაციკლინი, ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, განსაკუთრებით - პენიცილინი), ასევე - B ჯგუფის ვიტამინების, ზოგიერთი საკვების (კვერცხი, თევზი, მარცვლეული) და რენტგენოკონტრასტული ნივთიერების მოხვედრისას.
ანაფილაქსიური რეაქცია თავს იჩენს ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე პერიოდის განმავლობაში. მაღალი სენსიბილიზაციის მქონე ორგანიზმისთვის ალერგენის არც დოზას და არც შეყვანის გზას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ალერგენის დიდი დოზა ხელს უწყობს შოკის მძიმე და ხანგრძლივ მიმდინარეობას.
წამყვანი კლინიკური სიმპტომებია ალერგიული მედიატორების (ჰისტამინი) გამოთავისუფლების შედეგად სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება, მათი განვლადობის მომატება და მოცირკულირე სისხლის ოდენობის მკვეთრი შემცირება. კანი ცივი, სველი და ფერმკრთალია, დაჰკრავს სილურჯე. თავის ტვინსა და სხვა ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თავს იჩენს მოუსვენრობა, ქოშინი, გონება იბინდება, შარდის გამოყოფა ირღვევა.
ანაფილაქსიური შოკის ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად განვითარდება სისხლძარღვოვანი კოლაფსი და თავის ტვინის ფუნქციის მოშლა.
მსუბუქი შოკის დროს აღინიშნება კანის ჰიპერემია, ქავილი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, წამოხურვება, სისუსტე, სხეულის სხვადასხვა არეში არასასიამოვნო შეგრძნებები.
საშუალო ხარისხის ანაფილაქსიურ შოკს ახასიათებს ტოქსიდერმია, კვინკეს შეშუპება, კონიუნქტივიტი, სტომატიტი, გულისცემის გახშირება, გულის ტკივილი, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, მკვეთრი სისუსტე, თავბრუხვევა, მხედველობის დარღვევა, მოუსვენრობა, სიკვდილის შიში, კანკალი, სიფითრე, ცივი ოფლი, სმენის დაქვეითება, თავში ხმაურის შეგრძნება, გულის წასვლის შეგრძნება. ამ ფონზე შესაძლოა აღმოცენდეს ბრონქული ასთმის მსგავსი შეტევა, კუჭნაწლავისმიერი (გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერვა, ენის შეშუპება, მუცლის ტკივილი, სისხლიანი ფაღარათი) და თირკმლისმიერი (პოლიურია) სინდრომები.
მძიმე შოკის დროს ელვისებურად ვითარდება კოლაფსი (სიფითრე, ციანოზი, ძაფისებრი პულსი, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა), კომური მდგომარეობა (გონების დაკარგვა, უნებლიე დეფეკაცია და შარდვა), გუგები გაფართოებულია და სინათლეზე არ რეაგირებს, მოგვიანებით არ ისინჯება პულსი და არტერიული წნევა, გული ჩერდება, სუნთქვა წყდება.
ანაფილაქსიური შოკის დროს უპირატესად ზიანდება:
- კანი - აღინიშნება ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება;
- ნერვული სისტემა - ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, უნებლიე მოძრაობები, კრუნჩხვა, უნებლიე დეფეკაცია და შარდვა, გონების დაკარგვა (ეპილეფსიური ტიპისა);
- სუნთქვის ორგანოები (ასთმური ვარიანტი) - ქოშინი, მოხჩობის შეგრძნება;
- გული - კარდიული მოვლენები: მწვავე მიოკარდიტი, ინფარქტი და ა. შ.
ანაფილაქსიური შოკი სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ზოგჯერ წამების დაკარგვაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ, თავი გვერდზე გადმოვუბრუნოთ, ენის უკან გადავარდნისა და ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად ქვედა ყბა წინ წამოვუწიოთ, თუ კბილის მოსახსნელი პროთეზი აქვს, მოვხსნათ, ფეხებზე თბილი სათბური დავადოთ და სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაველოდოთ.