ანკილოზი არის სახსარში მოძრაობის შეუძლებლობა ძვლების სასახსრე ზედაპირების შეზრდის გამო. თუ ძვლის სახსართან მიხორცება ძვლოვანი ქსოვილით ხდება, ლაპარაკობენ ძვლოვან ანკილოზზე, თუ შემაერთებელი ფიბროზული ქსოვილით - ფიბროზულ ანკილოზზე. ანკილოზი სახსრის ხანგრძლივად მიმდინარე ანთების გართულებას წარმოადგენს. ის ზოგიერთი ქრონიკული ინფექციის (მაგალითად, ძვლის ტუბერკულოზის) ან რევმატული დაავადების (მაანკილოზებელი სპონდილიტის) შემთხვევაში ვითარდება. ანკილოზის მიზეზად შეიძლება იქცეს კიდურის ხანგრძლივი უმოძრაობა, მაგალითად, კიდურის ხანგრძლივი იმობილიზაცია (თაბაშირი, გირებით დაკიდება და ა.შ.) ტრავმის შემდეგ.
სიმპტომები. ძვლოვან ანკილოზს ტკივილი არ სდევს თან, ფიბროზულის დროს კი ტკივილის შეგრძნება ხშირია. სახსრების ამოვარდნილობის, მოტეხილობის, ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში ანკილოზის პროფილაქტიკის მიზნით ტარდება ანთების საწინააღმდეგო თერაპია. ადრეულ ეტაპზე მიმართავენ სამკურნალო ფიზკულტურას.
მკურნალობა. ძვლოვანი ანკილოზის მკურნალობა ოპერაციულია. ფიბროზულის დროს ინიშნება მასაჟი, ფიზიოთერაპია, ტალახით მკურნალობა. თუ კონსერვატიული მეთოდები უეფექტო აღმოჩნდა, ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. ზოგჯერ სახსრის პლასტიკაც კი ხდება საჭირო.