ანორექსია უმადობაა, როდესაც კვებისადმი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დარღვეული არ არის. მას კვების ცენტრის ფუნქციის მოშლა იწვევს. ანორექსიას საფუძვლად შეიძლება დაედოს გადაჭარბებული ემოციური აღგზნება, ფსიქიკური დაავადება, ენდოკრინული სისტემის მოშლა, ინტოქსიკაცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადება (მწვავე გასტრიტი, გასტროდუოდენიტი და სხვა), არარეგულარული ერთგვაროვანი კვება, უგემური კერძებით კვება, კვებისას არასასურველი გარემოს არსებობა, კუჭ-ნაწლავის ფუნქციის შემაფერხებელი, უგემური ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი წამლების მიღება. შესაძლოა, გამოვლინდეს როგორც ნევროზული რეაქცია ამა თუ იმ ნეგატიურ მოვლენაზე.
ხანგრძლივი ანორექსიისას ქვეითდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი და იზრდება დაავადებებისადმი მგრძნობელობა. მცირე ასაკის ბავშვებს ანორექსია ხშირად ძალდატანებით კვების გამო ემართებათ.
მკურნალობა. მკურნალობა ითვალისწინებს ანორექსიის მიზეზების გამოვლენასა და აღმოფხვრას, კვების რეჟიმის მოწესრიგებას, მრავალფეროვან რაციონს, ძუძუზე მყოფ ბავშვებში - კვების რეჟიმის დაცვას. ასევე, ინიშნება მადის აღმძვრელი პრეპარატები (ე.წ. მადის მომგვრელი ჩაი, ვიტამინი B12, ცერუკალი), მძიმე გამოფიტვის შემთხვევაში - პოლივიტამინი, ჰორმონები (რეტაბოლილი), ნევროზის დროს - ფსიქოთერაპია, ფსიქოფარმაკოლოგიური პრეპარატები. განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავენ ხელოვნურ კვებას ვენაში სპეციალური ხსნარების შეყვანით.
ნერვული ანორექსია
ნერვულ-ფსიქიკური ანორექსია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, უპირატესად - გოგონებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გახდომის დაუოკებელი წყურვილით გამოიხატება. ამ მიზნის მისაღწევად მოზარდები თითქმის არაფერს ჭამენ, ზოგჯერ შიმშილობენ კიდეც, ინტენსიურად ვარჯიშობენ, იღებენ საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს. ზოგიერთი ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევს ღებინებას. ნერვული ანორექსია მჭიდროდ უკავშირდება მეორე პათოლოგიას - დისმორფომანიას: ავადმყოფს აკვიატებულიაქვს, რომ მსუქანია და გახდომა სჭირდება. ამ აკვიატებულ აზრს ზოგჯერ რეალური, ფსიქოგენური საფუძველი აქვს (მაგალითად, ადამიანს უწოდებენ ქონიანს, გაბერილს, მასზე ამბობენ, ღორივით ჭამსო...), უმეტესად კი სიმსუქნე მოჩვენებითია, ხოლო გახდომის სურვილი - ბოდვითი ხასიათისა.
სიმპტომები. თავდაპირველად ავადმყოფი თავისი საქციელის მოტივსაც და გახდომის მეთოდებსაც მალავს, თავის ულუფა კერძს მალულად აგდებს ან ცხოველებს აჭმევს. ცდილობს, დაბალკალორიული პროდუქტები მიიღოს, მაგრამ რამდენიც არ უნდა მოიკლოს, შედეგით მაინც უკმაყოფილოა. მიმართავს ოყნას, საფაღარათო საშუალებებს, ფიზიკურ ვარჯიშს. 1,5-2 წელიწადში ავადმყოფი კარგავს წონის 20-50%-ს და იფიტება.
ნერვული ანორექსიის ტიპური გამოვლინებაა ამენორეა - მენსტრუაციის შეწყვეტა, ზოგჯერ - ერთბაშად, ზოგჯერ - თანდათანობით. ციკლი მხოლოდ სწორი კვებისა და კრიტიკული წონის (48-50 კგ) მომატების შემთხვევაში აღდგება.
ანორექსიით დაავადებულებს კიდევ ერთი რამ ახასიათებთ: ცდილობენ, სხვებს მაძღრისად აჭამონ. მათ სიამოვნებას ჰგვრით იმის ყურება, როგორ იმატებენ წონას მათი ახლობლები.
მკურნალობა. ძლიერი გახდომის შემთხვევაში სტაციონარული მკურნალობაა საჭირო, ვინაიდან ზედმეტი გამოფიტვა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული ცვლილებები სიცოცხლისთვის სახიფათოა. ინიშნება 6-7-ჯერადი კვება მცირე ულუფებით, ექიმის მეთვალყურეობით. გარდა ამისა, ავადმყოფს უნიშნავენ ვიტამინებს, მადის მოსამატებლად - ინსულინის მცირე დოზას. ნევროზული ხასიათის ანორექსიის დროს ნაჩვენებია ტრანკვილიზატორები, მცირე დოზით - ნეიროლეპტიკები, ფსიქოთერაპია.