არაქნოიდიტი ტვინის ქსელისებრი გარსის ანთებაა. ტვინის ქსელისებრი გარსი წარმოადგენს სისხლძარღვებისა და შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნებისგან შემდგარ თხელ ბადეს, რომელიც ტვინს გარედან ფარავს. დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს გრიპმა ან რომელიმე სხვა ვირუსულმა ინფექციამ, ქრონიკულმა ტონზილიტმა, რინოსინუსიტმა, ოტიტმა, ქალა-ტვინის ტრავმამ, თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნემ და სხვა.
ნორმაში, ტვინი ლიქვორში (თავ-ზურგტვინის სითხეში) დაცურავს. ანთებისას ლიქვორის ცირკულაცია ირღვევა, თავიდან ზურგის ტვინში მისი გადადინება ძნელდება, ანთებითი პროცესი ნერვებზეც გადადის.
განასხვავებენ არაქნოიდიტის რამდენიმე ძირითად ფორმას:
ქალას წინა ღრმულის არაქნოიდიტი - იგი ცხვირის წიაღების ანთების შედეგია;
ქალას უკანა ღრმულის არაქნოიდიტი - ხშირად შუა ყურის დაავადების შედეგია;
ბაზალური არაქნოიდიტი - ტვინის ანთების შედეგია.
ყოველგვარი ლოკალიზაციის არაქნოიდიტს აქვს რამდენიმე საერთო სიმპტომი:
აღმოცენდება ინფექციური დაავადებიდან 10-12 დღის შემდეგ;
მთავარ ნიშანს წარმოადგენს თავის ტკივილი (თითქოს თავი სკდებაო) და თვალებზე ზეწოლის შეგრძნება;
იწვევს ძილის დარღვევას, შრომის უნარის დაქვეითებას, მხედველობის გაუარესებას.
არაქნოიდიტით უმეტესად ქალები ავადდებიან. კვლევის უახლესი მეთოდების მიუხედავად, დაავადების დიაგნოსტიკა ძნელია. სამკურნალოდ ინიშნება ფსიქოთერაპიის კურსი, ვიტამინოთერაპია, გამწოვი და სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები.
არაქნოიდიტი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ახასიათებს რეციდივები.