შემადგენლობა

არჯელონ H-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - რამიპრილის 5 მგ-ს და ჰიდროქლორთიაზიდის 25 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება, რომლის ეფექტურობა დამყარებულია შემავალი კომპონენტების მოქმედებაზე.
რამიპრილი - ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი - თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს და ამით ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქტორულ და ალდოსტერონის სეკრეციაზე მის მასტიმულირებელ მოქმედებას. ზრდის პლაზმაში რენინის აქტიურობას. პრეპარატი ასევე აინჰიბირებს ბრადიკინინის მეტაბოლიზმს.
რამიპრილი კომპენსატორული ტაქიკარდიის გარეშე ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ ცვლის თირკმლის სისხლმომარაგებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს. პრეპარატი თავის ჰიპოტენზიურ მოქმედებას ავლენს პლაზმაში რენინის როგორც მაღალი, ასევე დაბალი შემცველობის დროს.
რამიპრილის ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედება ვლინდება 1-2 საათში, მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათში და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.
ჰიდროქლორთიაზიდი - თიაზიდური დიურეტიკი - ნეფრონის დისტალურ მილაკებში არღვევს ნატრიუმის, ქლორის იონების და ექვივალენტური რაოდენობით წყლის რეაბსორბციას, ზრდის ორგანიზმიდან კალიუმის და მაგნიუმის იონების, ბიკარბონატების გამოდევნას, აფერხებს შარდმჟავასა და კალციუმის იონების გამოდევნას, ამცირებს სისხლძარღვის კედელში ნატრიუმის იონების შემცველობას, რაც ამცირებს მის მგრძნობელობას სისხლძარღვების შემავიწროებელი ფაქტორების მიმართ, ხელს უწყობს მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირებას.
პერორალურად მიღებული რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილი ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად - რამიპრილატად. პრეპარატი გამოიდევნება 60% შარდის და 40% ფეკალურ მასასთან ერთად.
პლაზმაში ჰიდროქლორთიაზიდის Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ და მისი მოქმედება გრძელდება 6-12 საათის მანძილზე.

ჩვენება

ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ ემორჩილება მონოთერაპიას.

უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ანამნეზში აგფ-ინჰიბიტორებისადმი ანგიონევროზული შეშუპება;
- თირკმლის არტერიების სტენოზი (ერთმხრივი ან ორმხრივი);
- თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა;
- პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
- თირკმლების მძიმე ფუნქციური დარღვევები (კკ ნაკლები 30 მლ/წთ);
- ჰემოდიალიზი;
- ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა.

დოზირება და მიღების წესი

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი,
რაც შეესაბამება არჯელონ H-ის 1/2 ტაბლეტს.
საჭიროებისას, არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში და პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დოზის გაზრდა - 5 მგ რამიპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, რაც შეესაბამება 1 ტაბლეტ არჯელონ H-ს.
დოზის მატება ხდება თანდათანობით, 2-3 კვირიანი ინტერვალით.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დილით ერთჯერადად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ რამიპრილი/50 მგ ჰიდროქლორთიაზიდი (2 ტაბლეტი არჯელონ H).
მკვეთრი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. თუ დიურეტიკის მოხსნა შეუძლებელია, მკურნალობა იწყება მხოლოდ რამიპრილის მინიმალური დოზით - 1.25 მგ დღეში. მონოთერაპიიდან კომბინირებულზე გადასვლისას დასაშვებია არაუმეტეს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის (1/2 ტაბლეტი არჯელონ H) გამოყენება.  
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ 30-60 მლ/წთ), შაქრიანი დიაბეტით, ასევე 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში რამიპრილით მონოთერაპიის საწყისმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.25 მგ-ს, ხოლო მონოთერაპიიდან კომბინირებულზე გადასვლისას დასაშვებია არაუმეტეს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის (1/2 ტაბლეტი არჯელონ H) გამოყენება. მაქსიმალური დღიური დოზა განისაზღვრება არჯელონ  H-ის 1 ტაბლეტით.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დროს საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის, ელექტროლიტების და ღვიძლის ფერმენტების კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დიფუზური დაავადებებით, ან იმუნოდეპრესანტებით, ციტოსტატიკებით, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის დროს.
ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება ენაზე, საყლაპავსა და ხორხზე, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ექიმის კონსულტაცია და ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.
მკვეთრი ჰიპოტენზიის განვითარების გამო, ავტომობილის მართვისა და აქტიური სამუშაოების შესრულებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, შოკი, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. ჰიდროქლორთიაზიდი ექვემდებარება ჰემოდიალიზს.    
პრეპარატთან ერთდროულად ატიჰიპერტენზიული, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების, სანარკოზე საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ერთდროულად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი) დანიშვნისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება.
კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) ერთდროული დანიშვნისას მოსალოდნელია სისხლში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება.
ლითიუმის პრეპარატების გამოყენებისას იზრდება სისხლში ლითიუმის შემცველობა.
რამიპრილთან და ჰიდროქლორთიაზიდთან ანტიდიაბეტური საშუალებების (სულფონილშარდოვანს წარმოებულები, ინსულინი) კომბინაციაში გამოყენება იწვევს ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერებას.
ალოპურინოლი, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტები, პროკაინამიდი რამიპრილთან კომბინაციაში ზრდიან ლეიკოპენიის განვითარების ალბათობას.
პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ალკოჰოლის მოქმედების მკვეთრი გაძლიერება გამოიწვიოს.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი მახასიათებელი ნიშნებით.
საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციების დარღვევის გამოვლინება ან გაძლიერება, პროტეინურია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად - მშრალი ხველა, ბრონქიტი. სინუსიტი, რინიტი, ერთეულ შემთხვევაში - ბრონქოსპაზმი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, დისფაგია, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მატება.
ნერვული სისტემის მხრივ: განგაშის შეგრძნება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, ნევრალგია, ნეიროპათია, პარესთეზია, მხედველობის და სმენის დარღვევა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ართრალგია, მიალგია.
სხვადასხვა: ჰიპერკალიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ოფლდენის გაძლიერება, საერთო სისუსტე, სხეულის წონის მატება, შეშუპება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 5 მგ რამიპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი; 30 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით!

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია