ბრონქული ასთმა წვრილი ბრონქების სპაზმით გამოწვეული ქოშინისა და სულხუთვის განმეორებითი შეტევებით მიმდინარე დაავადებაა. მას საფუძვლად უდევს ბრონქების მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი ისეთი ფაქტორის მიმართ, რომლებზეც ადამიანი, ჩვეულებრივ, არ რეაგირებს. ამგვარი ზემგრძნობელობა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებით არის განპირობებული.
ალერგიული ანთების შედეგად სასუნთქი გზები მგრძნობიარე ხდება ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ, როგორიც არის ხემცენარეების, ბალახების, მარცვლოვნების, სარეველებისა და ყვავილების მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, შინაური ცხოველების ბეწვი, ნესტის სოკოები, მწერების შხამი, საყოფაცხოვრებო ალერგენები, სურსათი (რძე, კვერცხი, თევზი, თხილი, ციტრუსი, ნიგოზი და სხვა), ქიმიური გამღიზიანებლები, თამბაქოს კვამლი, ცივი ჰაერი, ფიზიკური დატვირთვა, ფსიქოემოციური სტრესი. მათი ზემოქმედებით სასუნთქი გზები ვიწროვდება, შუპდება, ივსება ლორწოთი და ზედმეტად მგრძნობიარედ რეაგირებს სტიმულებზე. თუ ბრონქების მომატებულ მგრძნობელობას თან ახლავს სენსიბილიზაცია ალერგენის მიმართ სპეციფიკური (IგE) ანტისხეულების წარმოქმნით, მაშინ ამ ალერგენმა შესაძლოა ასთმის შეტევის პროვოცირება მოახდინოს. ეს არის ალერგიული ანუ ატოპიური ასთმა.
არსებობს ინფექციით განპირობებული ასთმა, ასევე - ფორმები, როდესაც შეტევა ვითარდება არასპეციფიკური გამღიზიანებლების (თამბაქოს, ცივი ჰაერის, ფიზიკური დატვირთვის, ძლიერი ემოციის და სხვა) ზემოქმედებისას.
ბრონქული ასთმის განვითარებაში მონაწილეობს სამი ელემენტი: ბრონქის კუნთების სპაზმი, ლორწოვანის შეშუპება და ჰიპერსეკრეცია. ეს ელემენტები ზოგჯერ სავსებით შექცევადია, ზოგჯერ - ნაწილობრივ.
ასთმა შეიძლება არაალერგიულმა ფაქტორებმაც გაამწვავოს, მათ შორის - ამა თუ იმ წამლის აუტანლობამ (მაგალითად, ასპირინის აუტანლობისას ასპირინისა და ბეტა-ბლოკატორების დანიშვნა ასთმიან პაციენტებში ასთმის პროვოცირებას იწვევს), გასტროეზოფაგალურმა რეფლუქსმა. შესაძლოა, სულხუთვის მიზეზად იქცეს დიდი ზომის ჩიყვი, უცხო სხეული და სხვა. არცთუ იშვიათად პენიცილინის რიგის პრეპარატები, ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების ანესთეტიკები და ზოგიერთი სხვა მედიკამენტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რომელთა შორის არც ასთმური შეტევაა გამორიცხული. ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია ბრონქოსპაზმის შექცევადობა სპონტანურად ან მკურნალობის ფონზე.
ბრონქული ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები: ტენიანობა, მცენარეული საფარველის თავისებურება. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობის გამო ხშირია ბრონქული ასთმის ფორმები, როდესაც აღინიშნება სენსიბილიზაცია ოთახის მტვრის ტკიპებისა და სოკოვანი ალერგენების მიმართ, ვინაიდან ხელსაყრელი პირობები იქმნება ამ ალერგენების გამრავლებისთვის.

კლინიკური ნიშნები და მიმდინარეობა. ბრონქული ასთმის სიმპტომებს შორის უმთავრესია ამოსუნთქვითი ხასიათის ქოშინის შეტევები. კლინიკურად ქოშინი ვლინდება ხიხინითა და სუნთქვის გაძნელებით, უპირატესად - ამოსუნთქვის ფაზაში. ის შესაძლოა განვითარდეს როგორც პერიოდულად, ისე მუდმივად, განსაკუთრებით - ღამით, ფიზიკური დატვირთვისას ან ქრონიკულ ხველასთან ერთად.
ბრონქული ასთმის შეტევისთვის დამახასიათებელია სიმპტომების ტრიადა: ქოშინი, ხველა და მსტვენი სუნთქვა. შეტევის დასაწყისში ავადმყოფს აწუხებს მოხრჩობის შეგრძნება, ამოსუნთქვის ფაზა ხანგრძლივდება, ხშირდება სუნთქვა, გულისცემა, ზომიერად იმატებს სისხლის წნევა. არსებობს ასთმის ისეთი ფორმაც, როდესაც შეტევის ერთადერთი სიმპტომი ხველა ან ხმის ჩახლეჩაა. ასთმის შეტევისთვის დამახასიათებელი მსტვენი ხიხინი მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა გაქრეს (ე.წ. მუნჯი ფილტვები), რასაც განაპირობებს არა მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ სასუნთქ გზებში ლორწოვანი სეკრეტის საცობის გაჩენა. შეტევა, როგორც წესი, ხველებითა და წებოვანი, გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით სრულდება. როდესაც ასთმის შეტევა ერთ-ორ დღეს გრძელდება, ასთმურ სტატუსზე ლაპარაკობენ. მისთვის დამახასიათებელია რეზისტენტულობა მკურნალობის მიმართ.

დიაგნოსტიკა. დიაგნოსტირებისას საჭიროა ასთმის დიფერენცირება სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებებისა და გულის პათოლოგიებისგან. ასთმის შემთხვევაში აუცილებელია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა კომპიუტერული სპირომეტრიით, საჭიროებისამებრ - რენტგენოლოგიური და სხვა გამოკვლევები, რათა აღმოჩენილ იქნეს (ან გამოირიცხოს) სასუნთქი გზების ინფექცია, დაზიანება, უცხო სხეული და სხვა. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, ალერგიული ბუნებისაა თუ არა ასთმა, უნდა გაკეთდეს კანის ალერგოლოგიური სინჯები და სისხლის ანალიზი საერთო და სპეციფიკური IგE-ს დონის დასადგენად. საჭიროების შემთხვევაში კეთდება ნახველის ანალიზი. არსებობს ასევე სადიაგნოსტიკო პროვოკაციული სინჯები: ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირების მიზნით იყენებენ დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას, ცივი ჰაერის ინჰალაციას და ა.შ. ეს სინჯები მაშინ ტარდება, როდესაც ანამნეზი, კანის სინჯები და IგE-ს გამოკვლევის შედეგები ერთმანეთს არ თანხვდება. ალერგოლოგიური სინჯები უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ ცენტრში. მათი შედეგების ინტერპრეტაციას ახდენს ალერგოლოგი. პროვოკაციული სინჯები შეიძლება ჩატარდეს მაშინაც, როცა საჭიროა სიმპტომთა სიმძიმის ან წამლების ეფექტურობის შეფასება.

მკურნალობა. ასთმის თანამედროვე მკურნალობა (GINA-ს მიხედვით) მოიცავს ექვს კომპონენტს:

  • პაციენტის განათლება ასთმის მკურნალობაში პარტნიორობისთვის;
  • ასთმის სიმძიმის დადგენა, სიმპტომების მონიტორირება ფილტვის ფუნქციის შეფასების საფუძველზე;
  • ასთმის მაპროვოცირებელი ფაქტორების ელიმინაცია ან კონტროლი;
  • გრძელვადიანი ბაზისური მკურნალობის გეგმის შედგენა;
  • გამწვავებათა მკურნალობის გეგმის შედგენა;
  • რეგულარული შემდგომი მეთვალყურეობა.

ასთმის მკურნალობა საფეხუროვანია. მისი სიმძიმის თითოეულ საფეხურზე შემუშავებულია სტანდარტული მკურნალობის ჩარჩო. ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება სიმპტომური და ბაზისური პრეპარატები. სიმპტომური პრეპარატები ხსნის ბრონქების სპაზმს და აღადგენს სასუნთქი გზების გამტარობას. ასეთია სწრაფი და გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორები (ბეტა 2 სტიმულატორები, თეოფილინები, ადრენალინი, იპრატროპიული ბრომიდის პრეპარატები და სხვა). ასთმის კონტროლისთვის უმეტესად ამ მედიკამენტების პერიოდული გამოყენებაც საკმარისია. მათი შეძენა შეიძლება ტაბლეტების, ინჰალატორების, ინექციებისა და სანთლების სახით. ისინი ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს როგორც ალერგიული, ისე არაალერგიული ასთმის დროს.
ბაზისური პრეპარატები (ინტალი, ტაილედი, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები) მოქმედებს ბრონქებში მიმდინარე ანთებით პროცესებზე და გამოიყენება ხანგრძლივად, შეტევათა პროფილაქტიკის მიზნით.
მკურნალობის ეფექტიანი მეთოდია ალერგენებით სპეციფიკური იმუნოთერაპია ანუ ჰიპოსენსიბილიზაცია, რაც ალერგენების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას ითვალისწინებს. ეს მეთოდი ემყარება ალერგენის მზარდი დოზების რეგულარულ შეყვანას ორგანიზმში. მკურნალობა ხანგრძლივია, მაგრამ საიმედო.
თუ ასთმის შეტევების მიზეზი რომელიმე კვებითი ალერგენია, ეს საკვები რაციონიდან უნდა გამოირიცხოს. გამწვავების დროს სასურველია თავის შეკავება მაღალი ალერგენულობით გამორჩეული პროდუქტებისგან (რძე, კვერცხი, თაფლი, ციტრუსი, თხილი, შოკოლადი, თევზი და სხვა). ასთმიანებისთვის რეკომენდებულია სპორტი, რომელიც ადამიანს ეხმარება როგორც ასთმის კონტროლში, ისე გაკაჟებაში. სპორტის სახეობა პაციენტს ექიმმა უნდა შეურჩიოს. მაგალითად, აუზში ცურვა სასარგებლოა, მაგრამ არ არის გამორიცხული ქლორის, ნესტის ზემოქმედება, დახურულ შენობებში გასათვალისწინებელია ასთმის პროვოცირება ოთახის მტვრის ტკიპის მიერ, ამიტომ სპორტის სახეობა, დატვირთვის ინტენსივობა და ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციებზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს. ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის მეტად სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები, მაგრამ მათი სახეობისა და დოზირების შერჩევაც ექიმის პრეროგატივაა.

პროფილაქტიკა. ალერგიისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციით, სასურველია თამბაქოს კვამლის ელიმინაცია, განსაკუთრებით - ისეთ გარემოში, სადაც ორსულები და მცირე ასაკის ბავშვები იმყოფებიან; საცხოვრებელ ბინებში ნესტის მტვრის ტკიპების, ტარაკნების, ბეწვიანი შინაური ცხოველების ელიმინაცია; მასენსიბილიზებელი და ძლიერ გამაღიზიანებელი თვისებების მქონე აგენტების ელიმინაცია საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებიდან; 4-6 თვემდე ასაკის ბავშვების მხოლოდ ძუძუთი კვება; ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში ატოპიური დერმატიტის მკურნალობა რესპირაციული ალერგიის თავიდან ასაცილებლად; რინოკონიუნქტივიტის მკურნალობა ასთმის განვითარების რისკის შესამცირებლად. ძროხის რძის მიმართ სენსიბილიზებული ბავშვები უნდა ვარიდოთ ძროხის რძის პროტეინებს; თუ დამატებითი საკვების მიღება აუცილებელია, მივცეთ ჰიპოალერგენული ნარევები; ასპირინული ასთმის მქონე პაციენტები უნდა ერიდონ ასპირინსა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. მნიშვნელოვანია პაციენტთა, მათი ოჯახის წევრებისა და სკოლების პერსონალის ინფორმირება ასთმის მიმდინარეობისა და კონტროლის საკითხების შესახებ.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია