ბადურა მხედველობითი ანალიზატორის პერიფერიული ნაწილია. ის თვალის კაკლის შიგნითა გარსია, რომელიც ფოტომგრძნობიარე უჯრედებს შეიცავს.
ბადურას ჩამოცლა თვალის ბადურა გარსის სისხლძარღვოვანისგან მოცილებაა, რაც არცთუ იშვიათად მხედველობის ძლიერ დაქვეითებას და სიბრმავესაც კი იწვევს.
განასხვავებენ ბადურას სამი სახის ჩამოცლას.

  • ყველაზე ხშირად გვხვდება ბადურას გახლეჩა. ამ დროს მინისებრი სხეულის სითხე ბადურაში გაჟონავს. ბადურას ასეთი ჩამოცლა ხშირად უვითარდებათ მაღალი ხარისხის ახლომხედველებს თვალის ძლიერი ტრავმის ან თვალის ოპერაციის შემდეგ - თვალის გარსების (მათ შორის - ბადურას) გადაძაბვის გამო ასეთი პათოლოგიისადმი ისინი უფრო მეტად არიან განწყობილნი.
  • ბადურას ჩამოცლის მიზეზად ხშირად იქცევა დიაბეტური რეტინოპათია. ამ დროს სახეცვლილი მინისებრი სხეული ან ნაწიბუროვანი ქსოვილი ბადურას მექანიკურად ქაჩავს წინ და მის ჩამოცლას იწვევს.
  • ბადურა გარსის ჩამოცლა, ასევე, მოსალოდნელია მის ქვეშ სითხის, სისხლის ან სიმსივნური ქსოვილის დაგროვების დროს. ის, ჩვეულებრივ, თვალის სხვა დაავადებებს ან ისეთ ზოგად პათოლოგიურ მდგომარეობებს უკავშირდება, რომლებიც შეშუპებას ან სისხლჩაქცევებს იწვევს.
    ამრიგად, ბადურას ჩამოცლის მიზეზად შეიძლება იქცეს: ახლომხედველობა (ბადურას გათხელება და გახლეჩა); თავისა და თვალის ტრავმა; ძლიერი ფიზიკური გადატვირთვა (ხტუნვა, დაცემა, მძიმე ტვირთის აწევა და სხვა); თვალის სხვა დაავადებები (დიაბეტური პათოლოგიები, თვალშიგა სიმსივნეები, ბადურა გარსის დისტროფია, სისხლჩაქცევა და ა.შ.); განვითარების თანდაყოლილი ანომალია; მეტაბოლიზმის დარღვევა; სისხლძარღვოვანი დაავადება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. თავდაპირველად ავადმყოფი თვალებზე ლიბრის გადაკვრას უჩივის და ამაოდ ცდილობს მის მოცილებას თვალებში ჩაის ნაყენისა თუ სხვა სითხის ჩაწვეთებით.
თვალებში ნათებისა და ნაპერწკლების გაჩენაც ბადურას ჩამოცლის ნიშანია.
ასოებისა და საგნების გამრუდება ან მათი ზოგიერთი ნაწილის მხედველობის არიდან გაქრობა იმაზე მიუთითებს, რომ ბადურას ჩამოცლამ ბადურას ცენტრი მოიცვა.
ზოგჯერ პაციენტები ძილის შემდეგ მხედველობის ნაწილობრივ გაუმჯობესებას აღნიშნავენ. ეს იმით აიხსნება, რომ სხეულის ჰორიზონტალური მდებარეობისას ბადურა უბრუნდება თავის პირვანდელ ადგილს, ხოლო ვერტიკალურ პოზიციაში გადასვლისას იგი კვლავ ჩამოეცლება სისხლძარღვოვან გარსს და მხედველობის დეფექტები აღდგება.
ბადურას გახლეჩა. ბადურას გახლეჩა ხშირად იმ ზეწოლის შედეგია, რომელსაც ბადურა მინისებრი სხეულისგან განიცდის მათი ერთმანეთთან მჭიდროდ მიმაგრების ადგილას.
ბავშვის თვალის მინისებრი სხეული ერთგვაროვანი კონსისტენციისაა და ბადურა გარსს მყარად არის მიმაგრებული. ადამიანის ბიოლოგიურ დაბერებასთან ერთად მინისებრი სხეული თხიერდება. ამ მოვლენას მინისებრი სხეულის ჩამოცლას უწოდებენ.
მინისებრი სხეულის ჩამოცლა, ჩვეულებრივ, გაურთულებლად მიმდინარეობს და მხოლოდ თვალების წინ გაჩენილი მფრინავი წერტილების სახით ვლინდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბადურას დაძაბვამ შესაძლოა მისი გახლეჩა გამოიწვიოს. ამ დროს წარმოქმნილი ხვრელის გავლით ბადურაში მინისებრი სხეულიდან ჟონავს სითხე, რომელიც ბადურასა და სისხლძარღვოვან გარსს შორის გროვდება. სწორედ ეს იწვევს ბადურას ჩამოცლას.
დიაგნოსტიკა. ბადურას ჩამოცლის დიაგნოსტირების მიზნით განისაზღვრება:
მხედველობის სიმახვილე, რომელიც გვიჩვენებს ბადურას ცენტრალური ნაწილის მდგომარეობას;
გვერდითი მხედველობა (პერიმეტრია) - პერიფერიაზე ბადურას მდგომარეობის გასარკვევად;
თვალშიგა წნევა (ტონომეტრია). ბადურას ჩამოცლისას ის შესაძლოა ნორმაზე დაბალი იყოს (ნორმა - 16-25მმ. ვწყ.სვ).
ასევე ტარდება:

  • სპეციალური ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ბადურასა და მხედველობის ნერვის ნერვული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა;
  • ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის დათვალიერება). მისი მეშვეობით შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს ბადურას გახლეჩის ადგილები და მათი რაოდენობა, გამოვლინდეს გათხელებული ნაწილები, რომლებმაც შესაძლოა დაავადების ახალი კერების გაჩენა გამოიწვიოს;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ჩამოცლილი ბადურას ზომებსა და მის მდგომარეობაზე.

მკურნალობა. ოფთალმოლოგიაში ბადურას ჩამოცლა განიხილება როგორც ექსტრემალური მდგომარეობა, რომელიც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. წვეთებით, ტაბლეტებით ან ინექციებით მკურნალობა ამ დროს დაუშვებელია. მხედველობის შენარჩუნების ერთადერთი გზა სასწრაფო ოპერაციაა.
ბადურას ჩამოცლის მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ჩამოცლის ხასიათზე, მის გავრცელებაზე, ხანდაზმულობაზე, განლაგებასა და სხვა ფაქტორებზე.
ქირურგიული ჩარევისას დიდი ყურადღება ექცევა:
ბადურას გახლეჩის აღმოჩენას ან ბადურას ჩამოცლის დადგენას;
ბადურას გახლეჩისა და ბადურას ჩამოცლის ბლოკირებას ან შემოფარგვლას (ლოკალიზებას);
ბადურას ჩამოცლილი ნაწილის სისხლძარღვოვან შრესთან კონტაქტის აღდგენას.
 ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი სახეა პნევმატური რეტინოპექსია. ამ დროს მინისებრი სხეულის შიგნით შეჰყავთ მცირე ზომის აირის ბუშტუკი. ვინაიდან აირის ბუშტუკი სითხეზე მსუბუქია, ის ბადურას სისხლძარღვოვან კედელთან მიაჭყლეტს. აირი დაუყოვნებლივ იწყებს გაწოვას. ამის შემდეგ ტარდება დამატებითი პროცედურა – ბადურას მიმაგრება. ეს შეიძლება იყოს კრიოპექსია, რომლის დროსაც ბადურას დაბალი ტემპერატურის გამოყენებით სკლერასა და სისხლძარღვოვან კედელთან მიარჩილავენ ან ლაზერული კოაგულაცია. ორივე შემთხვევაში იყენებენ ადგილობრივ ანესთეზიას.
ბადურას ზოგიერთი სახის ჩამოცლა ოპერაციული მეთოდით სკლერაზე ზეწოლას მოითხოვს. თხელი სილიკონის ზონარი სკლერაზე ნაკერით ისე მაგრდება, რომ სკლერა ზონარის ქვემოდან შიგნითა მხარეს ჩაიზნიქება; სკლერა და სისხლძარღვოვანი გარსი უახლოვდება ბადურას, სუსტდება მინისებრი სხეულის ბოჭკოების დაჭიმულობა და იბლოკება ბადურას გახლეჩა. სილიკონის ზონარი ოპერაციის შემდეგ არ ჩანს და სიცოცხლის ბოლომდე თავის ადგილას რჩება. დაგროვილი სითხის გამოსასვლელად სკლერაში, შესაძლოა, დამატებით ჩამოყალიბდეს მცირე ხვრელი.
თუ ჩამოცლაში მაკულური ზონა არ არის ჩათრეული, პროგნოზი საიმედოა. სხვა შემთხვევაში ცენტრალური მხედველობის დეფექტი სამუდამოდ რჩება. მისი ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადრე მიმართავს ავადმყოფი კვალიფიციურ ექიმს.
პროფილაქტიკა. ახლომხედველობის, თავისა და თვალის ტრავმის შემთხვევაში ბადურას ჩამოცლის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია თვალის დათვალიერება წელიწადში ერთხელ მაინც. თუ ახლომხედველი ხართ ან გაქვთ ბადურას დისტროფია, შაქრიანი დიაბეტი, რეგულარულად ესტუმრეთ ოფთალმოლოგს, ხოლო აუცილებლობისას დროულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკული მკურნალობა.
ბადურას ჩამოცლის პროფილაქტიკისთვის იყენებენ ლაზერის სხივებს ან ულტრაბგერას.
დაავადების ადრეული გამოვლენა ბადურას გახლეჩისა და ჩამოცლის წარმატებული მკურნალობის საწინდარია.
მინისებრი სხეულის ცვლილებისას შესაძლოა საჭირო გახდეს მისი შეცვლა ოპერაციული გზით.
ბადურას აცლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, განსაკუთრებით - ახალგაზრდა მამაკაცებში, თვალის ტრავმაა. მის თავიდან ასაცილებლად მუშაობისას და ყოფით ცხოვრებაში საჭიროა თავდაცვის ელემენტარული წესების დაცვა.
 

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია