ფარმაკოლოგიური თვისებები
ბაკლოფენი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტს, რომელიც გამაამინოერბომჟავას (გაემ B) რეცეპტორების მიმართ ხასიათდება აგონისტური მოქმედებით. იგი თრგუნავს მონო- და პოლისინაფსურ რეფლექსებს ამგზნები ამინომჟავების - გლუტამატის და ასპარტატის მოქმედების შემცირების შედეგად და არ ცვლის ნერვ-კუნთოვან სინაფსში იმპულსების გადაცემის სიჩქარეს. აგრეთვე გააჩნია ანალგეზიური ეფექტი.
ჩვენებები
- ჩონჩხის კუნთების სპასტიური მდგომარეობა გაფანტული სკლეროზის დროს;
- სპასტიური მდგომარეობა ზურგის ტვინის ინფექციური, დეგენერაციული და ტრავმული დაზიანებების შემთხვევაში;
- ბავშვთა ცერებრული დამბლა.
დოზირების რეჟიმი
ბაკლოფენით მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დოზით 5 მგ 3-ჯერ დღეში. ყოველ მეოთხე დღეს დოზა იზრდება 5 მგ-ით 3-ჯერ დღეში სასურველი ეფექტის მიღწევამდე.
საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 30-75 მგ-ს, შესაძლოა მისი გაზრდა 100-120 მგ-მდე. პაციენტებს, რომლებსაც მის მიმართ გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა, იგი ენიშნებათ საწყისი დოზით 5-10 მგ, რომლის შემდგომი გაზრდა წარმოებს თანდათან, მაქსიმალურად 100-120 მგ-მდე დღეში.
თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია დღეღამური დოზა 5 მგ.
10 წლამდე ასაკის ბავშვებში დღეღამური დოზა შეადგენს 0.75-2 მგ/კგ-ზე, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის შემთხვევაში - 2.5 მგ/კგ-ზე 4-ჯერ დღეში. დოზა დგინდება ინდივიდუალურად.
პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა 1-2 წლის ბავშვებში შეადგენს 10-20 მგ დღეში, ხოლო 2-10 წლის ბავშვებში - 30-60 მგ დღეში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ბაკლოფენის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, გულისრევა, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, ჰიპოტენზია, აპათია, ადვილად დაღლა, სუნთქვის დათრგუნვა. იშვიათად: ეიფორია, დეპრესია, ჰალუცინაციები, ტრემორი, ნისტაგმი.
გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვითარდება მკურნალობის დაწყებისას და დოზის სწრაფი ზრდის შედეგად.
განსაკუთრებული მითითებები
♦ ბაკლოფენის ინდივიდუალური დოზის შერჩევა რეკომენდებულია სტაციონარის პირობებში.
♦ გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირებისას. ბაკლოფენის მოხსნა წარმოებს თანდათან, 1-2 კვირის განმავლობაში.
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების, ფსიქოზური მდგომარეობების, შიზოფრენიის, ღვიძლის და თირკმლების დაავადებების დროს და ხანდაზმულებში.
♦ ეპილეფსიით დაავადებულებში ბაკლოფენით მკურნალობა წარმოებს კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
♦ ღვიძლის დაავადების და შაქრიანი დიაბეტის დროს საჭიროა პერიოდულად სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის და შაქრის რაოდენობის განსაზღვრა.
♦ არ არის მიზანშეწონილი ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა ბაკლოფენით მკურნალობის პერიოდში.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ბაკლოფენი აძლიერებს ცნს-ზე მოქმედი პრეპარატების, ჰიპოტენზიური საშუალებების და ალკოჰოლის მოქმედებას.
- ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან მისი ერთდროული დანიშვნის დროს კუნთების ტონუსი ძლიერ ქვეითდება.
- ლევოდოპასთან და კარბიდოპასთან ერთად ბაკლოფენის გამოყენებისას აღინიშნება აგზნება, ჰალუცინაციები და ცნობიერების დაბინდვა.