ტერფის სრულყოფილება განისაზღვრება მისი ძვლოვანი თაღის ფორმით, კუნთებისა და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსით, დატვირთვისადმი ამტანობით. ბრტყელტერფიანობა ტერფების დეფორმაციაა, რომელიც განივი და გასწვრივი თაღების გასადავებით გამოიხატება. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი.
ტერფის გასწვრივი თაღი მდებარეობს ტერფის მედიალურ (შიგნითა) ნაწილში და აქვს სამი ძვლოვანი ორიენტირი: წინატერფის პირველი ძვლის თავი (მდებარეობს ფეხის პირველი თითის მოსახართან), ნავისებრი და ქუსლის ძვლები. განივი თაღი მდებარეობს წინატერფის პირველ და მეხუთე ძვლებს (ფეხის მეხუთე თითის მოსახართან) შორის. გასწვრივ თაღს უფრო მეტი ფუნქციური დატვირთვა აქვს. ბრტყელტერფიანობის მძიმე ფორმების დროს ტერფის მედიალური ნაწილი პრონირებულია (შებრუნებულია) და მთლიანად დაშვებულია ჰორიზონტზე. ნავისებრი ძვალი გამოწეულია.
ბრტყელტერფიანობის კლინიკური ნიშნებია:
- ტერფის დაგრძელება;
- ტერფის გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება;
- ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება;
- ქუსლის გარეთ მიბრუნება;
- ადვილად დაღლა, ტერფის ტკივილი კოჭ-წვივის სახსრის დატვირთვის შემდეგ.
ბრტყელტერფიანობა დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და ტორსისა და ქვემო კიდურების დეფორმაციასაც დაერთოს. ის ხშირად ახლავს თან ბარძაყის თანდაყოლილ ამოვარდნილობას, ბარძაყის დეფორმაციას, ტანდეგობის დარღვევას, განსაკუთრებით - კიფოზ-ლორდოზულ ტანდეგობას (ხერხემლის გამრუდებას), წვივის დიდი ძვლის შიგნით შეტრიალებას, ასევე - ოსტეომალაციას, სახსრებში მოძრაობის სიჭარბეს, პოლიომიელიტსა და ნეიროორთოპედიულ დაავადებას.
მიზეზების კვალობაზე, განასხვავებენ ბრტყელტერფიანობის რამდენიმე ფორმას. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:
- სტატიკური ბრტყელტერფიანობა - დაკავშირებულია ქვემო კიდურების ქრონიკულ დატვირთვასთან. უვითარდებათ დისპლაზიური (არასწორად განვითარებული) შემაერთებელი ქსოვილის მქონე ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ კუნთებისა და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსის დაქვეითება;
- ტრავმული ბრტყელტერფიანობა - გამოწვეულია ძვლების არასწორად შეხორცებით წინატერფის, ქუსლის ძვლის, კოჭ-წვივის ან მუხლის სახსრის, მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ხერხემლის დაზიანებისას;
- პარალიზური ბრტყელტერფიანობა - განპირობებულია ნერვული სისტემის დაზიანებით - ქვემო კიდურების რბილი ან სპასტიკური პარეზით;
- რაქიტული ბრტყელტერფიანობა - განპირობებულია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევით, ოსტეომალაციით, მყესოვანი და კუნთოვანი სისტემის მოდუნებით.
ბრტყელი ტერფი სიარულისას ზამბარასავით დრეკადი აღარ არის. სწორედ ეს იწვევს ტკივილსა და ადვილად დაღლას. გასწვრივი თაღის გაბრტყელება ტერფის დაგრძელებას განაპირობებს. ეს პაციენტს აიძულებს, ადრინდელთან შედარებით ერთი ან ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი ატაროს. განივი თაღის გაბრტყელების შედეგად თითების ძირთან ტერფი ფართოვდება, ფეხისგულზე ბებერა ჩნდება, დიდ თითზე კი - ძვლოვანი წანაზარდი. განივი და გრძივი თაღების გადასწორება, როგორც წესი, ერთდროულად იწყება, ამიტომ ტერფი გრძელდება და თითები მარაოსავით იშლება.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ ტერფის თაღების სრული ფორმირება 6-7 წლის ასაკში ხდება, - მანამდე ტერფის ფორმა საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის, - ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილების ამოცნობა წლამდე ასაკის ბავშვებშიც შესაძლებელია. დიაგნოსტიკას აბრკოლებს სიმსუქნე - მსუქანი ბავშვების ტერფების თაღი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ბალიშით არის ამოვსებული. თუ ასეთ ტერფზე დაყრდნობისას ტერფის მედიალური ზედაპირი პრონირებულია (შიგნით არის შებრუნებული), ხოლო უკანა ნაწილი ვალგუსური ორიენტაციისაა (ქუსლი მიბრუნებულია გარეთ), სავარაუდოა ბრტყელტერფიანობის განვითარება.
ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა ხდება კომპიუტერული კვლევით, რომელიც თვალნათლივ გვაჩვენებს ზეწოლის უბნებს. მისი შედეგების საფუძველზე შეირჩევა ინდივიდუალური საკორექციო ღაბაშები (სუპინატორები).
არსებობს ბრტყელტერფიანობის დასადგენი ტესტი - ე.წ ქაღალდის სარკე, რომლის ჩატარება შინაც შეიძლება. მისი მეშვეობით პაციენტი თვალნათლივ ხედავს, რომ ტერფების ფორმა დარღვეული აქვს. აიღეთ სუფთა ფურცელი და დადეთ იატაკზე. ტერფებზე წაისვით ცხიმოვანი კრემი და ფურცელზე დადექით. ტანი სწორად დაიკავეთ, ფეხები შეატყუპეთ, რათა სხეულის სიმძიმე ორივე ფეხზე თანაბრად გადანაწილდეს. ფურცელზე თქვენი ტერფების ანაბეჭდი დარჩება. აიღეთ ფანქარი და სწორი ხაზით შეაერთეთ ანაბეჭდის შიგნითა მხარეს ყველაზე მეტად გამოწეული წერტილები. შემდეგ მათ პერპენდიკულარულად გაავლეთ სწორი ხაზი, რომელიც გადაკვეთს ტერფების ჩაღრმავებას ყველაზე ღრმა ადგილას (ნახ. 1).
თუ ანაბეჭდის ვიწრო ნაწილი პერპენდიკულარული ხაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ტერფი ნორმალურია, თუ ტოლია, აშკარაა ბრტყელტერფიანობა.
გართულებები. ტერფის არასწორი დატვირთვისას ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ღერძული სიმეტრია, რაც ტერფზედა სეგმენტების (კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრების, ხერხემლის სვეტის) ნორმალური ფუნქციის დარღვევას განაპირობებს.
ცალმხრივი ბრტყელტერფიანობისას ზედა სეგმენტების ზოგადი სისუსტე და ფუნქციური დარღვევა უფრო მეტად არის გამოხატული.
თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ასაკთან ერთად ტერფის დეფორმაცია ღრმავდება. აღინიშნება ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, ტერფის რესორული ფუნქციის (დრეკადობის) დაკარგვის გამო ირღვევა ნაბიჯების თანამიმდევრობა და რიტმული ხასიათი.
თუ ბრტყელტერფიანობას არ ახლავს ქვემო კიდურების ფუნქციის დარღვევა (დაღლა, ტკივილი) და არც დეფორმაციის პროგრესირება აღინიშნება, რაც განპირობებულია თაღამწევი კუნთების მყარი ამტანობითა და ძალით, - ასეთი ტერფი პათოლოგიურად არ მიიჩნევა. ამავე დროს, არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს ტერფი, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული გასწვრივი თაღი, მაგრამ შეზღუდული საყრდენუნარიანობა - ასეთ გადახრას თან სდევს გადაღლა და ტკივილი.
მკურნალობა. ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ბავშვებში უპირატესად კონსერვატიულია, მისი მიზანია ნერვკუნთოვანი და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსის აწევა და მკურნალობით მიღწეული თაღის ფორმის შენარჩუნება მოდელირებული (ინდივიდუალურად შერჩეული) სუპინატორით.
მკურნალობა კომპლექსურია. გასათვალისწინებელია როგორც ძირითადი, ისე თანმხლები დაავადებები. კომპლექსი მოიცავს დღის საგანგებო რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატულ ფიზიოთერაპიას, ბალნეოთერაპიას, მედიკამენტურ თერაპიას.
წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ ტერფის მედიალური, წვივის მედიალური და წინა დუნდულა, გავა-წელის, პარავერტებრული (ხერხემლის გასწვრივი) და მუცლის კუნთების მატონიზებელი მასაჟი აქტოვეგინის ან სოლკოსერილის მალამოების გამოყენებით. პროცედურების შემდეგ ტერფი ფიქსირდება სუპინირებულ მდგომარეობაში რვიანისმაგვარი რბილი ნახვევით. ღამით, ძილის დროს, ტერფი ფიქსირებულია სუპინირებულ მდგომარეობაში თაბაშირის ან პოლივიკის უკანა ღარში. ასეთი მკურნალობა გრძელდება 1 წლამდე რეგულარულად და თანმიმდევრულად. ფეხის ადგმისას ყურადღება უნდა მიექცეს ფეხსაცმლის ცვეთის თავისებურებას: თუ ტერფი გაბრტყელებისკენ არის მიდრეკილი, ცვდება ქუსლის შიგნითა ზედაპირი. თუ დეფორმაციის პროგრესირების ტენდენცია შეიმჩნევა, უნიშნავენ სუპინატორებს.
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მკურნალობა სამკურნალო ვარჯიშებით და მასაჟით იწყება. ტარდება ტერფის თაღამწევი, დუნდულა, გავა-წელისა და პარავერტებრული კუნთების მასაჟი.
კუნთების კუმშვადობის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ტერფის თაღამწევი კუნთების ელექტროსტიმულაციას.
ეფექტურია ვარჯიში წყალში. სათლში ჩასხმულ 10 ლ წყალს დაუმატეთ 100 გ ზღვის მარილი და მატონიზებელი სამკურნალო მცენარეების (გვირილა, მუხის ქერქი, წიწვი, მრავალძარღვა და სხვა) 2 ლ ნაყენი. წყლის ტემპერატურა 36-370ჩ უნდა იყოს. ამ ჭურჭლის ფსკერიდან სუპინირებული ტერფით ბავშვს წყლის ზედაპირზე ნელა ამოაქვს დამძიმებული ბურთი ან ქვა. თავდაპირველად ვარჯიში 5-7-ჯერ სრულდება. შემდეგ რაოდენობა თანდათან იმატებს და 20-მდე ადის.
მკურნალობის შემდეგ ტერფის სწორი ფორმირებისა და ფიზიოლოგიური ფუნქციის შესრულებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს, რომლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ტერფის ნორმალური დაყრდნობა როგორც დგომის, ისე მოძრაობის დროს (მოძრაობისა და დგომისას ტერფი ყველაზე მეტ ზეწოლას განიცდის. ამ დროს მისი გასწვრივი თაღის სიმაღლე 1,3 სმ-ით მცირდება). ტერფის ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლეზე, რომელიც კუნთის მუშაობისთვის ხელსაყრელ ან არახელსაყრელ პირობებს ქმნის. სწორად შერჩეული ქუსლი ამაღლებს გასწვრივ თაღს და აუმჯობესებს მის რესორულ ფუნქციას. ქუსლის სიმაღლე ტერფის სიგრძის 1/4-ს უნდა შეადგენდეს, რაც დაახლოებით 2-3 სანტიმეტრს უდრის.
სუპინატორი აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მისი მეშვეობით ხდება ტერფის ამაღლება, მტკივნეული უბნების ზეწოლისგან გათავისუფლება, სიარულის გაუმჯობესება, დეფორმაციის პროგრესის პროფილაქტიკა.
სპეციალური ვარჯიშებით შესაძლებელია ტერფების კუნთოვანი აპარატის გამაგრება.
ამ ვარჯიშების შესრულება შინაც შეგიძლიათ:
დაჯექით მაღალ სკამზე. ფეხებქვეშ ფარდაგი დაიდეთ. ტერფები მყარად უნდა გედგათ იატაკზე, ოდნავ განიგან, მუხლები და მენჯ-ბარძაყი კი 900-ით იყოს მოხრილი.
- ტერფები მოხარეთ და გაშალეთ.
- მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები.
- ტერფებით დაიჭირეთ ბურთი, ასწიეთ ის და საწყის მდგომარეობაში დააბრუნეთ.
- ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ საგორავი (ცომის გასაბრტყელებელი) ჯოხი.
- ფეხის თითებქვეშ ამოიდეთ პირსახოცი, მისი ბოლოები ხელში დაიჭირეთ და მოქაჩეთ.
- იარეთ ფეხის წვერებზე.
ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა ასეთია: არ შეიძლება ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, ბევრი სირბილი, დიდხანს დგომა. ფეხები ხშირად უნდა დაასვენოთ, რეგულარულად ავარჯიშოთ ტერფები, იკეთოთ მასაჟი, აბაზანები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ტერფებს 40 წლის შემდეგ.