განგრენა სხეულის ან ორგანოს რომელიმე ნაწილის ნეკროზი ანუ სიკვდილია. მკვდარი უბანი ფერს იცვლის - მოლურჯოდან შავამდე. განგრენა ქსოვილისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის ან მკვეთრი შეზღუდვის შემთხვევაში ვითარდება. ის გვხვდება გულისგან დაშორებულ ადგილებში (მაგალითად, კიდურებზე, თითებზე) და იმ უბნებში, სადაც ადგილობრივად არის დარღვეული სისხლის მიმოქცევა (მაგალითად, ინფარქტის დროს გულის კუნთში ან ფილტვის ქსოვილში).
განგრენას აქვს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ფაქტორები. გარეგანი ფაქტორები, თავის მხრივ, სხვადასხვა ბუნებისაა:
- მექანიკური (ტრავმა, რომელსაც თან ახლავს ქსოვილის დაჭყლეტა, სისხლძარღვებისა და ნერვების მთლიანობის რღვევა);
- ფიზიკური (დამწვრობა, მოყინვა);
- რადიაქტიური (მაიონიზებელი რადიაციის გავლენა);
- ქიმიური (ძლიერი მჟავების, ტუტეების, დარიშხანის, ფოსფორის და სხვათა გავლენა).
განგრენის შინაგანი მიზეზებია ის მდგომარეობები და პროცესები, რომლებიც ქსოვილთა კვების დარღვევას იწვევს, უმთავრესად - სისხლძარღვების დაზიანება: ჭრილობა, არტერიის სანათურის დახშობა სპაზმის ან ანატომიური ცვლილებების, მაგალითად, ათეროსკლეროზის გამო, რაც არცთუ იშვიათად იქცევა ინფარქტის, თრომბოზისა და მოხუცებულთა განგრენის მიზეზად. განგრენა შესაძლოა მიმდინარეობდეს მიკრობების მოქმედების გარეშეც (ასეპტიკური განგრენა) და მათი მონაწილეობითაც (სეპტიკური ანუ ჩირქოვანი განგრენა).
განასხვავებენ მშრალ, სველ და აიროვან განგრენას.
მშრალი განგრენა. მშრალი განგრენა ქსოვილებისთვის სისხლის მიწოდების მკვეთრი შეზღუდვისა და მათი გამოშრობის შედეგია. თუ ნეკროზულ ქსოვილში ჩირქოვანი ინფექცია არ შეიჭრა, ქსოვილი შრება, იჭმუჭნება და მკვრივდება (მცირდება დაზიანებული ნაწილის მოცულობა), რაც უჯრედებში ცილების შეწებებით და სისხლის ფორმიანი ელემენტების დაშლით არის განპირობებული. მკვდარი ქსოვილი იღებს მუქ რუხ ან შავ ფერს. ასეთი უბნის მუმიასთან მსგავსების გამო მშრალი განგრენის ფორმირების პროცესს მუმიფიცირებას უწოდებენ. სისხლის მიწოდების შეწყვეტას თან სდევს დაზიანებული უბნის მკვეთრი ტკივილი, კიდური ფითრდება, ლურჯდება და ცივდება. პულსი და კანის მგრძნობელობა ქრება, თუმცა ღრმად მდებარე ქსოვილებში ტკივილი დიდხანს გრძელდება. ნეკროზი პერიფერიიდან ცენტრისკენ ვრცელდება. სხეულის დაზიანებული ნაწილის ფუნქცია ირღვევა. დროთა განმავლობაში მკვდარი და ცოცხალი ქსოვილების საზღვარზე აღმოცენდება რეაქციული (დემარკაციული) ანთება, რაც მკვდარი უბნის მოწყვეტას იწვევს. მშრალი განგრენა, ჩვეულებრივ, ლოკალიზდება კიდურებზე, ცხვირის წვერსა და ყურის ნიჟარებზე (განსაკუთრებით - მოყინვისა და ქიმიური დამწვრობის დროს).
მკვდარ ქსოვილში ჩირქოვანი ინფექციის შეჭრისას მშრალი განგრენა შესაძლოა სველში გადაიზარდოს. არ არის გამორიცხული, რამდენიმე თვის შემდეგ მკვდარი უბანი თავისთავად მოძვრეს. შინაგანი ორგანოების ასეპტიკური ნეკროზის დროს მკვდარი ნაწილი თანდათანობით გაიწოვება და მას ნაწიბუროვანი ქსოვილი ჩაენაცვლება. შესაძლოა, განგრენა მეზობელ ჯანსაღ ქსოვილებზეც გავრცელდეს. ამასთანავე, სისხლში ხვდება ჩირქოვანი დაშლის პროდუქტები, რაც მძიმე ინტოქსიკაციას იწვევს.
სველი განგრენა. სველი განგრენისთვის დამახასიათებელია დაზიანებული ქსოვილების მუქი რუხი შეფერილობა, მათი შეშუპება და მოცულობის მატება. ქსოვილი იქცევა ჭუჭყიანი მწვანე ელფერის მქონე რბილ მასად, რომელსაც ჩირქის სუნი სდის, თანდათან თხიერდება და იშლება.
კეთილსაიმედო მიმდინარეობისას ჯანსაღი და მკვდარი ქსოვილების მიჯნაზე შეიმჩნევა მკვეთრი საზღვარი. მკვდარი ქსოვილი სხეულს სცილდება, წარმოქმნილი დეფექტი ხორცდება და ნაწიბური ყალიბდება. ზოგჯერ (ინფექციის არარსებობის, შემოფარგლული უბნის შემთხვევაში) სველი განგრენა შესაძლოა მშრალში გადაიზარდოს. თუ ორგანიზმი დასუსტებულია, ხოლო კანის ადგილობრივი რეაქცია - დაქვეითებული, პროცესი განივრცობა, ჩირქოვანი დაშლის პროდუქტები სისხლში შეიწოვება და ვითარდება სეფსისი (ასეთი რამ ხშირად ემართებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს). სველი განგრენის დროს დაზიანებული ქსოვილის ზედა შრეები კარგავს მგრძნობელობას, ღრმა შრეებში კი ტკივილი აღინიშნება. სხეულის ტემპერატურა იმატებს, საერთო მდგომარეობა მძიმეა.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. განგრენის მკურნალობა და პროფილაქტიკა ითვალისწინებს:
- გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრას;
- სისხლის გადასხმას;
- ანტიბიოტიკების დანიშვნას;
- ქირურგიულ ჩარევას.