ნაწლავთა გაუვალობა დაავადებაა, რომელიც ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების გაძნელებით ან შეწყვეტით გამოიხატება. ის უპირატესად 30-60 წლის პირებს შორის გვხვდება. ნაწლავთა გაუვალობა მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიულ დაავადებათა 1,2-9,4%-ს შეადგენს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება. განასხვავებენ ნაწლავთა გაუვალობის ხელშემწყობ ფაქტორებსა და უშუალო მიზეზებს. უშუალო მიზეზებად ითვლება ნაწლავთა თანდაყოლილი ანომალია, შევიწროება (სიმსივნე, ჭიებით ინვაზია, ოპერაციის შემდგომი შეხორცება), ხელშემწყობ ფაქტორებად კი - არარეგულარული კვება (რომელიც ჰიპერპერისტალტიკას იწ¬ვევს), ფაღარათი, შეკრულობა და სხვა.
გაუვალობა სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
ნაწლავთა მწვავე გაუვალობა სხვადასხვა ბუნებისაა:
I - დინამიკური (ფუნქციური):
ა. სპაზმური;
ბ. პარალიზური;
II - მექანიკური:
ა. ობტურაციული (სიმსივნით, უცხო სხეულით, განავლოვანი ან ნაღვლის კენჭით, ბეზოარით, ჭიების გორგლით, კოპროსტაზით განპირობებული);
ბ. სტრანგულაციური (ნაწლავის შემოგრეხით, კვანძით, შიგნითა გაჭედვით განპირობებული);
გ. შერეული (ინვაგინაცია, შეხორცებითი გაუვალობა).
ნაწლავთა მწვავე გაუვალობის იშვიათი ფორმაა ბეზოარით გამოწვეული გაუვალობა. ბეზოარი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ უცხო სხეულს, რომელიც თმისგან, მცენარეთა გადაუმუშავებელი ბოჭკოსა და კურკებისგან, თხის ქონისგან, საღებავი ნივთიერებებისგან, ფისისგან ყალიბდება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ბეზოარი სისხლის კოლტის მინერალიზაციის შედეგად, სამკურნალო პრეპარატისგან (სალოლი, მაგნეზია), საღეჭი რეზინის ხანგრძლივი ხმარების გამო წარმოიქმნა.
ყველაზე ხშირად ფიტობეზოარით (მცენარეული ბეზოარით) გამოწვეული გაუვალობა გვხვდება. ფიტობეზოარი წარმოიქმნება კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულში, გადადის წვრილ ნაწლავში და იწვევს გაუვალობას.

მიმდინარეობა და სიმპტომები. გაუვალობის დროს ირღვევა წყლისა და ელექტროლიტების ცვლა, სისხლის მიმოქცევა, ვითარდება ინტოქსიკაცია, დაბრკოლების ზემოთ ნაწლავი გადავსებულია. მის სანათურში გროვდება სისხლის თხიერი ნაწილი, კუჭის, ნაწლავის, პანკრეასის, ნაღვლის წვენი. 24 საათში შეიძლება 8 ლიტრამდე სითხე დაგროვდეს. მცირდება სისხლის მოცულობა. ნაწლავში დაგროვილ სითხეში იწყება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც ინტოქსიკაციას აძლიერებს. ღებინებისას იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, ცილები, ელექტროლიტები, ფერმენტები, კუჭის, პანკრეასის, ნაღვლის, წვრილი ნაწლავის წვენები, სისხლის ცირკულაციურ დარღვევებთან ერთად ძლიერდება ინტოქსიკაცია, რაც ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დაწყებიდან 24 საათის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები (განსაკუთრებით - წყლისა და ელექტროლიტების ცვლის, მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა) მკვეთრად ვლინდება. იწყება ცილებისა და ცხიმების დაშლა, ორგანიზმში გროვდება მათი დაშლის პროდუქტები, იწყება აციდოზი, ირღვევა გადავსებული ნაწლავის კედლის გამტარობა, მუცლის ღრუში გროვდება ექსუდატი, რომელიც ინფიცირდება. იწყება პერიტონიტი.
ნაწლავში სითხისა და აირის შეწოვა მკვეთრად დარღვეულია. ნაწლავის სანათურში იზრდება წნევა, მკვეთრად იმატებს მისი დიამეტრი. ნაწლავის კედელში არსებული სისხლჩაქცევები ზეწოლას განიცდის. კაპილარებში წარმოიშობა თრომბები. ნაწლავის პერისტალტიკა ნელდება, შემდეგ კი სრულებით წყდება. დაბრკოლების არიდან 30-40 სმ-ის მანძილზე ნაწლავის ლორწოვანში ჯერ სისხლჩაქცევები ჩნდება, შემდეგ - ნეკროზული უბნები. დაზიანებული ნაწლავის კედლიდან მუცლის ღრუსა და სისხლში დიდი რაოდენობით გადადის ბაქტერიული ტოქსინები, ბაქტერიები.
ორგანიზმში გამოიყოფა ანტიდიურეზული ჰორმონი და ალდოსტერონი, რომელიც შარდის გამოყოფას ამცირებს. ძლიერდება ნატრიუმის უკუშეწოვა და დიდი რაოდენობით გამოიყოფა კალიუმი, რის შედეგადაც ირღვევა კუნთთა ტონუსი, ქვეითდება მიოკარდიუმის (გულის კუნთის) შეკუმშვის უნარი და პერისტალტიკა. შარდის ოდენობის შემცირება იწვევს კალიუმის გამოყოფის შემცირებას, სისხლში ამ ნივთიერების კონცენტრაცია იმატებს, ვითარდება ალკალოზი და მეტაბოლური აციდოზი. უფრო მეტად ირღვევა გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქცია.
ნაწლავთა გაუვალობის ძირითადი ნიშნები ასეთია:

  • მოვლითი ტკივილი მუცლის არეში;
  • ღებინება;
  • მეტეორიზმი;
  • ნაწლავთა მოქმედების შეწყვეტა;
  • აირთა გამოყოფის შეკავება.

დაავადება იწყება მოულოდნელად, შეტევითი ხასიათის მოვლითი ტკივილით მუცლის არეში, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურია სტრანგულაციური გაუვალობის დროს. ავადმყოფი ფერს კარგავს, ასხამს ცივი ოფლი. თანდათან ვლინდება მუცლის შებერილობა, გულისრევა, ბოყინი, ღებინება. პირნაღები მასა თავდაპირველად კუჭის შიგთავსისგან შედგება, შემდეგ ნაღველნარევია, ბოლოს კი ნაწლავის შიგთავსს შეიცავს. ღებინების ინტენსივობა დამოკიდებულია ნაწლავში დაბრკოლების ლოკალიზაციაზე: რაც უფრო მაღალია გაუვალობა (ანუ რაც უფრო მაღლაა ნაწლავში დაბრკოლება), მით უფრო ინტენსიურია კლინიკური სურათი. სწრაფად იწყება დეჰიდრატაცია და ინტოქსიკაცია.
ნაწლავთა გაუვალობისას აირებზე გასვლა და დეფეკაცია ჭირს ან შეწყვეტილია. მაღალი გაუვალობისას პირველ საათებში მოსალოდნელია ნაწლავთა მოქმედება, მაგრამ ეს მდგომარ ეობას არ აუმჯობესებს. ნაწლავთა ინვაგინაციის დროს ზოგჯერ სისხლიანი განავალი აღინიშნება, რის გამოც ბავშვებს ხშირად შეცდომით დიზენტერიის დიაგნოზს უსვამენ.
დაავადების კლინიკურ სურათში გამოყოფენ სამ პერიოდს: ტკივილის პერიოდს, დაავადების სრული გამოვლენის სტადიასა და ტერმინალურ სტადიას, როდესაც აღინიშნება დიფუზური პერიტონიტი და ინტოქსიკაცია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ტიპური მიმდინარეობისას ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის. ხდება დიფერენცირება მუცლის ღრუს სხვა მწვავე დაავადებებისგან, როგორიც არის, მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია, მწვავე ქოლეცისტიტი, მწვავე აპენდიციტი, მწვავე პანკრეატიტი, საშვილოსნოსგარე ორსულობის დარღვევა, საკვერცხეების კისტის შემოგრეხა. უნდა გამოირიცხოს თირკმლის ჭვალი, გული კუნთის ინფარქტის აბდომინალური ფორმა, დიაფრაგმული პლევრიტი, ასევე - ალიმენტური (კვებითი) ინტოქსიკაცია, ტყვიით მოწამვლა. დიაგნოსტირებაში დიდ როლს ასრულებს რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
გაუვალობის ზოგიერთი ფორმის დროს შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა: ორმხრივი პარანეფრული ბლოკადა ვიშნევსკის წესით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის მუდმივი ასპირაცია, ნაწლავის სტიმულაცია - 10%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან პროზერინით, რის შემდეგაც კეთდება ოყნა. ეს ყველაფერი ტარდება იმ ღონისძიებათა პარალელურად, რომლებიც მიზნად ისახავს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას, ცილების დეფიციტის, მოცირკულირე სისხლის ცვლილებათა აღმოფხვრას და სხვა.
ამგვარი თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში (როდესაც მუცლის მოვლითი ტკივილი გრძელდება, ნაზოგასტრული ზონდიდან აღინიშნება მწვანე ფერის გამონადენი, ნაწლავთა სტიმულაციას არ მოჰყვება ნაწლავების მოქმედება) ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. წინასაოპერაციო მომზადება (ინტრავენური ტრანსფუზია, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები) გრძელდება 1-3 საათს.
ქირურგიული მკურნალობის მიზანია მუცლის ღრუს სრულყოფილი დათვალიერება და ნაწლავის დაბრკოლების ლიკვიდაცია. ოპერაცია ტარდება ზოგადი ნარკოზით. ოპერაციის შემდეგ ხორციელდება ინტენსიური თერაპია.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია