საერთაშორისო დასახელება:

CEFOPERAZONE; SULBACTAM

მწარმოებელი: ავერსი - რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ცეფოპერაზონი+ნატრიუმის სულბაქტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

ნატრიუმის ცეფოპერაზონი ........          0.5 გ

(ცეფოპერაზონის ეკვივალენტური)

ნატრიუმის სულბაქტამი ...................   0.5 გ

(სულბაქტამის ეკვივალენტური)

სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

ნატრიუმის ცეფოპერაზონი ........          1 გ

(ცეფოპერაზონის ეკვივალენტური)

ნატრიუმის სულბაქტამი ...................   1 გ

(სულბაქტამის ეკვივალენტური)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეფოპერაზონი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისთვის. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით აქტიური გამრავლების ფაზაში. ცეფოპერაზონი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით.

სულბაქტამს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული აქტივობა (გამონაკლისია Neisseriaceae და Acinetobacter). იგი შეუქცევადად აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზას, რომელსაც წარმოქმნის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმები; ხელს უშლის მდგრადი მიკროორგანიზმების ბეტა-ლაქტამაზას მიერ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების დესტრუქციას. სულბაქტამი უკავშირდება პენიცილინშემაკავშირებელ ცილას, რითაც ავლენს სინერგიზმს პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან კომბინაციაში გამოყენებისას.

დარდუმბაქტი აქტიურია ყველა მიკროორგანიზმის მიმართ, რომელიც მგრძნობიარეა ცეფოპერაზონის მიმართ. აგრეთვე იგი სინერგიულად მოქმედებს სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებზე: Haemophylus influenzae, Bacteroidess spp., Staphylococcus spp., Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter  aerogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Citrobacter freundii, Enterobacter cloacae, Citrobacter diversus.
დარდუმბაქტი in vitro აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Streptococcus agalactiae (B ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების შტამების უმრავლესობა, Streptococcus faecalis-ის (ენტეროკოკი) მრავალი შტამი; გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Citrobacter spp., Haemophylus influenzae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia spp., Serratia spp. (S. marcescens-ის ჩათვლით), Salmonella spp., Shigella spp., Pseudomonas aeruginosa და ზოგიერთი სხვა Pseudomonas spp., Acinetobacter calcoaceticus, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Bordetella pertussis, Yersinia enterocolitica; ანაერობული მიკროორგანიზმები: გრამუარყოფითი ჩხირები (Bacteroides fragilis, სხვა Bacteroides spp. და Fusobacterium-ის სახეობების ჩათვლით), გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკები (Peptococcus, Peptostreptococcus და Veillonella-ს სახეობების ჩათვლით), გრამდადებითი ჩხირები (Clostridium spp., Eubacterium spp. და Lactobacillus spp).

ფარმაკოკინეტიკა:

ცეფოპერაზონი, ისევე როგორც სულბაქტამი, კარგად ნაწილდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ნაღველში, ნაღვლის ბუშტში, კანში, აპენდიქსში, ფალოპის მილებში, საკვერცხეებში. საშვილოსნოში. პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღინიშნება ამნიონურ სითხეში.

2 გ დარდუმბაქტის (1 გ სულბაქტამი და 1 გ ცეფოპერაზონი) 5 წთ-ის განმავლობაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში მიიღწევა სულბაქტამისა და ცეფოპერაზონის მაქსიმალური კონცენტრაციები საშუალოდ 130.2 მკკგ/მლ და 236.8 მკგ/ მლ შესაბამისად. ასეთი კონცენტრაციები ადასტურებს სულბაქტამის განაწილების უფრო მეტ მოცულობას VD=18.0 - 27.6 ლ ცეფოპერაზონის განაწილების მოცულობასთან VD= 10.2 - 11.3ლ შედარებით. დარდუმბაქტის კუნთში შეყვანის შემდეგ სულბაქტამისა და ცეფოპერაზონის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში მიღწევა 15 წთ-დან 2 სთ-მდე ინტერვალში.

სისხლის პლაზმიდან სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 1 სთ-ს, ცეფოპერაზონის - 1.7 სთ-ს. კონცენტრაცია სისხლის შრატში შეყვანილი დოზის პროპორციულია. დაახლოებით სულბაქტამის დოზის 84% და ცეფოპერაზონის დოზის 25% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ცეფოპერაზონის დარჩენილი უდიდესი ნაწილი ძირითადად ნაღველთან ერთად გამოიყოფა. პრეპარატის ყოველ 8-12 სთ-ში შეყვანისას კუმულაცია არ აღინიშნება.

ცეფოპერაზონი არ არღვევს კავშირს ბილირუბინსა და პლაზმის ცილებს შორის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და/ან სანაღვლე გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, ამავე დროს იზრდება მისი შარდთან ერთად ექსკრეცია. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაშიც კი ნაღველში მიიღწევა ცეფოპერაზონის თერაპიული კონცენტრაცია, ნახევარგამოყოფის პერიოდი კი ხანგრძლივდება მხოლოდ 2-4-ჯერ.

თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ჰოსპიტალური და არასჰოსპიტალური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მძიმედ მიმდინარე ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოპნევმონია ფილტვის აბსცესი და პლევრის ემპიემა;
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი, გონორეა, ვულვოვაგინტი;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პერიტონიტი;
  • ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • სეპტიცემია;
  • მენინგიტი;
  • ნეიტროპენიის ფონზე განვითარებული ინფექციები;
  • თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციების ინფექციური გართულების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზირება:

დარდუმბაქტი შეყავთ ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად.

მოზრდილებში დარდუმბაქტის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 გ-ს, რომელიც ინიშნება თანაბრად დაყოფილი დოზებით 12 სთ-ში ერთხელ. მძიმე შემთმხვევებში დარდუმბაქტის სადღეღამისო დოზას ზრდიან 8 გ-მდე, რაც რეკომენდებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას შეადგენს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სულბაქტამის დაქვეითებული კლირენსის კომპენსირებისთვის საჭიროა დარდუმბაქტის დოზის კორექცია. თუ კრეატინინის კლირენსია 15-30 მლ/წთ, დარდუმბაქტის მაქსიმალური დოზა შეადგენს 2 გ-ს 12 სთ-ში ერთხელ (სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2 გ, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 15 მლ/წთ - დარდუმბაქტის მაქსიმალური დოზაა 1 გ ყოველ 12 სთ-ში (სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1 გ).

ბავშვებში დარდუმბაქტის სადღეღამისო დოზა შეადგენს 40-80 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც თანაბრად დაყოფილი დოზებით შეყავთ 6-12 სთ-ში ერთხელ. პრეპარატის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას ბავშვებში შეადგენს 160 მგ/კგ სხეულის მასაზე ინიშნება თანაბრად დაყოფილი დოზებით 6-12 სთ-იანი ინტერვალით.

ახალშობილებში სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში დარდუმბაქტის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც ინიშნება თანაბრად დაყოფილი დოზებით 12 სთ-ში ერთხელ. მძიმე ინფექციების დროს მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა შესაძლებელია ცეფოპერაზონის დამატებითი დოზის შეყვანით.

ინტრავენური შეყვანა. ინტრავენური ინფუზიისათვის ხსნარის მომზადება ხდება ორ ეტაპად:

დარდუმბაქტის 1 გ ჯერ იხსნება 3.4 მლ, 2 გ კი - 6.7 მლ. სტერილურ საინექციო წყალში, ხოლო შემდეგ განზავდება 20 მლ საინექციო წყალში. მიღებული ხსნარი შეყავთ 15-60 წთ-ის განმავლობაში.

ინტრავენური ინექციისათვის ფლაკონის შიგთავსი იხსნება ზემოთ აღნიშნული წესით. მომზადებული ხსნარი შეჰყავთ ნელა, 3-5 წუთ-ის განმავლობაში.

ინტრამუსკულარული შეყვანა. დარდუმბაქტი იხსნება ზემოთ აღწერილი ხსნარის მომზადების პირველი ეტაპის შესაბამისად. ცეფოპერაზონის 250 მგ/მლ და მეტი კონცენტრაციის მიღებისათვის, დარდუმბაქტს სტერილურ წყალში გახსნის შემდეგ ემატება 2%-იანი ლიდოკაინის ხსნარი 0.5%-იანი ლიდოკაინის ხსნარის მიღებისთვის საჭირო ოდენობით.

მომზადებული ხსნარი ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში 250C ტემპერატურაზე და 48 სთ-ის განმავლობაში 2-80C ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია წამლისმიერი ცხელება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, იშვიათად -ანაფილაქსიური შოკი;

საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების ტუტე ფოსფატაზას აქტივობის და ბილირუბინის დონის გარდამავალი მატება;

სისხლის სურათის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას - შექცევადი ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომობოციტოპენია, ჰიპოპროთრომბნიემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაბალი  მაჩვენებელი, კუმბსის დადებითი რეაქცია;

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია - მტკივნეულობა კუნთში პრეპარატის შეყვანის ადგილას, ინტრავენური შეყვანისას - ფლებიტის განვითარება;

სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოტენზია, ვასკულიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰემატურია, მეტად იშვიათად - ვიტამინ K-ს დეფიციტი (სისხლდენა).

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა სულბაქტამის, ცეფოპერაზონის, სხვა ცეფალოსპორინების ან პენიცილინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

ცეფოპერაზონი და სულბაქტამი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

დარდუმბაქტის მოქმედების ფართო სპექტრი იძლევა მონოთერაპიული მკურნალობის საშუალებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია კომბინაცია სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან.

დარდუმბაქტი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება სიხლდენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში;

სანაღვლე გზების ნაწილობრივი ობსტრუქციის ან ღვიძლის დაავადების დროს;

ახალშობილ და დღენაკლულ ბავშვებში, ხანდაზმულებში, აგრეთვე

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მცირე დოზებით.

ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

დარდუმბაქტის მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი სისხლის შრატში.

დარდუმბაქტის გამოყენების შედეგად შესაძლებელია ვიტამინ K-ს დეფიციტის განვითარება, რაც გამოწვეულია აღნიშნული ვიტამინის მასინთეზირებელი ნაწლავური მიკროფლორის დათრგუნვით.

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან არასრულფასოვან დიეტაზე მყოფი ან მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტები (მაგ. მუკოვისციდიოზის დროს), აგრეთვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარენტერულ კვებაზე მყოფი პაციენტები. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პროთრომბინის დონის კონტროლი და საჭიროებისას - ეგზოგენურად ვიტამინ K-ს მიღება.

ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში დარდუმბაქტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა და Clostridium difficile-ს ჭარბი ზრდა, რაც ხშირად ხდება დიარეისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მიზეზი. შესაბამისად, დარდუმბაქტი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში.

ერთდროულად ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში, საჭიროებისას - დოზის კორექცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ცეფოპერაზონის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.

ამინოგლიკოზიდებთან კომბინირებული მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

ჰემოდიალიზის დროს რამდენადმე მცირდება ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი და მნიშვნელოვნად იცვლება სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკა ამიტომ, პრეპარატის შეყვანა უნდა წარმოებდეს დიალიზის დამთავრების შემდეგ.

მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრისას ბენედიქტის ან ფელინგის რეაქტივებით შეიძლება ცრუ დადებითი მაჩვენებლების მიღება.

მკურნალობის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 5 დღის განმავლობაში პცაიენტმა თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან და ეთანოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებისგან.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტსა და მექანიზმების მართვის უნარზე:

დარდუმბაქტის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება. თავ-ზურგ-ტვინის სითხეში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალმა კონცენტრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები. მათ შორის კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში წყდება პრეპარატის გამოყენება და ტარდება სიმპტომური მკურნალობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზმა შესაძლოა გააძლიეროს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რინგერის ლაქტატის ან 2%-იანი ლიდოკაინის ხსნარის გამოყენება დარდუმბაქტის პირველადი გახსნის მიზნით მათი შეუთავსებლობის გამო არ არის რეკომენდებული.

ანტიკოაგულუნტებთან და ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სალიცილატები, სულფინპირაზონი), ერთდროული გამოყენებისას მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი. დარდუმბაქტისა და ამინოგლიკოზიდების ხსნარების შერევა მათი შეუთავსებლობის გამო რეკომენდებული არ არის. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ხსნარები შეჰყავთ თანმიმდევრობით ორი იზოლირებული სისტემით. შეყვანებს შორის ინტერვალში აუცილებელია შესაბამისი გამხსნელით ინტრავენური კათეტერის გამორეცხვა. ინტერვალი დარდუმბაქტისა და ამინოგლიკოზიდების ხსნარების შეყვანებს შორის დღეღამის განმავლობაში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი.

მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოიყენება ზრდის ნეფროტოქსიკური ეფექტის განვითარების რისკს. განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ეთანოლთან ერთად გამოყენებისას ვითარდება დისულფირამის მსგავსი ეფექტი.

ერთდროული გამოყენებისას პრობენეციდი აქვეითებს სულბაქტამის მილაკოვან სეკრეციას თირკმელებში და ზრდის სულბაქტამის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია