დერმატიტი არის კანის ანთებითი რეაქცია მასზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის მიმართ. განასხვავებენ კონტაქტურ დერმატიტსა და ტოქსიდერმიას. ამავე ჯგუფს მიაკუთვნებენ კანის ისეთ დაავადებებსაც, როგორიც არის სებორეული დერმატიტი (ქერტლი, ფერიმჭამელები, აკნე, მუწუკი და ა.შ.), ატოპიური დერმატიტი (ნეიროდერმატიტი), ჰერპესული დერმატიტი, ეგზემა.
დერმატიტი უმეტესად ხანმოკლეა და გამოწვეულია ამა თუ იმ ცნობილი მიზეზით ან მიზეზებით. ეს მიზეზი ან მიზეზები შეიძლება იყოს ენდოგენური (კონსტიტუციური) ან ეგზოგენური (კონტაქტური) და გამოიწვიოს დაავადება როგორც კანზე უშუალო ზემოქმედებით, ისე სისხლსა და ორგანიზმში შეღწევის გზით. პირველ შემთხვევაში კონტაქტურ დერმატიტზე ლაპარაკობენ, მეორეში - ტოქსიდერმიაზე.
დერმატიტი შეიძლება გართულდეს ბაქტერიული (მაგალითად, სტაფილოკოკური) ინფექციით.
უბრალო კონტაქტური დერმატიტი. უბრალო კონტაქტური დერმატიტი შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. მწვავე დერმატიტი აღმოცენდება გამღიზიანებელთან კონტაქტისთანავე და მისი მოქმედების შეწყვეტის უმალ ცხრება. ქრონიკული ფორმა ვითარდება გამომწვევთან განმეორებითი კონტაქტის შემდეგ, გრძელდება ხანგრძლივად და მიმდინარეობს გამწვავებებით. უბრალო კონტაქტურ დერმატიტს იწვევს ქიმიური და ფიზიკური გამღიზიანებლების მთელი წყება: გამხსნელები, მჟავები და ტუტეები, ზოგიერთი მცენარე (მათ შორის - ჭინჭარი), ასევე - ძლიერი ზეწოლა, სხივური და თერმული ზემოქმედება.
უბრალო კონტაქტური დერმატიტის მაგალითია შხამიან სუროსთან კონტაქტის შემდეგ განვითარებული დერმატიტი, როდესაც კანზე ჩნდება ძლიერ მქავანა წითელი ბებერა. გამღიზიანებელთან კონტაქტი კონტაქტური დერმატიტის გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციის შედეგია - როცა კანზე მოხვედრილ ალერგენს ეპიდერმისის განსაკუთრებული უჯრედები `იჭერენ~, სადაც ის ნაწილობრივ გარდაიქმნება, აღწევს ლიმფურ კვანძებამდე და ხვდება იმუნური სისტემის უჯრედებს (თ ლიმფოციტებს), რის შემდეგაც ამოქმედდება ორგანიზმის თავდაცვითი სისტემა, კანი კი ამ ალერგენის მიმართ ზემგრძნობიარე ხდება.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სიმპტომები ვლინდება გამღიზიანებელთან კავშირიდან ერთი ან რამდენიმე კვირის შემდეგ და ლოკალიზდება ალერგენთან კანის უშუალო კონტაქტის ადგილას. ალერგენი შეიძლება იყოს ფორმალდეჰიდი, ქიმიკატი, მცენარის მტვერი და სხვა. დაავადების სიმპტომებია კანის მკვეთრი შეწითლება, ერითემა მკვეთრი შეშუპებით, ბუშტუკები და ბუშტები, რომლებიც იხსნება და ტოვებს სველ ეროზიას.
ალერგიული დერმატიტის აღმოცენება და განვითარება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის მომატებული ორგანიზმის მგრძნობელობა და როგორია პაციენტის მემკვიდრეობითი განწყობა ალერგიული რეაქციების მიმართ.
მკურნალობა. მკურნალობა ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს გამოკვლევის საფუძველზე. გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი მოქმედების პრეპარატები.
ტოქსიდერმია კანის დაზიანებაა, რომელიც აღმოცენდება ალერგენებისა და ტოქსიკური ნივთიერებების (ქიმიური აგენტების, ზოგიერთი წამლის, საკვები პროდუქტის) ერთდროული ზემოქმედებისას ამ უკანასკნელთა შინაგანი მიღების ან ჩასუნთქვის შემთხვევაში.
ტოქსიდერმიის ნიშანია გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ ეგზემური ხასიათისაა, ზოგჯერ კი წითელასთვის, წითურასთვის, ქუნთრუშასთვის დამახასიათებელ გამონაყარს წააგავს.
ტოქსიდერმიას ხშირად თან სდევს ცხელება, ქავილი, წვა, დისპეპსია. გამომწვევ ფაქტორთან ხელმეორე კონტაქტის შემთხვევაში გამონაყარი ჩნდება როგორც ძველ, ისე ახალ ადგილებზე.
ტოქსიდერმიის მკურნალობისას აუცილებელია პათოლოგიური რეაქციის მიზეზთან კონტაქტის შეწყვეტა. რეაქციის ჩასაცხრობად იყენებენ დეზინტოქსიკაციურ, ჰიპომასენსიბილიზებელ, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. მძიმე შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდები. ადგილობრივ მკურნალობას მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა ენიჭება.
თუ მკურნალობა დროულად დაიწყო. დაავადება სავსებით იკურნება.
ატოპიური დერმატიტი კანის დაავადებაა, რომელსაც ქავილი, პაპილომების წარმოქმნა, გალიქენება და ქრონიკული რეციდიული მიმდინარეობა ახასიათებს. დამახასიათებელია სეზონურობა - ზამთარში დერმატიტი მწვავდება, ზაფხულში კი ნაწილობრივი ან სრული რემისია დგება. დამახასიათებელია ასევე თეთრი დერმოგრაფიზმი (კანის სისხლძარღვთა სპაზმური ხასიათის რეაქცია, რომლის შედეგადაც კანზე ჩნდება თეთრი ზოლები).
ატოპიური დერმატიტის მიზეზი უცნობია, მაპროვოცირებელ ფაქტორებს კი წარმოადგენს სურსათი, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ალერგენები, შინაური ცხოველები და სხვა. მისი განვითარების მექანიზმს საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლა, რომელიც განპირობებულია იმუნიტეტით, გენეტიკით, ნეიროგენური ფაქტორებით. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დიფუზური ნეიროდერმატიტის მიზეზი უმეტესად ძროხის რძეა. მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა - დისბაქტერიოზი. ალერგიული დერმატიტი ზოგჯერ ერწყმის ალერგიულ რინიტს, ბრონქულ ასთმას, პოლინოზს.
ალერგიული დერმატიტი ვლინდება ჩვილ ასაკში პაპულისა და ლიქენური კერების გაჩენით. პროცესი მწვავეა, მიმდინარეობს მტანჯველი ქავილის შეგრძნებით. დერმატიტი მეტწილად ლოკალიზდება კისერზე, შუბლზე, იდაყვებზე, მუხლების სახრელში.
ატოპიური დერმატიტის მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას. მეტად მნიშვნელოვანია ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა, კუჭის მოქმედების მოწესრიგება. ატოპიური დერმატიტით დაავადებულებს ენიშნებათ კომპლექსური მკურნალობა (ანტიჰისტამინური, ჰიპომასენსიბილიზებელი, სედაციური საშუალებები). მეტად ეფექტიანია ფიზიოთერაპია, კურორტოთერაპია. კარგია ფსიქოთერაპიაც.
დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორსულობისა და მშობიარობის ნორმალურ წარმართვას. მეძუძურმა ქალმა აუცილებლად უნდა დაიცვას სათანადო დიეტა.