ფარმაკოლოგიური თვისებები
დექსამეტაზონი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოიდს, რომლის მოლეკულის შემადგენლობაში შედის ფტორის ატომი. პრეპარატი ხასიათდება გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, მადესენსიბილიზირებელი, აგრეთვე შოკის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური მოქმედებით. გააჩნია ასევე იმუნოდეპრესიული აქტივობა. აღნიშნული ეფექტები დაკავშირებულია: ეოზინოფილებთან ანთებითი მედიატორების გამონთავისუფლების დათრგუნვასთან, ლიპოკორტინების წარმოქმნის ინდუცირებასთან და პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირებასთან, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰიალურონის მჟავას, აგრეთვე კაპილარების განვლადობის შემცირებას, უჯრედული (განსაკუთრებით ლიზოსომური) და ორგანოების მემბრანების სტაბილიზაციასთან. პრეპარატის იმუნოდეპრესიული ეფექტი განპირობებულია ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან ციტოკინების გამოყოფის დათრგუნვით (ინტერლეიკინი 1, 2 გამმა-ინტერფერონი). მისი ნივთიერებათა ცვლაზე ძირითადი მოქმედება გამოიხატება ცილების კატაბოლიზმის პროცესის აქტივაციით, ღვიძლში გლუკონეოგენეზის გაძლიერებით და პერიფერიულ ქსოვილებში გლუკოზის უტილიზაციის შემცირებით.
დექსამეტაზონი თრგუნავს ვიტამინ D-ს აქტივობას, რაც იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას და მისი გამოყოფის გაზრდას. პრეპარატი აქვეითებს აკტჰ-ს სინთეზსა და სეკრეციას და მეორადადაც ენდოგენური კორტიკოსტეროიდების პროდუქციას. დექსამეტაზონის მოქმედების თავისებურება მდგომარეობს ჰიპოფიზის ფუნქციის მნიშვნელოვან ინჰიბირებაში და მინერალოკორტიკოიდული აქტივობის არარსებობაში.
ჩვენებები
შიგნით მისაღებად:
- ადისონ-ბირმერის დაავადება;
- მწვავე და ქვემწვავე თირეოდიტი, ჰიპოთირეოზი, პროგრესირებადი ოფთალმოპათია, დაკავშირებული თირეოტოქსიკოზთან;
- ბრონქული ასთმა;
- არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
- რევმატიდული ართრიტი გამწვავების ფაზაში, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები;
- აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიები, თრომბოციტოპენია, სისხლმბადი სისტემის აპლაზია და ჰიპოპლაზია, აგრანულოციტოზი, შრატისმიერი დაავადება;
- მწვავე ერითროდემია, პემფიგუსი, მწვავე ეგზემა (მკურნალობის დასაწყისში)
- ავთვისებიანი სიმსივნეები (პალიატიური თერაპიის სახით);
- თანდაყოლილი ადრენოგენიტალური სინდრომი;
- თავის ტვინის შეშუპება (ჩვეულებრივ გლუკოკორტიკოსტეროიდების პარენტერული გამოყენების შემდეგ).
პარენტერული შეყვანა:
- სხვადასხვა გენეზის შოკი, თავის ტვინის შეშუპება (თავის ტვინის სიმსივნის დროს, ქალა-ტვინის ტრავმისას, ნეიროქირურგიული ჩარევისას); ენცეფალიტის, მენინგიტის, სხივური დაზიანების დროს;
- ასთმური სტატუსი, მძიმე ალერგიული რეაქციები (კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, დერმატიტი, მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია პრეპარატზე, შრატის გადასხმა, პიროგენული რეაქციები);
- მწვავე ჰემოლიზური ანემიები, თრომბოციტოპენია, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, აგრანულოციტოზი;
- მძიმე ინფექციური დაავადებები (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);
- თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა;
- მწვავე კრუპი;
- სახსრების დაავადებები, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, სტილოიდიტი, ბურსიტი, ტედოვაგინიტი, კომპრესიული ნეიროპათია, ოსტეოქონდროზი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ართრიტები, ოსტეოართროზი);
- არაჩირქოვანი და ალერგიული კონიუქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი ეპითელიუმის დაზიანების გარეშე, ირიტი, ირიოდოციკლიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ეპისკლერიტი, სკლერიტი, ანთებითი პროცესი თვალის ტრავმის და ოპერაციული ჩარევის შემდეგ. სიმპათიკური ოფთალმია.
მწვავე პერიოდში სხვადასხვა დაავადებების და მკურნალობის დასაწყისში დექსამეტაზონს იყენებენ უფრო მაღალ დოზებში. სასურველი ეფექტის მიღწევისას დოზას ამცირებენ რამოდენიმე დღის ინტერვალში შემანარჩუნებელ დოზამდე ან პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტამდე. ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში მწვავე მდგომარეობის დროს აწვეთებენ კონიუქტივურ პარკში 1-2 წვეთს ყოველ 1-2 სთ-ში, შემდგომში ანთების შემცირებისას - ყოველ 4-6 სთ-ში.
მკურნალობა გრძელდება 1-2 დღიდან რამოდენიმე კვირამდე დაავადების კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით.
დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურია. პერორალურად მძიმე დაავადებისას მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 10-15 მგ დღეში, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 2-4,5 მგ და მეტს დღეღამეში. დღეღამის დოზას ყოფენ 2-3 მიღებაზე.
მცირე დოზებში მიღებისას დექსამეტაზონს უნიშნავენ ერთჯერადად დილას.
პარენტერული გამოყენებისას შეყავთ ვენაში ნელა ან წვეთოვანი სახით (მწვავე და გადაუდებელ შემთხვევაში), კუნთებში, შესაძლებელა პერიარტიკულარულად და სახსარშიდა შეყვანაც.
დღეღამის განმავლობაში შეიძლება 4-დან 20 მგ-მდე დექსამეტაზონის შეყვანა 3-4-ჯერ. პარენტერული გამოყენების ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 3-4 დღეს, შემდგომში გადადიან შემანარჩუნებელ მკურნალობაზე პერორალური ფორმით.
გვერდითი მოვლენები
ხანმოკლე მკურნალობისას: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი (განსაკუთრებით პრეპარატის დიდი დოზების შეყვანისას), არითმიები, გულის გაჩერება, აგრეთვე კუჭის სტეროიდული წყლულის განვითარება, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის და იმუნიტეტის დაქვეითება.
ხანგრძლივი თერაპიის დროს: იცენკო-კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია სტეროიდული დიაბეტის განვითარებამდე, ჰიპოპროტეინემია, ჰეპატომეგალია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, პანკრეატიტი, მიოკარდიუმის დისტროფია, გუნება-განწყობის შეცვლა, ფსიქოზები, ქალასშიდა წნევის მომატება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, სახის ერითემა, კანის გათხელება და მისი დაზიანებისადმი მიდრეკილება, პეტექიები, ეკქიმოზები, სტრიები, პანიკულიტი, ჭრილობის შეხორცების გახანგრძლივება, მომატებული ოფლიანობა, თვალშიდა წნევის მომატება, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, ეგზოფთალმი, თრომბის წარმოქმნის გაძლიერება, ინფექციების განვითარების გახშირება და მათი მიმდინარეობის დამძიმება, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესის დროს (ტრავმა, ქირურგიული ოპერაციები, თანმხლები დაავადებები).
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში დექსამეტაზონის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თვალშიდა წნევის მომატება. რქოვანას გათხელებისას არსებობს მისი პერფორაციის საფრთხე, ძალზე იშვიათად Herpes simplex-ის გავრცელება.
უკუჩვენებები
დექსამეტაზონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ვირუსული დაავადებები, სისტემური მიკოზები, ათაშანგი, სახსრებისა და სახსრების ახლომდებარე ქსოვილების ინფექციური დაზიანებები, III და IV ხარისხის სიმსუქნე (პრეპარატის შიგნით მიღებისას).
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში - თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დროს სპეციფიკური მკურნალობის გარეშე, რქოვანას დაავადებები შეუღლებული ეპითელიუმის დეფექტებთან, ტრაქომა, გლაუკომა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს დექსამეტაზონის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ნაყოფის ზრდის შეფერხება, ხოლო ორსულობის ბოლო სტადიაში - ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია.
ნაყოფის ზრდისა და ენდოგენური გლუკოკორტიკოსტეროიდების სეკრეციის პროცესზე პრეპარატის ზემოქმედების გამო საჭიროა ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები
დექსამეტაზონს სიფრთხილით იყენებენ:
♦ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დივერტიკულიტის, ახლო წარსულში ნაწლავის ანასტომოზის შექმნისას, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის, თირკმელების უკმარისობის დროს, სისტემური ოსტეოპოროზის, მიასთენიის, არტერიული ჰიპოტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ფსიქიური დაავადებების, ჰიპოალბუმინემიის დროს; ჰიპოთირეოზის, ღვიძლის ციროზის შემთხვევაში.
♦ საწყისი ემოციური არასტაბილობის ან ფსიქოზური ტენდენცებისას მათთვის დამახასიათებელი მოვლენები შეიძლება გაძლიერდეს.
♦ პრეპარატის დანიშვნისას რქოვანას ჰერპესით დაავადებულ პაციენტებში მხედველობაში უნდა მივიღოთ მისი პერფორაციის შესაძლებლობა, მკურნალობის პროცესში აუცილებელია თვალშიდა წნევის და რქოვანას კონტროლი.
♦ დექსამეტაზონის უეცარი მოხსნისას განსაკუთრებით მისი მაღალ დოზებში გამოყენების დროს ვითარდება ე.წ. მოხსნის სინდრომი, რომლის დამახასიათებელია ანორექსია, ღებინება, დათრგუნული მდგომარეობა, სკელეტური კუნთების გენერალიზებული ტკივილები, საერთო სისუსტე. პრეპარატის მოხსნიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის შედარებით უკმარისობას.
თუ ამ პერიოდში ვითარდება სტრესული სიტუაციები, დროებით უნიშნავენ (ჩვენების მიხედვით) გლუკოკორტიკოსტეროიდებს, აუცილებლობისას მინერალოკორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.
♦ ბავშვებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა გულდასმით დაკვირება მათ ზრდასა და განვითარებაზე. ბავშვებს, რომლებიც მკურნალობის პროცესში იმყოფებოდნენ კონტაქტში ქუნთრუშით ან წითელი ქარით დაავადებულებთან უნიშნავენ სპეციფიკურ იმუნოგლობულინებს.
♦ დექსამეტაზონით მკურნალობის შეწყვეტა ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დოზის თანდათანობით შემცირებით მის სრულ შეწყვეტამდე.
♦ კანის სინჯების წინ ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევის (სტომატოლოგიის ჩათვლით) დროს, ან გადაუდებული თერაპიის შემთხვევაში, აგრეთვე მძიმე ინფექციების ან ტრავმის დროს, აუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატის მიღების შესახებ.
♦ დექსამეტაზონით მკურნალობის დროს და მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ, პროფილაქტიკური აცრების ჩატარება ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნებადართული არ არის.
♦ ამავე დროს მკურნალობის პროცესში საჭიროა იმ ადამიანებთან კონტაქტისგან თავის შეკავება, რომლებიც იღებენ ორალურ პოლიომიელიტის ვაქცინას ან Variecella-თი ინფიცირებულ ადამიანებთან, რადგან ამ დროს იზრდება ინფიცირების რისკი.
♦ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობით, ეპილეფსიით, თრომბოემბოლიით, მძიმე ფსევდოპარალიზური მიასთენიით და გლაუკომით შეპყრობილ პაციენტებს.
ჭარბი დოზირება
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
ამ დროს ინიშნება სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზი არ წარმოადგენს ეფექტურ მეთოდს ორგანიზმიდან დექსამეტაზონის გამოდევნის პროცესის გასაძლიერებლად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- დექსამეტაზონის კომბინირებისას საგულე გლიკოზიდებთან შესაძლოა ამ უკანასკნელთა მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება ჰიპოკალეიმიის განვითარების გამო.
- დიურეზულ საშუალებებთან დექსამეტაზონის კომბინირების დროს ადგილი აქვს კალიუმის გაძლიერებულ გამოყოფას, ხოლო ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ვითარდება ჰიპერკალიემია;
- კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტებთან შესაძლებელია მათი ანტიკოაგულაციური ეფექტის შემცირება, ხოლო რიფამპიცინთან, ფენობარბიტალთან ან ფენიტოინთან - დექსამეტაზონის ეფექტის შემცირება.
- ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან ძლიერდება დექსამეტაზონის ეფექტი, ხოლო ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან - კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკი მატულობს;
- პრაზიქვანტელთან კომბინაციის დროს მცირდება დექსამეტაზონის კონცენტრაცია სისხლში.