დიაზეპექსი
(Diazepex)

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: დიაზეპამი
 
ქიმიური სახელწოდება: 7-ქლორ-2-3-დიჰიდრო-1-მეთილ-5-ფენილ-1H-1,4 ბენზოდიაზეპინი-2

სამკურნალწამლო ფორმა. ტაბლეტები.
თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირებით და ღარით.

შემადგენლობა. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დიაზეპამს.
დამხმარე ნივთიერებები: შემავსებლები: ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა. საპოხი ნივთიერებები: სილიციუმის ორჟანგი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ტრანკვილიზატორი. 
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაზეპექსი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ბენზოდიაზეპინურ ტრანკვილიზატორს. მას გააჩნია ანქსიოლიზური, ცენტრალური მიორელაქსაციური, კრუნჩხვისსაწინააღმდეგო, სედატიური და ზომიერი ძილისმომგვრელი მოქმედება. აძლიერებს ძილისმომგვრელი, ნარკოტიკული, ნეიროლეპტიკური, ანალგეზური საშუალებებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.

ფარმაკოდინამიკა
 პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია გამა-ამინო ერბოს მჟავასთან, რომელიც წარმოადგენს დამამუხრუჭებელ მედიატორს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ცნობილია, რომ გაებ-ერგული ნეირონები ამუხრუჭებენ სხვა ტიპის ნეირონების მოქმედებას. პრეპარატი აქვეითებს ფერმენტ გაებ-ტრანსამინაზას აქტივობას, რითაც ზრდის გაებ-ის შემცველობას თავის ტვინში. მეორე მხრივ, იზრდება რეცეპტორთა მგრძნობელობა გაებ-ის მიმართ. ყველაფერი ეს აძლიერებს გაებ-ერგული ნეირონების დამამუხრუჭებელ მოქმედებას სხვა ტიპის ნეირონებზე. ნორადრენერგული და დოფამინერგული ნეირონების დამუხრუჭებას უკავშირებენ დიაზეპექსისა და სხვა ბენზოდიაზეპინების სედატიურ და ძილიმომგვრელ ეფექტებს. კრუნჩხვისსაწინააღმდეგო და მიორელაქსაციური ზემოქმედება გაპირობებულია ქერქული ცენტრებისა და ზურგის ტვინის შესაბამისი ცენტრების დამუხრუჭებით. აგზნების პროცესების დამუხრუჭებას აღმავალ რეტიკულურ სისტემაში მივყავართ ანქსიოლიზური ეფექტის განვითარებამდე.

ფარმაკოკინეტიკა
 პერორალური მიღებისას შეიწოვება დაახლოებით პრეპარატის 75 %, პლაზმაში მაქსიმალური დონე მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. შეწოვილი პრეპარატის 98 % უკავშირდება პლაზმის ცილებს. ღვიძლში მეტაბოლიზდება დიაზეპექსის 98-99 %.
 ძირითადი მეტაბოლიტები არიან _ ნორდიაზეპამი (სისხლის პლაზმაში), ოქსაზეპამი (შარდში) და ტემაზეპამი. გლუკურონიდების სახით მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, 10 % _ ფეკალურ მასებთან, 0,5-2 % _ შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.
 მოზრდილების სისხლის პლაზმაში პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდია 1-3 დღე, ხანდაზმულ ასაკში _ 100 საათი, ახალშობილებში _ 31 საათი, ძუძუმწოვარ ჩვილებში _ 8 - 14 საათი.
 მწვავე ჰეპატიტის დროს მოზრდილებში ნახევარდაშლის დრო ხანგრძლივდება 2-4 დღე-ღამემდე, ხოლო ღვიძლის ციროზისას _ ორმაგდება.
 დიაზეპექსით მოწამლვის შემთხვევაში ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

ჩვენება
 დიაზეპექსს ნიშნავენ სხვადასხვა ნერვულ-ფსიქიური დაავადებებისას: ნევროზების, ფსიქოპათიების, ასევე ნევროზისმაგვარი და ფსიქოპათიისმაგვარი მდგომარეობებისას, შიზოფრენიის დროს, თავის ტვინის ორგანული დაზიანებებისას, მათ შორის, ცერებრო-ვასკულური დაავადებებისას, სომატური დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს ემოციური დაძაბვის, განგაშის, შიშის, მომატებული გაღიაზიანებადობის, სენესტო-იპოქონდრული, აკვიატებული და ფობიური მოშლილობების ნიშნები, ძილის დარღვევისას.
 ბავშვთა ფსიქო-ნევროლოგიურ პრაქტიკაში დიაზეპექსს უნიშნავენ ნევროზული და ნევროზისმაგვარი მდგომარეობის დროს, რომლებსაც თან ახლავს ზემოთ ჩამოთვილი მოვლენები, ასევე თავის ტკივილი, ენურეზი, ხასიათისა და ქცევის მოშლილობანი.
 დიაზეპექსი გამოიყენება ეპილეფსიისას კრუნჩხვითი პაროქსიზმების, ფსიქიური ექვივალენტების სამკურნალოდ. მიორელაქსაციურ მოქმედებასთან დაკავშირებით პრეპარატს იყენებენ ასევე სხვადასხვა სპაზმური მდგომარეობების დროს.
 სხვა პრეპარატებთან კომპლექსში დიაზეპექსს ნიშნავენ აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ ალკოჰოლიზმის დროს.
 დიაზეპექსი გამოიყენება პრემედიკაციისა და ატარალგეზიისათვის ანალგეზიურ და სხვა ნეიროტროპულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
 დერმატოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება ქავილით მიმდინარე დერმატოზებისას.
 პრეპარატი ამცირებს კუჭის წვენის ღამეულ სეკრეციას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მის დანიშვნაში დამაწყნარებელ და ძილისმომგვრელ საშუალებად კუჭის წყლულოვანი დაავადებით ავადმყოფებისათვის; გააჩნია აგრეთვე ანტიარითმიული მოქმედება.
 პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ მკაცრად ექიმის დანიშნულებისამებრ გართულებების თავიდან ასაცილებლად.

უკუჩვენებები
 ბენზოდიაზეპინების წარმოებულების ინდივიდუალური აუტანლობა; ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციების გამოხატული დარღვევა; ორსულობა (I ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი; მძიმე მიასთენია.
 დიაზეპექსი არ უნდა გამოვიყენოთ ამბულატორიულად იმ პირებში, რომლებიც მუშაობენ სიმაღლეზე, ტრანსპორტის მძღოლებსა და სხვა პირებში, რომელთა პროფესია მოითხოვს სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს.
 პრეპარატით მკურნალობის პროცესში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება. სისტემატური გამოყენების შემდეგ დიაზეპექსის უეცარი მოხსნისას შესაძლებელია განვითარდეს შფოთვა, აგზნება, ტრემორი, კრუნჩხვები, ძილის დარღვევა. ამიტომაც თერაპიის მოხსნისას დოზა თანდათანობით უნდა შევამციროთ.

მიღების წესი და დოზირება
 დიაზეპექსს იყენებენ შიგნით მისაღებად. დოზები შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეული ავადმყოფისათვის.
 რეკომენდირებულია პრეპარატის დანიშვნა მოზრდილებისათვის 0,0025 - 0,005 გრამიდან დაწყებული (2,5-5 მგ-დან) 1-2 -ჯერ დღეში, და შემდეგ მისი დოზის თანდათანობითი გაზრდა. ცალკეულ შემთხვევებში (მომატებული აგზნებადობის, შიშის, განგაშის დროს) ერთჯერადი დოზა შეიძლება გავზარდოთ 0,02 გრამამდე (20 მგ-მდე). სტაციოინარში მკურნალობისას და საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვებისას სადღეღამისო დოზამ შეიძლება მიაღწიოს 0,045 გრამს (45 მგ-ს). ამბულატორიული მკურნალობისას არ არის რეკომენდირებული 0,025 გრამზე (25 მგ-ზე) მეტი დოზის დანიშვნა.
 მაქსიმალური დღიური დოზა არის 0,06 გ (60 მგ). სადღეღამისო სამკურნალო დოზას აძლევენ 2-3 მიღებაზე.
 დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებს ურჩევენ, რომ პრეპარატი მიიღონ შემცირებული დოზით (0,0025 გ = 1/2 ტაბლეტი 1-2 -ჯერ დღეში).
 ძილის დარღვევებისას მოზრდილებს უნიშნავენ 1-2 ტაბლეტს ძილის წინ.
 7 წლის შემდეგ და უფროსი ასაკის ბავშვებს უნიშნავენ 0,003 - 0,005 გ (3-5 მგ) 1/2-1 ტაბლეტის სახით.
 სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,008 - 0,01 გრამს (8 - 10 მგ).
 უფროსი ასაკის ბავშვებს აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გავუზარდოთ სადღეღამისო დოზა 0,014 _ 0,016 გრამამდე (14-16 მგ).
 დიაზეპექსის მოხსნა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირების გზით. პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შასაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ დამოკიდულების განვითარება, ამიტომ მკურნალიბის უწყვეტი კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარების წინ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა.

სიფრთხილე
 პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ასევე გლაუკომიან პაციენტებში.
 ხანდაზმულ პაციენტებში, ბავშვებში, ასევე ტვინის ორგანული დაზიანების მქონე პაციენტებში ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დიაზეპექსის დამთრგუნველი გავლენა უფრო ძლიერადაა გამოხატული.
 განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დავიცვათ მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტებში.
 თითო ტაბლეტი შეიცავს 14 მგ ლაქტოზას.

ურთიერთქმდება სხვა პრეპარატებთან
 დიაზეპექსის  სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შეიმჩნევა შემდეგი სახის ურთიერთქმედება: მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, სტრიქნინი და კორაზოლი წარმოადგენენ დიაზეპექსის ანტაგონისტებს; ნივთიერებები, რომელებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ალკოჰოლი, საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და სხვა), მკვეთრად აძლიერებენ დიაზეპექსის მოქმედებას; ანტაციდურმა საშუალებებმა შეიძლება დააყოვნონ, მაგრამ არ დააქვეითონ დიაზეპექსის შეწოვა; დიაზეპექსის გამოყენება პრემედიკაციისას შესაძლოა შეამციროს ფენტანილის დოზა, და შეამციროს ცნობიერების გამოთიშვის ლატენტური პერიოდი; იზონიაზიდმა შეიძლება შეაყოვნოს დიაზეპექსის გამოყოფა, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის გაზრდას; რიფამპიცინმა შეიძლება გააძლიეროს დიაზეპექსის გამოყოფა და გამოიწვიოს პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატება.

გვერდითი მოვლენები
 ძილიანობა (ჩვეულებრივ, პირველ დღეებში, ძლიერი), მსუბუქი თავბრუსხვევები, იშვიათად კოორდინაციის მოშლა. ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება; ნერვ-კუნთოვანი რეაქციის შენელება. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ატაქსია, კანის ქავილი, ღებინება, ყაბზობა. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს წამლისმიერი დამოკიდებულება, მეხსიერების, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება. 
 ცალკეულ შემთხვევებში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს აგზნება.
 ჰიპოთრომბინემია. ხანდაზმულ და საბავშვო ასაკის პაციენტებში აღინიშნება სედატიური გვერდითი მოქმედების სიხშირის მომატება.

ჭარბი დოზირება
 დიაზეპექსის ჭარბი დოზირებას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: მეხსიერების ხანგრძლივი გაფანტვა; რეფლექსების დაქვეითება; გამოხატული ძილიანობა; ტრემორი; ბრადიკარდია, ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა; მეტყველების დარღვევა; წონასწორობის დარღვევა; გამოხატული სისუსტე.
 მკურნალობა მოიცავს დამხმარე თერაპიას, კერძოდ: თუ ავადმყოფი გონზეა, უნდა გამოვიწვიოთ ღებინება და დავუნიშნოთ აქტივირებული ნახშირი; თუ ავადმყოფი უგონოდაა, აუცილებელია კუჭის გამორეცხვა ზონდის საშუალებით; სუნთქვის დათრგუნვისას უნდა დავუნიშნოთ ჟანგბადი; დიურეზის მომატებისათვის შეიძლება საინფუზიო ხსნარების შეყვანა და ეფექტური დიურეზული საშუალებების დანიშვნა (ფორსირებული დიურეზი); აუცილებლობის შემთხვევაში არტერიული ჰიპოტენზიის დროს რეკომენდირებულია დოფამინისა და ნორადრენალინის ინტრავენული შეყვანა; აგზნების არსებობისას ბარბიტურატების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც მათ შეიძლება გააძლიერონ აგზნება და/ან გაზარდონ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის ხანგრძლივობა; ზედმეტი დოზირების მკურნალობაში დიალიზს შეზღუდული მნიშვნელობა გააჩნია.
 სტაციონარულ პირობებში ასევე გამოიყენება ფლუმაზენილის _ ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების ანტაგონისტის შეყვანა.

გამოშვების ფორმა 
10 ტაბლეტი ფირფიტაზე. 2 ფირფიტა მუყაოს კოლოფში.
250 აბი პლასტმასის ფლაკონში.

შენახვის პირობები
არაუმეტეს 25ºC  ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ
გაცემის ფორმა
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი
ს.ს. Gრინდეკს (გრინდექსი), ლატვია, რიგა, LV-1057, კრუსტპილსის ქ. # 53.
ტელეფონი: + 371 7083205
ფაქსი: + 371 7083505 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია