საერთაშორისო დასახელება:
XYLOMETAZOLINE
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალფა-ადრენომიმეტური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში საწვეთურით 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .......... 0.5 მგ
ცხვირის წვეთები 0.1%: ფლაკონში საწვეთურით 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ............. 1 მგ
ცხვირის აეროზოლი 0.05%: ფლაკონში დოზატორით 15 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ............. 0.5 მგ
ცხვირის აეროზოლი 0.1%: ფლაკონში დოზატორით 15 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ............. 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქსილომეტაზოლინი ადგილობრივი გამოყენების, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებაა, რომელსაც ალფა-ადრენომიმეტური მოქმედება ახასიათებს. იგი იმიდაზოლინის წარმოებულია.
პრეპარატი იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, ხსნის ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს ექსუდაციას, რინიტების დროს აადვილებს ცხვირით სუნთქვას, აღადგენს დანამატი წიაღებისა და ევსტაქის მილის გამტარობას. ქსილომეტაზოლინი თერაპიული კონცენტრაციით არ იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და არ არღვევს წამწამოვანი ეპითელუმის ფუნქციას.
პრეპარატის ხანგრძლივმა (2 კვირაზე მეტი ხნით) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების მეორეული გაფართოება (მედიკამენტური რინიტი), რისი მიზეზიც შეიძლება იყოს პრესინაფსური α2-ადრენორეცეპტორების აგზნების გზით ნერვულ დაბოლოებებში ნორადრენალინის გამოთავისუფლების შეკავება.
პრეპარატის მოქმედება იწყება გამოყენებიდან რამდენიმი წუთში და 10-12 სთ-ის განმავლობაში გრძელდება.
ფარმაკოკინეტიკა:
ქსილომეტაზოლინი ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება და არ ახდენს სისტემურ მოქმედებას.
ჩვენებები:
- ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტი;
- მწვავე ალერგიული რინიტი;
- პოლინოზი;
- მწვავე სინუსიტი ან ქრონიკული სინუსიტის გამწვავება;
- ევსტაქიიტი;
- შუა ყურის ანთება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად და ევსტაქის მილის გამტარობის აღსადგენად);
- რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.
მიღების წესები და დოზირება:
ცხვირის წვეთები:
0.05% ცხვირის წვეთები 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში. გამოიყენება არაუმეტეს 3-ჯერ დღეში.
0.05% ცხვირის წვეთები 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში. გამოიყენება არაუმეტეს 3-ჯერ დღეში. დიდროფის 0.05% ცხვირის წვეთების 1 წვეთი შეიცავს 0.025 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
0.1% ცხვირის წვეთები მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში. გამოიყენება არა უმეტეს 3-ჯერ დღეში. დიდროფის 0.1% ცხვირის წვეთების 1 წვეთი შეიცავს 0.05 მგ ქსილომეტაზოლინს.
ცხვირის აეროზოლი:
0.05% ცხვირის აეროზოლი 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: აეროზოლის 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 1-3-ჯერ დღეში. დიდროფის 0.05% ცხვირის აეროზოლის 1 გამოსხურება შეიცავს 35 მკგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
0.1% ცხვირის აეროზოლი მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის: აეროზოლის 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში. გამოიყენება არა უმეტეს 3-ჯერ დღეში. დიდროფის 0.1% ცხვირის აეროზოლის 1 გამოსხურება შეიცავს 140 მკგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
პრეპარატი გამოიყენება არა უმეტეს 7 დღისა.
გვერდითი მოვლენები:
დიდროფის ხშირი ან/და ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან/და სიმშრალე, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, ცემინება, ჰიპერსეკრეცია;
იშვიათად - ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, არითმია, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ღებინება, სისუსტე, მხედველობის გარდამავალი დარღვევა;
მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - დეპრესია.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
*ატროფიული რინიტი;
*ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია (ანამნეზში), ქირურგიული ჩარევა ტვინის გარსებზე (ანამნეზში);
*არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია;
*თვალის შიდა წნევის მომატება, დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
*ჰიპერთირეოზი.
ორსულობა და ლაქტაცია:
დიდროფის ორსულობის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
მონაცემები ქსილომეტაზოლინის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ რის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
დიდროფი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის, ფეოქრომიციტომის, წინამდებარი ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ხანგრძლივი (2 კვირაზე მეტი ხინთ) გამოყენება რეკომენდებული არ არის. დიდროფის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების შესუსტება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია, რეაქტიული ჰიპერემია მედიკამენტური (იატროგენული) რინიტით, ასევე ლორწოვანი ეპითელიუმის დაზიანება და მისი აქტივობის ინჰიბირება.
ფლაკონი განკუთვნილია ინდივიდუალური გამოყენებისათვის; დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად. პირველად გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის პიპეტის გახვრეტა. ამისათვის ფლაკონს თავსახური მჭიდროდ მოუჭირეთ, რის შედეგადაც თავსახურის შიგნითა ზედაპირზე მოთავსებული ნემსი ხვრეტს პიპეტს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ქსილომეტაზოლინის ჭარბი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას არ გამოირიცხება მისი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ცნს-ზე. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარის დაქვეითება.
ჭარბი დოზირება:
დიდროფის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას ან შემთხვევით პერორალურად მიღებისას, განსაკუთრებით ბავშვების მიერ, მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დიდროფი არ გამოიყენება ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით და მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება.
დიდროფი არ გამოიყენება ასევე მაოს-ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
პრეპარატის გაყინვა დაუშვებელია. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოყენებისათვის ვარგისია 30 დღის განმავლობაში.