დიფთერია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც დიფთერიის ტოქსინი იწვევს. ტოქსინებს Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები გამოიმუშავებს. დიფთერიის გამოწვევა არატოქსიგენურ გამომწვევებსაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში დაავადების კლინიკური მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. ინფექციის წყაროა ადამიანი, რომელიც გადამდებია დაავადების პირველივე დღიდან ავადმყოფობის დასასრულამდე, ზოგჯერ - მის შემდეგაც. დიფტერიის ბაქტერიები ცხვირ-ხახის ლორწოვანზე ბინადრობენ და ხველის, ცემინების, კოცნის დროს ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდებიან. ბაქტერია გარემოში დიდხანს ძლებს, ამიტომ ავადმყოფის სათამაშოებმა, ჭურჭელმა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებმა შესაძლოა ჯანმრთელი ბავშვი დაასნებოვნოს.
დაავადება ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში. დიფთერიით უმეტესად ის ბავშვები და მოზარდები ხდებიან ავად, რომელთაც სწორად არ ჩაუტარდათ ან საერთოდ არ ჩასტარებიათ დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა. აუცრელი ადამიანის ორგანიზმში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად ვითარდება ძლიერი ინტოქსიკაცია, ყელისა და სასუნთქი გზების ანთება და ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის ხორხის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, გულის, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. წინათ დიფთერია ხშირად იწვევდა სიკვდილს. რამდენიმე ათეული წელია, გეგმური აცრების შედეგად ავადობა და სიკვდილიანობა, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა, თუმცა გვხვდება ერთეული, ზოგჯერ - დაგვიანებით ნამკურნალევი და მძიმედ მიმდინარე შემთხვევები.
სიმპტომები და მიმდინარეობა. დიფთერიის ფარული პერიოდი 2-დან 10 დღემდე გრძელდება. განასხვავებენ მის შემდეგ ფორმებს:
- ხახის დიფთერიას;
- სასუნთქი გზების დიფთერიას;
- ცხვირის დიფთერიას;
- იშვიათი ლოკალიზაციის (კანის, გარეთა სასქესო ორგანოების) დიფთერიას.
ყველაზე ხშირია დიფთერიის ხახის ფორმა. თავდაპირველად ის ზოგადი სიმპტომებით: საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, მუცლის ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით, უმადობით, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით ვლინდება. ინფიცირებული ბავშვი ფითრდება, ხახა, ნუშურა ჯირკვლები და სასა შეწითლებული აქვს, დიდი ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლები - გადიდებული, გულისცემა - გახშირებული. გადიდებულ ნუშურა ჯირკვლებზე ჩნდება დამახასიათებელი აპკოვანი ნადები, რომელსაც აქვს ჭუჭყიანი რუხი ფერი, მკვრივი კონსისტენცია და იმდენად მჭიდროდ არის შეზრდილი ქვეშ მდებარე ქსოვილთან, რომ მოცილებისას სისხლდენაც კი იწყება. დაავადების ხანგრძლივობის კვალობაზე, აპკოვანი ნადები სხვადასხვა ფართობს იკავებს, ხოლო ფერი მოყვითალო-მორუხოდან კრემისფრამდე იცვლება. ავადმყოფი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, შესაძლოა, აღებინოს კიდეც, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ასაკის ბავშვებს ეს სიმპტომები დაავადების სრულ განვითარებამდე არც კი უვლინდებათ.
თუ ხახის დიფტერია დროულად არ იქნა ამოცნობილი, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები 6-7 დღე გრძელდება, მეორე კვირიდან კი თითქოსდა გამოჯანმრთელება იწყება: ტემპერატურა ნორმას უბრუნდება, ნადები შორდება ლორწოვანს (ავადმყოფი ამ ნადებს ან გადმოაფურთხებს, ან ყლაპავს), მაგრამ სიფითრე და აჩქარებული პულსი რჩება. თითქოსდა განკურნებულ ავადმყოფს შესაძლოა აღმოაჩნდეს უმძიმესი გართულებები მიოკარდიტისა და დამბლის სახით.
ცხვირის დიფთერია გაცილებით იშვიათია და მცირე ასაკის ბავშვებშიც გვხვდება. ამ დროს ცხვირიდან მოედინება ლორწოვან-ჩირქოვანი, სისხლიანი სითხე, ცხვირით სუნთქვა ჭირს, ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია.
ხორხის დიფთერია (კრუპი) იწყება ტემპერატურის მატებით, ხმის ჩახლეჩით, უხეში მყეფავი ხველით. ბავშვი ხმას მალე კარგავს. ვითარდება დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ინტოქსიკაცია. ხორხისა და საყლაპავის შეშუპება იწვევს სუნთქვის გაძნელებას. აპკმა შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად გადაფაროს სასუნთქი გზა. კისრის ლიმფური კვანძები დიდდება. მძიმე შემთხვევაში ეგზოტოქსინი აღწევს კისრის ქსოვილებში და იწვევს მათ შეშუპებას (ე.წ ხარის კისერს). თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა და სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, ნადებისა და ძლიერი შეშუპების გამო სუნთქვის უკმარისობა გაძლიერდება, ბავშვი თანდათან დასუსტდება, გალურჯდება და შესაძლოა, დაიხრჩოს.
გართულებები. თუ ანტიტოქსინის შეყვანა დაგვიანდა, მოსალოდნელია შემდეგი გართულებების განვითარება:
- ბაქტერიის ტოქსიკური მოქმედების შედეგად მინიმუმ - 3-14 დღეში, მაქსიმუმ - 4-7 კვირაში შესაძლოა განვითარდეს გულის კუნთის მძიმე დაზიანება (ტოქსიკური მიოკარდიტი), რომელიც ხშირად ლეტალურად სრულდება. ამ გართულების ალბათობა 50%-ს შეადგენს.
- მოსალოდნელია გულის უკმარისობა და უეცარი სიკვდილი.
- ავადმყოფების 20-30%-ს კარდიოგრამაზე აღენიშნება უმნიშვნელო ცვლილებები, გულის სრული ბლოკადა, პარკუჭოვანი არითმია, რომლის დროსაც ხშირია ლეტალური დასასრული.
- მონო- ან პოლინევრიტი: რბილი სასის პარეზი (ხმის ჩახლეჩა, სასის ლაგამის ასიმეტრიული განლაგება, სასის რეფლექსის უქონლობა), თვალის მამოძრავებელი კუნთის პარეზი (მხედველობის აკომოდაციის დარღვევა, რომლის შედეგადაც შეუძლებელი ხდება წვრილი ნაბეჭდი შრიფტის წაკითხვა). გართულება 14-24 დღეში იჩენს თავს. მისი განვითარების ალბათობა 20%-ს შეადგენს. მეოთხე-მეხუთე კვირას მოსალოდნელია ტანის, კიდურებისა და სასუნთქი კუნთების გენერალიზებული დამბლა.
- ტოქსიკური ნეფროზი - 5-8 დღე.
- ტოქსიკური შოკი - პირველი 3-4 დღე.
- პნევმონია - 2-4 კვირა.
- ასფიქსია (სასუნთქი გზების დიფტერიის დროს) - 3-5 დღე.
ამჟამად დიფთერიის ლეტალური დასასრულის ალბათობა 10%-ს შეადგენს. უმეტესად იღუპებიან 5 წლამდე ასაკისა და 40 წელს გადაცილებული პაციენტები.
სპონტანური გამოჯანმრთელება მიმდინარეობს ნელა, კვირების განმავლობაში. დაავადების გვიანდელ ეტაპზე ანტიტოქსინის ან კორტიკოსტეროიდების დანიშვნა მიოკარდიტსა და დამბლას ვერ ამსუბუქებს.
მკურნალობა. დიფთერიის ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში. დიფტერიის საწინააღმდეგო შრატით დროული მკურნალობა მოკლე ხანში გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს. კრუპის შემთხვევაში საჭიროა ხორხში სპეციალური მილის ჩადგმა (ინტუბაცია) ან სხეულის გარედან გაკვეთა (ტრაქეოტომია).
პროფილაქტიკა. დიფთერიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა აცრაა. დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს ანტიტოქსიკური ანტისხეულების წარმოქმნას, რაც დიფთერიის კლინიკურ გამოვლენას შეუძლებელს ხდის. ეფექტი 95-100%-ში მიიღწევა. დაავადების შემთხვევაში დითტერია მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინის მოქმედების პერიოდი 10 წელია.