ელქტროტრავმა დაზიანებაა, რომელსაც ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედება იწვევს და ხშირად სიკვდილით სრულდება. ელექტროტრავმა შეიძლება მოჰყვეს დენის წყაროსთან სხეულის უშუალო ან რკალურ კონტაქტს (ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი მეტისმეტად ახლოს არის დენის წყაროსთან, მაგრამ არ ეხება მას).
ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედების ხარისხი მრავალი ფაქტორით განისაზღვრება. მათ შორის აღსანიშნავია დენის ფიზიკური პარამეტრები, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, გარემოს თავისებურებანი. დადგენილია, რომ 450-500 ვოლტი ძაბვის შემთხვევაში საშიშია ცვლადი დენი, უფრო მაღალი ძაბვისას კი - მუდმივი.
დენის გამღიზიანებელ ზემოქმედებას ადამიანი 1 მა-დან გრძნობს. 15 მა ძალის დენის ზემოქმედების შედეგად ვითარდება კუნთების ძლიერი სპაზმი (შეკუმშვა), რის გამოც ადამიანი დენის წყაროს ეწებება, ამიტომ პირველი დახმარების აღმოჩენამდე დენის წყარო უნდა გამოირთოს, ოღონდ ისე, რომ საფრთხე თვითონ დამხმარეს არ დაემუქროს. მიწებების ეფექტი გაცილებით ნაკლები ძალის დენმაც შეიძლება გამოიწვიოს. ელექტროტრავმა სასიკვდილოა 100 მა-ზე მეტი ძალის დენის შემთხვევაში.
ორგანიზმში ელექტრული დენის გავლისას:
- ეშვება გულის ქსოვილი, რაც გულის რიტმის დარღვევას და გულის გაჩერებას იწვევს;
- ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც შესაძლოა სუნთქვის შეწყვეტის მიზეზად იქცეს;
- ელექტრული დენის ორგანიზმში შესვლისა და გამოსვლის ადგილას ვითარდება დამწვრობა.
განასხვავებენ ელექტროტრავმის სამ სახეს:
- მაღალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
- დაბალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
- მეხით გამოწვეულს.
მაღალი ძაბვით გამოწვეული ელექტროტრავმა უმეტესად სასიკვდილოა. ამ დროს სხეულზე მოქმედებს 2000-40000С ტემპერატურა, რომელიც ძლიერ დამწვრობას იწვევს. კუნთების ძლიერი შეკუმშვა დაშავებულის დიდ მანძილზე გადასროლისა და მოტეხილობების მიზეზად იქცევა.
მაღალი ძაბვის დენით მიღებული ელექტროტრავმის დროს:
- 4 დაუყოვნებლივ ვიძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას;
- 4 იკრძალება დაშავებულთან 18 მეტრზე ახლოს მისვლა, ვიდრე არ გამოირთვება დენი და არ მოხდება იზოლაცია.
მაღალი ძაბვით მიღებული ელექტროტრავმის შედეგად ადამიანი, როგორც წესი, გონს კარგავს, ამიტომ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, პირველ ყოვლისა, მისთვის სასუნთქი გზების გახსნაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ თავის უკან გადაწევა კატეგორიულად იკრძალება, დასაშვებია მხოლოდ ქვედა ყბის წინ წამოწევა. უნდა შემოწმდეს სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს რეანიმაციული ღონისძიებები (ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი). თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქავს, ის გადაყვანილ უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილას.
დამწვრობისა და მოტეხილობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სათანადო პირველი დახმარება.
დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული ელექტროტრავმა შესაძლოა სხეულის მძიმე დაზიანების და სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. ამ ტიპის ტრავმას ხშირად იწვევს დაზიანებული ჩამრთველი, ელექტროგაყვანილობა და მოწყობილობა. სველ იატაკზე დგომისას ან სველი ხელებით ელექტროგაყვანილობასთან შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი იმატებს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს დენი უმეტესად ხელის არეში შედის და ტერფიდან გამოდის. ამ დროს ზიანდება შინაგანი ორგანოები, ამიტომ აუცილებლად უნდა გაირკვეს, როგორი იყო სხეულში ელექტროდენის მიმართულება - ეს ექიმს საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ ორგანოს დაზიანება ივარაუდოს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს:
- არ შეიძლება დაშავებულთან შეხება, ვიდრე არ შეწყდება დენის წყაროსთან კონტაქტი - შესაძლოა, ელექტროტრავმა დამხმარემაც მიიღოს. დენის წყაროს მოსაშორებლად არ შეიძლება ლითონის საგნის გამოყენება. თუ შესაძლებელია, დენის მიწოდების შესაწყვეტად უნდა გამოირთოს ჩამრთველი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დამხმარე უნდა დადგეს მშრალ მაიზოლირებელ საგანზე (ფიცარზე, რეზინის ან პლასტმასის საფენზე, წიგნის ან გაზეთების დასტაზე) და დაშავებულს დენის წყარო ცოცხის, ხის ჯოხის, სკამის საშუალებით მოაშოროს. შეიძლება თავად დაშავებულის გადაადგილებაც: ტერფებზე ან მხრებზე ისე უნდა შემოვახვიოთ ბაწარი, რომ სხეულზე არ შევეხოთ, უკიდურეს შემთხვევაში, მოვკიდოთ ხელი მშრალ ტანსაცმელზე (თუ ტანზე მჭიდროდ არ აქვს მიკრული) და ასე გავათრიოთ.
- თუ დაშავებული უგონოდ არის, უნდა გავუხსნათ სასუნთქი გზები, შევუმოწმოთ სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ სარეანიმაციო ღონისძიებები.
- თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქვა და პულსი აღენიშნება, უნდა მოთავსდეს უსაფრთხო ადგილას, დამწვარი ადგილები გაგრილდეს და დაედოს სუფთა ნახვევი.
- დროულად უნდა იქნეს გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
თუ დაშავებულს ელექტროტრავმის შემდეგ არ აღენიშნება ხილული დაზიანებები და თავს კარგად გრძნობს, უმჯობესია, კარგად დაისვენოს.
მეხით გამოწვეული ელექტროტრავმის დროს ხშირია დამწვრობა, სახისა და თვალების დაზიანება. მეხმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილიც. დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას და პირველი დახმარება ჩაუტარდეს ისე, როგორც სხვა სახის ელექტროტრავმის შემთხვევაში.