ემკორ – H 2.5
(BISOPROLOL, HYDROCHLOROTHIAZIDE)

გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა
ემკორ-H 2.5-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – ბისოპროლოლის ფუმარატის 2.5 მგ-ს და ჰიდროქლორთიაზიდის 6.25 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ემკორ-H 2.5 წარმოადგენს ბისოპროლოლისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს.
ბისოპროლოლი - სელექციური ბეტა1-ადრენობლოკატორი შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობისა და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტის გარეშე. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა (მოსვენებისა და დატვირთვის დროს) და გულის წუთმოცულობას, დარტყმითი მოცულობის შემცირების გარეშე. თრგუნავს ატრიო-ვენტრიკულურ გამტარობას, ამცირებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და თირკმლების მიერ რენინის სეკრეციას. ახასიათებს ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური მოქმედება.
ჰიდროქლორთიაზიდი – თიაზიდური დიურეტიკი. ნეფრონის დისტალურ მილაკებში არღვევს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის რეაბსორბციას, აძლიერებს კალიუმისა და მაგნიუმის იონების, ბიკარბონატების გამოდევნას, ხელს უწყობს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას. დიურეზული ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 4 საათში და მოქმედება 12 საათამდე გრძელდება. ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით, სისხლძარღვის კედლის მგრძნობელობის შეცვლით, სისხლძარღვებზე შემავიწროებელი მოქმედების საშუალებების პრესორული თვისებების შემცირებით და განგლიებზე დეპრესორული მოქმედების გაძლიერებით.
შიგნით მიღების შემდეგ ბისოპროლოლი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე და შეადგენს 90%-ს. Cmax მიიღწევა 1-3 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 30%. ღვიძლში “პირველადი გავლის” ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული. T1/2 შეადგენს 10-12 საათს.
შიგნით მიღების შემდეგ ჰიდროქლორთიაზიდის 60-80% აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 1.5-3 საათში. ჰიდროქლორთიაზიდი მეტაბოლიზდება მცირე რაოდენობით. პლაზმიდან ჰიდროქლორთიაზიდის გამოყოფა ორ ფაზიანია: საწყის ფაზაში T1/2 შეადგენს 2 სთ-ს, ტერმინალურ ფაზაში (მიღებიდან 10-12 საათის შემდეგ) – დაახლოებით 10 სთ-ს. მიღებული დოზის 50-75% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით.
ჩვენება
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
- გულის ქრონიკული უკმარისობა.
უკუჩვენება
კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ.ვწყ.სვ); ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ანურია, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორების (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისა (ასევე, სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი) და ჰიდროქლორთიაზიდისადმი მაღალი მგრძნობელობა. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 100 მმ.ვწყ.სვ) დროს.
უსაფრთხოების ზომები
ბისოპროლოლი სიფრთხილით ინიშნება ფსორიაზით დაავადებულებში, ან ოჯახურ ანამნეზში ფსორიაზის არსებობის დროს, შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის ფაზაში, ალერგიული რეაქციებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში. ფეოქრომოციტომით დაავადებულებში ბისოპროლოლი მხოლოდ ალფა-ადრებლოკატორების მიღების შემდეგ გამოიყენება.
ქირურგიული ჩარევების დროს საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება ბისოპროლოლით მკურნალობის თაობაზე.
პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.
პრეპარატი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას.
ბისოპროლოლმა რეზერპინთან, ალფა-მეთილდოფასთან, კლონიდინთან, სათითურას პრეპარატებთან ან გუანფაცინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლოა გამოხატული ბრადიკარდია გამოიწვიოს. ბისოპროლოლის მიღების ფონზე არ ინიშნება ვენაში საინიექციო კალციუმის არხის ბლოკატორები და ანტიარითმული საშუალებები. ერგოტამინის წარმოებულების ერთდროულად მიღებამ შესაძლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების გაძლიერება გამოიწვიოს.
გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალიემიის, ასევე ორთოსტატიური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ზოგიერთ შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შესაძლოა ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული, ჰიპოტენზიური და ნატრიუმის იონების გამოდევნის ეფექტების შემცირება გამოიწვიოს.
ჰიდროქლორთიაზიდი ლითიუმის კლირენსის შემცირებასა და ლითიუმით მოწამვლის რისკის გაზრდას იწვევს. ამიტომ აღნიშნული საშუალებების ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რაც ბრადიკარდიით, არტერიული ჰიპოტენზიით ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით ვლინდება, პრეპარატით მკურნალობა წყდება. ამ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, გულის იშემიური დაავადებით და გულის ქრონიკული უკმარისობით (სტაბილიზაციის ფაზაში - უკანასკნელი 6 კვირის მანძილზე გამწვავების გარეშე) ინიშნება დღიური დოზა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე დასაშვებია ექიმმა შეცვალოს დოზირების რეჟიმი ტიტრაციის მეთოდის გათვალისწინებით.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციების დარღვევით, ასევე ხანდაზმული პაციენტებში დოზის კორექცია ხდება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.
რეკომენდებულია ემკორ-H 2.5 დაინიშნოს დილით უზმოზე ან საუზმის დროს, გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად.
ემკორ-H 2.5-ით მკურნალობის უცბად შეწყვეტა არ შეიძლება, მკურნალობის კურსი წყდება დოზის თანდათანობით შემცირების გზით. მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი განსაზღვრავს.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები სუსტად ან ზომიერად ვლინდება და ძირითადად გარდამავალი ხასიათისაა.
თერაპიული კურსის დასაწყისში შესაძლოა დროებით გამოიხატოს დარღვევები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ფსიქიკური დარღვევები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ატრიო-ვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, კიდურებში სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები, რეინოს სინდრომის დროს გარდამავალი კოჭლობისა და ძირითადი კლინიკური სიმპტომების გაღრმავება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში;
ჰიდროქლორთიაზიდის მცირე დოზით შემცველობის გამო გვერდითი მოვლენები წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლერემიული ალკალოზი, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალციემია) ძალზე იშვიათად ვითარდება.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა;
მხედველობის ორგანოების მხრივ: ცრემლის გამომუშავების შემცირება, კონიუნქტივიტი;
ერთეულ შემთხვევაში: კანის სიწითლე და ქავილი, ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება, ალერგიული რეაქციები; ფსორიაზის გამოვლინებების გაძლიერება, ფსორიაზის მსგავსი გამონაყრის არსებობა.
წინასწარგანწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გაჩენა.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 2.5 მგ ბისოპროლოლი/6.25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, შეფუთვაში 30 ტაბლეტი.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია