ეპიდერმოფიტია კანის სოკოვანი დაავადებაა, რომელსაც ეპიდერმოფიტების გვარის სოკო იწვევს. არსებობს ნაოჭების (საზარდულის) და ტერფების ეპიდერმოფიტია.
საზარდულის ეპიდერმოფიტია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც უმეტესად მამაკაცებში აღინიშნება. მისი გამომწვევი სოკო Epidermophyton floccosum აღწევს კანის ეპიდერმული ნაწილის რქოვანა შრეში და კანის ანთებით რეაქციას იწვევს. სოკო გადაედება დაავადებულის კანთან შეხებისას, მისი პირადი ნივთებით (თეთრეულით, დასაბანი ღრუბლით...) სარგებლობისას, თუმცა კონტაქტის შემდეგ ყველა არ ავადდება. დაავადების განვითარებისთვის საჭიროა ხელშემწყობი ფაქტორები - მაღალი ტემპერატურა, გარემოს მომატებული ტენიანობა და ჰიპერჰიდროზი (ოფლიანობა). საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს უმთავრესად ზიანდება საზარდულის ნაოჭები, ბარძაყების შიგნითა ზედაპირები და სასქესო ორგანოების მიდამო, ზოგჯერ - დუნდულებს შორის არსებული ნაოჭები და სარძევე ჯირკვლების ქვედა არეც (ქალებში). თმა საღი რჩება.

სიმპტომები. გამომწვევის კანში შეჭრის ადგილას ჩნდება მოვარდისფრო-მოწითალო, საღი კანიდან ოდნავ შემაღლებული, მკვეთრად შემოსაზღვრული და სიმეტრიულად განლაგებული ლაქები. ისინი თანდათანობით იზრდება, ერთმანეთს უერთდება და წარმოქმნის არასწორი მოხაზულობის კერებს. ლაქების ცენტრალურ ნაწილში ანთებითი მოვლენები სუსტდება და კანი მოყავისფრო შეფერილობას იძენს. ჩნდება მონაცრისფრო, ქატოსებრი ქერცლი. ამ ნიშნებს შესაძლოა თან სდევდეს სხვადასხვა ინტენსივობის ქავილი, წვა და ტკივილი სიარულის დროს.
ტერფების ეპიდერმოფიტიას იწვევს თრ. მენტაგროპჰყტეს ვარ. ინტერდიგიტალე. დაავადება გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით (ანუ ძლიერ გადამდებია). გამომწვევი გადაეცემა როგორც უშუალო კონტაქტით, ისე ინფიცირებული საგნების, მაგალითად, წინდების, ფეხსაცმლის მეშვეობით. საზოგადოებრივ აბანოში, საშხაპეში, აუზზე, სადაც სანიტარული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის, დასნებოვნების ალბათობა დიდია. დაავადების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს - ტერფების ჭარბ ოფლიანობას, ოფლის ქიმიურ შემადგენლობას, ბრტყელტერფიანობას, ორგანიზმის საერთო და ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას.
ასაკთან ერთად დაავადება ხშირდება. ის მოწიფული ასაკის პირთა 60-80%-სა და 15 წლამდე ასაკის ბავშვების 4%-ში გვხვდება.
განასხვავებენ ტერფის ეპიდერმოფიტიის 4 კლასიკურ ფორმას:

  • წაშლილს;
  • სკვამოზურს (აქერცვლით მიმდინარეს);
  • ინტერტრიგინოზულს (ნაოჭებშორისს);
  • დისჰიდროზულს (სითხის შემცველი ბუშტუკებით მიმდინარეს).

წაშლილი ფორმის დროს კლინიკური სურათი მწირია. ფეხის მეოთხე-მეხუთე თითებს შორის არსებულ ნაოჭებში კანი ოდნავ იქერცლება. ზოგჯერ ჩნდება ზედაპირული ნაპრალები.
სკვამოზურ-ჰიპერკერატოზული ფორმის დროს ფეხისგულებზე, თაღების მიდამოში, ჩნდება მშრალი მოლურჯო-მოწითალო ბრტყელკვანძოვანი ელემენტები. გამონაყარის ზედაპირი, განსაკუთრებით - შუაგულში, მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლით არის დაფარული. კვანძები დაუზიანებელი კანისგან მკაფიოდ არის გამიჯნული. ზოგჯერ ბუშტუკებიც ჩნდება. გამონაყარი შესაძლოა მთელ ფეხისგულს მოედოს. გარდა აქერცლილი კერებისა, შეიძლება წარმოიშვას ზედაპირული ნახეთქებით დაფარული მოყვითალო ჰიპერკერატოზული (ჭარბად გარქოვანებული) უბნები.
ინტერტრიგინოზული ფორმის დროს ზიანდება ფეხის II, IV და V თითებს შორის არსებული ნაოჭები. დაავადებას ახასიათებს ძლიერი სიწითლე, შეშუპება, სისველე და მაცერაცია. ხშირად ამ სიპტომებს ეროზიაც ერთვის. ამ დროს ნახეთქები ღრმა და მტკივნეულია.
დისჰიდროზული ფორმა მრავლობითი ბუშტუკოვანი ელემენტის წარმოქმნით ვლინდება. ისინი უმეტესად ფეხისგულებზე ჩნდება, შედარებით იშვიათად - ტერფის სხვა უბნებზე, თითებს შორის არსებულ ნაოჭებსა და თითებზეც. მათი შეერთებისას წარმოიქმნება მრავალკამერიანი ბუშტუკები, რომელთა გახსნის შემდეგ კანზე რჩება სველი, წითელი ეროზიული ელემენტები. თან დართული ანთების გამო ვითარდება შეშუპება, სიწითლე, რაც ეგზემის მსგავს სურათს ქმნის.

მკურნალობა. საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს გამოიყენება ლორინდენ-ჩ, მიკოზოლინი, განსაკუთრებით მწვავე ფორმის შემთხვევაში - 5-10%-იანი გოგირდ-კუპრის მალამო, ვილკინსონის მალამო და იოდის 2%-იანი ხსნარი.
ტერფების ეპიდერმოფიტიის დროს მწვავე ანთებით მოვლენებს იმავე პრინციპით მკურნალობენ,  რომლითაც მწვავე ეგზემას. ინიშნება ფუნგიციდური პრეპარატები (ხსნარები - კასტელანი, ნიტროფუნგინი, მალამოები - მიკოსეპტი, მიკოზოლინი,  5-10%-იანი გოგირდ-კუპრი, ვილკინსონი).

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია