ეფექტი ჩაი - გეო
(EPHACT TEA - GEO)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პარაცეტამოლი, ფენილეფრინი, ფენირამინი,
ასკორბინის მჟავა;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის ფხვნილი, დასაშვებია ღია ყვითელი ფერის ან/და ნარინჯისფერი ჩანართების არსებობა;
შემადგენლობა:
1 პაკეტი შეიცავს: პარაცეტამოლს-500 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს-10 მგ, ფენირამინის მალეატს-20 მგ, ასკორბინის მჟავას-50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: იზომალტი (Е 953), უწყლო ლიმონმჟავა, ღვინის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციტრატი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი Lime 3306, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი: Quinoline Уellow supra (E104).
გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი პაკეტებში, 13გ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაცეტამოლი კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან (ნეიროლეპტიკების გარდა).
ათქ-კოდი: N02BE51.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ეფექტი ჩაი-გეო წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს.
პარაცეტამოლი ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პარაცეტამოლი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს-ში. ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაციებასთან დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. პარაცეტამოლი გავლენას არ ახდენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე (არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში) და არ აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება a1-ადრენომიმეტურ საშუალებებს. პრეპარატს გააჩნია გამოხატული ვაზოკონსტრიქციული მოქმედება. ზედა სასუნთქი გზების (ცხვირის ღრუ, დანამატი წიაღები, ხახა) ლორწოვანი გარსის ჰიპერემიისა და შეშუპების შემცირების გზით, იგი ამცირებს რინორეას, ცემინებას, ცრემლდენას, რომელიც გამოწვეულია გრიპით, გაციებითა და ალერგიული
დაავადებებით და აღადგენს ცხვირით სუნთქვას. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი აბლოკირებს ჰისტამინისა და სეროტონინის გამოთავისუფლებას, ახდენს ბრონქოლიზურ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს გაციების სიმპტომების შემცირებას.
ფენირამინის მალეატი - Н1 რეცეპტორების ბლოკატორია, ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, ცხვირის და თვალების ქავილს. ასკორბინის მჟავა გაციებისა და გრიპის დროს, განსაკუთრებით საწყის სტადიაზე, აკმაყოფილებს ორგანიზმის მომატებულ მოთხოვნილებას C ვიტამინის მიმართ და ზრდის იმუნიტეტს.
ფარმაკოკინეტიკა:
პარაცეტამოლი პერორალური მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) პლაზმაში მიიღწევა 1 სთ-ში. ანალგეზიური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 0.5-2 სთ-ის განმავლობაში. პარაცეტამოლის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 20%. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 2-3 სთ-ს. პარაცეტამოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. წარმოქმნილი კონიუგატები (გლუკურონიდები და სულფატები) ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ადვილად შეიწოვება პერორალური მიღებისას. მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ში, ბიოშეღწევადობა შეადგენს 40%-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) _ 2-3 სთ-ს, მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწლავებში ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას საშუალებით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით.
ფენირამინის მალეატი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 16-18 სთ-ს.
პერორალური მიღებისას ასკორბინის მჟავა მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 10-20 მკგ/მლ-ს, ხოლო კავშირი პლაზმის ცილებთან - 25%-ს.
ჩვენება:
ეფექტი ჩაი-გეო გამოიყენება მწვავე რესპირატორულ-ანთებითი დაავადებების და გრიპის სიმპტომების სამკურნალოდ:
თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ციებ-ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო და ცემინება, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ცხვირის წიაღების არეში.
მიღების წესი და დოზირება:
ეფექტი ჩაი-გეო მიიღება პერორალურად. მოზრდილებსა და 14 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ, არაუმეტეს 3 პაკეტისა 24 სთ-ის განმავლობაში. 1 პაკეტის შემცველობა ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ადუღებული წყალი და კარგად მოურიეთ ფხვნილის გახსნამდე. ეფექტი ჩაი-გეო მიღების ხანგრძლივობა არის 3-5 დღე.
გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა (უძილობა), თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: უმნიშვნელო არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, შესაძლებელია, აღინიშნოს გაძლიერებული გულისცემა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება;
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი, ქავილი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ბავშვთა ასაკი 14 წლამდე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიაზინის ჯგუფის ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან, პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებთან ეფექტი ჩაი-გეო ერთდროული გამოყენებისას იზრდება შარდის შეკავების, ყაბზობის, პირის სიმშრალის განვითარების რისკი. ეფექტი ჩაი-გეოს ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან და სხვა მიკროსომური ფერმენტების ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი. პრეპარატის ჰალოტანთან კომბინაცია ზრდის პარკუჭოვანი არითმიის განვითარების საშიშროებას. ეფექტი ჩაი-გეოს გლუკოკორტიკოსტეროიდებთან მიღებისას იქმნება გლაუკომის განვითარების რისკი. ანტიკოაგულაციურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. პრეპარატის მიღება ტრანკვილიზატორებთან, საძილე და ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად აძლიერებს მათ სედაციურ ეფექტს. არასასურველია პრეპარატის დანიშვნა მაო-ს ინჰიბიტორებთან, ქოლინომაბლოკირებელ საშუალებებთან, ადრენომაბლოკირებელ საშუალებებთან და პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.
ფენილეფრინი აქვეითებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. გუანეტიდინი აძლიერებს ალფა-ადრენომასტიმულირებელ ეფექტს, ხოლო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – ფენილეფრინის სიმპატომიმეტურ ეფექტს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები, თირკმლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება; აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია. პარაცეტამოლით მოწამვლისას გამოიყენება სპეციფიკური ანტიდოტი - აცეტილცისტეინი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
გამოყენების თავისებურებები:
ეფექტი ჩაი-გეო მიიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით. თუ გრიპისა და გაციების სიმპტომები შენარჩუნებულია 5 დღიანი კურსის შემდეგ, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად ეფექტი ჩაი-გეოს გამოყენებისას პაციენტები უნდა მოერიდონ ალკოჰოლური სასმელების მიღებას. არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში. არ შეიძლება პრეპარატით სარგებლობა დაზიანებული პაკეტიდან. ეფექტი ჩაი-გეო სიფრთხილით მიიღება ანტიდეპრესანტებთან, β-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში. ეფექტი ჩაი-გეო გამოყენება შეზღუდულია არტერიული ჰიპერტენზიის, გლაუკომის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, თირეოტოქსიკოზის დროს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
შეფუთვა:
10 პაკეტი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში
პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge