ნარგიზისებრთა ოჯახში შედის. თეთრყვავილა ჩვენი ტყეების ადრე მოყვავილე მცენარეა, იგი 7-15 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბოლქვიანი ბალახია. საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი (ტყის ნიორა, მთის ნიორა, ყვავილნიორა და მწვადინელა).
თეთრყვავილა ძალიან ადრე, ზოგჯერ თებერვალშიაც კი ჰყვავის ხოლმე. უფრო ხშირად ფოთლოვან ტყეებში იზრდება და ერთადერთ თავჩაქინდრულ თეთრ ყვავილს ივითარებს. თეთრყვავილა გაზაფხულზევე ასწრებს დაყვავილებას და თესლის მომწიფებას, ზაფხულისათვის მისი მიწისზედა ნაწილები იკარგება და მიწაში მხოლოდ ბოლქვიღა რჩება. საერთოდ იგი ეფემეროიდული მცენარეა ორი მოგრძო ფოთლით. ყვავილობს საკმაოდ ხანგრძლივად. ყვავილსაფარი 6 ფოთოლაკიანია, რომელთაგან შიგნითა სამი უფრო მოკლეა, ვიდრე გარეთა სამი. თაფლოვანი მცენარეა, ადრე გაზაფხულზე ნექტარით უმასპინძლდება ფუტკრებს.
თეთრყვავილა რამდენადმე ტოქსიკურია, მაგრამ ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მისგან მიღებული ბრომწყალბამდჟავა გალანტამინი გამოიყენება პოლიომიელიტის გადატანის შემდეგ ნარჩენი მოვლენების სამკურნალოდ. მიასთენიისა და მიოპატიის, პოლინევრიტის და რადიკულიტის დროს. გალანტამინი აუმჯობესებს ავადმყოფის საერთო მდგომარეობას და მის მოძრაობით ფუნქციას. მას პროზერინზე უფრო ადვილად იტანენ ავადმყოფები. ზედმეტი დოზის მიღების, ან ამ პრეპარატისადმი ზედმეტი მგრძნობიარობის აღმოჩენისას აღინიშნება მოწამვლის შემთხვევები, რომლის დროსაც დამახასიათებელია ნერწყვდენა, ბრადიკარდია და თავბრუხვევა. ასეთ შემთხვევაში გალანტამინის დოზას ამცირებენ. მისი მიღება არ შეიძლება ეპილეფსიის, ჰიპერკინეზის, ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ბრადიკარდიის, ნაწლავების ჭვალისა და სხვა დაავადებათა დროს.