წარმოშობის კვალობაზე, თვალის ტრავმა შეიძლება იყოს საწარმოო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო. ცალკე გამოყოფენ ბავშვთა ტრავმებს.
თვალის კაკლის ტრავმა. თვალის ორბიტის ცხვირსა და დანამატ წიაღებთან დამაკავშირებელი კედლის მთლიანობის დარღვევის დროს ვითარდება ქუთუთოებისა და თვალის კაკლის ემფიზემა (ჰაერის მოხვედრა კანქვეშ ან ქსოვილში). ქუთუთოები შუპდება, ყალიბდება ეგზოფთალმი. შეხებისას შეიგრძნობა ტკაცატკუცი, ჰაერის ბუშტუკები თავისუფლად გადაადგილდება ფაშარ ქსოვილებში. ორბიტის კედლების ერთმანეთისგან დაშორებას მოჰყვება თვალის ჩავარდნა - ენდოფთალმი. ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანება. ის შეიძლება გაიგლიჯოს, მიეჭყლიტოს მხედველობის არხს ან თვალის კაკალს. მხედველობის ნერვის ტრავმას ხშირად მოსდევს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.
თვალის მამოძრავებელი კუნთების ტრავმა იწვევს მხედველობის მყარ გაორებას. ზოგჯერ აღინიშნება თვალის კაკლის ქუთუთოების წინ გამოვარდნა. ამ დროს თვალის თავის ადგილას დასაბრუნებლად ადამიანი იძულებულია, ქუთუთოები ხელით ან სპეციალური ინსტრუმენტით გაიწიოს.
ქუთუთოების ტრავმა. თვალის ტრავმის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება ქუთუთოები. ქუთუთოს შეშუპება და მასზე ჰემატომის გაჩენა წარმოადგენს ტრავმის თვალსაჩინო სიმპტომს, რომელსაც საგანგებო მკურნალობა არ სჭირდება. საშიშია ქუთუთოს ჭრილობა. მცირე ზომის ჭრილობაც კი მოითხოვს ქირურგიულ დამუშავებას, რომლის მიზანია ქუთუთოს ანატომიური მთლიანობის მაქსიმალური აღდგენა, განსაკუთრებით - თვალის შიდა კუთხის მიდამოში, ვინაიდან აქ მდებარეობს ცრემლწარმომქმნელი ორგანო. ქუთუთოების ტრავმა შეიძლება გართულდეს ქუთუთოს ჩაბრუნებით, წამწამების არასწორი მიმართულებით ზრდით, მუდმივი ცრემლდენით.
კონიუნქტივაზე არსებული მცირე ზომის ჭრილობა თავისთავად ხორცდება.
განასხვავებენ თვალის კაკლის არაშემავალ და შემავალ ტრავმებს.
არაშემავალი ტრავმებია რქოვანა გარსის ეროზია, თვალში სისხლის ჩაქცევა (ჰემოფთალმი), ბადურა გარსისა და სისხლძარღვოვანი გარსის გაგლეჯა, ბადურას ჩამოცლა, ირიდოციკლიტი, ტრავმული კატარაქტა.
თვალისთვის უფრო საშიშია შემავალი ტრავმები, განსაკუთრებით - თვალში უცხო სხეულის ჩარჩენა. დიდი ზომის ჭრილობის აღმოჩენა ძნელი არ არის, მცირე ზომის ტრავმების შემთხვევაში კი ჭრილობის შესასვლელი ყოველთვის არ ჩანს და შემავალი ტრავმის  დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ რენტგენოლოგიური კვლევით, ულტრაბგერითი სკანირებით ან საოპერაციო მაგიდაზე სკლერის სპეციალური მიკროსკოპით დათვალიერებით.
თვალის ნებისმიერი ტრავმა სასწრაფოდ უნდა დაათვალიეროს ოკულისტმა, რომელიც მკურნალობის სქემას შეიმუშავებს.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია