თირკმლის დაწევას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - წონის მკვეთრი კლება, მძიმე ფიზიკური შრომა. თირკმლის დაწევამ შეიძლება თირკმლის ჭვალი გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ როდესაც თირკმელი ჩვეული ადგილიდან გადაინაცვლებს, შარდსაწვეთი, რომელიც თირკმლის მენჯიდან შარდის ბუშტამდე სწორად უნდა მიდიოდეს, იგრიხება, იღუნება, რაც თირკმელში შარდის შეგუბებას განაპირობებს. ამას თავისთავად მოჰყვება მენჯისა და ფიალების გაგანიერება, კაფსულის დაჭიმვა და თირკმლის ჭვალი. ტკივილი უმთავრესად დიდხანს დგომისას იჩენს თავს. საკმარისია, ავადმყოფი დაწვეს, რომ ტკივილი თანდათან ქრება, ვინაიდან თირკმელი ჩვეულ ადგილს უბრუნდება, შარდსაწვეთი სწორდება და შარდი აღარ გუბდება.
თირკმლის დაწევის შემთხვევაში ექიმები პაციენტებს ხშირად ურჩევენ, 4-5 კგ მოიმატონ, რათა თირკმლის გარშემო წარმოიქმნას ცხიმოვანი ბალიში, რომელიც მას ერთ ადგილას დაამაგრებს. გარდა ამისა, ავადმყოფებმა თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი მოძრაობებისგან, ერიდონ სიმძიმეების აწევას ან ფრთხილად, სხეულის დაზოგვით ასწიონ. არსებობს მუცლის პრესის გამამაგრებელი სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც პაციენტებს მდგომარეობას საგრძნობლად უმსუბუქებს.

თირკმლის დაწევის ოპერაციული მკურნალობა საკამათო საკითხია, თუმცა რუსეთში დღესაც აქტიურად მიმართავენ პლასტიკურ ოპერაციებს, რასაც იმით ამართლებენ, რომ ვინაიდან თირკმლის დაწევა საფიქსაციო აპარატის მოდუნებით არის განპირობებული, მისი აწევა და თავის ადგილას დაფიქსირება აუცილებელია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თირკმლის იზოლირებული დაწევა ძალიან იშვიათია, მას უმეტესად მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დაწევაც ერთვის, ყველა ორგანოს აწევა და თავის ადგილას დაფიქსირება კი შეუძლებელია, ამიტომ თუ არ არსებობს მკაფიო ჩვენება (დარღვეული არ არის თირკმლის ფუნქცია ან სპეციალური სისხლძარღვოვანი კვლევა არ ადასტურებს, რომ არტერიული წნევის მიზეზი თირკმლის დაწევაა), ოპერაციული მკურნალობა არ უნდა ჩატარდეს. ასეთი ოპერაციები უმეტესად წარუმატებელია, ვინაიდან სხვა ორგანოები დაწეული რჩება და ავადმყოფებს ტკივილი მაინც აწუხებთ.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია