თირკმლის უკმარისობა არის სინდრომი, რომლის დროსაც ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია, რაც, თავის მხრივ, წყალმარილოვანი, აზოტოვანი და სხვა ნივთიერებათა ცვლის დაღვევას იწვევს.
განასხვავებენ თირკმელების მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას.
თირკმელების მწვავე უკმარისობა წარმოადგენს ერთი ან ორივე თირკმლის ფუნქციის მოულოდნელ შეწყვეტას ან მკვეთრ დაქვეითებას. ამ დროს ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია: ფილტრაციულიც, გამომყოფიც და სეკრეტორულიც.
თირკმელების მწვავე უკმარისობის მიზეზებს სამ ჯგუფად ყოფენ.
ორგანიზმისმიერი მიზეზების რიცხვს მიაკუთვნებენ დაავადებებსა და ტრავმებს, რომლებიც იწვევს ხანგრძლივ სისხლდენას, რომლის შედეგადაც თირკმლის არტერიებში მკვეთრად ეცემა წნევა და თირკმელები ნორმალურ ფუნქციონირებას წყვეტს.
თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ტრავმამ, სხეულის მოზრდილი უბნის დამწვრობამ, ელექტროტრავმამ, სეფსისმა, ალერგიულმა შოკმა.
სისხლით არასათანადო მომარაგება თავდაპირველად აქვეითებს თირკმლის ქსოვილის უჯრედთა ფუნქციას, შემდეგ კი მათ სიკვდილს იწვევს. ასეთივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხშირი ღებინებით, შარდმდენი პრეპარატების უკონტროლო მიღებით, ხანგრძლივი ფაღარათით განპირობებულ სითხის კარგვას. თუ სითხის დეფიციტი დროულად არ შეივსო, თირკმელებში შეუქცევადი ნეკროზული ცვლილებები მოხდება.
თირკმლისმიერი მიზეზები, თავის მხრივ, სამ ჯგუფად იყოფა:
- თირკმლის ქსოვილის დაავადებები: მწვავე გლომერულონეფრიტი, თირკმელების რევმატული დაზიანება, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, სისხლის დაავადებები;
- ამა თუ იმ ნივთიერების (ვერცხლისწყლის, კადმიუმის, სპილენძის, ძმარმჟავას, შხამა სოკოს ტოქსინების, სასუქის) ტოქსიკური ზემოქმედება თირკმელებზე;
- თირკმელების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატების, ზოგიერთი ანტიბიოტიკის, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი მიღებით. ტოქსიკური ნივთიერებები აზიანებენ თირკმლის ქსოვილის უჯრედებს, რის შედეგადაც ისინი იხოცებიან და თირკმელი ფუნქციონირებას წყვეტს.
- მესამე ჯგუფია თირკმლისქვეშა ანუ საშარდე გზებიდან მომდინარე მიზეზები. თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების კენჭით (ცალმხრივით ან ორმხრივით), სიმსივნური წარმონაქმნით, შედედებული სისხლით დახშობამ, ასევე - მუცლის ღრუში ჩატარებული ოპერაციის ან ტრავმის შედეგად შარდსადენის მიჭყლეტამ. თირკმლის მენჯფიალების სისტემაში შარდის დაგროვება მათში წნევის მატებას იწვევს, ხანგრძლივად არსებული მაღალი წნევა კი თირკმლის ქსოვილის შეშუპებასა და სიკვდილს განაპირობებს. ჩვეულებრივ, ამ მიზეზებით პირობადებული თირკმელების მწვავე უკმარისობა ნელ-ნელა ვითარდება და თუ შარდის გამოყოფის ნორმალიზება დროულად მოხერხდა, პათოლოგიური პროცესი შექცევადი ხდება.
მწვავე უკმარისობის დროს თირკმელები სისხლში ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნების უნარს კარგავენ, რის შედეგადაც იმატებს კალიუმის, კალციუმის, ქლორის იონების რაოდენობა, სისხლში გროვდება ცილოვანი ცვლის პროდუქტები - შარდოვანა და კრეატინინი. თირკმელების სეკრეტორული ფუნქციის დარღვევის გამო ვითარდება ანემია (სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობის შემცირება) ან ანურია (შარდის არარსებობა). პაციენტი უჩივის გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, უმადობას, შუპდება კიდურები, დიდდება ღვიძლი. ავადმყოფის ქმედებები შენელებული ან, პირიქით, აგზნებულია.
გამოყოფენ თირკმელების მწვავე უკმარისობის 4 სტადიას:
- საწყისს. ამ სტადიაში პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია თირკმელების უკმარისობის გამომწვევ მიზეზებზე.
- ოლიგოანურიულს. ამ სტადიაში შარდის გამოყოფა არ ხდება ან შარდის ოდენობა დღე-ღამეში არ აღემატება 500 მილილიტრს. ეს ყველაზე საშიში სტადიაა და თუ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ავადმყოფი კომაში ჩავარდეს. ოლიგოანურიულ სტადიაში ხშირია ლეტალური დასასრული.
- დიურეზიულს. ამ სტადიაში შარდის ოდენობა განუწყვეტლივ იმატებს და დღე-ღამეში 5 ლიტრს აღწევს. აღდგება სისხლის წყალმარილოვანი ბალანსი. დიურეზიული სტადია ორ კვირამდე გრძელდება.
- გამოჯანმრთელებისას. ამ სტადიაში თირკმელების ფუნქცია თანდათან აღდგება, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებას ზოგჯერ ერთი წელიც კი სჭირდება.
თირკმელების მწვავე უკმარისობის საწყის სტადიაში აუცილებელია მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობა ან პათოლოგიური ზემოქმედებების აღმოფხვრა.
დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში ცდილობენ დანაკარგის შევსებას ვენაში სისხლის შემცველების გადასხმით. ორგანიზმიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გამოძევებული ტოქსიკური ნივთიერებები. ამისთვის მიმართავენ კუჭის ამორეცხვას, შხამსაწინააღმდეგო საშუალებებს, პლაზმოფერეზს - სპეციალური აპარატით სისხლის თხიერი ნაწილის გაწმენდას. საშარდე გზების დახშობის შემთხვევაში აღადგენენ მათ გამტარობას ან ახდენენ თირკმლის ფიალების პუნქციას შარდის გამოყოფის მიზნით.
უშუალოდ თირკმელების მწვავე უკმარისობის სამკურნალოდ საწყის სტადიაში იყენებენ ოსმოსურ დიურეტიკებს. აუცილებელია წყლის ბალანსის, სისხლში შარდოვანასა და ელექტროლიტების კონტროლი. ვენაში შეჰყავთ სითხე. ინიშნება ანაბოლური ჰორმონები და E ვიტამინი. პაციენტი გადაჰყავთ დიეტაზე. თუ კონსერვატიული მკურნალობა შედეგს არ იძლევა, მიმართავენ ჰემოდიალიზს.
თირკმელების მწვავე უკმარისობის პროგნოზი ბევრად არის დამოკიდებული ძირითად დაავადებაზე. მისი გადატანის შემდეგ თირკმელთა ფუნქციის სრული აღდგენისთვის 6 თვიდან 2 წლამდე დრო სჭირდება.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობა წარმოადგენს ამ ორგანოს ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებას სრულ შეწყვეტამდე. იგი გამოწვეულია თირკმლის ქსოვილის კვდომით თირკმელების ქრონიკული დაავადების გამო.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ის დაავადება, რომელიც თირკმლის გორგლების დაზიანებას იწვევს. ასეთია:
- ქრონიკული გლომერულონეფრიტი და ქრონიკული პიელონეფრიტი;
- შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ამილოიდოზი;
- თირკმელების თანდაყოლილი პოლიკისტოზი, თირკმელების თანდაყოლილი განუვითარებლობა, თირკმლის არტერიის თანდაყოლილი შევიწროება;
- სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, ჰემორაგიული ვასკულიტი;
- არტერიული ჰიპერტენზია და დაავადებები, რომლებიც თირკმელებში სისხლის მიმოქცევას არღვევს;
- შარდკენჭოვანი დაავადება, ჰიდრონეფროზი, შარსადენზე ზემწოლი სიმსივნე.
ყველაზე ხშირად თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზია ქრონიკული გლომერულონეფრიტი, შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის განვითარების საფუძველს ნეფრონების (თირკმლის შემადგენელი ფუნქციური სტრუქტურების) თანდათანობითი სიკვდილი წარმოადგენს. დარჩენილი ნეფრონები იძულებულნი არიან, სრული დატვირთვით იმუშაონ, რაც ზრდის მათი დაზიანებისა და სიკვდილის ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის კომპენსატორული შესაძლებლობები დიდია (ნეფრონების 10%-საც კი შეუძლია, შეინარჩუნოს ორგანიზმში წყალმარილოვანი ცვლა), ქრონიკული უკმარისობის საწყის სტადიაშივე ირღვევა სისხლის ელექტროლიტური შემადგენლობა, აღმოცენდება აციდოზი, იცვლება ცილოვანი ცვლა, ხდება ცვლის პროდუქტების (შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას) შეკავება. ამჟამად ცნობილია 200-ზე მეტი ნივთიერება, რომელთა ცვლაც ირღვევა თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს.
გამოყოფენ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის 4 სტადიას:
I - ლატენტურს. ამ სტადიაში ავადმყოფს შესაძლოა არაფერი აწუხებდეს ან უჩიოდეს სწრაფად დაღლას ფიზიკური დატვირთვის დროს, სისუსტეს საღამოობით და პირის სიმშრალეს. ბიოქიმიური გამოკვლევა ავლენს სისხლში ელექტროლიტების შემადგენლობის უმნიშვნელო დარღვევას, ზოგჯერ შარდში აღმოჩნდება ცილები.
II - კომპენსატორულს. ამ სტადიაში ავადმყოფის ჩივილები ანალოგიურია, მაგრამ უფრო ხშირი. გარდა ამისა, შარდის სადღეღამისო ოდენობა 2,5 ლიტრამდე იმატებს. შეიმჩნევა ცვლილებები სისხლის ბიოქიმიურ შემადგენლობასა და შარდში.
III - ინტერმისიულის (მონაცვლეობითს). თირკმელების ფუნქცია უფრო მეტად ქვეითდება. აღინიშნება სისხლში აზოტის ცვლის (ცილოვანი ცვლის) პროდუქტების მყარი ზრდა, კერძოდ, იმატებს შადოვანასა და კრეატინინის დონე. ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, სწრაფად დაღლას, წყურვილს, პირის სიმშრალეს, უმადობას. კანიDშრება და მოყვითალო ელფერს იღებს. ასეთ ავადმყოფებში ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადება, მაგალითად, ანგინა და ფარინგიტიც კი მძიმედ მიმდინარეობს. ამ სტადიაში ერთმანეთს ენაცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაუარესების პერიოდები.
IV - ტერმინალური სტადია. თირკმელების ფილტრაციული უნარი მინიმუმამდე მცირდება. ამ სტადიაში ავადმყოფი შესაძლოა წლობით დამაკმაყოფილებლად გრძნობდეს თავს, მაგრამ სისხლში გამუდმებით იმატებს შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას დონე, დარღვეულია ელექტროლიტური ბალანსი. ყოველივე ეს იწვევს ურემიულ ინტოქსიკაციას ან ურემიას (სისხლში შარდის გადასვლას). შარდის სადღეღამისო ოდენობა იკლებს, საბოლოოდ კი მისი გამოყოფა სრულებით წყდება. ზიანდება სხვა ორგანოებიც. ვითარდება გულის კუნთის დისფაგია, პერიკარდიტი, სისხლძარღვთა უკმარისობა, ფილტვების შეშუპება. ნერვული სისტემის მხრივ დარღევები გამოვლინდება ენცეფალოპათიის სიმპტომებით (ძილის, მეხსიერების დარღვევით, ხასიათის შეცვლით, დეპრესიით). ირღვევა ჰორმონების გამომუშავება, ვითარდება ცვლილებები სისხლის შემდედებელ სისტემაში, ირღვევა იმუნიტეტი. ყველა ეს ცვლილება შეუქცევადი ხასიათისაა. აზოტური ცვლის პროდუქტები ოფლთან ერთადაც გამოიყოფა, ამიტომ ავადმყოფს გამუდმებით შარდის სუნი სდის.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზს სვამენ, თუ დაავადების ხანგრძლივობა 5 წელზე მეტია, ხოლო სისხლსა და შარდში აღინიშნება დამახასიათებელი ცვლილებები. აუცილებელია თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზის დადგენა.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის კონსერვატიული მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების სიმძიმის შემცირებას. ინიშნება შრომისა და დასვენების საგანგებო რეჟიმი, დიეტა, მედიკამენტური მკურნალობა. ავადმყოფი უნდა ერიდოს გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას. რაციონში იზღუდება ცილოვანი პროდუქტები. პრეპარატებიდან ინიშნება ანაბოლური სტეროიდები (რეტაბოლილი, ნერაბოლი, ლესპენეფრილი).
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ცვლის პროდუქტებისგან სისხლის გასაწმენდად მიმართავენ ჰემოდიალიზს: ზედა ან ქვედა კიდურის ზედაპირული სისხლძარღვიდან აღებულ სისხლს ატარებენ სპეციალურ სისტემაში, სადაც ის ხელოვნური მემბრანის გავლით კონტაქტში შედის მადიალიზებელ სითხესთან. ამ ხსნარსა და სისხლს შორის არსებული კონცენტრაციული განსხვავების წყალობით დაავადებულის სისხლიდან ცვლის პროდუქტები მადიალიზებელ სითხეში გადადის, გაწმენდილი სისხლი კი ავადმყოფს უკანვე უბრუნდება. კვირაში ტარდება დიალიზის 3 სეანსი. ერთი სეანსი 4-5 საათს გრძელდება.
დიალიზი საშუალებას იძლევა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულს სიცოცხლე 25 წლამდე გაუხანგრძლივდეს.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის რადიკალურ მეთოდს წარმოადგენს თირკმლის გადანერგვა.