ტირიფისებრთა ოჯახის 10-12 მ სიმაღლის ხეა. ჩვილი ყლორტები მოწითალო ელფერისაა ძნელად შესამჩნევი ნაცრისფერი ნაფიფქით. კვერცხისებრ-კონუსური მოკლე კვირტები შებუსვილია.
შიშველი ნაცრისფერი, კიდემთლიანი, მოკლეყუნწიანი ფოთლები ვეგეტაციურ ტოტებსა და ჩვილ ყლორტებზე ვიწრო ხაზური ან ხაზურ-ლანცეტისებრია. ამიტომ თურანულას მოზარდი და ახალგაზრდა ამონაყარი ძნელად გასარჩევია ტირიფისაგან.
გენერაციულ ტოტებზე (გარდა მათი კენწრული ნაწილისა) განლაგებული ტყავისებრი ფოთლები ფუძესოლისებრია, კვერცხისებრი ან რომბული, სამკუთხა ან ელიფსურ-მომრგვალო, შუა ნაწილში ძალიან განიერი, რომელთა კიდეები დაუკბილავია ან ზედა ნაწილში ბლაგვი ან წვეტიანდაკბილული, სულ 1-4 კბილის რაოდენობით. ფოთლების ყუნწები საკმაოდ გრძელია, ორი ჩაჭყლეტილი ჯირკვლით ფირფიტის ფუძესთან, რაც არ შეინიშნება ვეგეტაციურ ტოტებსა და ნორჩ ყლორტებზე არსებულ ლანცეტა და ვიწროხაზურ ფოთლებზე.
საქართველოში თურანულა მხოლოდ ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის "დათვისხევის" აგარაკშია გავრცელებული მცირე ფართობიანი კორომის სახით სხვადასხვა სახეობის ღვიებთან ერთად.
თურანულას ხეები აქ გვხვდება როგორც "დათვისხევის" კალაპოტში ასევე მის ფერდობებზეც. წყალი ამ ხევში მხოლოდ წვიმებისა და თოვლის დნობის დროს მოდის, სხვა შემთხვევაში იგი მშრალია.
თურანულა საქართველოში ფრიად შეზღუდული არეალის მცენარეა, ამასთანავე იგი ფაქტიურად გადაშენების უკიდურეს ზღვარზეა. ამიტომ აუცილებლად შეტანილი უნდა იქნას წითელ წიგნში და გატარდეს ქმედითი პრაქტიკული ღონისძიებები მის გადასარჩენად და გასამრავლებლად.
თურანულას ქერქიდან თეთრი ფერის ფისდენა აღინიშნება, რომელიც შუა აზიაში "ბური-არმენის" სახელწოდებითაა ცნობილი და ადრე სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული ვერხვის ყველა სხვა სახეობათა შორის თურანულა ყველაზე გვალვაგამძლეა. თავისი ვერცხლისფერი შესახედაობით ფრიად მიმზიდველი და საინტერესო მცენარეა. იგი საუკეთესოა მშრალი ადგილების გასამწვანებლად. ამიტომ სასურველი ხეა თბილისისა და საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოს ბაღ-პარკებისათვის.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია