ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცეფტრიაქსონი, სულბაქტამი;
ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები: თეთრი ან მოთეთრო ფერის კრისტალური ფხვნილი.
შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონ ნატრიუმს, 1 გ ცეფტრიაქსონის ეკვივალენტურს;
სულბაქტამ ნატრიუმს, 0.5 გ სულბაქტამის ეკვივალენტურს;
გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მესამე თაობის ცეფალოსპორინები ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან კომბინაციაში.
ათქ–კოდი J01DD54.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კადერონი კომბინირებული პრეპარატია პარენტერალური გამოყენებისთვის, რომლის შემადგენლობაში შედის ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი.
ცეფტრიაქსონი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს, მოქმედების ფართო სპექტრით. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით.
სულბაქტამი შეუქცევადად აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზებს, რომლებიც გამოიყოფა ბეტა–ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების მიერ. იგი ხელს უშლის პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების დესტრუქციას მათ მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზების ზემოქმედებით. პენიცილინშემბოჭველ ცილებთან შეკავშირების გზით ავლენს სინერგიზმს პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან ერთდროული გამოყენებისას. სულბაქტამს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული აქტივობა (გამონაკლისს წარმოადგენს Neisseriaceae და Acinetobacter).
კადერონი აქტიურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ:
გრამდადებითი აერობები: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი (Str. pyogenes), Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans;
გრამუარყოფითი აერობები: Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter aerogenes,E Enterobacter cloacae, Escherichia coli, Citrobacter diversus, Citrobacter freundil, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (Kl. pneumoniae-ს ჩათვლით), Moraxella catarrhalis, Moraxella spp., Morganella morganil, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia species (Providencia rettgeri-ს ჩათვლით), Pseudomonas aeruginosa (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Salmonella species (S. typhi-ს ჩათვლით), Shigella speciees;
ანაერობები: Bacteroides spp. (B. fragilis ზოგიერთი შტამის ჩათვლით), Clostridium spp. (C. difficile-ს შტამების უმეტესობა მდგრადია), Peptostreptococcus spp.
kaderoni ხანგრძლივად ცირკულირებს ორგანიზმში და ხასიათდება მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით, რაც საშუალებას იძლევა პრეპარატი გამოყენებული იქნას
დღეში ერთხელ, ცალკეულ შემთხვევებში – 12 სთ–ში ერთხელ.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ ცეფტრიაქსონის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 1 გ ცეფტრიაქსონის შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ-ზე და მიიღწევა პრეპარატის კუნთში ერთჯერადი შეყვანიდან 2-3 სთ-ის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 0.5 გ სულბაქტამის შეადგენს 6-24 მგ/ლ–ზე და მიიღწევა 1 საათის შემდეგ კუნთში ერთჯერადი შეყვანიდან.
განაწილება: ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს 7–12 ლ. სულბაქტამის განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს 18–27.6 ლ. პლაზმის ცილებს შექცევადად უკავშირდება: ცეფტრიქსონის 70–90 %, სულბაქტამის 38 %.
ცეფტრიაქსონი და სულბაქტამი კარგად ნაწილდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში (მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში, ღვიძლში, ნუშისებრ ჯირკვლებში, შუა ყურში და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლოვან ქსოვილში, აგრეთვე თავ-ზურგ-ტვინის, პლევრულ და სინოვიურ სითხეებში, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში). პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს. მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22 მლ/წთ-ში, სულბაქტამის 65 მლ/წთ–ში. ცეფტრიაქსონის თირკმლის კლირენსი შეადგენს 5-12 მლ/წთ-ში, სულბაქტამის - 204 მლ/წთ–ში. მოზრდილებში პრეპარატის შეყვანისას ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს: ცეფტრიაქსონის – დაახლოებით 8 სთ–ს, სულბაქტამის – დაახლოებით 1 სთ–ს. ცეფტრიაქსონის დოზის 50-60% და სულბაქტამის დოზის 70% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმლებით, ხოლო დანარჩენი ნაღველთან ერთად გამოიყოფა ნაწლავებში, სადაც გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
გამოყენება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს:ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში აღინიშნება მხოლოდ ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო მატება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ძლიერდება ცეფტრიაქსონის გამოყოფა ნაღველთან ერთად, ხოლო ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას – თირკმლების საშუალებით.
გამოყენება ბავშვებში:ტვინის გარსების ანთების დროს ბავშვებში პრეპარატი ადვილად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში ლიქვორში ხვდება პლაზმის ცეფტრიაქსონის 17%, ასეპტიკური მენინგიტის დროს კი – დაახლოებით 4%. ხანდაზმულებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ხანგრძლივდება.
ჩვენება:
კადერონი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის პნევმონია);
- ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები (მათ შორის შუა ყურის ანთება);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- ინტრააბდომინალური ინფექციები ( მათ შორის პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციები);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები ( პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი);
- ბაქტერიული სეპტიცემია;
- ბაქტერიული მენინგიტი;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
- ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიაში.
მიღების წესი და დოზირება:
კადერონი შეჰყავთ პარენტერალურად: კუნთში ან ვენაში.
მოზრდილებშიდა 12 წლისასაკისზემოთბავშვებში, პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს: ცეფტრიაქსონის 1-2 გ-ს (სულბაქტამის 0.5–1 გ) დღეში ერთხელ ან გაყოფილი თანაბრად და შეყვანილი ყოველ 12 სთ–ში ერთხელ (დღეში 2 –ჯერ). მძიმე შემთხვევებში ან კადერონის მიმართ ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია ცეფტრიაქსონის სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 გ-მდე ( სულბაქტამის 2 გ–მდე).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ იგი 4-14 დღეს შეადგენს. მძიმე ინფექციური დაავადების დროს რეკომენდებულია მისი გახანგრძლივება. პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებისა და დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების ერადიკაციის დადასტურების შემდგომ მინიმუმ 48-72 საათის განმავლობაში.
Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას კურსის ხანგრძლივობა შეადგენს არა ნაკლებ 10 დღეს.
პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ცეფტრიაქსონის 1-2 გ (სულბაქტამის 0.5–1 გ) ერთჯერადი შეყვანა ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები, თირკმლის ნორმალური ფუნქციით, დოზირების რეჯიმის კორექციას არ საჭიროებს.
1 თვის ასაკიდან 12 წლამდე ასაკისბავშვებში, პრეპარატისსადღეღამისოდოზაშეადგენს: ცეფტრიაქსონის 20-70 მგ/კგ (სულბაქტამის 10–35 მგ/კგ) სხეულის მასაზე. სადღეღამისო დოზა შეჰყავთ დღეში ერთხელ ან გაყოფილი თანაბრად და შეყვანილი ყოველ 12 სთ–ში ერთხელ (დღეში 2–ჯერ). ცეფტრიაქსონის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ, სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 გ.
მცირე ასაკის ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს: ცეფტრიაქსონის 100 მგ/კგ (სულბაქტამის 50 მგ/კგ) სხეულის მასაზე დღე-ღამეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს ცეფტრიაქსონის 4 გ –ს, (სულბაქტამის 2 გ-ს). პათოგენური მიკროორგანიზმის განსაზღვრისა და მისი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ შესაძლებელია დოზის შესაბამისი შემცირება.
შუა ყურის მწვავე ანთების დროს ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის კუნთში ერთჯერადი შეყვანა ცეფტრიაქსონის დოზით 50 მგ/კგ სხეულის მასაზე (ცეფტრიაქსონი არა უმეტეს 1 გ).
50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ინიშნება მოზრდილების დოზები.
თირკმლისფუნქციის გამოხატულიდარღვევისდროს(კრეატინინის კლირენსი
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ–ზე ნაკლებია, სულბაქტამის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.5 გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ (სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს – 1 გ), ცეფტრიაქსონის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს – 2 გ. მძიმე ინფექციებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ცეფტრიაქსონის დამატებითი შეყვანა. რადგან ჰემოდიალიზის დროს სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად იცვლება და ცეფტრიაქსონის T1/2 სისხლის პლაზმიდან მცირდება, კადერონის შეყვანა უნდა დაიგეგმოს დიალიზის შემდეგ.
ერთდროულად თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში – დოზის კორექცია.
ხსნარის მომზადების წესი:
კუნთში შეყვანის მიზნით ფლაკონის შიგთავსი (1.5 გ) იხსნება 3.5 მლ სტერილურ საინექციო წყალში. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში. ერთ დუნდულოში შეყვანილი ცეფტრიაქსონის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გ–ს (სულბაქტამის 0.5 გ–ს). მომზადებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 250 მგ ცეფტრიაქსონს და 125 მგ სულბაქტამს.
ინტრავენური ინექციისათვის ფლაკონის შიგთავსი (1.5 გ) იხსნება 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში. ხსნარი შეჰყავთ ვენაში ნელა (2-4 წთ-ის განმავლობაში). მომზადებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 100 მგ ცეფტრიაქსონს და 50 მგ სულბაქტამს.
პრეპარატი 50 მგ/კგ სხეულის მასაზე და მეტი დოზით ვენაში შეჰყავთ ინფუზიის სახით, არანაკლებ 30–60 წუთის განმავლობაში.
ინტავენური ინფუზიისათვის ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსი იხსნება 50-100 მლ კალციუმის იონებისგან თავისუფალი შემდეგი ხსნარებიდან ერთ–ერთერთში: 0.9 % ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზის ხსნარი.
ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე.
დაუშვებელია კადერონის ხსნარის შერევა კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან (მაგ.: ჰარტმანის, რინგერის ხსნარი). კადერონისა და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენებათა შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 48 საათისა.
გვერდითი მოვლენები:
კადერონი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
ალერგიულიდაიმუნოპათოლოგიურირეაქციები: ჭინჭრის ციება, შემცივნება ან ცხელება, გამონაყარი, ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატისმიერი დაავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული პნევმონიტი, ანაფილაქსიური შოკი;
ცნს–ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვა.
საჭმლისმომნელებელისისტემისმხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, გემოს შეგრძნების დარღვევა, სტომატიტი, გლოსიტი, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება (იშვიათად – ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის მაჩვენებლის მატება, ქოლესტაზური სიყვითლე), პანკრეატიტი, დისბაქტერიოზი. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ფსევდოქოლელითიაზი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია, ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, სისხლის შედედების დარღვევა, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, იშვიათად – ეოზინოფილია, აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები;
შარდგამომყოფისისტემისმხრივ: გლუკოზურია, სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მატება, ცილინდრურია, ჰემატურია, ოლიგურია, ანურია;
ადგილობრივირეაქციები: ვენაში შეყვანის შედეგად შესაძლებელია ფლებიტის განვითარება, რომლის თავიდან აცილება ხდება პრეპარატის ნელი შეყვანით (2-4 წთ-ის განმავლობაში); კუნთში ინექციის ადგილას შესაძლებელია ტკივილი, ინფილტრატის წარმოქმნა შეყვანის ადგილას.
სხვა: ცხვირიდან სისხლდენა, კანდიდოზი.
იმშემთხვევაში, თუგამოვლინდაისეთიგვერდითიმოვლენა, რომელიცარარისაღნიშნულიგამოყენებისინსტრუქციაში, პაციენტმაუნდამიმართოსმკურნალექიმს.
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა სულბაქტამის და ცეფტრიაქსონის, აგრეთვე სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინების და ბეტა–ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ;
- 1 თვემდე ასაკი;
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
კადერონის გამოყენების დროს თირკმლის დამაზიანებელი მოქმედების მქონე პრეპარატებთან და/ან მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის ფონზე, არსებობს ნეფროტოქსიკურობის მატების რისკი.
ექსპერიმენტულად დადგენილია ამინოგლიკოზიდებსა და ცეფტრიაქსონს შორის სინერგიული მოქმედება მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ. ფიზიკური შეუთავსებლობის გამო მათი დანიშვნა საჭიროა ცალ-ცალკე რეკომენდებულ დოზებში.
არ შეიძლება კადერონიiს შერევა ერთ შპრიცში ან ფლაკონში სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.
პარენტერალური გამოყენების ცეფალოსპორინებმა შეიძლება შეცვალონ თრომბოციტების აგრეგაცია და ჰემოკოაგულაციის მაჩვენებლები. ამ ეფექტების ინტენსივობა შეიძლება გაიზარდოს ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას, რადგან პრეპარატი ზრდის მათ ეფექტურობას (თრგუნავს რა ნაწლავურ მიკროფლორას, ამცირებს ვიტამინ K-ს სინთეზსა და პროთრომბინის ინდექსს).
საჭიროა თავის არიდება ბაქტერიოსტატულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისაგან. in vitro დადგენილია ანტაგონიზმი ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიაქსონს შორის. პრეპარატის დანიშვნა ერთდროულად ანტიბიოტიკებთან (მათ შორის ვანკომიცინთან, ამინოგლიკოზიდებთან), ლაბეტალოლთან, ფლუკონაზოლთან რეკომენდებული არ არის.
პრეპარატი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
დაუშვებელია კადერონის ხსნარის შერევა კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან (მაგ.: ჰარტმანის, რინგერის ხსნარი).
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია განვითარდეს ნევროლოგიური დარღვევები, მათ შორის კრუნჩხვები. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება არაეფექტურია.
ორსულობა და ლაქტაცია:
მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებაზე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს. კადერონის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
პრეპარატი გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია პაციენტის საგულდაგულო გამოკითხვა უშუალოდ ცეფალოსპორინებისა, პენიცილინების და სხვა ალერგენების მიმართ ანამნეზში მომატებული მგრძნობელობის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ასევე პენიცილინების მიმართ ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარება.
ისევე როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დროს, შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.
კადერონის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.
სიფრთხილით გამოიყენება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული ენტერიტისა და კოლიტის მქონე პაციენტებში. ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.
პრეპარატის გამოყენების ფონზე შესაძლებელია პანკრეატიტის განვითარება, გამოწვეული სანაღვლე გზების ობსტრუქციით.
ცეფტრიაქსონს გააჩნია უნარი განდევნოს შრატის ალბუმინთან დაკავშირებული ბილირუბინი, რის გამოც ჩვილ ბავშვებში kaderoniს გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ნაღვლის ბუშტში იშვიათად აღინიშნება დაჩრდილვა, რაც ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატია და შეცდომით კენჭებად აღიქმება. იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მოვლენას თან ახლავს კლინიკური სიმპტომატიკა, რეკომენდებულია კონსერვატიული თერაპიის ჩატარება. მკურნალობის კურსის შეწყვეტის აუცილებლობას წყვეტს ექიმი.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვილებში არის ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების დალექვის უფრო მაღალი რისკი ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ახალშობილებში 28 დღემდე აღწერილია ფატალური რეაქციები.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის კონტროლს.
კადერონით თერაპიის დროს შეიძლება ცრუ დადებითი მაჩვენებლის მიღება გალაქტოზემიის სინჯზე. ცრუ დადებითი მაჩვენებელი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე შარდში გლუკოზის განსაზღვრისას, ამიტომ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში გლუკოზურიის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ფერმენტული მეთოდით.
პრეპარატის გამოყენების დროს უკუნაჩვენებია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატისზემოქმედებაავტოტრანსპორტისადამექანიზმებისმართვისუნარზე:
მონაცემები კადერონის ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს. მაგრამ პრეპარატით მკურნალობისას გასათვალისწინებელია თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა.
შეფუთვა:
1.5 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალურიდათვალიერებისშედეგადაღმოჩენილირაიმესახისდეფექტისშემთხვევაშიპრეპარატისმიღებადაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.