კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა (KALIUM CHLORATUM BIOMEDICA)
500 მგ,ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
Kalii Chloratum
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაციაში მოყვანილი სრული ინფორმაცია, რადგანაც მასში თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემებია.
- შეინახეთ ანოტაცია იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
- ეს პრეპარატი დაგინიშნეს თქვენ. ნუ მისცემთ მას სხვა პირებს, რადგანაც ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი მსგავსი ჩივილები აქვთ.
- რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს. ასევე მოიქეცით ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში. იხილეთ პუნქტი 4.
წინამდებარე ანოტაციაში იხილავთ:
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას მიღების დაწყებამდე
- როგორ გამოიყენება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- 1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა წარმოადგენს კალიუმის შემცველ პრეპარატს.
კალიუმი სხეულში არსებული სითხეების ძირითადი შემადგენელი ნაწილია, წარმოადგენს მთავარ უჯრედშიდა კათიონს, აქვს მნიშვნელოვანი დანიშნულება ბევრ ფიზიოლოგიურ პროცესში, რომლებიც არსებითია ნერვული სისტემის, კუნთების გამართული ფუნქციონირებისთვის, გულისა და თირკმელების ნორმალური მუშაობის შენარჩუნებისთვის.
პრეპარატი გამოიყენება კალიუმის ნაკლებობის პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ შარდით კალიუმის დიდი ოდენობით დაკარგვის შედეგად: ზოგიერთი დიურეტიკის (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან შარდის წარმოებასა და გამოყოფას) მიღებისას, თირკმელების ზოგიერთი დაავადებისას, როდესაც ჭარბად ხდება შარდის წარმოქმნა, კორტიკოსტეროიდების (ჰორმონები, რომელთაც გამოყოფს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე) მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობისას, პირველადი და მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმისას (ჰორმონ ალდოსტერონის მომატებული წარმოება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში).
კალიუმის უკმარისობის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ კალიუმის დაკარგვით: ღებინება და ფაღარათები, საფაღარათე საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება, კუჭის წვენის ამოღება.
საკვების საშუალებით კალიუმის არასაკმარისი მიღება, დროებითი შიმშილობები, მიუღებელი წონაში დასაკლები დიეტები და ა.შ.
- 2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას მიღების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
- თუ გაქვთ ალერგია კალიუმის ქლორიდზე ან ამ პრეპარატის შემადგენელ სხვა ნაწილებზე (მოცემულია პუნქტში 6),
- სისხლში კალიუმის მაღალი დონისა და ყველა მდგომარეობის დროს, რომელსაც შეუძლია ამის გამოწვევა, პირველ რიგში თირკმლების ფუნქციის ძლიერი დაქვეითებისას, მდგომარეობების დროს, რომელთაც ახლავთ ქსოვილების მომატებული შლა (ჭრილობები, დამწვრობა), მწვავე დეჰიდრატაციისას (სხეულის სითხეების დიდი რაოდენობით დაკარგვა), ერთდროული მკურნალობა ისეთ დიურეტიკებთან ერთად, რომლებიც იწვევენ სხეულში კალიუმის შეფერხებას.
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების დროს, თირკმელზედა ჯირკვლების მომატებული ფუნქციისას, არაკონტროლირებადი დიაბეტის დროს.
თუ ამ აბზაცში ჩამოთვლილი დაავადებები პირველად აღმოგაჩნდებათ პრეპარატის მიღების დაწყების დროს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
სიფრთხილე და მისაღები განსაკუთრებული ზომები
პრეპარატ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან აფთიაქართან, კერძოდ:
- თუ გაქვთ თირკმელების ან თირკმელზედა ჯირკვლების დაავადება;
- არასაკმარისად კონტროლირებადი დიაბეტის დროს;
- მეტაბოლური აციდოზის (მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმში მჟავოვანი ნივთიერებების დაგროვება) დროს;
- თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
- თუ ერთდროულად იყენებთ დიგოქსინს (გულის უკმარისობის სამკურნალოდ) - პრეპარატ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დიგოქსინის ტოქსიკურობის გაზრდა.
კალიუმის უკმარისობის ხანგრძლივი მკურნალობის დროს სასურველია სისხლში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.
ბავშვები
მედიკამენტოზური ფორმა არ არის მიზანშეწონილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა და სხვა სამკურნალო საშუალებები
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს, ყველა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით ან შესაძლოა მიიღოთ.
პრეპარატის კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა და მასთან ერთად მიღებული პრეპარატების მოქმედებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ერთმანეთზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პრეპარატებთან ერთდროულ მიღებას, რომლებიც იწვევენ კალიუმის დონის მომატებას სისხლში ან თავადაც შეიცავენ კალიუმს, ასეთებია, მაგალითად,
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებები (ტკივილის გამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო სიცხის დამწევი საშუალებები),
- კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შარდის მომატებულ გამომუშავებასა და გამოყოფას უწყობენ ხელს) და ACE-ინჰიბიტორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
- დიგიტალური გლიკოზიდები (გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
- ბეტა-ბლოკატორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), ჰეპარინი (სისხლის შედედების შემამცირებელი მედიკამენტი), ციკლოსპორინი (იმუნიტეტის დამთრგუნველი საშუალება), ალდოსტერონის ბლოკატორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
- ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს ინჰიბიტორები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
- ანტიქოლინერგიკები (ნაწლავების მობილურობის შემამცირებელი),
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ წყლულების წარმოშობას (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ფეხმძიმედ ან ძუძუს აწოვებთ, ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ფეხმძიმედ ან შესაძლოა დაფეხმძიმდეთ, ამ სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ ხართ ფეხმძიმედ ან ძუძუს აწოვებთ, არ მიიღოთ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა, თუ ამას ექიმი არ გეტყვით გარკვევით.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
- 3. როგორ გამოიყენება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ანოტაციის თანახმად ან ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან აფთიაქარმა. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
დოზირება ინდივიდუალურია სისხლში კალიუმის დონის შესაბამისად. ზუსტ დოზირებას ყოველლთვის წყვეტს ექიმი.
ჩვეულებრივ ზრდასრულები 1-2 ტაბლეტს იღებენ დღეში 2-3-ჯერ.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები ჩვეულებრივ იღებენ 1 ტაბლეტს 1-2-ჯერ დღეში.
მედიკამენტოზური ფორმა არ არის მიზანშეწონილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
მიღების წესი
ტაბლეტები მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, გადაყლაპეთ მთლიანად, არ გაკვნიტოთ და დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი.
პრეპარატის კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში
თუ თქვენ მიიღებთ ან ბავშვი შემთხვევით მიიღებს ტაბლეტების საჭიროზე მეტ რაოდენობას, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების ნიშნებია: კუნთების სისუსტე, გაშეშება და დაბუჟება (პარესტეზია), პარალიჩი, დაბალი არტერიული წნევა სისხლის მიმოქცევის კოლაფსამდე (ძალების გამოცლა), გულის არარეგულარული რითმი გულის გაჩერებამდე. ამ გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქარს.
თუ დაგავიწყდათ კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას მიღება
არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ამ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
- 4. შესაძლო გერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად წინამდებარე პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აუცილებელი, რომ ყველას გამოაჩნდეს.
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება, ხანგრძლივი გამოყენებისას და განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების ერთეული შემთხვევები.
პრეპარატის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი ზედაპირის გაღიზიანება, რომელიც ვლინდება გულისრევის შეგრძნებით, პირღებინებით, მეტეორიზმით, მუცლის ტკივილითა და ფაღარათით. ერთეულ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნას წყლული. იმ შემთხვევაში, თუ ეს გვერდითი მოვლენები ან სხვა უჩვეულო რეაქცია გამოვლინდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
კალიუმის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კალიუმის არასასურველი მომატება.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ აღმოგაჩნდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, შეატყობინეთ თქვენს ექიმს, აფთიაქარს ან მედდას. ასევე მოიქეცით იმ შემთხვევაში, თუ აღმოგაჩნდებათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ მისამართზე:
სამკურნალო საშუალებების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი
შრობაროვა 48
100 41 პრაღა 10
ვებ-გვერდზე: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- 5. როგორ ინახება კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა
შეინახეთ 25 °C-მდე ტემპერატურაზე.
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ამ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. გამოყენების ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვში.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს აფთიაქარს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.
- 6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს 0,5 გ კალიუმის ქლორიდი ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარულ თითო ტაბლეტში (შეესაბამება 6,75 მმოლ K+)
დამხმარე ნივთიერებებია L 30% მეთილაკრილატის კოპოლიმერის დისპერსია, პოლისორბატი 80, ტალკი, კალციუმის სტეარატი, ტრიეთილ-ციტრატი, ჟელატინი.
კალიუმის ქლორიდი ბიომედიკას გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა
კალიუმის ქლორიდი ბიომედიკა წარმოადგენენ თეთრ ან მოყვითალო, სუსტად მარმარილოსებრ, ოსპისებურიშემოგარსული ტაბლეტებს მსბუქად არაერთგვაროვანი ზედაპირით.
შეფუთვა შეიცავს ნაწლავში ხსნად გარსით დაფარულ 50 ან 100 ტაბლეტს PVC/Al ბლიტერში.
რეგისტრაციის მფლობელი:
ბიომედიკა, სპოლ. ს.რ.ო. (Biomedica, spol. s.r.o.)
პეკარჟსკა 8
155 00 პრაღა 5
ჩეხეთის რესპუბლიკა
მწარმოებელი:
ბიომედიკა, სპოლ. ს.რ.ო. ჰორჟატევის განყოფილება (Biomedica, spol. s.r.o., Divize hořátev)
ჰორჟატევ 104
289 12 ნიმბურკი
ჩეხეთის რესპუბლიკა