ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მის წილად მოდის ავთვისებიან სიმსივნეთა 19%. კარცინომის განვითარების ალბათობა ასაკის პროპორციულად იზრდება - დაავადებულთა მხოლოდ 4%-ია 30 წელზე ახალგაზრდა. სიკვდილიანობა ყველაზე ხშირია 40-50 წლის ასაკში.
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების კარცინომა ძალიან იშვიათად გვხვდება.
სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი გააჩინეს 30 წლის შემდეგ, ასევე - ქალებს, რომლებსაც აქვთ კიბოს ოჯახური ანამნეზი ან ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია.
ძუძუს კიბოს განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები. უმთავრესად ეს არის განმეორებადი დისჰორმონური ჰიპერტენზია, რომელსაც სდევს ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის კერების გაჩენა (ფიბროადენომატოზი). ასეთი ცვლილებები შესაძლოა გამოიწვიოს ენდოკრინულმა დარღვევებმა, რომლებსაც არცთუ იშვიათად განაპირობებს საკვერცხეების დაავადება, ხშირი აბორტი, ბავშვის არასწორი კვება ძუძუთი და სხვა.
ძუძუს კიბოს განვითარების თვალსაზრისით განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ანატომიურ-ემბრიოლოგიურ გადახრებს - ჯირკვლოვანი ქსოვილის დამატებითი წილებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის (სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის) არსებობას. ყოველგვარი წარმონაქმნი, ავთვისებიანი გადაგვარებისკენ მიდრეკილების მიუხედავად, უნდა ამოიკვეთოს, რადგან ახალდაწყებული კიბოსგან მათი გარჩევა ზოგჯერ შეუძლებელია.
ჰისტოლოგიური შენებით სარძევე ჯირკვლის კიბო უმეტესად ან ადენოკარცინომას წარმოადგენს, ან მრავალი გარდამავალი ფორმის მქონე სოლიდურ კიბოს.
განასხვავებენ კარცინომის ინფილტრირებულ და არაინფილტრირებულ ფორმებს.
იშვიათად (ასიდან ერთ შემთხვევაში) სარძევე ჯირკვალში ჩნდება არაეპითელური ავთვისებიანი სიმსივნე - სარკომა, რომლის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები კიბოსგან არაფრით განსხვავდება.
ძუძუს კიბოს კლასიფიცირება ხდება ესტროგენული რეცეპტორების (ერც) არსებობა-არარსებობის საფუძველზე. ერც-ის მდგომარეობამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს დაავადების მიმდინარეობა. ერც-დადებითი სიმსივნე ხშირად აღმოცენდება კლიმაქსის შემდეგ. სარძევე ჯირკვლების პირველად კიბოს ათიდან 6-7 შემთხვევაში ერც-ის არსებობა ახასიათებს. ერც-ნეგატიური სიმსივნე ხშირია მენოპაუზამდელი ასაკის პაციენტებს შორის. ესტროგენული რეცეპტორების მდგომარეობის მიხედვით შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა.
სარძევე ჯირკვალში კარცინომას სხვადასხვა მდებარეობა აქვს. მარჯვენა და მარცხენა ჯირკვლები ერთნაირი სიხშირით ზიანდება. შემთხვევათა დაახლოებით 2,5%-ში კიბო ორივე სარძევე ჯირკვალს აზიანებს. მეორე ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნი შესაძლოა განვითარდეს როგორც მეტასტაზის, ისე დამოუკიდებელი სიმსივნის სახით.
პაციენტთა დაახლოებით ნახევარს ძუძუს კიბო ჯირკვლის ზედა გარეთა კვადრატში, იღლიის საზღვრის მიდამოში უჩნდება.
გარეგნულად სარძევე ჯირკვლის კიბო წარმოადგენს ან პატარა, მკვრივ, ხრტილისმაგვარ სიმსივნეს მკვეთრი საზღვრების გარეშე, ან რბილ, ცომისებური კონსისტენციის, მკვეთრად შემოსაზღვრულ მრგვალ კვანძს, რომელსაც აქვს გლუვი ან ხორკლიანი ზედაპირი და ზოგჯერ მნიშვნელოვან ზომას (5-10 სმ) აღწევს, ან გაურკვეველი სიმკვრივის წარმონაქმნს, რომელსაც გამოკვეთილი საზღვრები არ გააჩნია.
კიბოს ერთ-ერთ ტიპურ სიმპტომს წარმოადგენს კანის ფიქსაცია, დანაოჭება და ჩაღრმავება სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ. შედარებით გვიანდელ სტადიაში ვითარდება ლიმფოსტაზი (ფორთოხლის ქერქის სიმპტომი) - კანი ფორთოხლის ქერქს ემსგავსება და წყლულდება. ღრმად მდებარე სიმსივნე სწრაფად იზრდება მიმდებარე ფასციასა და კუნთებში.
მიმდინარეობა და სიმპტომები. სარძევე ჯირკვლების კარცინომის მიმდინარეობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, პირველ ყოვლისა - ქალის ჰორმონურ სტატუსსა და ასაკზე. ახალგაზრდებში, განსაკუთრებით - ორსულებსა და მეძუძურ დედებში, იგი სწრაფად მიმდინარეობს და მალევე იძლევა შორეულ მეტასტაზებს, მოხუცებს კი სარძევე ჯირკვლის კიბო შესაძლოა 8-10 წელიც კი მეტასტაზირების გარეშე ჰქონდეთ.
ძუძუს კიბოს, უწინარეს ყოვლისა, ახასიათებს სარძევე ჯირკვალში ისეთი სიმსივნური კვანძების ან სიმაგრეების წარმოქმნა, რომლებსაც მკვეთრი საზღვრები არ გააჩნია. ამასთან ერთად, ხშირია ჯირკვლის მდებარეობის შეცვლა - იგი დვრილთან ერთად აჭიმულია მაღლა ან შესივებულია და ქვემოთ არის დაშვებული. სიმსივნური წარმონაქმნის ადგილას კანზე შეიმჩნევა გამკვრივება ან ფოსოსებრი ჩაღრმავება. ზოგჯერ აღინიშნება ფორთოხლის ქერქის სიმპტომი და დაწყლულება.
სარძევე ჯირკვლის კიბოს ტიპური სიმპტომებია:
- ნებისმიერი გამაგრება მკერდზე;
- ცალი ძუძუს უჩვეულო გადიდება;
- ცალი ძუძუს უჩვეულო ჩამოშვება;
- კანის დანაოჭება მკერდის არეში;
- ძუძუსთავის ჩაბრუნება;
- მკლავის უჩვეულო შესივება;
- ძუძუსთავის ნებისმიერი ცვლილება;
- ლიმფური კვანძების გადიდება;
- ნებისმიერი უჩვეულო გამონადენი დვრილებიდან.
გამოყოფენ სარძევე ჯირკვლის კიბოს თავისებურ ფორმებს: მასტიტის მსგავსს, წითელი ქარის მსგავსს, ჯავშნისებურსა და პეჯეტის კიბოს.
მასტიტის მსგავსი კიბო გამოირჩევა ბობოქარი მიმდინარეობით, სარძევე ჯირკვლის მკვეთრი ზრდით, შესივებითა და მტკივნეულობით. კანი დაჭიმული, ცხელი და წითელია. კიბოს ამ ფორმის სიპტომები მასტიტისას ჰგავს, რაც არცთუ იშვიათად დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცევა.
წითელი ქარის მსგავს კიბოს ახასიათებს სარძევე ჯირკვალზე მკვეთრი სიწითლის გაჩენა, რომელიც ზოგჯერ სცდება მის საზღვრებს, აქვს დაკბილული კიდეები და ხანდახან ტემპერატურის მატებით მიმდინარეობს. სარძევე ჯირკვლის კიბოს ეს ფორმა შესაძლოა წითელ ქარად იქნეს მიჩნეული.
ჯავშნისებური კიბო ვითარდება ლიმფური ძარღვებითა და კანის ფორებით კიბოს ინფილტრაციის შედეგად, რაც იწვევს კანის ხორკლოვან გამკვრივებას.
პეჯეტის კიბოს ძუძუს დვრილის დაზიანება ახასიათებს. საწყის სტადიებში დვრილი სველია და იქერცლება, რასაც ხშირად ეგზემად მიიჩნევენ. შემდგომში სიმსივნე ჯირკვლის სადინარებით ღრმად ვრცელდება, ქსოვილში კიბოს კვანძებს წარმოქმნის და მეტასტაზურად აზიანებს ლიმფურ კვანძებს. პეჯეტის კიბო შედარებით ნელა მიმდინარეობს და მხოლოდ დვრილის დაზიანებით შემოიფარგლება.
მეტასტაზირება. სიმსივნური უჯრედები ლიმფურ კვანძებში ლიმფის ნაკადით ვრცელდება და მეტასტაზებს იწვევს. ყველაზე ადრე ზიანდება იღლიისა და ლავიწქვეშა ლიმფური კვანძები. შემდეგ ხდება ლავიწზედა, კისრის, მედიასტინური ლიმფური და საპირისპირო იღლიისქვეშა კვანძების მეტასტაზირება. ზოგჯერ ჯირკვალში სიმსივნის აღმოჩენაზე ადრე იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებს აღმოაჩენენ.
მეტასტაზები ჰემატოგენური გზით ვრცელდება ფილტვებში, პლევრაში, ღვიძლში, ძვლებსა და თავის ტვინში. მეტასტაზებმა შესაძლოა დააზიანოს ხერხემალი, მენჯის, ნეკნების, ქალას, თეძოსა და ბეჭის ძვლები. ამ დაზიანებას თავდაპირველად ყრუ ტკივილი ახასიათებს, რომელიც მოგვიანებით აუტანელ, მუდმივ ტკივილში გადაიზრდება.
დიაგნოსტიკა. სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის პირველი საფეხურია ავადმყოფის დათვალიერება, ხელით გასინჯვა და ჩივილების გაანალიზება. აუცილებლად უნდა გაისინჯოს ორივე სარძევე ჯირკვალი. ვინაიდან საკმაოდ ხშირია კიბოს ღვიძლში მეტასტაზირება, ისინჯება ღვიძლიც. გამოკვლევის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ფილტვების რენტგენოსკოპია.
როდესაც კარცინომის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, მაგრამ საწყის სტადიებში, როცა სიმსივნური წარმონაქმნი პატარაა, ღრმად მდებარეობს ან მეტასტაზები ჯერ კიდევ არ არის განვითარებული, დამატებითი კვლევა გარდაუვალია. ამ მიზნით ტარდება სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრაფია (უკონტრასტო მამოგრაფია), სიმსივნური წარმონაქმნის პუნქცია და ციტოლოგიური კვლევა. აუცილებელია ბიოფსიის შედეგად აღებულ მასალაში ესტროგენებისა და რეცეპტორების პროგრესირების განსაზღვრა. რეცეპტორპოზიტიური სიმსივნე ხშირად ჰორმონურ თერაპიას ექვემდებარება და უკეთესი პროგნოზი აქვს. ულტრაბგერით კვლევას სოლიდური ან კისტოზური ხასიათის წარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ.
დაავადების გავრცელების ხარისხის დასადგენად ტარდება ჩონჩხის სცინტიგრაფია (საჭიროების შემთხვევაში - ჩონჩხის რენტგენოგრაფია), ღვიძლის ექოსკოპიური კვლევა, ფილტვების რენტგენოგრაფია და სხვა.
მკურნალობა. საწყის სტადიაში, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი მცირე ზომისაა და რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ აღინიშნება, ხორციელდება ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ, რადიკალური მასტექტომია. როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის ზომა 5 სმ-ზე მეტია, კანის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, აღინიშნება სარძევე ჯირკვლის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფილტრაცია, ხოლო იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები შეიმჩნევა, ინიშნება კომბინირებული მკურნალობა. თავდაპირველად ტარდება დისტანციური გამა-თერაპია სარძევე ჯირკვლის არეზე და რეგიონული მეტასტაზების მიდამოში, შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. საოპერაციოდ სპეციალური მომზადება და ოპერაციის შემდგომი მოვლა საჭირო არ არის, აუცილებელია მხოლოდ ჭრილობის დამუშავება და ხელის ვარჯიშების ჩატარება ნაოპერაციევ მხარეს.
თუ ახალგაზრდა ქალს ძუძუს გავრცელებული კიბო აქვს, ინიშნება სხივური თერაპიის, ოპერაციისა და ჰორმონული თერაპიის კომბინაცია. ზოგჯერ ამას ჰორმონო-ქიმიოთერაპიაც ემატება.
სარძევე ჯირკვლის ჰორმონული ბუნების კარცინომის დროს იკვეთება ორივე საკვერცხე (ან დასხივებით ითიშება მათი ფუნქცია), ტარდება ანდროგენოთერაპია და კორტიკოიდული თერაპია თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დასათრგუნავად. ჰორმონული თერაპიის შეწყვეტა არ შეიძლება. მისი კურსი რამდენიმე თვეს, ზოგჯერ წელიწადსაც კი გრძელდება. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დასაშვებია დოზის შემცირება ან მისი მიღებიდან მიღებამდე ინტერვალის გაზრდა.
ქიმიო და ჰორმონულ თერაპიას ფართოდ იყენებენ შორეული მეტასტაზების არსებობისას. მეტასტაზები ძვლებშია ლოკალიზებული, ძირითად მკურნალობას ემატება მეტასტაზების დასხივებაც, რაც დროებითი რემისიის მიღწევისა და ავადმყოფის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.
თუ სარძევე ჯირკვლის კიბო შორს არის წასული: განვითარებულია მრავალი მეტასტაზი, სიმსივნე დაწყლულებულია, - ტარდება პალიატიური ოპერაცია, რაც ჯირკვლის ამპუტაციას ითვალისწინებს. ასეთი ოპერაცია გამიზნულია არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ ავადმყოფის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
სარძევე ჯირკვლის გავრცობილი კიბოს დროს ანუ შორეული მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში ხანშიშესულ ქალებს, რომელთაც 6 წელზე მეტია, აქვთ მენოპაუზა, ქიმიოთერაპიის პარალელურად ენიშნებათ მკურნალობა ქალის სასქესო ჰორმონით - ესტროგენით.
გულმკერდზე არსებული ნაწიბურის არხში სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივი იშვიათია. ამ შემთხვევაში ტარდება როგორც ადგილობრივი სხივური თერაპია, ისე ზოგადი ჰორმონო-ქიმიოთერაპია.
რეციდივის დროულად აღმოსაჩენად საჭიროა ავადმყოფის დინამიკაში დაკვირვება. ამისათვის 3-4 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება, ყოველწლიურად ჩატარდეს მამოგრაფია, ძვლების სკანირება, გულმკერდის ყაფაზის რენტგნოგრაფია და ღვიძლის გამოკვლევა. თავად ავადმყოფებმა უნდა აწარმოონ ყოველთვიური თვითგასინჯვა.
პროფილაქტიკა. 20-25 წელს გადაცილებულმა ყოველმა ქალმა პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის რეგულარულად უნდა იაროს ექიმთან. 35 წლამდე გამოკვლევის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია მამოლოგის მიერ პალპატორული (ხელით) გასინჯვა. ამის საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს, აუცილებელია თუ არა შემდგომი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ულტრასონოგრაფიულ (ექოსკოპიულ) კვლევას დანიშნავს. 35 წლის შემდეგ აღნიშნულ მეთოდებს ემატება მამოგრაფია - ძუძუს რენტგენოლოგიური კვლევა.
მამოლოგთან ვიზიტისთვის საუკეთესოა მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდი, რომელიც მენსტრუაციის დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ იწყება და მომდევნო ციკლის დაწყებამდე 5-6 დღით ადრე სრულდება. ამ დროს სარძევე ჯირკვალი ყველაზე მეტად არის მოსვენებული და პათოლოგიური პროცესი უფრო იოლი აღმოსაჩენია. ინსტრუმენტული გამოკვლევებიც მხოლოდ ამ პერიოდში ტარდება.
ექიმთან ვიზიტის სიხშირე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას. თუ სისხლით ნათესავებს ეს დაავადება ჰქონდათ, ალბათობა გაცილებით მეტია. ამ შემთხვევაში ქალმა 6 თვეში ერთხელ უნდა მიმართოს ექიმს. თუ ოჯახური ანამნეზი ამ დაავადებით არ არის დატვირთული, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა 35 წლამდე ორ წელიწადში ერთხელაც საკმარისია, 35 წლის შემდეგ კი წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული.
დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუს თვითგასინჯვა.
ძუძუს თვითგასინჯვა ტარდება ყოველთვიურად, სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან სიბერემდე. სარძევე ჯირკვლის შესამოწმებლად საუკეთესო დროა მერვე-მეათე დღე მენსტრუაციის შემდეგ. ამ დროს მკერდი არც ზედმეტად მაგარია და არც ზედმეტად რბილი. მენოპაუზის შემდეგ ძუძუს თვითგასინჯვა სასურველია ჩატარდეს ყოველი თვის პირველ რიცხვში.
სარძევე ჯირკვლების გასინჯვა ხდება აბაზანაში, ოდნავ გასაპნული ხელით, რათა ხელისგულმა კანზე ისრიალოს. მაღლა ასწიეთ მარცხენა მკლავი და მარჯვენა ხელით შეიმოწმეთ მარცხენა ძუძუ, შემდეგ - პირიქით. ძუძუ უნდა გაისინჯოს გაშლილი ხელისგულით ან შუა სამი თითის ბალიშებით. ძუძუს კიბოს 50% ძუძუს ზედა გარეთა კვადრატში ვითარდება, 15% - ზედა შიგნითა კვადრატში, 6% - ქვედა შიგნითა კვადრატში, 11% - ქვედა გარეთაში, ხოლო 18% - ძუძუსთავზე.
ზედაპირული გასინჯვა: თითის ბალიშებით მსუბუქი ზეწოლისას გამოვლინდება ნებისმიერი მცირე ზომის კანქვეშა მოძრავი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც უფრო ძლიერი ზეწოლისას ქრება და აღარ ისინჯება.
ღრმა გასინჯვა: ღრმა ზეწოლით გასინჯვისას ვლინდება შედარებით ღრმად მდებარე ქსოვილები და ნეკნების მიმდებარე არე.
ლიმფური კვანძები გაივლის იღლიების ქვეშ და ლავიწის არეში. ვინაიდან ძუძუს კიბო შესაძლოა ლიმფური კვანძების გადიდებით გამოვლინდეს, ზედმიწევნით გამოიკვლიეთ იღლიებისქვეშა და ლავიწის ძვლის გარშემო არსებული არე.
არსებობს ძუძუს ხელით გამოკვლევის ორი ძირითადი მეთოდი: სპირალური და ბადისა.
სპირალური მეთოდი : გასინჯვა დაიწყეთ მკერდის ზედა არიდან და ხელის მოძრაობით შემოხაზეთ დიდი სპირალი ძუძუსთავამდე. პროცედურა გაიმეორეთ ორ-ორჯერ ჯერ მსუბუქი, შემდეგ - ღრმა ზეწოლით.
ბადის მეთოდი : მკერდი წარმოსახვით დაყავით კვადრატებად და გამოიკვლიეთ ყოველი კვადრატი ცალ-ცალკე თითების წრიული მოძრაობით. თითოეული კვადრატი გაისინჯეთ ჯერ მსუბუქი, შემდეგ კი ღრმა ზეწოლით.
თუ დაშვებული ან მძიმე ძუძუ გაქვთ, გასინჯვისას შესაბამისი ხელით ქვემოდან დაიჭირეთ, საპირისპიროთი კი გაისინჯეთ.
შხაპის შემდეგ დადექით სარკესთან და კარგად დააკვირდით მკერდს ხილული ცვლილებების აღმოსაჩენად (ზომა, ფორმა, ფერი, ძუძუსთავის ჩაბრუნება). შემდეგ ხელები ასწიეთ თავს ზემოთ და მკერდი ახლა ამ მდგომარეობაში დაითვალიერეთ. ხელები ნიკაპქვეშ ერთმანეთს გადააჭდეთ, მოადუნეთ მკერდის კუნთი, ასწიეთ მხრები და წინ გადაიხარეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ორივე ძუძუ თანაბრად არის დაკიდებული. ბოლოს ნაზად მოუჭირეთ ხელი ძუძუსთავებს - დააკვირდით, ხომ არა გაქვთ უჩვეულო, განსაკუთრებით - მოვარდისფრო ამ მოწითალო გამონადენი.
სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვის უკანასკნელი საფეხურია მწოლიარე მდგომარეობაში გასინჯვა. ბეჭების ქვეშ ოთხად გაკეცილი პირსახოცი ამოიდეთ, მკერდზე ცოტაოდენი ლოსიონი წაისვით და დაიწყეთ მკერდის გასინჯვა სპირალურად ან უჯრედულად. არ დაგავიწყდეთ იღლიებისა და ლავიწის არეების შემოწმება.