ღვიძლის კარცინომა შესაძლოა იყოს როგორც პირველადი ანუ ღვიძლის უჯრედებიდან წარმომავალი, ისე მეორეული - ღვიძლის ქსოვილში ჩაზრდილი რომელიმე ორგანოს კიბოს მეტასტაზი. მეტასტაზური სიმსივნე პირველად კიბოზე 20-ჯერ ხშირად გვხვდება. სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეთა მესამედზე მეტი ჰემატოგენური გზით ღვიძლს აზიანებს. ღვიძლის პირველადი კარცინომა იშვიათი დაავადებაა - მის წილად ავთვისებიან სიმსივნეთა 0,2-3% მოდის. დაავადებულებს შორის ჭარბობენ 50-65 წლის მამაკაცები. მამაკაცების 90%-სა და ქალების 40%-ში ღვიძლის პირველადი სიმსივნე ავთვისებიანი ხასიათისაა.
ღვიძლის კიბოს განვითარებას ხელს უწყობს ქრონიკული ვირუსული  B ჰეპატიტი (იგი ჰეპატომის მქონე პაციენტთა 80%-ს აღენიშნება). ვირუსმატარებლებს ღვიძლის უჯრედული კიბოს განვითარების ალბათობა ორასჯერ მეტი აქვთ, ამასთანავე, მამაკაცებს - უფრო მეტი, ვიდრე ქალებს. ჰეპატომით დაავადებულთა დაახლოებით 60-90% აქვს ღვიძლის ციროზი.
ღვიძლის კარცინომის განვითარებას ხელს უწყობს ჰემოქრომატოზი (ორგანიზმში რკინის სიჭარბე), ღვიძლის ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პარაზიტული დაავადება (ოპისტორქოზი, შისტოსომოზი და სხვა), ასევე - სიფილისი და ალკოჰოლიზმი.
შესაძლოა, ღვიძლზე კანცეროგენული გავლენა მოახდინოს მრეწველობის პროდუქტებმა: პოლიქლორირებულმა დიფენილმა, ქლორირებულმა ნახშირწყლოვანმა ხსნარებმა (მაგალითად, ნიტროზამინებმა), ქლორის შემცველმა ორგანულმა პესტიციდებმა, ორგანულმა ნაერთებმა (საკვებ პროდუქტებში, მაგალითად, არაქისში, შემავალმა აფლატოქსინმა).
ღვიძლის პირველად კიბოებს შორის განასხვავებენ ჰეპატოცელულარულ კარცინომას (ჰეპატომა, ღვიძლუჯრე დოვანი კიბო, რომელიც პარენქიმული წარმომავლობისაა), ჰეპატობლასტომას (ბავშვთა ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე), ქოლანგიოკარცინომას (სანაღვლე გზების ეპითელიუმიდან წარმოშობილი სიმსივნე, რომლის წილადაც მოდის ღვიძლის პირველადი კიბოს 5-30%), ღვიძლის ანგიოსარკომას (იმავე ჰემანგიოენდოთელურ ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნეა და სისხლძარღვების ენდოთელიუმისგან წარმოიშობა).
ღვიძლის მეტასტაზური კიბოს უჯრედული შენება შეესაბამება იმ ორგანოს პირველადი სიმსივნის შენებას, საიდანაც იღებს სათავეს მეტასტაზი.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ღვიძლის კარცინომის საწყის სტადიაში შეიმჩნევა დისპეფსიური დარღვევები (უმადობა, გულისრევა, ღებინება), მარჯვენა ფერდქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნება, ყრუ ტკივილი, ცხელება, საერთო სისუსტე, წონის კლება და ანემია.
რამდენიმე კვირაში ღვიძლი დიდდება (ასიდან 88 შემთხვევაში). შესაძლოა, ხესავით გამაგრდეს და დაიხორკლოს. ღვიძლის საპროექციო არის ხელით გასინჯვისას შესაძლოა აღმოჩენილ იქნეს მტკივნეული სიმსივნური წარმონაქმნი (ათიდან 5 შემთხვევაში). თანდათანობით ძლიერდება სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობის ნიშნები (ათიდან 6 შემთხვევაში). პაციენტების 10-15%-ს უვითარდება შინაგანი სისხლდენა და შოკი. მოსალოდნელია ენდოკრინული დარღვევებიც (მაგალითად, კუშინგის სინდრომი), რომელთა მიზეზსაც წარმოადგენს სიმსივნური უჯრედების მიერ ჰორმონის მსგავსი ნივთიერების სეკრეცია.
მეტასტაზირება. ღვიძლის პირველადი კარცინომისთვის დამახასიათებელია ადგილობრივი ინვაზიური ზრდა. სიმსივნე განსაკუთრებით ხშირად ჩაიზრდება დიაფრაგმაში. შორეული მეტასტაზები მეტწილად (ასიდან 45 შემთხვევაში) ფილტვებში აღმოცენდება.

დიაგნოსტიკა. ღვიძლის კარცინომას თავდაპირველად ავადმყოფის ჩივილების, ღვიძლის ხელით გასინჯვის (პალპაცია, პერკუსია), ლაბორატორიული კვლევის შედეგების (სისხლში ბილირუბინის და შარდში ულობირინის შემცველობის მატება) მიხედვით ეჭვობენ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვიძლის ულტრაბგერით სკანირებას. იგი იძლევა ამ ორგანოს სტრუქტურის დეტალურად დათვალიერების საშუალებას, დიდი სიზუსტით ავლენს მასში კვანძოვან  წარმონაქმნებს და მათ კეთილთვისებიან თუ ავთვისებიან ბუნებასაც კი განსაზღვრავს. ულტრაბგერითი სკანირების კონტროლით შესაძლებელია ღვიძლის დამიზნებითი პუნქცია კანიდან, რაც საშუალებას იძლევა, დაისვას ზუსტი მორფოლოგიური დიაგნოზი და კიბო დიფერენცირებულ იქნეს მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებისგან.
სადავო შემთხვევაში ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსული კვლევა, ზოგჯერ - ლაპაროსკოპიული გამოკვლევაც, რომელიც ღვიძლის ზედაპირის დათვალიერების საშუალებას იძლევა. ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში მისი ზედაპირიდან იღებენ მასალას და ჰისტოლოგიურად იკვლევენ.
ღვიძლის კიბოს ათიდან 7-9 შემთხვევაში სისხლში იმატებს ფეტოპროტეინების შემცველობა. ეს კვლევა შესაძლოა წარმატებით იქნეს გამოყენებული ადრეული დიაგნოსტიკისთვის რისკჯგუფის პაციენტებში.
ზოგჯერ ინფორმაციულია მუცლის ღრუს რენტგენოსკოპიული კვლევაც, ოღონდ პნევმოპერიტონეუმის (მუცლის ღრუში ჰაერის შეყვანის) პირობებში - აირის შეყვანამ შესაძლოა გამოავლინოს ღვიძლის გადიდება და მისი ხორკლიანობა.
დამატებითი მონაცემების მიღება შესაძლებელია ღვიძლის რადიოიზოტოპური სკანირებით, კონტრასტული კვლევით (ჰეპატოგრაფია).

მკურნალობა. ღვიძლის კიბოს რადიკალური მკურნალობა ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მხოლოდ მცირე ზომის იზოლირებული კვანძების შემთხვევაშია შესაძლებელი მათი ქირურგიულად მოშორება (ღვიძლის რეზექცია). სიმსივნის ოპერაბელურობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ლაპაროტომიის (მუცლის ღრუს გაკვეთის) შემდეგ, მაგრამ ამ მანიპულაციას იშვიათად მიმართავენ, რადგან, წესისამებრ, ღვიძლის კარცინომა უკურნებელია, ამიტომ უმეტესად მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას სჯერდებიან. ქიმიოთერაპიული პრეპარატების ვენიდან შეყვანა პრაქტიკულად უეფექტოა. უფრო შედეგიანია პრეპარატების ღვიძლის არტერიიდან შეყვანა.
ღვიძლის მეტასტაზური დაზიანების დროს მკურნალობა სიმსივნის პირველად ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მეტასტაზის ქირურგიული წესით მოშორება ეფექტურია, მაგრამ ოპერაცია ნაჩვენებია მხოლოდ ღვიძლის ერთი წილის დაზიანებისა და ღვიძლშიდა მეტასტაზების ნიშნების არარსებობის შემთხვევაში.

პროფილაქტიკა. ვინაიდან ღვიძლის კიბოს განვითარებას ხელს უწყობს  ქრონიკული ვირუსული A ჰეპატიტი და ვირუსმატარებლობა, ზოგიერთი პარაზიტული დაავადება, სამრეწველო შხამების ღვიძლზე კანცეროგენული მოქმედება, ამიტომ პირველადი პროფილაქტიკის საფუძველს წარმოადგენს  ამ დაავადებების პროფილაქტიკა და გარესამყაროს დაბინძურებისგან დაცვა.
მეორეული პროფილაქტიკა ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და სათანადო მკურნალობას გულისხმობს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ალკოჰოლიზმთან ბრძოლას.
 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია