შარდის ბუშტის კარცინომის წილად ავთვისებიან სიმსივნეთა 1,5-3% და შარდსასქესო ორგანოთა სიმსივნეების 30-50% მოდის. მამაკაცები ქალებზე 3-4-ჯერ ხშირად ავადდებიან. სიმსივნის ეს ფორმა ყველაზე ხშირად 40-60 წლის ასაკში გვხვდება. შარდის ბუშტის კიბოს განვითარება უკავშირდება თამბაქოს წევას და ზოგიერთი ქიმიური და ბიოლოგიური კანცეროგენის ზემოქმედებას. რეზინის, საღებავების, ქაღალდებისა და ქიმიურ მრეწველობაში გამოყენებული ნივთიერებების კანცეროგენული ნაწილაკები ხელს უწყობს შარდის ბუშტის კიბოს აღმოცენებას. ცნობილია ანილინის მავნე გავლენა. ანილინის საწარმოებში მომუშავეებს შორის შარდის ბუშტის კიბო გაცილებით ხშირად გვხვდება, ამასთანავე, ის ანილინთან კონტაქტის შეწყვეტიდან 10 წლის და უფრო მეტი ხნის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს.
კიბოსწინარე დაავადებებს მიაკუთვნებენ კეთილთვისებიან ეპითელურ სიმსივნეებს (პაპილომებს). ესენია ხაოიანი წანაზარდები, რომლებსაც ხშირად გრძელი ფეხი აქვს, ზომით კი ქინძისთავისოდენადან დიდი ვაშლისოდენამდე მერყეობს. არცთუ იშვიათია მრავლობითი პაპილომა (შარდის ბუშტის პაპილომატოზი). კიბოს განვითარების ალბათობა ასევე დიდი აქვთ ქრონიკული ცისტიტით დაავადებულებს.
ყველაზე ხშირად გვხვდება გარდამავალუჯრედული კიბო. შედარებით იშვიათია ბრტყელუჯრედული კიბო და ადენოკარცინომა. შარდის ბუშტი, გარდა პირველადი კიბოსი, შესაძლოა დააზიანოს მეზობელი ორგანოების (წინამდებარე ჯირკვლის, საშვილოსნოს და სხვა) სიმსივნემაც.
სიმპტომები და მიმდინარეობა. შარდის ბუშტის კარცინომის მთავარი სიმპტომია ჰემატურია (შარდში სისხლის მინარევის არსებობა). ასიდან 75 შემთხვევაში ის დაავადების პირველ სიმპტომს წარმოადგენს. ჰემატურია მოულოდნელად ვითარდება. სისხლის მინარევი შესამჩნევია, მაგრამ არ შეინიშნება თირკმლის კიბოსთვის დამახასიათებელი ჭიისმაგვარი სისხლის კოლტები. ჰემატურია უფრო შეუპოვარია, ვიდრე პაპილომის დროს. ინფექციის დართვისა და ცისტიტის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შარდვა გახშირდეს და მტკივნეული გახდეს. კიბოთი ინფილტრირებისას შარდის ბუშტის კედლის ელასტიკურობა იკლებს, რაც ასევე იწვევს შარდვის გახშირებას. დაავადება შესაძლოა გართულდეს ჰიდრონეფროზით და პიელონეფრიტით.
მეტასტაზირება. შარდის ბუშტის კიბოს მეტასტაზირება ძირითადად ლიმფური გზით ხდება. სიმსივნე მიდრეკილია ბუშტის გარშემო არსებულ ქსოვილებში სწრაფად გავრცელებისკენ. ხშირად ზიანდება მენჯის ლიმფური კვანძები. შედარებით იშვიათად ვითარდება შორეული მეტასტაზები ფილტვებში, ღვიძლსა და ძვლებში. სიმსივნის რეციდივი შესაძლოა აღმოცენდეს როგორც სხივური თერაპიის, ისე ქიმიოთერაპიის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ტარდება პალიატიური დასხივება ან სიმპტომური მკურნალობა.
დიაგნოსტიკა. ხელით გასინჯვა აუცილებელია, მაგრამ შარდის ბუშტის შიგნით მზარდი პატარა ზომის სიმსივნის შემთხვევაში ნაკლებინფორმაციულია.
შარდის ბუშტის კარცინომის კვლევის ძირითადი მეთოდია ცისტოსკოპია (შარდის ბუშტის ღრუს ენდოსკოპიური დათვალიერება), რომელიც ბუშტის შიგნიდან დათვალიერების, სიმსივნის გამოვლენის, მისი ხასიათისა და გავრცელების დიდი სიზუსტით დადგენის საშუალებას იძლევა. მორფოლოგიური დიაგნოზის დასადგენად ტარდება ბიოფსია.
თუ ცისტოსკოპიის ჩატარება და ჰისტოლოგიური კვლევისთვის მასალის აღება შეუძლებელია, ტარდება შარდის ციტოლოგიური ანალიზი ატიპურ უჯრედებზე.
ბოლო ხანს ფართოდ გავრცელდა შარდის ბუშტის ექოსკოპია და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის მეშვეობითაც არა მარტო სიმსივნეს, არამედ ბუშტის კედლისა და მეზობელი ორგანოების დაზიანების ხარისხს და რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არსებობა-არარსებობასაც ადგენენ.
შარდის ბუშტის კედლის ინფილტრირების ხარისხისა და ირგვლივ არსებულ ქსოვილებში სიმსივნის გავრცელების დასადგენად ზოგჯერ მიმართავენ რენტგენოლოგიურ კვლევას ორმაგი კონტრასტირების პირობებში (შარდის ბუშტსა და გარს შემოკრულ ბოჭკოებში შეჰყავთ ჟანგბადი). ჰაერის ფონზე შესაძლებელია შარდის ბუშტის კედლის გასქელებისა და სიმსივნის ბუშტის გარეთ გამავალი უბნის ნახვა.
ფილტვებში მეტასტაზების არსებობის გამოსავლენად ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ძვლებში მეტასტაზირების ეჭვის შემთხვევაში ტარდება ძვლების რენტგენოგრაფია.
მკურნალობა. შარდის ბუშტის კარცინომის მკურნალობა გულისხმობს ოპერაციულ ჩარევას, სხივურ და მედიკამენტურ მკურნალობას.
მკურნალობის ტაქტიკა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. შარდის ბუშტის კიბოს ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია ადგილობრივი ქიმიოთერაპიის წარმოება. გავრცობილი დაზიანების (ურეთრისა და პროსტატის დაზიანების) და სიმპტომების პროგრესის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაცია. ის ტარდება უროონკოლოგიურ ან უროლოგიურ განყოფილებაში და მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნასა და კვალიფიკაციას. ქირურგიული ჩარევა ითვალისწინებს შარდის ბუშტის რეზექციას ან მის ამოკვეთას (მენჯის ლიმფურ კვანძებთან ერთად ან მათ გარეშე), შარდსადენის ნაწლავში გადანერგვას ან კანის გარეთ მის გამოტანას. ზოგჯერ ოპერაციას ქიმიოთრეპიასა და სხივურ თერაპიას ამჯობინებენ, შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
რადიკალური ცისტექტომია ღრმად ინფილტრირებული სიმსივნის მკურნალობის არჩევით მეთოდს წარმოადგენს. მამაკაცებში ის შარდის ბუშტისა და პროსტატის ამოკვეთას გულისხმობს, ქალებში - შარდის ბუშტის, ურეთრის, საშოს წინა კედლის და საშვილოსნოს ამოკვეთას. შარდის ბუშტის პლასტიკა მსხვილი ან წვრილი ნაწლავით ხორციელდება. ოპერაციის შემდეგ ასიდან 25 შემთხვევაში ვითარდება რეციდივი.
შარდის ბუშტის ზედაპირული კიბოს ოპერაციის შემდეგ ბუშტის შიგნით წარმოებული ქიმიოთერაპია აქვეითებს რეციდივის განვითარების რისკს.
გავრცობილი კიბოს დროს, როდესაც პროცესში ჩათრეულია მუცლის გარეთა ლიმფური კვანძები და განვითარებულია შორეული მეტასტაზები, შარდის ბუშტში ადგილობრივად წარმოებულ ქიმიოთერაპიას საგულისხმო ეფექტი არ აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხანგრძლივი სხივური თერაპია ხანგრძლივ რემისიას არ იძლევა.
პროფილაქტიკა. შარდის ბუშტის კარცინომის პროფილაქტიკა ითვალისწინებს პროფესიული მავნე ფაქტორების მოშორებას. უნდა გამოირიცხოს ქიმიურ საწარმოებში მომუშავეთა უშუალო კონტაქტი ქიმიკატებთან, მკაცრად უნდა ჩატარდეს მათი დისპანსერიზაცია. აუცილებელია შარდის ბუშტის კეთილთვისებიანი პაპილომების რადიკალური მკურნალობა (ელექტროკოაგულაცია ან ქირურგიული მეთოდით მოშორება), ანთებითი დაავადებების დროული და სწორი თერაპია.
ბოლო ხანს ჩატარებულმა კვლევებმა ნათელყო შარდის ბუშტის კავშირი მოწევასთან, ამიტომ თამბაქოზე უარის თქმა შარდის ბუშტის სიმსივნის განვითარების საპროფილაქტიკოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.