ბაიასებრთა ოჯახის მცოცავი, ყლორტებზე მოპირისპირედ განლაგებული კენტფრთართულფოთლებიანი მცენარეა. მუქმწვანე ფოთლები უფრო ხშირად ხუთფოთოლაკიანია. კვერცხისებრი, თავწაწვეტებული, ფუძეგულისებრი ფოთოლაკები კიდემთლიანი ან უთანაბროდ-დანაკვთულია, ქვედა მხრიდან, ძარღვებშებუსვილი. ფრიად სურნელოვანი თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში საგველნაირ თანაყვავილებადაა შეკრებილი. ყვავილსაფრის თავბლაგვი და წაგრძელებული ფოთოლაკები თვითოეულ ყვავილში ხშირად ოთხია, იშვიათად კი ხუთიც, რომელიც ორივე მხარეს ქეჩისებრბუსუსიანია.
იზრდება ზღვის დონედან 1200 მ სიმაღლეზე, უფრო ხშირად ჩალისა და დაბლობთა ტყეებში მთელს საქართველოში. ჩვენში იგი ნაირგვარი სახელწოდებითაა ცნობილი. სამეგრელოში - შხური მიჭი, შხურიში ჭუ, გურიაში - ოსურადა; რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში - ციცაბარდა; ზემოიმერეთში - კატავენახა; ფშავსა და კახეთში უსურვაზი, თეთრი უსურვაზი. ვერტიკალურ გამწვანებაში გამოსაყენებლად ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა.
ლიტერატურული ცნობებით შხამიანია, ამიტომ მისი ნედლი ფოთლები დიდი სიფრთხილით და თანაც იშვიათად გამოიყენება სამკურნალოდ. ხალხში ნედლ ფოთლებს ჩირქოვან მუწუკებზე ადებენ, ჩვილ ყლორტებს ადრე ბუასილის სამკურნალოდ ხმარობდნენ მთელს კავკასიაში.
ნედლი ფოთოლი რეკომენდებულია კუჭის წყლულისა და შაკიკის სამკურნალოდ, აგრეთვე ჩირქოვან მუწუკებზე დასაფენად. იყენებენ ტინქტურის სახითაც.
ხალხურ მედიცინაში კატაბარდას ფესვების ნახარშს იყენებენ თავის ტკივილისა და ციებ-ცხელების სამკურნალოდ. გარეგან სახმარად კი ძირმაგარებისა და მუნის (ბღერის) საწინააღმდეგოდ.
კატაბარდას ყვავილებისა და მოუმწიფებელი ნაყოფების სპირტზე ნაყენის გამოყენებით, აგრეთვე შემდგომში ცხოველებზე ჩატარებული ცდებით დამტკიცდა, რომ კატაბარდა გულზე მოქმედებს დამაწყნარებლად, მნიშვნელოვნად აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას და სპობს კანის სოკოვან დაავადებებს. გააჩნია ძლიერი ბაქტერიციდული თვისებები და სხვა.
ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ხალხში ცნობილი მცენარეული სამკურნალო რესურსებიდან მეცნიერული მედიცინის მიერ ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოუკვლეველია და აუცილებელ შესწავლას ელოდება მათი სამკურნალო თვისებების მეცნიერულად დასაბუთების თვალთახედვით.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია