"კატარაქტა" ბერძნული სიტყვაა და "წყალვარდნილს" ნიშნავს. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ კატარაქტის დროს გუგაზე ზემოდან ქვემოთ წყალვარდნილივით ეშვებოდა ნაცრისფერი აპკი და ადამიანს თვალისჩინს ართმევდა. სინამდვილეში კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. ბროლი არის ორმხრივამოზნექილი ლინზა, რომელსაც სინათლის სხივების გატარება და ბადურაზე საგნების ფოკუსირება აკისრია. ჯანმრთელი ადამიანის ბროლი გამჭვირვალეა, თავისუფლად ატარებს და გარდატეხს სინათლის სხივს, რის წყალობითაც ადამიანი გარესამყაროს ნორმალურად ხედავს, კატარაქტის დროს კი ბროლის ბიოქიმიური შემადგენლობა იცვლება და ეს ორგანო თანდათან გაუმჭვირვალი ხდება. სინათლის სხივი შემღვრეული ბროლის გავლას ძლივსღა ახერხებს, ამიტომ ადამიანი საგნებს ისე ხედავს, თითქოს დაორთქლილი მინიდან უყურებდეს. დროთა განმავლობაში მხედველობის სიმახვილე უფრო და უფრო მეტად იკლებს.
ჩვეულებრივ, კატარაქტა ორივე თვალს აზიანებს, მაგრამ არა ერთდროულად. ერთ-ერთი თვალი შესაძლოა რამდენიმე თვით, რამდენიმე წლით ადრეც კი დაავადდეს.
სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, კატარაქტა თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის მთელ მსოფლიოში 40 წელს გადაცილებულთა მესამედს აღენიშნება.
ერთმანეთისგან განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტის დროს ბროლის შემღვრევა, წესისამებრ, შემოსაზღვრულია და არ პროგრესირებს, შეძენილ ფორმას კი პროგრესირებადი ხასიათი აქვს.
თანდაყოლილი კატარაქტა ყოველი 10 000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება. დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადება, მის მიერ სტეროიდული ჰორმონების მიღება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება.
შეძენილ კატარაქტას, განვითარების მიზეზის კვალობაზე, რამდენიმე ჯგუფად ყოფენ:

  • ასაკობრივი (ხანდაზმულთა) კატარაქტა;
  • ტრავმული კატარაქტა - ვითარდება როგორც დახურული ტრავმის, ისე თვალის კაკალში შემავალი ჭრილობის შედეგად;
  • გართულებული კატარაქტა - ვითარდება თვალის გარსის სისხლძარღვების ანთების (უვეიტი), მაღალი ხარისხის ახლომხედველობის, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური დეგენერაციისა და თვალის ზოგიერთი სხვა დაავადების ფონზე;
  • სხივური კატარაქტა - ბროლის შემღვრევა გამოწვეულია სხივური ენერგიის - ინფრაწითელი სხივების (ჩვეულებრივ, პროფესიულია, მაგალითად, მინის მბერავების კატარაქტა), რენტგენისა და რადიაციის ზემოქმედებით;
  • ტოქსიკური კატარაქტა - ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ წამლისმიერი კატარაქტების დიდ ნაწილს, რომლებიც აღმოცენდება ზოგიერთი წამლის (კორტიკოსტეროიდების, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების და სხვათა) ხანგრძლივი მიღების შედეგად;
  • ორგანიზმის ზოგადი დაავადებებით (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები) გამოწვეული კატარაქტა.

კატარაქტის განვითარების რისკს ზრდის მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, სიმსუქნე, მუქი კანი, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ კატარაქტის 4 სტადიას: დაწყებითს, უმწიფარს, მწიფესა და გადამწიფებულს.

  • დაწყებითი კატარაქტა. კატარაქტის ყველაზე ადრეულ ნიშნად მიიჩნევენ ბროლის გაწყლიანებას - მის შიგნით ჭარბი სითხის დაგროვებას. ეს სითხე ბროლის ქერქოვან შრეში, ბოჭკოებს შორის გროვდება. მოგვიანებით ქერქში ჩნდება დამახასიათებელი შემღვრევა, რომელიც უფრო მეტად არის გამოხატული ბროლის უკანა ზედაპირზე. დაწყებითი კატარქტის დროს ავადმყოფთა უმრავლესობა უჩივის მხედველობის ველში შავი მოძრავი წერტილების გაჩენას, გამოსახულების გაორებასა და გაბუნდოვანებას, საგნების მოყვითალოდ აღქმას. დაავადების ამ სტადიაში მხედველობა, პრაქტიკულად, არ სუსტდება.
    კატარაქტის დაწყებითი სტადია 2-დან 15 წლამდე გრძელდება.
  • უმწიფარი სტადია. პროცესი პროგრესირებს. შემღვრევა კაფსულისა და ცენტრალური ოპტიკური უბნისკენ ვრცელდება. დაწყებითი კატარაქტის დროს შემღვრევა ოპტიკური ზონის გარეთ არის, ამიტომ მისი არსებობა მხედველობის სიმახვილეზე არ აისახება, უმწიფარ სტადიაში კი ბროლის ნივთიერების ძლიერი შემღვრევა მხედველობის სიმახვილეს მკვეთრად აქვეითებს.
    რაც უფრო მწიფდება კატარაქტა, მით უფრო შესამჩნევია სიმპტომები. პაციენტები უჩივიან მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას, საგნებს ხედავენ ბურუსით მოცულს, სათვალე არ შველით, მომატებული აქვთ მგრძნობელობა სინათლის მიმართ. თანდათან ბაცდება გუგაც.
  • მწიფე კატარაქტა. ბროლის ქერქის ყველა ნაწილი შემღვრეულია. ზოგჯერ ამ სტადიას ყოფენ ორ ფაზად - თითქმის მწიფე კატარაქტად, როცა ქერქში შემღვრევა ფართოა, მხედველობის სიმახვილე დაქვეითებულია, მაგრამ პაციენტი არჩევს თვალის სიმახვილის შესამოწმებელი სპეციალური ტაბულის პირველ ორ სტრიქონს და მწიფე კატარაქტად, როცა ბროლის ნივთიერება სავსებით შემღვრეულია, ხოლო მხედველობის სიმახვილე იმდენად არის დაქვეითებული, რომ პაციენტი მხოლოდ სინათლეს აღიქვამს.
  • გადამწიფებული კატარაქტა. იწყება ბროლის ბოჭკოების დაშლა. ბროლის ნივთიერება თხიერდება, კაფსულა იკეთებს ნაკეცებს, ქერქი იღებს ერთგვაროვან რძისფერს, შედარებით მკვრივი ბირთვი სიმძიმის ძალის გავლენით დაბლა იწევს.

კატარაქტის კლინიკური გამოვლინება ბროლის შემღვრევის ადგილზეა დამოკიდებული. ამის კვალობაზე, განასხვავებენ:

  • წინა პოლარულ კატარაქტას;
  • უკანა პოლარულ კატარაქტას;
  • თითისტარისებურ კატარაქტას;
  • შრეობრივ კატარაქტას;
  • ბირთვულ კატარაქტას;
  • კორტიკალურ კატარაქტას;
  • უკანა სუბკაფსულურ კატარაქტას;
  • ტოტალურ კატარაქტას.

მაგალითად, ბირთვული (ცენტრალური) კატარაქტის დროს თავდაპირველად ირღვევა შორი მხედველობის სიმახვილე, ავადმყოფი საგნებს ისე ხედავს, როგორც ბურუსში. საღამოს და მოღრუბლულ ამინდში ავადმყოფი უკეთ ხედავს, ვიდრე დილით, რაც იმით აიხსნება, რომ კარგი განათებისას გუგები ვიწროვდება და ბროლის შემღვრეულ ცენტრალურ ნაწილში გავლილი სინათლის ოდენობა საკმარისი არ არის, შებინდებისას კი გუგები ფართოვდება და თვალში სხივები ბროლის გამჭვირვალე პერიფერიიდან შედის.
ბროლის ქერქში არსებული შემღვრევის (კორტიკალური კატარაქტის) საწყის სტადიაში მხედველობის სიმახვილე საერთოდ არ იცვლება. ასეთი კატარაქტა ნელა პროგრესირებს.
სუბკაფსულური კატარაქტა სწრაფი პროგრესირებით გამოირჩევა და ავადმყოფი მხედველობას რამდენიმე თვეში კარგავს.

საეჭვო ნიშნები

  • მხედველობა მოულოდნელად ქვეითდება - თვალწინ თითქოს ნისლი ჩნდება;
  • მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალზე დატვირთვის მატებას;
  • მსხვილი შრიფტით ნაბეჭდი ტექსტის კითხვა ჭირს, სათვალე მხედველობას არ აუმჯობესებს;
  • ჭირს შორს მდებარე საგნების გარჩევა;
  • ნელ-ნელა ირგვლივ მდებარე საგნები კარგავენ მოხაზულობას და ორდებიან;
  • თვალები სინათლისადმი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება;
  • გუგები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შავია, შესაძლოა გაბაცდეს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კატარაქტაზე სულ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი. მხოლოდ მას შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა. ექიმი სადიაგნოსტიკოდ ატარებს ბიომიკროსკოპიას - თვალის დათვალიერებას, ოფთალმოსკოპიას - თვალის ფსკერის დათვალიერებას - და ჩვენებიდან გამომდინარე, სხვა ოფთალმოლოგიურ კვლევებს.
არსებობს კატარაქტის საწინააღმდეგო სპეციალური მედიკამენტებიც. ისინი უმთავრესად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე ახდენენ გავლენას. წვეთებთან ერთად რეკომენდებულია თვალისთვის განკუთვნილი ვიტამინებისა და მოცვის შემცველი მედიკემენტების მიღება.
თუ მედიკამენტური მკურნალობა დაავადების საწყის ეტაპზევე დავიწყეთ და უწყვეტად განვაგრძეთ, შესაძლოა, პროცესი შევაფერხოთ, მაგრამ ამ გზით განკურნება შეუძლებელია. კატარაქტისგან განკურნების ერთადერთი გზა ოპერაციაა.
არსებობს კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ინტრაკაფსულური ექსტრაქცია, ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია, ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია, ლაზერული ფაკოემულსიფიკაცია. ოპერაციისას ხდება ხელოვნური ბროლის ჩანერგვა. ჩამოთვლილ მეთოდთაგან ორი უკანასკნელი ე.წ. უნაკერო ოპერაციაა: სპეციალური ულტრაბგერითი ან ლაზერული აპარატის მეშვეობით ხდება ბროლის დანაწევრება, ამოღება და ხელოვნური კუმშვადი ბროლის იმპლანტაცია.
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევს ოპერაციის მეთოდს. თუ ორივე თვალის ოპერაციაა საჭირო, ქირურგიული ჩარევა ჯერ უფრო ნაკლებად მხედველ თვალზე ხდება. ერთდროულად ორივე თვალის ოპერაცია არ ტარდება.
პროფილაქტიკა. კატარაქტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ამ დაავადების ადრეულ გამოვლენას, სათანადო მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებას.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია