კბილის ქვა კბილის ზედაპირზე არსებული რბილი ნადებისგან წარმოიქმნება. ის მუქი ფერისაა, რაც იმით აიხსნება, რომ მის შემადგენლობაში შედის საკვების ნარჩენები, ბაქტერიები, მკვდარი ქსოვილები, კალციუმის, ნატრიუმის მარილები. ქვა თავდაპირველად რბილი ნადების დაგროვების ადგილებში ყალიბდება. ეს ის ადგილებია, რომლებიც ღეჭვის დროს სათანადოდ არ იწმინდება. დაგროვილი ნადები მინერალური კომპონენტებით იჟღინთება და მაგრდება.
თუ ადამიანი თავის კბილებს სარკეში კარგად დააკვირდება, მუქი ლაქების არსებობას შეამჩნევს. თუ ეს ლაქები საღეჭ ზედაპირზე მდებარეობს, მაშინ მათ კბილის ქვებთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ თუ ლაქები კბილის შიგნითა და გარე ზედაპირზეა განლაგებული, მაშინ ეს ქვა ყოფილა. ჩვეულებრივ, ქვა ღრძილთან ახლოს მდებარეობს.
კბილის ქვის ჩამოყალიბებას, როგორც წესი, 4-6 თვე სჭირდება. პირველი ქვები მოზარდ ასაკში ჩნდება. შემდეგ, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის შემთხვევაში, მათი რაოდენობა თანდათან იმატებს.
კბილი ქვის წარმოშობის მიზეზად შესაძლოა იქცეს შემდეგი ფაქტორები:

  • კბილების არარეგულარული ან არასწორი წმენდა;
  • რაციონში რბილი საკვების სიჭარბე;
  • ღეჭვა მხოლოდ ცალ მხარეს;
  • უხარისხო კბილის ჯაგრისისა და პასტის გამოყენება;
  • ნივთიერებათა (პირველ რიგში - მარილოვანი) ცვლის დარღვევა.

კბილის ქვის წარმოშობის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს კბილების არასწორი განლაგება, ბჟენების ჩასმის გამო მათი ზედაპირის სიგლუვის დარღვევა. კბილის ქვის წარმოქმნის პირველი ნიშანია ღრძილების ქავილი, სისხლდენა და პირიდან უსიამოვნო სუნი. უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა კბილის გარემომცველი ყველა ქსოვილი დაზიანდეს, კბილი მოირყეს და ამოვარდეს.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ღრძილზედა (ნერწყვისმიერ) ქვას, რომელიც ლოკალიზდება კბილის ყელის არეში და ღრძილქვეშა (შრატისმიერ) ქვას, რომელიც კბილის ფესვზეა მიმაგრებული. ქვა შესაძლოა პროთეზზეც გაჩნდეს, თუ პატრონმა მას სათანადოდ არ მოუარა.
ღრძილზედა ქვა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მას აქვს თეთრი ან მოყვითალო ფერი, არის თიხისმაგვარი ან მყარი. ღრძილზედა ქვა სპეციალური ინსტრუმენტით ადვილად შორდება კბილის ზედაპირს.
ღრძილქვეშა ქვა, ჩვეულებრივ, მაგარი და მკვრივია. მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სტომატოლოგიური ინსტრუმენტების დახმარებით. არის მომწვანო-მოშავო ან მუქი ყავისფერი, მჭიდროდ ეკვრის კბილის ფესვს.
გაქვთ თუ არა კბილებზე ქვები, იოლი დასადგენია: აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ ლუგოლის ხსნარში და კბილები გაიწმინდეთ. ქვა და ნადები შეიღებება. ასეთ შემთხვევაში პაროდონტიტის თავიდან ასაცილებლად, რასაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს ქვა, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს.
კბილებიდან ქვების მოცილება რეკომენდებულია ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
კბილის ქვის მოშორება რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • ქვისა და ნადების მოშორებას (ულტრაბგერისა და ხელის ინსტრუმენტის დახმარებით);
  • კბილების მოხვეწას;
  • კბილების გაპრიალებას.

მოხვეწისა და გაპრიალების ნაცვლად კბილებზე შეიძლება დაიდოს დამცავი პასტა.
კბილის ქვის მოშორება შესაძლებელია გაუტკივარებითაც.
კბილის ქვის საპროფილაქტიკოდ აუცილებელია კბილის სწორად ხეხვა, ხარისხიანი კბილის ჯაგრისისა და პასტის გამოყენება და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი. სასურველია, გამოიყენოთ ასევე კბილის ძაფი (რადგან ქვა ყველაზე ხშირად კბილებს შორის ჩნდება), კბილების საწმენდი ჩხირები, პირის ღრუში გამოსავლები სითხეები და ენის საწმენდი.
კბილები დღეში ორჯერ მაინც უნდა გაიხეხოთ: ნასაუზმევს და საღამოს, ძილის წინ. იდეალურ შემთხვევაში კბილების გახეხვა სასურველია ყოველი ჭამის შემდეგ. ხეხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვედა საჭრელი კბილების შიდა ზედაპირს და ზედა გვირგვინოვანი კბილების გარე ზედაპირს, განსაკუთრებით - ღრძილთან ახლოს. ასევე დიდი ყურადღებით უნდა გაიხეხოთ ეშვები.
ცაციებმა კბილების ხეხვა უნდა დაიწყონ ზედა ყბის მარცხენა ნაწილიდან, მემარჯვენეებმა - მარჯვენადან. ცალკე უნდა გაიხეხოთ გარე, ცალკე - შიდა და ცალკე - საღეჭი ზედაპირები. კბილების ხეხვა 3 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. კბილების გამოხეხვის შემდეგ ჯაგრისი კარგად უნდა გაირეცხოს წყლით და გაშრეს. მისი გამოცვლა საჭიროა ყოველ 3-6 თვეში ერთხელ.
აუცილებელია კბილებს შორის არსებული არის მოვლაც. მათი გაწმენდა საჭიროა საღამოს, კბილების გახეხვის წინ. თუ კბილებს შორის არე ფართოა, შეიძლება სპეციალური ჯაგრისის გამოყენება, ხოლო თუ კბილები მჭიდროდ არის მიჯრილი ერთმანეთთან, სპეციალური ძაფი გამოიყენეთ. კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ამოსაღებად შეიძლება სპეციალური ჩხირების გამოყენებაც.
თუ ყოველი კვების შემდეგ ვერ ახერხებთ კბილების გახეხვას, შეგიძლიათ, ღეჭოთ რეზინი, რომლის შემადგენლობაში შედის ქსილიტები - ეს ნივთიერებები კბილებს კარიესისგან იცავს. თუმცა, რასაკვირველია, საღეჭი რეზინი ჯაგრისს ვერ შეცვლის.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია