კერატიტი თვალის რქოვანა გარსის ანთებითი დაავადებაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, სოკომ, ქრონიკულმა დაავადებებმა (ტუბერკულოზმა, სიფილისმა და სხვა), ავიტამინოზმა, დისტროფიულმა ცვლილებებმა.
კერატიტი მძიმე დაავადებაა - რქოვანა გარსის შემღვრევამ, გუგის არეში შეხორცებათა გაჩენამ და კერატიტის სხვა შედეგებმა შესაძლოა მხედველობის მყარი, შეუქცევადი დაქვეითება გამოიწვიოს. მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენდოფთალმიტი (თვალის შიგნითა გარსის ანთება) და პანოფთალმიტი (თვალის ყველა გარსის ჩირქოვანი ანთება). დაავადება გრძელდება რამდენიმე კვირას ან რამდენიმე თვეს.
ზედაპირული (გვერდითი) კატარული კერატიტი. კერატიტის ეს ფორმა ვითარდება კონიუნქტივიტის (თვალის შემაერთებელქსოვილოვანი ანთება), ბლეფარიტის (ქუთუთოს კიდეების ანთება), ქრონიკული დაკრიოცისტიტის (საცრემლე პარკის ანთება) დროს. თან სდევს სინათლის შიში, თვალის ტკივილი. რქოვანას ირგვლივ კონიუნქტივა წითლდება. რქოვანას კიდეებში წარმოიქმნება ერთეული ან ერთმანეთში გარდამავალი ინფილტრატები, რომლებიც შესაძლოა დაწყლულდეს. შემდგომში რქოვანა გარსში სისხლძარღვები ჩაიზრდება.
კერატიტის ამ სახესხვაობას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა გამოხატული დინამიკის გარეშე.

მკურნალობა. უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების მიზეზის აღმოფხვრა. ადგილობრივად ინიშნება:

  • ხსნარები - პენიცილინისა, 1%-იანი ტეტრაციკლინისა, 0,25%-იანი ლევომიცინისა, 0,5%-იანი გენტამიცინისა, 20-30%-იანი სულფაცილ-ნატრიუმისა, 10-იანი სულფაპირიდაზინ-ნატრიუმისა;
  • ალამოები: 1%-იანი ტეტრაციკლინისა, 1%-იანი ერითრომიცინისა, 1%-იანი სინტომიცინის ემულსია, სოლკოსერილი;
  • გუგების გამაფართოებელი ხსნარები: 1%-იანი გომატროპინი, 1%-იანი პლატიფილინი;
  • ვიტამინის წვეთები;
  • ჰიდროკორტიზონის ხსნარი (სიფრთხილით).

შინაგანად: 10%-იანი კალციუმის ქლორიდის ხსნარი, დიმედროლი, პიპოლფენი, სუპრასტინი.

რქოვანას მცოცავი წყლული. უმეტესად რქოვანას ტრავმისა და მიკროტრავმების შედეგად აღმოცენდება. იწყება მწვავედ: თვალის ძლიერი ტკივილით, სინათლის შიშით, ჩირქოვანი გამონადენით. კონიუნქტივა წითლდება და შუპდება. რქოვანა გარსზე ჩნდება მორუხო-მოყვითალო ინფილტრატი, რომელიც სწრაფად წყლულდება. ყალიბდება დეფექტი, რომლის ერთი კიდე თითქოს ამოთხრილია. პროცესი იწყებს გავრცელებას ჯანმრთელ ქსოვილებზე. შესაძლოა, მასში ჩაერთოს თვალის შიგაAგარსებიც. გამორიცხული არ არის რქოვანა გარსის გახევა.
რქოვანას მცოცავი წყლული, კარგი დასასრულის მიუხედავად, ტოვებს შეუქცევად შემღვრევას.

მკურნალობა. რქოვანა გარსის მცოცავი წყლულის მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში უნდა ჩატარდეს. თვალში აწვეთებენ ანტიბიოტიკებს, სულფანილამიდებს, გუგის გამაფართოებელ საშუალებებს. ანტიბიოტიკი შეჰყავთ ასევე კონიუნქტივის ქვეშ.
ზოგადი მკურნალობა გულისხმობს კუნთებსა და ვენებში ანტიბიოტიკების ინექციას, სულფანილამიდების, მადესენსიბილიზებელი საშუალებების დალევას. მძიმე შემთხვევაში ტარდება კრიოაპლიკაცია (დაბალ - -9-18 გრადუს ტემპერატურაზე), დიათერმოკოაგულაცია (მაღალი სიხშირის დენით), ტუშირება 10%-იანი იოდის სპირტხსნარით, წყლულის დაფარვა ბიოლოგიურად აქტიური ქსოვილებით (კონიუნქტივა, პლაცენტა, დონორის რქოვანა გარსი).

ვირუსული კერატიტი. არსებობს ვირუსული კერატიტის მრავალი ფორმა და  სახესხვაობა.
პირველადი ჰერპესული კერატიტი გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, იმ დროს, როდესაც ვირუსი პირველად იჭრება ორგანიზმში.
დაავადება იწყება მწვავედ: აღმოცენდება სინათლის შიში, ცრემლდენა, ამას ერთვის რეაქცია რეგიონული ლიმფური კვანძების მხრივ, რქოვანა გარსზე ჩნდება სხვადასხვა ფორმისა და ლოკალიზაციის შემღვრევა და შეშუპება, გამოხატულია ფერადი გარსის ანთებითი რეაქცია. ხშირად კერატიტს დაერთვის მეორეული ინფექციაც, რომელიც დაავადების მიმდინარეობას ართულებს.
პოსტპირველადი ჰერპესული კერატიტი სხვადასხვანაირია. ზედაპირული ფორმის დროს შემღვრევა მკვეთრია, მაგრამ დაავადება გამოხატული კლინიკური სურათის გარეშე მიმდინარეობს. ასეთი ფორმა იშვიათად გვხვდება. ხისებრი კერატიტი გამოირჩევა რქოვანა გარსის ზედაპირზე ტოტებისმაგვარი დეფექტის არსებობით და მწვავედ მიმდინარეობს. ღრმა ფორმები პათოლოგიურ პროცესში ითრევენ რქოვანა გარსის შიდა შრეს, რასაც მოჰყვება გავრცობილი დაწყლულება და უხეში ლიბრის ჩამოყალიბება.
ვირუსული კერატიტებისთვის დამახასიათებელია რქოვანა გარსის მგრძნობელობის დაქვეითება და საწყის სტადიაში სუსტი რეაქცია კონიუნქტივის მხრივ (არა ყოველთვის). დაავადება რეციდიული მიმდინარეობით გამოირჩევა. ვირუსულ კერატიტს, წესისამებრ, წინ უძღვის კანზე ჰერპესული გამონაყარის გაჩენა და ვირუსული ინფექცია.

მკურნალობა. სასურველია, ვირუსული კერატიტის მკურნალობა სტაციონარში ჩატარდეს. ადგილობრივად ინიშნება ინტერფერონი, გამაგლობულინი, სპეციალური მალამოები. ზოგადი მკურნალობა გულისხმობს ვიტამინოთერაპიას, იმუნიტეტის სტიმულირებას (მაგ., ლევამიზოლით). შედარებით გვიანდელ პერიოდში ადგილობრივად იყენებენ რქოვანა გარსის ეპითელიზაციის გამაუმჯობესებელ პრეპარატებს. მეორეული ინფექციის პროფილაქტიკისთვის ინიშნება ანტიბიოტიკები.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია