თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე ზრდასრულ ადამიანებში შედარებით იშვიათია. მის წილად კარცინომების 2-3% მოდის. დაავადება უპირატესად 5-6 წლის ასაკში გვხვდება. თირკმლის კიბო მამაკაცებს ქალებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ.
განასხვავებენ თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის სამ ფორმას:

  • თირკმლის სარკომას, რომელიც გვხვდება ადრეულ ასაკში (ათიდან 9 შემთხვევაში - 5 წლამდე) და ბავშვთა ავთვისებიანი სიმსივნეების ნახევარს შეადგენს;
  • ჰიპერნეფრომას ანუ თირკმელუჯრედოვან კიბოს (წარმოიშობა თირკმლის პარენქიმისგან);
  • თირკმლის კიბოს, იმავე თირკმლის მენჯის კიბოს (ადენოკარცინომას). წარმოიშობა თირკმლის მენჯის ეპითელიუმისგან. მის წილად მოდის თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნეების 7%.

ზრდასრულ ადამიანებში თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკფაქტორები ბოლომდე შეუსწავლელი და დაუდგენელია. სავარაუდოდ, ატიპური უჯრედების წარმოქმნას ხელს უწყობს გარემოს ქიმიური დაბინძურება, თამბაქოს წევა, ჰორმონული პრეპარატებისა და ციტოსტატიკების გამოყენება, დასხივება, ვირუსმატარებლობა, ნიტროზამინები და არომატული ამინები. კიბოთი დაავადების რისკი მაღალია თირკმლის პოლიკისტოზის დროს. გამოვლენილია თირკმელუჯრედოვანი ადენოკარცინომის მემკვიდრეობითი ბუნება.
ჰიპერნეფრომისა და თირკმლის კიბოს კლინიკური სურათი ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მაგრამ პირველ შემთხვევაში დაავადების ნიშნები ხშირად გვხვდება, მეორე შემთხვევაში კი იშვიათად.
თირკმლის კიბოს ახასიათებს:

  • ჰემატურია;
  • მუცელში ხელით გასინჯვადი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა;
  • ტკივილი.

სამივე სიმპტომი მხოლოდ შორს წასული პროცესის შემთხვევაში შეიმჩნევა. კიბოს ადრეულ სტადიებზე, ჩვეულებრივ, გვხვდება მხოლოდ ერთი ან ორი მათგანი.
ჰემატურია - შარდში სისხლის მინარევის არსებობა - თირკმლის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. ის, წესისამებრ, მოულოდნელად, რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე იჩენს თავს და შესაძლოა ცოტა ხნის შემდეგ ისევე მოულოდნელად შეწყდეს, როგორც დაიწყო. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ სისხლდენა მეორდება. არცთუ იშვიათად შარდი შეიცავს სისხლის კოლტებს. შემდგომ ჰემატურია (არაოპერირებადი თირკმლის კიბოს შემთხვევაში) ძლიერდება, ის დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე მეტყველებს და ძლიერ ანემიას იწვევს.
ტკივილი, ჩვეულებრივ, ყრუა და დაზიანებული თირკმლის მხარეს ლოკალიზდება. ჰემატურიის პერიოდში ტკივილის შეგრძნება ძლიერდება და აღმოცენდება თირკმლის ჭვალი. შარდის ბუშტში დიდი ოდენობით სისხლის კოლტების დაგროვების გამო მოსალოდნელია შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის შეკავება).
ჰემატურიის შემთხვევაში ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოკვლეული უროლოგიურ განყოფილებაში.
გამოკვლევისას სიმსივნური წარმონაქმნის ან თირკმლის გადიდების  აღმოჩენა კიბოს დიაგნოზზე მიუთითებს, თუმცა კარცინომის არსებობას არც პალპაციის უარყოფითი მონაცემები გამორიცხავს.
თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე ხშირად ტემპერატურის მყარი მატებით მიმდინარეობს. 40 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა ტემპერატურის გაურკვეველი მატების შემთხვევაში (განსაკუთრებით - საღამოობით) უნდა მიმართონ ექიმს თირკმლის კიბოს გამორიცხვის მიზნით.
თირკმლის კარცინომის დამატებითი სიმპტომია სათესლე არხის ვენების გაფართოება სიმსივნის მხარეს. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესივება არ ცხრება. ეს სიმპტომი სიმსივნის ვენებში ჩაზრდაზე მიუთითებს. შორს წასულ შემთხვევაში, როცა სიმსივნე ქვედა ღრუ ვენაში ჩაიზრდება, მუცელზე შეიმჩნევა ზედაპირული ვენების გაფართოება (მედუზას თავი).
ბავშვებში თირკმლის კიბო ზემოთ აღწერილი სიმპტომთა ტრიადით არ ვლინდება. მას უმეტესად შემთხვევით აღმოაჩენენ ბანაობის დროს ან სხვა დაავადების გამო ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევისას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ზემოაღნიშნული სიმპტომების აღმოჩენისას უნდა ჩატარდეს ყოველმხრივი უროლოგიური გამოკვლევა ვენისშიდა ექსკრეტორული უროგრაფიის ჩათვლით. ყველაზე ინფორმაციული (და ამიტომ აუცილებელი) მეთოდებია ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. ზოგჯერ საჭიროა სიმსივნის ბიოფსია და მიღებული მასალის ციტოლოგიური კვლევა.
თირკმლის ანგიოგრაფია კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული მეთოდია თირკმელუჯრედოვანი კიბოს დროს, მაგრამ ნაკლებად ინფორმაციულია თირკმლის მენჯის კიბოს შემთხვევაში.
დაავადების გავრცელების ხარისხს ფილტვების რენტგენოგრაფიისა და ჩონჩხის ძვლების სცინტიგრაფიის საფუძველზე ადგენენ.
დამატებით შეიძლება გამოკვლეულ იქნეს შარდი ატიპური უჯრედების არსებობაზე, მაგრამ მათი გამოვლენა ძალიან იშვიათად ხდება. სისხლის მაჩვენებლებიდან საგულისხმოა ანემია, ედსის მომატება.
მკურნალობის ერთადერთი რადიკალური მეთოდია თირკმლის ამოკვეთა - ნეფრექტომია. ნეფრექტომია ტარდება ფილტვებში (ზოგჯერ ძვლებშიც) მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში. ამ დროს ოპერაციის მიზანია დიდი სიმსივნის მოშორება და მძიმე სიმპტომებისგან (ჰემატურიისგან, ტკივილისგან) ავადმყოფის გათავისუფლება.
ფილტვში ერთეული მეტასტაზების არსებობისას თირკმლის სიმსივნის ამოკვეთასთან ერთად ოპერაციული ჩარევა ფილტვზეც ხორციელდება, თუმცა ეს გამონაკლის შემთხვევებში ხდება, ვინაიდან მეტასტაზირების პროცესი იშვიათად არის იზოლირებული.
გავრცობილი ფორმის დროს, როდესაც სიმსივნე ჩაზრდილია ირგვლივ მდებარე ქსოვილებში და განვითარებულია შორეული მეტასტაზები, შესაძლებელია მხოლოდ პალიატიური ან სიმპტომური მკურნალობა ქიმიოთერაპიის მცდელობით.
მედიკამენტური მკურნალობა ზოგჯერ ეფექტურია. სიმსივნის რეგრესია ან დაავადების დიდი ხნით სტაბილიზება ფილტვებში მცირე ზომის მეტასტაზების არსებობისას ათიდან 4 შემთხვევაშია მოსალოდნელი, ამიტომ ნეფრექტომიის შემდეგ ავადმყოფზე უნდა ხორციელდებოდეს დინამიკური დაკვირვება, კერძოდ, ორი წლის განმავლობაში სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს ფილტვების რენტგენოგრაფია. მეტასტაზების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
ბოლო დროს ბავშვებში თირკმლის კიბოს წარმატებით მკურნალობენ დასხივების, ქირურგიისა და ქიმიოთერაპიის კომპლექსური გამოყენებით.

პროფილაქტიკა. ვინაიდან თირკმლის კიბოს განვითარების მიზეზები და რისკფაქტორები სათანადოდ არ არის შესწავლილი, მისი პროფილაქტიკა ზოგადია და გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს, მავნე ჩვევებისთვის თავის დანებებას, ყოველგვარი დაავადების, უწინარეს ყოვლისა - თირკმლის სნეულებათა, დროულ მკურნალობას.
თირკმლის კარცინომის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად ადამიანი სისტემატურად უნდა იტარებდეს ულტრაბგერით გამოკვლევას, რადგან სიმპტომები ხშირად დაავადების შორს წასულ სტადიაზე ჩნდება. წელის არეში ტკივილის ან შარდის ფერის შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია.

 

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია