კანის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთი გავრცელებული ნაირსახეობაა. მის წილად მოდის ავთვისებიანი სიმსივნეების 5%. დაავადება თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესში, უპირატესად 50 წლის შემდეგ გვხვდება და, ჩვეულებრივ, სხეულის ღია უბნებზე ვითარდება. ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახეზე (ცხვირის ზურგი და გვერდები, თვალის კუთხეები, შუბლი) და იღლიის მიდამოში, შედარებით იშვიათად აზიანებს ტერფს, მუხლს ან მტევანს.
განასხვავებენ კანის ბაზალურუჯრედოვან და ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. იშვიათია კანის დანამატებიდან (ცხიმოვანი, საოფლე ჯირკვლებისგან, თმის ფოლიკულისგან) განვითარებული კიბო.
კანის კარცინომის წარმოშობის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი ინსოლაცია და შინაგანი კანცეროგენული ფაქტორების (რენტგენის სხივების, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების) ზემოქმედება. კიბოსწინარე დაავადებებად შეიძლება ჩაითვალოს ალბინიზმი, კანზე წყლულის დიდხანს არსებობა, გავრცობილი ჭრილობები და ქრონიკული კიბოსწინარე პროცესები - დისკერატოზი, პიგმენტური ქსეროდერმა, მგლურა, რადიაციული დერმატიტი და სხვა.
სიმპტომები და მიმდინარეობა. კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა შესაძლოა მიმდინარეობდეს კვანძოვანი, წყლულოვანი, ინფილტრაციული და სხვა ფორმით.
კანის კიბო კლინიკურად ვლინდება ერთი ან რამდენიმე ერთმანეთში გარდამავალი უმტკივნეულო, მკვრივი კვანძით, რომლებსაც ზოგჯერ მოვარდისფრო-მოყვითალო ცვილისებური ნაპირები აქვს, ზოგჯერ კი მარგალიტივით მბრწყინავი კიდეები, ასევე - ერითრემატოზებით ან პიგმენტაციებით. სიმსივნე პროგრესულად დიდდება და სწრაფად წყლულდება. არსებობს კანის კიბოს ისეთი ფორმებიც, რომლებსაც ნელი ზრდა ახასიათებს. არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება წლების განმავლობაში რაიმე ხილული ცვლილების გარეშე არსებობს. კიბოს წყლულს აქვს დამახასიათებელი წამოწეული, ლილვაკისებური, მკვეთრად გამკვრივებული კიდეები და მორუხო-ჭუჭყიანი ფსკერი. განვითარების დონის კვალობაზე, სიმსივნე იწყებს მიმდებარე ქსოვილებში ჩაზრდას და მკვრივი, უმოძრაო ინფილტრატის წამოქმნას.
არის შემთხვევები, როდესაც კიბოსწინარე წარმონაქმნი არავითარ ცვლილებას არ განიცდის, მაგრამ ჩნდება მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში.
კანის კიბო იშვიათად მიმდინარეობს აგრესიულად (ხშირი და სწრაფი რეციდივები, ადრეული მეტასტაზირება ფილტვებში, ძვლებსა და სხვა ქსოვილებში). ბრტყელუჯრედოვანი კიბო ნელა ვითარდება, მაგრამ გვიან სტადიაში თავს იჩენს რეგიონული და შორეული მეტასტაზები.
კანის კიბოს მეტასტაზირება უმთავრესად ლიმფოგენური გზით ხდება, ამიტომ ავადმყოფის გამოკვლევისას აუცილებელია გაისინჯოს ახლომდებარე და შედარებით შორეული ლიმფური კვანძები, ხოლო მათ მეტასტაზურ დაზიანებაზე ეჭვის შემთხვევაში დიაგნოზი დადასტურდეს პუნქციის გზით.
ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა მეტასტაზირებას არ განიცდის.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. საეჭვო სიმსივნური წარმონაქმნის დათვალიერება ხდება გამადიდებელი შუშით. დიაგნოზის დასადასტურებლად მიმართავენ რადიოიზოტოპურ კვლევას. კანის კანცერომის ამოსაცნობ მთავარ მეთოდს წარმოადგენს სიმსივნური წარმონაქმნისგან აღებული ნაცხის ან ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური გამოკვლევა. შინაგან ორგანოებში მეტასტაზის არსებობის გამოსარიცხავად იყენებენ ულტრაბგერით კვლევას, რენტგენოგრაფიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
კანის კიბოს ყველაზე ხშირად სხივური თერაპიით (ახლოფოკუსური რენტგენოთერაპიით) მკურნალობენ. უფრო გავრცობილი ფორმების დროს პარალელურად ტარდება დისტანციური გამა-თერაპია. იყენებენ დასხივების სხვა კომბინაციასაც.
დასხივების შედეგად, რომელიც საშუალოდ 3-4 კვირას გრძელდება, კიბოს ქსოვილი კვდება, ხოლო სხივური რეაქციის გაქრობის შემდეგ კანზე რჩება ნაწიბური.
ქირურგიულ ჩარევას ძალიან გავრცობილი დაზიანების ან სხივური თერაპიის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ფორმის შემთხვევაში მიმართავენ. კერძოდ, ოპერაციისწინა დასხივების შემდეგ ხდება სიმსივნის ფართო (პერიფერიასა და სიღრმეში) ამოკვეთა. ასეთი ოპერაციის შედეგად წარმოქმნილი ფართო ჭრილობის დახურვა ხორციელდება კანის პლასტიკით. შესაძლოა ჩატარდეს სიმსივნის კრიოდესტრუქციაც.
პაციენტი ოპერაციისთვის სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. მთავარია, ირგვლივ მდებარე კანზე არ დარჩეს სხივური რეაქციის კვალი. ჩვეულებრივ, მასზე უსვამენ ინდიფერენტულ (ატმის ან ქაცვის) ზეთს. კანის უკეთ აერაციის მიზნით რეკომენდებული არ არის ნახვევის დადება.
კანის კიბოს დროს ქიმიოთერაპიას იშვიათად მიმართავენ, თუმცა ცნობილია კანის კიბოს ადრეული სტადიის ციტოსტატიკური პრეპარატებით (მალამოებით) წარმატებული მკურნალობის შემთხვევები.
მეტისმეტად გავრცობილი, არაოპერირებადი ფორმების დროს პლასტიკის მიზნით ტარდება ზედაპირული დასხივება, რომელსაც ზოგჯერ შინაგან ქიმიოთერაპიასაც უთავსებენ.
კანის კიბო კეთილსაიმედოდ ითვლება, თუმცა შორს წასულ სტადიებში რადიკალური შედეგი ყოველთვის არ მიიღწევა. ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომელიც დიდი დეფექტების წარმოქმნას იწვევს.
ისევე, როგორც ნებისმიერ ავთვისებიან სიმსივნეს, რეციდივებისკენ მიდრეკილება კანის კიბოსაც ახასიათებს, განსაკუთრებით - არასწორად ჩატარებული დასხივების ან დაზიანებული უბნის არასაკმარისად ფართოდ ამოკვეთის შემთხვევაში.
კანის დანამატების კიბოს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია, სხვა მეთოდები უეფექტოა.
პროგნოზი. გარდა კიდურების კანის კიბოსი, რომელიც მაღალი ავთვისებიანობით გამოირჩევა და სწრაფად იძლევა მეტასტაზებს შორეულ არაოპერირებად ლიმფურ კვანძებში, კანის ნებისმიერი ლოკალიზაციის კარცინომა შესაძლოა სრულიად განიკურნოს. დაავადება მიმდინარეობს ნელა, მეტასტაზები იშვიათად ვითარდება. განკურნება ათიდან ცხრა შემთხვევაშია მოსალოდნელია. ზედაპირული ფორმების დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა.
პროფილაქტიკა. კანის კიბოს პროფილაქტიკა ითვალისწინებს ქრონიკული კიბოსწინარე დისკერატოზის, მგლურას, დიდხანს შეუხორცებელი წყლულის დროულ მკურნალობას.