კუჭის სიმსივნეების 90-95% ავთვისებიანია. მათი 95% კარცინომაა. ავადობისა და სიკვდილიანობის მხრივ კუჭის კიბოს მეორე ადგილი უკავია ფილტვების კიბოს შემდეგ. ავთვისებიანი სიმსივნის ეს ფორმა მამაკაცებში 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ყველაზე ხშირად 40-45 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა არცთუ იშვიათია 30-35 წლის და უფრო ადრეულ ასაკშიც. მამაკაცებს კუჭის კარცინომა უმთავრესად 50-57 წლის ასაკში უვლინდებათ.
კიბო კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმისგან წარმოიქმნება და ადენოკარცინომის მსგავსი სტრუქტურისაა, მაგრამ არცთუ იშვიათად აქვს უფრო ანაპლაზიური ხასიათიც.
განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას:
I სტადია - სიმსივნის დიამეტრი არ აღემატება 2 სმ-ს, მოიცავს მხოლოდ ლორწოვან გარსს, არ შეიმჩნევა მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში;
II სტადია - სიმსივნური წარმონაქმნის დიამეტრი უტოლდება 4-5 სმ-ს, ჩაზრდილია ლორწოვანქვეშა და კუნთოვან გარსში, შესაძლოა, განვითარდეს რეგიონული მეტასტაზები;
III სტადია - სიმსივნე დიდი ზომისაა, ჩაზრდილია სეროზულ გარსსა და მეზობელ ორგანოებში, განვითარებულია შორეული მეტასტაზები.
ოპერაციული ჩარევის შემდეგ სიმსივნე TNM სისტემის მიხედვით კლასიფიცირდება.
ზრდის მიხედვით განასხვავებენ კუჭის კიბოს ოთხ ფორმას.
- პოლიპისებრი, ეგზოფიტურად მზარდი კიბო მკვეთრად გამოყოფილ და კუჭის სანათურში სოკოსებურად მზარდ სიმსივნეს წარმოადგენს. ეს ფორმა ნელა იზრდება, გვიან ვლინდება და მეტასტაზირდება, რაც მის კეთილსაიმედოობაზე მეტყველებს.
- ლანგრისებრი ეგზოფიტურად მზარდი კიბო წარმოადგენს მკვეთრად შემოფარგლულ ბრტყელ წყლულს, რომელსაც გარს აკრავს მაღალი ლილვაკი. იგი მეტასტაზებს შედარებით გვიან იძლევა.
- ინფილტრაციულ-წყლულოვანი კიბო წყლულს ჰგავს, მაგრამ არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები. კუჭის კედელი დიფუზურად ინფილტრირებულია.
- მეოთხე ფორმაა ინფილტრირებული კიბო ხილული საზღვრების გარეშე.
ორი უკანასკნელი ფორმა ძლიერ ავთვისებიანია, ადრევე ჩაიზრდება კუჭის სეროზულ გარსში, იწვევს მეტასტაზებს და დისემინაციას მუცლის ღრუში.
კუჭში კიბოს ლოკალიზაცია ტიპურია. უმეტესად აზიანებს მცირე სიმრუდეს, კუჭის გამოსასვლელს, სუბკარდიულ და კარდიულ ნაწილებს. შედარებით იშვიათად ჩნდება დიდ სიმრუდესა და კუჭის ფსკერზე.
კუჭის კიბოს წარმოშობის მიზეზი უცნობია. შეინიშნება კარცინომის სიხშირის მატება (20%-ით) ოჯახის წევრებს შორის. სავარაუდოა გენეტიკური კომპონენტის არსებობაც. განსაზღვრული ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს C ვიტამინის დეფიციტს, კონსერვანტებს, ნიტროზამინებს.
კუჭის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიბოსწინარე მდგომარეობები: ქრონიკული ატროფიული გასტრიტი, ქრონიკული წყლული, პერნიციოზული ანემია, კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა (განსაკუთრებით - რეზექციიდან 10-20 წლის შემდეგ), კუჭის ადენომური პოლიპი (მალიგნიზაციის სიხშირე უტოლდება 40%-ს 2 სმ-ზე მეტი დიამეტრის პოლიპებში), იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, Helicobacter pylori-თ ინფიცირება, ამიტომ კუჭის კიბოს პროფილაქტიკის უმთავრესი გზა ამ დაავადებების დროული მკურნალობაა. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება შინაგანი კანცეროგენული ფაქტორების (უხეში, დაშაშხული, ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე საკვები, კვების არასწორი რეჟიმი, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება) აღმოფხვრას. ეს ფაქტორები ხელს უწყობს გასტრიტის განვითარებას, რომელიც შემდგომ კიბოს საფუძვლად იქცევა.
სიმპტომები და მიმდინარეობა. კუჭის კიბოს კლინიკური ნიშნები დაავადების საწყის სტადიაში მწირი და გაურკვეველია. ჩივილებს ზოგჯერ ექიმიც კი გასტრიტის გამოვლინებად მიიჩნევს და სრული გასტროლოგიური გამოკვლევის გარეშე ნიშნავს ამა თუ იმ მედიკამენტს. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლებმაც ავადმყოფის ჩივილების ყურადღებით გაანალიზების შემთხვევაში ადვილად შეიძლება სპეციალისტს კიბო აეჭვებინოს. ეს სიმპტომებია:
- განწყობის შეცვლა, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება და გამოიხატება უმიზეზო სისუსტით, შრომის უნარის დაქვეითებით, სწრაფი დაღლით;
- უმადობა, საკვების მიმართ ზიზღი;
- მუცელში დისკომფორტის შეგრძნება, ჭამის შედეგად ფიზიოლოგიური კმაყოფილების განცდის დაკარგვა, მუცლის გადავსების შეგრძნება ცოტაოდენი საკვების მიღების შემდეგაც კი, ჭრა მუცელში, ტკივილი მკერდის ძვლის ქვემოთ, იშვიათად - გულისრევა და ღებინება;
- უმიზეზო პროგრესირებადი გახდომა, რომელსაც თან სდევს სიფითრე;
- ცხოვრების ხალისის, ახლობლებისა და სამუშაოსადმი ინტერესის დაკარგვა, აპათია, გაუცხოება.
ეს სიმპტომები ზოგჯერ ფაქტობრივი ჯანმრთელობის ფონზე ვლინდება, ზოგჯერ კი წინ უძღვის კუჭის ხანგრძლივი დაავადება. ამ შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ ავადმყოფისთვის კარგად ნაცნობი გასტრიტული ან წყლულოვანი სიმპტომების შეცვლას და ახალი არასასიამოვნო შეგრძნებების გაჩენას. მკვეთრი, აშკარა სიმპტომები კიბოს მხოლოდ გავრცობილი ფორმის დროს ვლინდება. ესენია: მუდმივი, ძლიერი ტკივილი, რომელიც ზურგში გადაეცემა, შეუპოვარი ღებინება, საერთო სისუსტე, პროგრესირებადი გახდომა და ანემიზაცია. თავდაპირველად თვალში საცემია ავადმყოფის სიფითრე, გვიან სტადიაში კი კანს მიწისფერი ედება (კიბოს ადრეულ სტადიებში მრავალი ავადმყოფი გარეგნულად არ იცვლება). კუჭის კიბო ხშირად ადრეულ სტადიაშივე იწვევს მეტასტაზებს ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ღვიძლსა და უფრო შორეულ უბნებშიც კი (მაგალითად, მუცლის აორტაში). მეტასტაზები უმეტესად აზიანებს ღვიძლს, პანკრეასს, ფილტვებს, საკვერცხეებს, მუცლის კედელს, იწვევს ასციტს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გასინჯვადი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობისას პალპაცია მრავლისმომცემია, მაგრამ უმეტესად, განსაკუთრებით - ადრეულ სტადიებში, სიმსივნე ხელით არ ისინჯება.
ლაბორატორიული გამოკვლევებიდან ინფორმაციულია კუჭის წვენის ანალიზი და განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე.
სისხლის ანალიზი საგულისხმო ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ ჰემოგლობინის დაცემა და ედს-ის დაქვეითება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
კიბოს დიაგნოსტიკა დამატებითი გამოკვლევის შედეგებსაც ეფუძნება. ენდოსკოპია ბიოფსიითა და ციტოლოგიური გამოკვლევითურთ ასიდან 95-99 შემთხვევაში უტყუარი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებელია მეტასტაზების გამოსავლენად.
ამჟამად, ენდოსკოპიური ტექნოლოგიის განვითარებისა და გამოკვლევის ამ მეთოდის ხელმისაწვდომობის პირობებში, კიბოს ამოსაცნობ მთავარ მეთოდს წარმოადგენს გასტროსკოპია (გასტროფიბროსკოპია). ეს გამოკვლევა იძლევა წარმონაქმნის დანახვის საშუალებას, ავლენს კუჭის კედლის ინფილტრაციის ზონას, აადვილებს ციტოლოგიური კვლევისთვის აუცილებელი ბიოფსიური მასალის აღებას. ატიპური უჯრედების აღმოსაჩენად მიმართავენ ციტოლოგიურ კვლევას.
დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ კვლევას, რომელიც წინათ კუჭის კიბოს დიაგნოსტირების მთავარ მეთოდს წარმოადგენდა.
საეჭვო შემთხვევებში, როდესაც კუჭის კარცინომის გამორიცხვა ვერც ერთი ზემოხსენებული გამოკვლევით ვერ ხერხდება, მიმართავენ დიაგნოსტირების უკანასკნელ ეტაპს - დიაგნოსტიკურ ლაპაროტომიას: ხსნიან კუჭის სანათურს და უშუალოდ ათვალიერებენ ლორწოვანს, ყველაზე საეჭვო უბნიდან იღებენ ნაცხს და ატარებენ ბიოფსიას. თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიებისა და გაუტკივარების პირობებში ეს ოპერაცია სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თანაც შედეგი საწყის სტადიაშიც კი უტყუარია.
მკურნალობა. კუჭის კიბოს მკურნალობის ძირითად და რადიკალურ მეთოდს ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია კუჭში სიმსივნის მდებარეობაზე, რეგიონული ლიმფური კვანძების დაზიანების ხარისხსა და შორეული მეტასტაზების არსებობაზე. მკურნალობის ამ მეთოდის პარალელურად სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის დანიშვნის საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის სტადიაშია.
არსებობს კუჭის კიბოს რადიკალური ამოკვეთის სამი სახის ოპერაცია:
- კუჭის სუბტოტალური რეზექცია - ტარდება კუჭის ქვედა ნახევარში სიმსივნის არსებობისას;
- გასტროექტომია - ტარდება მაშინ, როდესაც პროცესი კუჭის ზედა მესამედზეა გავრცელებული;
- პროქსიმული რეზექცია ანუ კუჭის ზედა მესამედის რეზექცია - ტარდება კუჭის კარდიული ნაწილის მცირე ორგანულ დაზიანებათა არსებობისას.
საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ გაფართოებულ, კომბინირებულ რეზექციას ან გასტროექტომიას. ამ დროს ქირურგიული ჩარევა ხდება არა მარტო კუჭსა და მის ლიმფურ აპარატზე, არამედ იმ მეზობელ ორგანოებზეც, რომლებშიც ჩაზრდილია კიბო (პანკრეასზე, ღვიძლზე, განივ კოლინჯზე).
კიბოთი დაავადებული დასუსტებული ავადმყოფისთვის ოპერაცია სერიოზულ ჩარევად ითვლება და მოითხოვს პაციენტის გულდასმით მომზადებას, ხოლო ოპერაციის შემდეგ - სათანადო მეთვალყურეობას.
ოპერაციის წინ ავადმყოფს უტარდება ზოგადგამაჯანსაღებელი მკურნალობა. კერძოდ, ხდება მისი ორგანიზმის შევსება ცილოვანი პრეპარატებით, სითხით, ვიტამინებით, ენიშნება მატონიზებელი საშუალებები, კუჭის გასავლის შევიწროებისა და მასში გადაუმუშავებელი საკვები მასების დაყოვნების შემთხვევაში - კუჭის ყოველდღიური გამორეცხვა მარილმჟავას სუსტი ხსნარით და სხვა.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, კუჭის რეზექციის შემდეგ - 2-3 დღის, ხოლო გასტროექტომიის შემდეგ 4-6 დღის განმავლობაში, იკრძალება საკვებისა და სითხის პირიდან მიღება. აუცილებელი სითხე და საკვები ნივთიერებები ორგანიზმს უნდა მიეწოდოს ვენაში ინსულინისა და ვიტამინების შემცველი ხსნარების, სისხლისა და ცილოვანი პრეპარატების გადასხმის გზით. სხვადასხვა ნივთიერებაზე ორგანიზმის მოთხოვნილება სისხლის გამოკვლევის საფუძველზე განისაზღვრება. გარდა ამისა, ისევე, როგორც ყველა დიდი ოპერაციის შემდეგ, ამ შემთხვევაშიც ინიშნება ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები, ნარკოტიკი და ჟანგბადი. ოპერაციის მეორე დღეს სუნთქვისას გულმკერდის ყაფაზის მოძრაობის გასაადვილებლად და ფილტვებში შეგუბებითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფს მაღალ სასთუმალზე აწვენენ. მეტად მნიშვნელოვანია სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება, პირის ღრუს, ენისა და კბილების გაწმენდა. ტუჩებსა და ენაზე გამოშრობის შემთხვევაში უსვამენ გლიცერინის წყალხსნარს (1:1), რომელსაც რამდენიმე წვეთი სპირტი აქვს დამატებული.
ექიმის ნებართვით ავადმყოფი თავდაპირველად იწყებს თხიერი საკვების მიღებას, შემდეგ კი თანდათანობით აფართოებს დიეტას გახეხილი ყველი, თხიერი ფაფით, არაჟნით, მაწვნით, ხოლო 7-10 დღის შემდეგ გადადის მაგიდა #1-ზე.
ოპერაციის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს გართულებებმა. პირველ დღეებში მოსალოდნელია სისხლდენა კუჭის დარჩენილი ნაწილის სანათურში (რაც სისხლიანი ღებინებით ვლინდება) ან თავისუფალ მუცლის ღრუში, რაც ქმნის კოლაფსის განვითარების რისკს. ოპერაციიდან მეორე-მესამე დღეს არსებობს პნევმონიის განვითარების ალბათობა, მეოთხე-მეხუთე დღეს კი - პერიტონიტისა, რომელიც დაუყოვნებლივ დიაგნოსტირებას და აქტიურ ჩარევას საჭიროებს.
თუ კუჭის რეზექცია შეზღუდულად და ეკონომიურად განხორციელდა, არ არის გამორიცხული კიბოს რეციდივი, რომელსაც ხშირად თან სდევს შორეული მეტასტაზების გაჩენა. ამ დროს ავადმყოფის დახმარება შეუძლებელია, თუმცა ცნობილია განმეორებითი ოპერაციით რეციდივისგან რადიკალური განკურნების შემთხვევებიც.
კუჭის კიბოს გავრცობილი, არაოპერირებადი ფორმების დროს მიმართავენ ქიმიოთერაპიას ერთი ან რამდენიმე პრეპარატის გამოყენებით. კლინიკური სიმპტომების შესუსტება მიიღწევა ისეთი პალიატიური ოპერაციებით, როგორიც არის გასტროენტეროანასთომოზი, ეზოფაგოგასტროანასთომოზი, გასტროსტომია, რეკანალიზაცია ლაზერის მეშვეობით.
პროფილაქტიკა. კუჭის კიბოს პროფილაქტიკა გულისხმობს კიბოსწინარე მდგომარეობების (კუჭის პოლიპის, ქრონიკული წყლულის, ანაციდური გასტრიტის) მკურნალობას და კვების ნორმალური რეჟიმის დაცვას.