საყლაპავის კიბო უმეტესად მოწიფული ასაკის და ხანდაზმულ მამაკაცებს ემართებათ. საყლაპავის კიბოს უმეტესად ბრტყელუჯრედული სტრუქტურა აქვს. საყლაპავის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების სიხშირით მეორე ადგილზე დგას ადენოკარცინომა. სიმსივნური წარმონაქმნი ყველაზე ხშირად  აზიანებს საყლაპავის ქვედა და შუა ნაწილებს.
საყლაპავის კარცინომის განვითარების ხელშემწყობ გარეგან ფაქტორებს მიაკუთვნებენ არასწორ კვებას (ცხელი საკვების ხშირ მიღებას), მოწევას, ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას. თამბაქოს მოხმარება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს 2-4-ჯერ ზრდის, ალკოჰოლისა კი - 1-2-ჯერ.
საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი იმატებს ვიტამინების (განსაკუთრებით - A და C ვიტამინების) დეფიციტისა და ტუტე ხსნარებით დამწვრობის შემთხვევაში (ზემოქმედებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი).
კიბოსწინარე დაავადებებად შეიძლება ჩაითვალოს საყლაპავის აქალაზია და ბერეტის საყლაპავი.
საყლაპავის კარცინომის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გეოგრაფიული ფაქტორიც. ეს დაავადება 400-ჯერ მეტად არის გავრცელებული ჩინეთსა და ირანში, რაც, სავარაუდოდ, კვების თავისებურებით - მარინადების, ნიტროზამინების, სოკოების ჭარბი გამოყენებით და სელენის, ახალი ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტით არის განპირობებული.

სიმპტომები და მიმდინარეობა. საყლაპავის კარცინომის კლინიკური სურათი მკვეთრია. პირველი ჩივილია საყლაპავში უხეში საკვების ძნელად გავლის შეგრძნება. ეს სიმპტომი, რომელსაც დისფაგიას უწოდებენ, თავდაპირველად არცთუ ისე მკვეთრად არის გამოხატული, ამიტომ არც ავადმყოფი და არც ექიმი მას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ და უხეში საკვებით ან ძვლით საყლაპავის ტრავმირებას უკავშირებენ. საყლაპავის სხვა, კეთილთვისებიანი დაავადებებისგან განსხვავებით, კარცინომის დროს დისფაგიას მონაცვლეობითი ხასიათი არ აქვს - თუ ერთხელ იჩინა თავი, უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება. დისფაგიას ერთვის ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელსაც ზოგჯერ მოჭერითი ხასიათი აქვს და კიბოს საყლაპავის გარეთ გავრცელებაზე მიუთითებს. არის შემთხვევები, როცა ტკივილი წინ უძღვის დისფაგიას.
ყლაპვის გაძნელების გამო ავადმყოფი თავდაპირველად გაურბის უხეში საკვების (პურის, ხორცის, ვაშლის, კარტოფილის) მიღებას, ხეხავს, ფშვნის საკვებს, შემდეგ იძულებულია, მხოლოდ თხიერ საკვებს (რძეს, ბულიონს) დასჯერდეს და თანდათან ხდება. ზოგჯერ საქმე კახექსიამდეც კი მიდის. მოგვიანებით საყლაპავი საერთოდ გაუვალი ხდება და ყოველგვარი საკვები უკან ამოდის. საყლაპავში საკვების შეჩერების შემთხვევაში შეიმჩნევა პირის ღრუდან ამომავალი უსიამოვნო სუნი.
თუ სიმსივნურმა წარმონაქმნმა გულმკერდის ღრუს ორგანოები დააზიანა, შესაძლოა თავი იჩინოს დამახასიათებელმა სიმპტომებმა, რომლებსაც სიმსივნურ პროცესში ამა თუ იმ ორგანოს ჩართვა განაპირობებს. ეს სიმპტომებია გულმკერდის ყრუ ტკივილი, ქოშინი, ტაქიკარდია ჭამის შემდეგ, ხმის ტემბრის შეცვლა, ხველის შეტევა, ლავიწზედა ღრმულების შესივება.
საყლაპავის კარცინომის არასპეციფიკური სიმპტომებია ადინამია, სწრაფად დაღლა, აპათია, გახდომა და უმიზეზო სუბფებრილიტეტი.

მეტასტაზირება. საყლაპავის კიბოს მეტასტაზები ვრცელდება ლიმფური გზით (შუასაყარის ლიმფურ კვანძებსა და მარცხენა ლავიწზედა არეში) და სისხლძარღვებით. ყველაზე ხშირად ზიანდება ღვიძლი (20%), ფილტვები (10%), ძვლოვანი სისტემა და თავის ტვინი. საყლაპავის ზედა ნაწილის კიბოსთვის დამახასიათებელია ადრეული მეტასტაზირება შუასაყარში, კისრის მიდამოში, ლავიწზედა არეში. საყლაპავის გულმკერდის ნაწილის კარცინომის დროს მეტასტაზები მოიცავს შუასაყრის ლიმფურ კვანძებსა და საყლაპავის მიმდებარე უბანს. საყლაპავის ქვედა ნაწილის კიბო კუჭის მცირე სიმრუდის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირდება. შორს წასული ფორმის შემთხვევაში მეტასტაზები მარცხენა ლავიწზედა არეშიც ჩნდება.
მეტასტაზები იშვიათად არის სიკვდილის მთავარი მიზეზი. ამ კუთხით უშუალო გავლენას ახდენს პირველადი სიმსივნის გავრცელების ფონზე განვითარებული პროგრესული გამოფიტვა.
საყლაპავის კარცინომის რეციდივს ოპერაციის არასაკმარისი რადიკალურობა ან სხივური თერაპიის არასაკმარისი ეფექტიანობა განაპირობებს.

დიაგნოსტიკა. როდესაც სიმპტომები უმნიშვნელოდ მაინც არის გამოხატული, სავარაუდოა საყლაპავის კიბოს არსებობა და აუცილებელია სათანადო კვლევების ჩატარება მის გამოსარიცხავად.
საყლაპავის კარცინომის დიაგნოსტიკა, უწინარეს ყოვლისა, ითვალისწინებს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც ავლენს საყლაპავის შევიწროებას, არასწორ კონტურებსა და ინფილტრირებულ კედლებს. შევიწროებული ადგილის ზემოთ საყლაპავი რამდენადმე გაფართოებულია. ზოგჯერ კედლები ისეა შევიწროებული, რომ თხევადი ბარიუმი წვრილ ნაკადად ძნელად გადადის კუჭში.
კვლევის მეორე ძირითად მეთოდს წარმოადგენს ეზოფაგოსკოპია, რომელიც საყლაპავის სანათურის ან მისი შევიწროებული ნაწილის თვალით დანახვის საშუალებას იძლევა. საყლაპავის კიბოსა და სპაზმის ერთმანეთისგან გარჩევა ზოგჯერ მხოლოდ მყარი რენტგენოლოგიური და ეზოფაგიტური სურათის მეშვეობით ხერხდება: ანტისპაზმური საშუალებების შეყვანის შემდეგ სპაზმი გაივლის და ნორმალური გამავლობა აღდგება. დიაგნოსტირების უკანასკნელ ეტაპს წარმოადგენს ბიოფსიური მასალის აღება ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური კვლევისთვის.
საყლაპავის კარცინომის დიაგნოსტიკაში სისხლის ლაბორატორიულ კვლევას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, ვინაიდან ანემია კიბოს გვიანდელ სტადიაში ვითარდება.
სიმსივნური პროცესის შუასაყარში გავრცელების ხარისხის დასადგენად, ლიმფური გზით მისი გავრცელების განსასაზღვრავად და შორეული მეტასტაზების აღმოსაჩენად ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია. ბრონქოსკოპია სასუნთქ გზებში სიმსივნის გავრცელების დასადგენად ტარდება. როდესაც დიაგნოზის დასმა ჭირს, ინიშნება მედიასტინოსკოპიაც.
მეტასტაზების აღმოსაჩენად ინიშნება გულმკერდის რენტგენოგრაფია და ღვიძლის ექოსკოპიური კვლევა.

მკურნალობა. საყლაპავის კარცინომის რადიკალური მკურნალობა ორგვარად შეიძლება განხორციელდეს. პირველი მეთოდია სხივური თერაპია, მეორე კი ქირურგიული მკურნალობა. საყლაპავის კიბოს შემთხვევაში ქიმიოთერაპია ავადმყოფს პრაქტიკულად არ უხანგრძლივებს სიცოცხლეს. უფრო საიმედოა ქიმიო და სხივური თერაპიის კომბინაცია. სიმსივნური წარმონაქმნის ზომის შესამცირებლად და ოპერაციის შორეული შედეგის გასაუმჯობესებლად ოპერაციის წინ ტარდება ქიმიო და სხივური თერაპია. ბოლო ხანს საკმაოდ მიმართავენ კომბინირებულ მკურნალობას. თავდაპირველად ტარდება დისტანციური გამა-თერაპია, ხოლო 2-3 კვირის შემდეგ ხორციელდება ქირურგიული ჩარევა, რომლის უპირატესობაც ის არის, რომ აღადგენს საყლაპავის გამავლობას.
ქირურგიული მკურნალობა საყლაპავის ქვედა ან შუა მესამედის დისტალური ნაწილის დაზიანებისას ტარდება. შემუშავებულია ორი ოპერაციული მეთოდი. პირველი ასეთია: საყლაპავის ქვედა მესამედის კარცინომის დროს კვეთენ დაზიანებულ ნაწილს, 5-6 სმ სიგრძის უბანს სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ და ქვემოთ, ხშირად - კუჭის ზედა ნაწილსაც, შემდეგ ქმნიან საყლაპავ-კუჭის კავშირს, რისთვისაც საყლაპავის ბოლოს აკერებენ კუჭს. მეორე ტიპის ოპერაციას თორაკას ოპერაციას უწოდებენ. ის საყლაპავის შუა ნაწილის კიბოს შემთხვევაში ტარდება. ავადმყოფს წინასწარ ადებენ გასტროსტომას (კუჭის კედელს აკერებენ მუცლის წინა კედელზე), შემდეგ კი საყლაპავს მთლიანად იღებენ ყელიდან. ავადმყოფი იკვებება ზონდით, რომელიც გასტროსტომაშია მოთავსებული, ხოლო 1-2 წლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში მეტასტაზები არ განვითარდა, საკვების ნორმალური გადაადგილების აღსადგენად არარსებული საყლაპავის ნაცვლად აკერებენ წვრილ ან მსხვილ ნაწლავს.
დიდი ყურადღება ექცევა ასეთი ავადმყოფის საოპერაციოდ მომზადებას და ოპერაციის შემდგომ მოვლას. სტაციონარში დაწოლის დღიდანვე პაციენტს ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით უსხამენ ვენაში საკვებ სითხეებს, ვიტამინებს, ცილოვან პრეპარატებს, პლაზმასა და სისხლს. პირიდან (შეძლებისამებრ) ხშირად და მცირე ულუფებით აწვდიან მაღალკალორიულ საკვებსა და სხვადასხვა სითხეს.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში ავადმყოფის მოვლა ჩარევის ხასიათზეა დამოკიდებული. გასტროსტომის დადება რთული ოპერაცია არ არის, მაგრამ აუცილებელია ექიმისგან ინსტრუქციის მიღება იმის თაობაზე, როდის უნდა დაიწყოს ავადმყოფმა კვება. ვიდრე პაციენტი ძალებს აღიდგენს, მას ხელოვნურად კვებავენ: კუჭის მსხვილ ზონდს გასტროსტომის ხვრელის გავლით კუჭში ათავსებენ და ზონდიდან ნელ-ნელა, მცირე ულუფებით შეჰყავთ რძის (ნაღების), კვერცხის, ბულიონისა და ნაღების კარაქისგან მომზადებული ნარევი. შემდგომში რაციონს აფართოებენ, მაგრამ საკვები აუცილებლად თხიერი და გახეხილი უნდა იყოს. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს ხშირად (დღეში 5-6-ჯერ) და მცირე ულუფებით.
შესამჩნევად მძიმედ მიმდინარეობს ოპერაციის შემდგომი პერიოდი გულმკერდის ღრუზე განხორციელებული ოპერაციის (თორაკა) და პლასტიკის შემდეგ. ამ შემთხვევაში ავადმყოფს უტარდება შოკის საწინააღმდეგო კომპლექსური თერაპია (სისხლის, მისი შემცვლელი ხსნარების, სითხეების გადასხმა), ენიშნება გულ-სისხლძარღვთა მასტიმულირებელი საშუალებები, ჟანგბადი, ჭრილობაში იდგმება დრენაჟი. საყლაპავის პლასტიკის შემდეგ კვება კვლავ გასტროსტომიდან ხორციელდება და წყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადანერგილი ნაწლავი მთლიანად მიუხორცდება საყლაპავსა და კუჭს. მოგვიანებით გასტროსტომა თავისთავად ხორცდება.
საყლაპავის კიბოს გავრცობილი ფორმის შემთხვევაში (როდესაც სიმსივნე ჩაზრდილია ტრაქეობრონქულ ხეში, შუასაყრის ორგანოებში ან აღინიშნება შორეული მეტასტაზები) პალიატიური ეფექტი მიიღწევა საყლაპავის ობსტრუქციის ადგილიდან ფართო მილის გატარებით, რათა პაციენტს ნერწყვისა და თხიერი საკვების გადაყლაპვის საშუალება მიეცეს. ზოგჯერ საყლაპავის გამავლობის შესანარჩუნებლად იდგმება სილიკონის გამაფართოებელი მილები. არის შემთხვევები, როდესაც სიმსივნეს ლაზერით წვავენ, ხოლო სრული დისფაგიის შემთხვევაში ადებენ გასტროსტომას.

პროფილაქტიკა. კიბოს ნებისმიერი ფორმის პროფილაქტიკის ძირითადი გზაა კიბოსწინარე დაავადებების (ამ შემთხვევაში - საყლაპავის აქალაზიის, ბერეტის საყლაპავის) დროული გამოვლენა და მკურნალობა, ასევე - კიბოს გამოვლენა საწყის სტადიებში, რაც ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა. სასურველია, ადამიანმა რეგულარულად ჩაიტაროს პროფილაქტიკური კვლევა და ექიმს დაუყოვნებლივ აცნობოს ჯანმრთელობის გაუარესების, ყლაპვის გაძნელების შესახებ.
ვინაიდან არასწორი კვება (ცხელი საკვების, ცხარე კერძისა და საწებლის ხშირი მიღება, A და C ვიტამინების დეფიციტი), მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება საყლაპავის კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია, დაავადების პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილია, მოწესრიგდეს კვების რეჟიმი და რაციონი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია