შუასაყარის კისტებს მიეკუთვნება:
- ბრონქოგენული კისტა;
- საყლაპავის კისტა;
- ნეიროენტეროგენული კისტა;
- პერიკარდიუმის კისტა;
- თიმუსის კისტა;
- გულკერდის ლიმფური სადინარის კისტა.
ბრონქოგენული კისტა
ბრონქოგენული კისტა შუასაყარის კისტებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული. მისი მიზეზია ფილტვის ემბრიონულ პერიოდში აღმოცენებული დეფექტები. თუ დარღვევა ჩანასახის განვითარების ადრეულ ეტაპზე მოხდა, შუასაყარის კისტა ყალიბდება, თუ გვიანდელზე - ფილტვისა. ბრონქოგენული კისტა ყველაზე ხშირად ტრაქეის ბიფურკაციის ადგილას მდებარეობს. ზოგჯერ ის თან ახლავს ფილტვის სეკვესტრაციას, დაუნის სინდრომს და ფილტვის დამატებით წილებს.
ბრონქოგენული კისტა კლინიკურად დიდხანს არ მჟღავნდება. მოგვიანებით ყალიბდება განსაზღვრული სიმპტომოკომპლექსი. ყველაზე ხშირია მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის სინდრომი და ინფიცირება.
ბრონქოგენული კისტა ყველაზე უკეთ რენტგენოკომპიურეტული ტომოგრაფიით დიაგნოსტირდება, თუმცა ფილტვების სტანდარტული რენტგენოგრაფიაც არანაკლებ ინფორმაციულია.
ბრონქოგენული კისტის არსებობისას დიდია ალბათობა, დროთა განმავლობაში მოხდეს ზეწოლა ბრონქებზე, საყლაპავზე, მათი ინფიცირება, ამიტომ უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაშიც კი კისტის ამოკვეთაა მიზანშეწონილი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ უსიმპტომო მიმდინარეობის სტადიაში ოპერირება გაცილებით იოლია. ინფიცირებისა და ორგანოებზე ძლიერი ზეწოლის შემთხვევაში შესაძლებელია კისტის გაკვეთა და მისი შიგთავსის გამოღება.
საყლაპავის (ენტეროგენული) კისტა
საყლაპავის კისტა ძალიან ჰგავს ბრონქოგენულს, მაგრამ მასზე იშვიათად გვხვდება. მდებარეობს საყლაპავის ახლოს, ხშირად - მის ქვედა მესამედში. ბრონქოგენული კისტისგან მის გასარჩევად ჰისტოლოგიურ გამოკვლევას მიმართავენ, თუმცა ზუსტი დიაგნოზის დასმა არც ისე მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმონაქმნი ნებისმიერ შემთხვევაში ამოკვეთას საჭიროებს.
საყლაპავის კისტა უმეტესად ერთკამერიანია და ლორწოვანი შიგთავსი აქვს. შესაძლოა, მდებარეობდეს საყლაპავის კედელში ან მის ლორწქვეშა შრეში.
საყლაპავის კისტა თავდაპირველად უჩინარია. ზრდასთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს მეზობელ ორგანოებზე (ბრონქებზე, ფილტვებზე, საყლაპავზე) ზეწოლა, გართულდეს ინფექციით ან გასკდეს. მოსალოდნელია ასევე სისხლდენა კისტის სანათურში.
საყლაპავის კისტის სადიაგნოსტიკოდ საუკეთესო მეთოდია რენტგენულ-კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა ფილტვების ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიაც შედეგიანია. ზოგჯერ საჭიროა ეზოფაგოსკოპია, თუმცა ყველაზე ინფორმაციულ მეთოდად ენდოსონოგრაფია ითვლება.
მკურნალობა, თუ სიცოცხლისთვის საშიში უკუჩვენება არ არსებობს, ოპერაციულია.
ნეიროენტეროგენული კისტა
ნეიროენტეროგენული კისტა ხშირად ერთვის ხერხემლისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკებს. ის, ჩვეულებრივ, დაბადებისთანავე ვლინდება. თუ ბავშვობაშივე არ იჩინა თავი, დიდხანს უსიმპტომოდ განაგრძობს არსებობას. დროთა განმავლობაში მისი ზრდის კვალად, ხდება საყლაპავის მიჭყლეტა და შესაძლოა, პროგრესირებადი სკოლიოზიც კი განვითარდეს.
სიმპტომებიდან აღსანიშნავია ტკივილი, მოტორიკის მოშლა, მგრძნობელობის დაქვეითება და პარაპლეგია.
სადიაგნოსტიკოდ წამყვანი მნიშვენლობა ენიჭება რენტგენულ-კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ხერხემალთან კავშირის დასაზუსტებლად ტარდება მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული კვლევა, ხოლო ზურგის ტვინის პროცესში ჩართვის ხარისხის გასარკვევად - მიელოგრაფია.
კისტის მთლიანად ამოკვეთა აუცილებელია. თუ პროცესში ზურგის ტვინი ან ხერხემალიც არის ჩართული, ოპერაციას იწყებს ორთოპედი ან ნეიროქირურგი და ასრულებს თორაკოქირურგი.
პერიკარდიუმის კისტა
პერიკარდიუმის კისტა უმეტესად მარჯვენა კარდიოდიაფრაგმული კუთხის მიდამოში ან დიაფრაგმის გასწვრივ მდებარეობს. არცთუ იშვიათად ის თიაქარში ერევათ. პერიკარდიალური კისტა შესაძლოა ძალიან გაიზარდოს და რამდენიმე ლიტრ სითხეს შეიცავდეს, თუმცა უმეტესად მომცრო ფორმები გვხვდება. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და კისტას გულმკერდის პროფილაქტიკური რენტგენოგრაფიის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ.
თუ დიაგნოზი უტყუარია, კისტის ამოკვეთა აუცილებლობას არ წარმოადგენს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმონაქმნი მეტისმეტად დიდია). თუ დიაგნოზი საეჭვოა, ოპერაციული ჩარევა აუცილებელია. ზოგ შემთხვევაში ეფექტურია კისტის შიგთავსის ასპირაცია, თუმცა ზოგი მკურნალობის ამ მეთოდს არ ეთანხმება.
თიმუსის კისტა
თიმუსის კისტა იშვიათია. ის, წესისამებრ, შუასაყარში, წინა მხარეს მდებარეობს. შესაძლოა, ყელის მიდამოშიც გამოვიდეს. იზრდება ძალიან დიდი და ვრცელდება დიაფრაგმამდე. დიაგნოსტირება ხდება რენტგენულ-კომპიუტერული ტომოგრაფიით და სკანირებით. კისტის კედელი ხშირად კალცინატებს შეიცავს. მკურნალობა ქირურგიულია.
გულმკერდის ლიმფური სადინარის კიტა
გულმკერდის ლიმფური სადინარის კისტა ძალიან იშვიათია. ის შუასაყარის უკანა ნაწილში მდებარეობს და საყლაპავსა და ტრაქეაზე ზეწოლის სინდრომით ვლინდება. მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს ცხიმიანი საკვების მიღებისას. სადიაგნოსტიკოდ ტარდება ლიმფოსცინტიგრაფია, თუმცა უმეტესად დიაგნოზი მხოლოდ საოპერაციო მაგიდასთან დაისმის, როდესაც ხდება ქირურგიული ჩარევა შუასაყარის გაურკვეველი ხასიათის სიმსივნის გამო.
მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. ოპერაციის შემდგომი გართულებაა ქილოთორაქსი - გულმკერდის ლიმფური სადინარის დაზიანების შედეგად ლიმფის პლევრის ღრუში დაგროვება, რაც განმეორებით ოპერაციას საჭიროებს.