არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მიზეზები ბოლომდე შეუსწავლელია, მაგრამ ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მის აღმოცენებას:
- მემკვიდრეობა. დაავადება ხშირია ერთი და იმავე ოჯახის წევრებსა და განსაზღვრული ეთნიკური წარმომავლობის პირებს შორის. გარდა ამისა, გამოვლენილია გენეტიკური მარკერები, რომლებიც ხშირად არის ასოცირებული არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტთან.
- გარეგანი ფაქტორები. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის აღმოცენებაში გარეგანი ფაქტორების როლის შესახებ მრავალი მეცნიერული ჰიპოთეზა არსებობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ვინაიდან მსხვილი ნაწლავი საკვები ნივთიერებების ზემოქმედებას განიცდის, ადვილი შესაძლებელია, ზოგიერთმა საკვებმა მისი ანთების პროვოცირება მოახდინოს. არსებობს მონაცემები არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის განვითარებაში ინფექციის როლზეც.
- იმუნური სისტემა. არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს აუტოიმუნურ პათოლოგიათა რიცხვს მიაკუთვნებენ - ირღვევა იმუნური სისტემის ფუნქცია და ის საკუთარ ორგანიზმს ებრძვის. ამ მოსაზრებას ადასტურებს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს მსხვილ ნაწლავთან ერთად სხვა სისტემებისა და ორგანოების დაზიანებაც.
სიმპტომები და მიმდინარეობა. სიმპტომები მსხვილი ნაწლავის დაზიანების ხასიათზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, აღინიშნება ფაღარათი, რომლის დროსაც სისხლსა და ლორწოსთან შერეული თხიერი განავალი გამოიყოფა. სისხლმდინარე კერას ავლენს რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევაც. დაავადებას, წესისამებრ, თან სდევს მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობაც ზომიერიდან ძალიან ძლიერამდე მერყეობს.
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ლოკალიზებულია მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში, სწორი ნაწლავიდან განივ კოლინჯამდე. ზოგჯერ ანთებითი პროცესი მხოლოდ სწორ ნაწლავს მოიცავს (პროქტიტი). ამ შემთხვევაში შესაძლოა დაავადების ერთადერთი გამოვლინება სწორი ნაწლავიდან სისხლდენა იყოს. ზოგჯერ აღინიშნება სწორი ნაწლავის ტკივილი, დეფეკაციის ცრუ სურვილი. არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი სწორი ნაწლავიდან ვრცელდება სიგმოიდურ კოლინჯზე (პროქტოსიგმოიდიტი), კოლინჯის მთელ მარცხენა ნახევარსა და მთელ მსხვილ ნაწლავზე (პანკოლიტი). ბუნებრივია, რაც უფრო დიდ ფართობს მოიცავს პათოლოგიური ცვლილებები, მით უფრო მძაფრია კლინიკური სიმპტომატიკა.
მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ:
- მსუბუქ არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს. ამ დროს კუჭის მოქმედება დღე-ღამეში ოთხჯერადზე ნაკლებია. განავალში სისხლის მინარევი შესაძლოა არც იყოს. ზოგადი ინტოქსიკაცია გამოხატული არ არის, ტემპერატურა ნორმალურია, სისხლში ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ არის (ედს ნორმალურია). აღინიშნება მუცლის ზომიერი ტკივილი ან კუნთების სპაზმი, ასევე - კუჭის მოქმედების ცრუ სურვილი (ცრუ ჭინთვა, ტენეზმი), რომლის შედეგადაც განავალი არ გამოიყოფა ან გამოიყოფა ძალიან მცირე ოდენობით.
- საშუალო სიმძიმის არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს. ამ დროს დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 4-ს აღემატება, თუმცა ინტოქსიკაციის ნიშნები მინიმალურია, ცხელება 38-39°ჩ -ს აღწევს, ტკივილი ზომიერია. სისხლის ანალიზი ავლენს ანემიას, მაგრამ არცთუ ისე მკვეთრს.
- მძიმე არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს. მას ახასიათებს ხშირი (დღე-ღამეში 6-ზე მეტი) დეფეკაცია, ინტოქსიკაციის სიმპტომები - ცხელება, ტაქიკარდია (გულის აჩქარება), ანემია და ედს-ის მატება. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს დაავადების ელვისებური ფორმა. ამ დროს კუჭის მოქმედებათა რიცხვი დღე-ღამეში 6-ს აღემატება, განავალი მუდმივად სისხლიანია, ვლინდება მკვეთრი ინტოქსიკაცია, მუცელი მტკივნეულია, ანემია მკვეთრია. ანთებითი პროცესი სცდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს და ვრცელდება ქვემდებარე შრეებზე, რაც არღვევს მსხვილი ნაწლავის კედლის ელასტიკურობას. მოსალოდნელია მისი მკვეთრი გაფართოებაც, რასაც მედიცინაში ნაწლავის ტოქსიკურ დილატაციას უწოდებენ. ნაწლავის ტოქსიკური დილატაცია შესაძლოა მისი პერფორაციის (კედლის გახვრეტის) მიზეზად იქცეს. სათანადო მკურნალობის გარეშე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ელვისებური ფორმა სიკვდილით სრულდება.
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი მხოლოდ ნაწლავის დაავადება არ არის. ის სისტემური პათოლოგიაა, რომელმაც შესაძლოა ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება გამოიწვიოს. ზოგჯერ ზოგადი გამოვლინება, მაგალითად, სახსრების ტკივილი, დაავადების პირველი ნიშანიც კია და უსწრებს ნაწლავებისმხრივ ჩივილებს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში დაავადების დიაგნოსტიკა რთულდება.
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ზოგად გამოვლინებათა შორის უნდა აღინიშნოს:
- აფთოზური წყლულები პირის ღრუში;
- გამოვლინებები თვალების მხრივ: ირიტი ან უვეიტი (ფერადი გარსის ანთება), ეპისკლერიტი;
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანება: ართრიტი - სახსრების ანთება, რომელმაც შესაძლოა მოიცვას ერთი დიდი ან რამდენიმე წვრილი (მტევნის ან ტერფის) სახსარი; ხერხემლის სვეტის ართრიტი ანუ მაანკილოზებელი სპონდილიტი; ხერხემლის სვეტის ქვედა ნაწილისა და გავა-თეძოს ართრიტი;
- გამოვლინებები კანის მხრივ: ერითემა (კანქვეშა ქსოვილის ანთება) ქვემო კიდურებზე; განგრენული პიოდერმია (კანის ჩირქოვანი მტკივნეული დაწყლულება);
- ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
- აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია;
- თითების დეფორმაცია;
- სანაღვლე გზების ანთება, მასკლეროზებელი ქოლანგიტი.
გართულებები. გართულებებიდან აღსანიშნავია წყლულების პერფორაცია, სისხლდენა და აბსცესების განვითარება. როდესაც დაავადება 10 წელზე მეტია მიმდინარეობს და მთელი მსხვილი ნაწლავია დაზიანებული, კიბოს განვითარების რისკი მაღალია. ამ შემთხვევაში პაციენტმა ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს კოლონოსკოპია, რათა სიმსივნის სიმპტომები არ გამოეპაროს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სადიაგნოსტიკოდ, უპირველეს ყოვლისა, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, რათა დადგენილ იქნეს ანემიისა და ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენდოსკოპიურ კვლევას, კოლონოსკოპიას, რომლის დროსაც სპეციალური ხელსაწყოს კოლონოსკოპის მეშვეობით მთელი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანს ათვალიერებენ. ამ პროცედურის დროს შესაძლებელია ბიოფსიის ჩატარება - მსხვილი ნაწლავის ქსოვილის აღება მიკროსკოპიული გამოკვლევისთვის. მიკროსკოპიული კვლევით მიღებული მონაცემები დიაგნოზს ადასტურებს. სადიაგნოზოდ გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კონტრასტული (ბარიუმის ფაფით) რენტგენოლოგიური გამოკვლევაც, თუმცა ის კოლონოსკოპიასავით ისეთი ინფორმაციული არ არის.
მედიკამენტური მკურნალობის მიზანი ანთების ლიკვიდაციაა. წარმატებული მკურნალობით შესაძლებელია არა მარტო სიმპტომების აღმოფხვრა, არამედ ხანგრძლივი რემისიის მიღწევაც. ანთების სალიკვიდაციოდ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებია რეკომენდებული. მათ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ეფექტი აქვთ. შესაბამისად, ექიმს განსაზღვრული დრო სჭირდება იმ საშუალების შესარჩევად, რომელიც ცალკეული პაციენტისთვის იქნება ეფექტური. გარდა ამისა, ექიმი ყოველთვის იღებს მხედველობაში არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ რეკომენდებული ზოგიერთი პრეპარატის გვერდით ეფექტს. მათი დანიშვნისას მოსალოდნელი სარგებლობა უნდა აღემატებოდეს მკურნალობასთან დაკავშირებულ შესაძლო დისკომფორტს. ანთების საწინააღმდეგო საშუალებებიდან ინიშნება სულფასალაზინის პრეპარატები და კორტიკოსტეროიდები. გარდა ამისა, გამოიყენება იმუნოსუპრესიული (იმუნური სისტემის დამთრგუნველი) საშუალებები, რომლებიც ასევე თრგუნავს ანთებით პროცესს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა იმ პრეპარატების გამოყენებაც, რომლებიც უშუალოდ ანთებით პროცესზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ დაავადების ნიშნების ლიკვიდაციაში გვეხმარება. მათ სიმპტომურ საშუალებებს უწოდებენ. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საფაღარათო ან შემკვრელი საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, რკინის პრეპარატები. ამ ღონისძიებათა უეფექტობის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა - დაზიანებული ნაწლავის ამოკვეთა.
რეკომენდაციები არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტით დაავადებულთათვის:
- შეიცვალეთ ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი. რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება სიმპტომებს ამსუბუქებს.
- შეზღუდეთ რძისა და მისი ნაწარმის მიღება. ისინი ამძიმებენ დაავადების მიმდინარეობას, ვინაიდან კოლიტის დროს ხშირია რძის გადამამუშავებელი ფერმენტის - ლაქტაზის დეფიციტი.
- შეარჩიეთ თქვენთვის უვნებელი ხილი და ბოსტნეული - მართალია, ისინი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, მაგრამ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა დიარეა და მეტეორიზმი გააძლიეროს. მიიღეთ მხოლოდ ის ხილ-ბოსტნეული, რომელსაც იტანთ.
- უარი თქვით საკვებზე, რომლის მიღებაც დისკომფორტს გიქმნით. ეს შეიძლება იყოს ლობიო, ციტრუსები, ყავა, კოლა, ალკოჰოლი.
- საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით.
- სვით საკმარისი ოდენობის სითხე. უმჯობესია, ეს იყოს წყალი. მინერალური წყალი მხოლოდ უგაზო შეგიძლიათ დალიოთ.
- რაკი იძულებული ხართ, განსაზღვრულ პროდუქტებზე უარი თქვათ, რეკომენდებულია, მიიღოთ პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.
- დაავადების მიმდინარეობა გაცილებით მსუბუქი იქნება და დაავადება ნაკლებ პრობლემას შეგიქმნით, თუ თავს აარიდებთ სტრესს და რეგულარულად შეასრულებთ მსუბუქ ვარჯიშს.