კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, ალერგიამ, თვალის ტრავმამ, დამწვრობამ, უცხო სხეულმა და სხვა. მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ კონიუნქტივიტის ბაქტერიულ, ვირუსულ და ალერგიულ ფორმებს. ბაქტერიული ფორმის დროს, წესისამებრ, ინფიცირდება ორივე თვალი. ანთებას თან სდევს უხვი ლორწოვანი გამონადენი. ვირუსული ფორმის დროს უმეტესად ცალი თვალი ავადდება. თან სდევს ცრემლდენა და გამონადენი. დაავადების ორივე ფორმა გადამდებია- გადაეცემა როგორც მეორე თვალს, ასევე სხვა ადამიანსაც ავადმყოფთან კონტაქტის დროს.
ხშირად კონიუნქტივიტი ალერგიული რეაქციის შედეგია. ალერგენის როლი შესაძლოა შეასრულოს ყვავილის მტვერმა, სუნმა. ალერგიული კონიუნქტივიტი ვლინდება ქუთუთოების შეწითლებით, ძლიერი ქავილით და გამონადენით.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ზოგადად, კონიუნქტივიტის მთავარი ნიშანი თვალში უცხო სხეულის შეგრძნებაა (თითქოს თვალებში ქვიშა შეგაყარესო). ავადმყოფი უჩივის ქავილს, შესაძლოა, განუვითარდეს სინათლის შიშიც. ამასთან ერთად, ჩნდება სხვადასხვა სიხშირისა და ხასიათის გამონადენი. კონიუნქტივიტი მხედველობაზე უშუალო გავლენას არ ახდენს, მაგრამ თუ თვალების ლორწოვანი გარსი ძლიერ არის შეშუპებული, შეწითლებული და ცრემლმდინარი, ეს მხედველობაზეც იმოქმედებს.
კონიუნქტივიტის საკმაოდ რთული ფორმაა ქრონიკული კონიუნქტივიტი. ის უმეტესად ზრდასრულ ადამიანებს შორის გვხვდება და გამოწვეულია ხანგრძლივად მოქმედი გამაღიზიანებლით, როგორიც არის, მაგალითად, კვამლი, მტვერი, ჰაერში არსებული ქიმიური მინარევები. ქრონიკული კონიუნქტივიტის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცხვირ-ხახის ქრონიკული დაზიანება. დაავადებას ახასიათებს მტკივნეული ქავილი, წვისა და თვალებში ქვიშის ჩაცვენის შეგრძნება, სინათლის შიში, თვალების ადვილად დაღლა. გრძელდება დიდხანს.
კონიუნქტივიტს, წესისამებრ, თან სდევს ბლეფარიტი - ქუთუთოების ანთება. მიზეზი და კლინიკა იგივეა, თუმცა უფრო ძლიერია თვალების წვა, ქავილი, წამწამების ცვენა, შესაძლოა, ქუთუთოს კიდე დაწყლულდეს კიდეც.

გართულებები. კონიუნქტივიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს. თუ პროცესი რქოვანა გარსზე გადავიდა, მოსალოდნელია მისი დაწყლულება და პერფორაცია, რაც, ბუნებრივია, მხედველობაზე უარყოფითად მოქმედებს. თუ ანთებითი პროცესი კიდევ უფრო ღრმად გავრცელდა, მხედველობის სრული დაკარგვაც კია შესაძლებელი.
დიაგნოსტიკა. სიმპტომებისა და ავადმყოფის ჩივილების საფუძველზე დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, მაგრამ მიზეზის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა და თვალის ყოველმხრივი შემოწმება.

მკურნალობა. მკურნალობა გამომწვევის ხასიათის მიხედვით ტარდება. ალერგიული კონიუნქტივიტის დროს სპეციფიკური ანტიჰისტამინური მკურნალობაა საჭირო, ვირუსულის დროს - ანტივირუსული, ხოლო მიკრობულის შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მგრძნობელობის ანტიბიოტიკოთერაპია. ეფექტიანია კორტიკოსტეროიდები. ბლეფარიტის შემთხვევაში ზემოხსენებულ საშუალებებს ემატება იმავე ტიპის ადგილობრივი პრეპარატები მალამოების სახით (გახანგრძლივებული ზემოქმედებისთვის). კარგი შედეგი აქვს ფიზიოპროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება პროლონგირებული კორტიკოსტეროიდების საინექციო ფორმა. გარდა ამისა, საჭიროა დიეტისა და ჰიგიენის დაცვა, სინათლეზე ნაკლები გაღიზიანება, წყალთან ნაკლები კონტაქტი.
კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი ადვილად და სწრაფად იკურნება. ამ დროს პრობლემას წარმოადგენს არა თვით დაავადება, არამედ მისი გავრცელება. თავის დაზღვევის ყველაზე საიმედო გზა ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვაა: ავადმყოფმა უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური პირსახოცი და ბალიში. ხშირად იბანოს ხელები (ისევე როგორც მასთან კონტაქტში მყოფმა პირებმა). თუ შესაძლებელია, ერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ასევე - აუზს, რადგან ქლორიანი წყალი ისედაც გაღიზიანებულ ლორწოვანს უფრო მეტად გააღიზიანებს.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია