კრონის დაავადება არის ნაწლავის არასპეციფიკური ანთებადი ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება, რომელიც აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილს, დაწყებული პირის ღრუდან, დამთავრებული ანუსით, უპირატესად კი წვრილ და მსხვილ ნაწლავებს. ახასიათებს სეგმენტურობა, რეციდიული მიმდინარეობა, ანთებადი ინფილტრატები, წყლულები, ფისტულები, პერიანალური აბსცესი. დაავადება გვხვდება ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, უფრო მეტად ახალგაზრდებს შორის (ებრაელებში უფრო ხშირია, ვიდრე სხვა პოპულაციებში). მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ კავშირს ვირუსებთან, ქლამიდიებთან, იერსინიოზთან, ნაწლავის მიკრობიოცენოზის დარღვევასთან, ანაერობულ და პირობითპათოლოგიურ შტამებთან. დიდი ადგილი უკავია გენეტიკურ ფაქტორს.
მიმდინარეობა და სიმპტომები. კრონის დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მწვავედ, ისე ქრონიკულად. ქრონიკული ფორმა უფრო ხშირად გვხვდება. მისი გამოვლინება ანთებითი პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. დაავადებულთა უმრავლესობას გამოხატული აქვს 4 ძირითადი სიმპტომი: ცხელება, დიარეა (ფაღარათი), მუცლის ტკივილი და წონის კლება. მუცლის ტკივილი შესაძლოა აპენდიციტს წააგავდეს.
თუ პროცესი ლოკალიზებულია წვრილ ნაწლავში, მაშინ:
- დაავადების გამწვავებისას ჩნდება პირის ღრუს აფთოზური წყლულები, თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბური წყლულები, რომლებიც მკურნალობას არ ან ძნელად ექვემდებარება, ასევე - მუცლის ჭვალისმაგვარი ტკივილი.
თუ პროცესი ლოკალიზებულია მსხვილ ნაწლავში, მაშინ:
- აღინიშნება მძიმედ მიმდინარე დიარეა - დეფეკაცია დღეში 10-12-ჯერ რბილი, ნახევრად თხიერი განავლოვანი მასებით. თუ დაღმავალი და სიგმოიდური კოლინჯი დაზიანდა, განავალი სისხლიანია, ხშირია დეფეკაცია ღამით ან გამთენიისას.
ტკივილი ჭვალისმაგვარია, ზოგჯერ - ნაკლები ინტესივობისა, აღმოცენდება ჭამის შემდეგ ან დეფეკაციის წინ, ძლიერდება მოძრაობისას, ოყნის კეთებისას, დეფეკაციისას, ლოკალიზდება მუცლის ქვედა და გვერდით მიდამოში. - ხელით გასინჯვისას მსხვილი ნაწლავის საპროექციო არე მტკივნეულია, ზოგჯერ სიმსივნური წარმონაქმნიც კი ისინჯება. ეს შეხორცებებით შეკრული ნაწლავის მარყუჟია. სწორი ნაწლავი, გარდა პერიანალური ზონისა, პათოლოგიურ პროცესში ნაკლებად ერთვება.
გრანულომატოზური კოლიტის დროს ადგილი აქვს სისტემურ გამოვლინებებს ართრალგიების, ართრიტების, სპონდილოართრიტების და სხვა სახით.
რეაქტიული სისხლდენის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს მსხვილი ნაწლავის კიბო. შესაძლოა სიმსივნური პროცესის არსებობა წვრილ ნაწლავშიც.
პერიანალური (ანალური ზონის ირგვლივ მდებარე არის) ლოკალიზაციის დროს:
- პერიანალურ ზონაში პათოლოგიური პროცესი ვრცელდება მაშინ, როდესაც დაავადება იმთავითვეა შერწყმული წვრილი ნაწლავის დისტალურ და მსხვილი ნაწლავის პროქსიმულ ნაწილებში. იგი თითქმის არასდროს აღინიშნება წვრილი ნაწლავის იზოლირებული დაზიანებისას. დამახასიათებელია კანზე პულპისმაგვარი წარმონაქმნები. სისტემური გამოვლინებები არ გვხვდება. შესაძლოა წარმოიშვას ანუსისა და სწორი ნაწლავის სტენოზები, რომლებიც ზოგჯერ შეკრულობას განაპირობებს.
კრონის დაავადების მძიმე, გავრცობილი ფორმისთვის დამახასიათებელია: სისუსტე, განპირობებული D ვიტამინის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის ნაკლებობით, დაღლილობა და დაუძლურება, ვიტამინ B12-ის დეფიციტი, რკინისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის გამო, დერმატიტი და გემოვნების გაუკუღმართება თუთიისა და ნიკოტინმჟავას დეფიციტის გამო.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს, რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ მონაცემებს. დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია: რექტომანოსკოპია ბიოფსიით; წვრილი ნაწლავის რენტგენოსკოპიული გამოკვლევა; რექტოსკოპია, რექტოსიგმოსკოპია; სისხლის ანალიზი; განავლის გამოკვლევა. იშვიათად მიმართავენ ლაპაროტომიას.
კრონის დაავადების მკურნალობა საკმაოდ რთულია და დაავადების სიმძიმესა და ანთებითი პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მკურნალობის ძირითადი კომპონენტებია:
- სამკურნალო კვება;
- შეწოვის ფუნქციის აღდგენა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა აღმოფხვრა, ელექტროლიტების, პოლივიტამინების ბალანსის მოწესრიგება;
- ბაზისური პათოგენური მკურნალობა 5-ამინოსალიცილმჟავას შემცველი პრეპარატებით, გლუკოკორტიკოიდებით და არაჰორმონული იმუნოდეპრესანტებით;
- სიმპტომური თერაპია;
- ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ ნაწლავის გაუვალობის, ფისტულების, აბსცესის, პერფორაციის, ნაწლავიდან სისხლდენის დროს. ნაწლავის მრავლობითი რეზექციის (ამოჭრის) შედეგად შესაძლოა განვითარდეს მოკლე ნაწლავის სინდრომი.
სამკურნალო კვება. სამკურნალო კვების ხასიათი დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციასა და გავრცელებაზე, აგრეთვე - ავადმყოფის მიერ ზოგიერთი საკვების ატანაზე. გამწვავების პერიოდში ინიშნება კვება დღეში 5-6-ჯერ, შეუპოვარი დიარეის დროს ცილის შემცველობა მაღალი უნდა იყოს - 1,3-2 გ/კგ დღე-ღამეში. რაციონი უნდა იყოს მექანიკურად და ქიმიურად დამზოგველი და ცილების და ვიტამინების მაღალი შემცველობის. რძე გამორიცხულია, აუტანლობის შემთხვევაში მცენარეული უჯრედისი მკაცრად შეზღუდულია. ეს რაციონი შეესაბამება #4 დიეტას (თეთრი ორცხობილა, ჩაი, ახალი ხაჭო, მჭლე ხორცის ბულიონი, წყალზე დამზადებული ბრინჯისა და მანანის ფაფები) და შემდეგ შეიძლება დაინიშნოს #4ა (ორთქლზე დამზადებული კატლეტი, გუფთები, მოხარშული მჭლე თევზი, შტოშის, მოცვის კისელი).
ავადმყოფის მნიშვნელოვანი გამოშრობის დროს, ანუ როცა ადგილი აქვს შეუპოვარ ფაღარათს, ინიშნება პარენტერალური კვება (გადასხმები), იგი ნაჩვენებია აგრეთვე ობსტრუქციული პროცესების, ფისტულების, მოკლე ნაწლავის სინდრომისა და ოპერაციისთვის მომზადების დროსაც.