სიტყვა "კრუპი" ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ხრინწიანი ჩხავილი. ტერმინი გულისხმობს ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებას, რომელსაც თან სდევს შეშუპება, სანათურის შევიწროება და სუნთქვის გაძნელება. ეს ჭეშმარიტი კრუპია და ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების - ხორხის დიფტერიის დროს. არსებობს ფსევდოკრუპი ანუ ცრუ კრუპიც, რომელიც წარმოადგენს მწვავე ლარინგიტის ფორმას ხორხის სტენოზის ნიშნებით. უმეტესად გვხვდება სკოლამდელ ასაკში (ყველაზე ხშირად - 3 თვიდან 3-4 წლამდე) როგორც ზედა სასუნთქი გზების ინფექციათა (მათ შორის - პარაგრიპის, გრიპის, ადენოვირუსული ინფექციის), ასევე ყივანახველას, წითელასა და ქუნთრუშას გართულება, რაც სასუნთქი სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება: ამ ასაკში ხორხი შედარებით ვიწროა, უხვად მარაგდება სისხლძარღვებით და სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს ცრუ კრუპი ყველა ბავშვს განუვითარდება. საამისოდ საჭიროა განსაზღვრული ფაქტორების თანხვედრა. კერძოდ, არსებობენ ცრუ კრუპის მიმართ უფრო მეტად განწყობილი ბავშვები. ეს ის კატეგორიაა, ვინც დაბადებისას მიიღო ტრავმა, დაიბადა დღენაკლული ან აღენიშნება ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილება (ექსუდაციური დიათეზი). ასეთ ბავშვებს ცრუ კრუპი შესაძლოა რამდენიმეჯერ, ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციის ნებისმიერ სტადიაში, თანაც მძიმე ფორმით განუვითარდეთ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტი და ცრუ კრუპის მიზეზი სხვადასხვაა, მათ ერთნაირი სიმპტომები აქვთ. დიფტერიის დროს ამ სიმპტომებს იწვევს ხორხში წარმოქმნილი ფიბრინული ნადები, რომელიც ხორხის სანათურს ავიწროებს. ჰაერს შევიწროებულ ხორხში გავლა უჭირს და იქმნება მოხრჩობის შეგრძნება. თუ სათანადო ზომები არ მივიღეთ, ნადების წარმოქმნა გაგრძელდება და ავადმყოფი დაიღუპება. ცრუ კრუპის დროს ნადები არ ჩნდება, ხორხის სტენოზის (შევიწროების) მიზეზი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების შეშუპებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს.

ცრუ კრუპი ვლინდება შეტევის სახით, მოულოდნელად და ერთბაშად, უმთავრესად ღამით, უფრო ზუსტად, გამთენიისას. ბავშვი იღვიძებს, საწოლში წამოჯდება და ეწყება უხეში, მყეფავი, მშრალი ხველა, რომელსაც თან სდევს ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი და ხშირი სუნთქვა - ვინაიდან ხორხი შევიწროებულია და ბავშვი საჭირო მოცულობის ჰაერს ვერ ჩაისუნთქავს, ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას სუნთქვის გახშირებით ინაზღაურებს.
თუ პატარას დროულად არ გავუწიეთ სამედიცინო დახმარება, სტენოზი პროგრესირებას განაგრძობს, სუნთქვა უფრო და უფრო მეტად ჭირს, უფრო და უფრო ზედაპირული ხდება, სუნთქვითი მოძრაობები კი წუთში 40-50-ს აღწევს (ნორმაში ამ ასაკის ბავშვი წუთში 20-30-ჯერ ჩაისუნთქავს). ბავშვს სახე უწითლდება, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება, კანიც მოლურჯო ელფერს იღებს. თუ ჟანგბადოვანი შიმშილი დიდხანს გაგრძელდა, ბავშვი ფითრდება, გონებას კარგავს და შესაძლოა, დაიხრჩოს, ამიტომ კრუპის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, განურჩევლად დაავადების ფორმისა და სტადიისა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
კრუპის შეტევისთვის დამახასიათებელია:

  • მცირეწლოვანი ბავშვის გაძნელებული სუნთქვა;
  • ხმაურიანი გაძნელებული ჩასუნთქვა;
  • მყეფავი ხასიათის ხველა;
  • კანის მორუხო-მოლურჯო ფერი;
  • მძიმე შემთხვევებში - სუნთქვაში დამატებითი კუნთების მონაწილეობა.

თუ ავადმყოფს აქვს დამახასიათებელი პოზა - ზის წინ წამოწეული, თავი უკან აქვს გადაგდებული - და სხეულის მაღალი ტემპერატურა, ეს სუნთქვის ძლიერ უკმარისობაზე მიუთითებს. ამ დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

პირველი დახმარება კრუპის დროს:

  • პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმოქმედეთ გონივრულად.
  • დასვით და დაამშვიდეთ ბავშვი - ის, იმის გამო, რომ უჭირს სუნთქვა, ფრთხება, იწყებს ტირილს, ყვირილს, აღეგზნება, რაც სპაზმს აძლიერებს და მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. თუ ამ დროს დედა ბავშვს სიტყვიერად დაამშვიდებს და დაარწმუნებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება, ბავშვს სუნთქვა საგრძნობლად გაუადვილდება.
  • უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება - გამოაღეთ სარკმელი, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ცივი, კონტრასტული ჰაერი თვითონვე იწვევს სპაზმს, ამიტომ თუ სიცივეა, ფანჯარა მეორე ოთახში გამოაღეთ.
  • ბავშვს ასუნთქეთ ორთქლი - შეიყვანეთ სააბაზანოში და მოუშვით ცხელი წყლის ონკანი, ან დასვით სამზარეულოში და ადუღეთ წყალი. აუხსენით ბავშვს, რომ სუნთქვის გასაადვილებლად ორთქლი უნდა ჩაისუნთქოს. ყურადღებით იყავით და ბავშვი ცხელი წყლიდან მოშორებით დაიკავეთ, რათა არ დაიწვას.
  • მიეცით თბილი სითხე (უმჯობესია, ეს იყოს ტუტე ხსნარი - თბილი ბორჯომიანი რძე) და გულმკერდზე თბილი საფენი დაადეთ.
  • არ შეიძლება პირში თითების ჩადება - შესაძლოა, ამან სუნთქვის გაჩერება გამოიწვიოს.
  • არ დაფრთხეთ. ეს ბავშვს შეაშინებს და მისი მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.
  • როცა ბავშვს ლოგინში ჩააწვენთ, მისი საძინებლის ჰაერი დაატენიანეთ, მაგალითად, გადაკიდეთ სველი პირსახოცი გამათბობელზე. მომატებული ტენიანობა შეამცირებს განმეორებითი შეტევის რისკს.
  • თუ შეტევა მძიმეა, დროულად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება - კრუპის შეტევამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, რომლის დროსაც ორგანიზმში შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება.

მკურნალობა. ცრუ კრუპის შეტევის მოსახსნელად ერთ-ერთ უალტერნატივო მეთოდს წარმოადგენს ინჰალაცია. სტაციონარში ბავშვს 30 წუთში ერთხელ უტარდება ეპინეფრინის ინჰალაციები. თუ კრუპის სინდრომი არ მოიხსნა, ინიშნება კორტიკოსტეროიდები. თუ კრუპი მაინც არ დაცხრა, პირიქით, გამძაფრდა კიდეც, ინიშნება ანტიბიოტიკის კურსი, ლარინგოსკოპია ნარკოზით და, საჭიროებისამებრ, ინტუბაცია. კრუპის სინდრომი და ზემო სასუნთქი გზების კატარული მოვლენები (ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი და სხვა) ლაბორატორიულ გამოკვლევასთან (სისხლის საერთო ანალიზთან) ერთად საფუძველს გვაძლევს, ვიეჭვოთ ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია, მაგრამ არც ისეთი დაავადებები უნდა გამოვრიცხოთ, რომლებსაც კრუპის სინდრომი ახასიათებს და რომელთა არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ასეთი დაავადებებია მწვავე ეპიგლოტიტი, უვეიტი (ნაქის შეშუპება), ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს სინდრომი), უცხო სხეულის ასპირაცია (გადაცდენა).

პროფილაქტიკა. თუ ბავშვი კრუპის განვითარებისკენ არის მიდრეკილი, სასურველია ავადმყოფობის პირველი ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი) შემდეგი ზომების მიღება:

  • დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე დაატენიანეთ ბავშვის საწოლი ოთახის ჰაერი: ოთახში, ელექტროქურაზე, აადუღეთ სოდიანი წყალი და დაელოდეთ, ვიდრე ორთქლი კარგად დატრიალდება.
  • ბავშვი მოარიდეთ ცივ ჰაერს და თბილი გარემოდან უცბად ცივში მოხვედრას (ნუ გაუშვებთ თბილი ოთახიდან აივანზე ან ეზოში).
  • ძილის წინ გაუკეთეთ ფეხის თბილი აბაზანები.
Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია