ლამბლიოზი ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის მეტად გავრცელებული პროტოზოული ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია შოლტისებრთა კლასის წარმომადგენელი - უმარტივესი ლამბლია (Lamblia Intestinalis Jiardia). ის ადამიანის ორგანიზმში გვხვდება ვეგეტაციური (აქტიური) და ცისტის (არააქტიური) სახით.
ლამბლიები გავრცელებულია თითქმის ყველგან. ლამბლიოზით დაავადებული ადამიანი განავალთან ერთად დიდი რაოდენობით გამოყოფს ცისტებს (მაგალითად, ბავშვის ერთი გრამი ფეკალური მასა შესაძლოა 241800 ცისტას შეიცავდეს), რომლებიც ნესტიან გარემოში 66-70 დღეს ძლებენ. დადგენილია, რომ წყლის გასაწმენდად გამოყენებული ქლორის კონცენტრაცია ლამბლიების ცისტებს ვერ ანადგურებს. წინათ მიიჩნეოდა, რომ ადამიანი ინფექციის ერთადერთი რეზერვუარი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლამბლიები ძაღლების, კატებისა და თახვების ორგანიზმშიც პარაზიტობენ, თუმცა, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ლამბლიებს სახეობასპეციფიკურობა ახასიათებთ, აქედან გამომდინარე, ცხოველის ლამბლიები ადამიანისთვის პათოგენურები არ არიან.
ინფიცირება უმეტესად ლამბლიების ცისტებით დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით ხდება. ლამბლიები შესაძლოა გადაედოს ადამიანისგან ადამიანს გარემომცველი საგნების ფეკალიებით დაბინძურების შემთხვევაში. ინფიცირება ხდება ფეკალურ-ორალური გზით. საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 1-2 კვირას.
იმის გათვალისწინებით, რომ ლამბლიის ცისტები მეტად გამძლენი არიან გარეგანი ზემოქმედების მიმართ, პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში დასნებოვნების ალბათობა დიდია.
არსებობს ნაწლავური, ჰეპატობილიარული და შერეული ფორმის ლამბლიოზი. სამივე ფორმის პათოგენეზის ძირითადი რგოლების თანამიმდევრობა შეიძლება ამგვარად წარმოვიდგინოთ:
- ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის ლამბლიებით ტრავმატიზება;
- საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებული ნაწილის ქსოვილში უჯრედულ დონეზე ბიოქიმიური ცვლილებების განვითარება და ცილოვანი, ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის მოშლა;
- თორმეტგოჯა ნაწლავის, წვრილი ნაწლავის, ნაღვლის სადინარების, ღვიძლის ქსოვილის დაზიანება, ლორწოვანის ატროფიის, მიკროაბსცესების და სხვათა განვითარება;
- ნაწლავების მიკრობული შემადგენლობის დარღვევა;
- ფერმენტული უკმარისობის გაღრმავება და ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი მეტაბოლიზმის პროცესების დარღვევა;
- მალადსორბციის პროცესის განვითარება (ნაწლავებში შეწოვის პროცესის დარღვევა);
- ბილიარულ სისტემასა (ნაღვლის ბუშტი და სადინარები) და ნაწლავებში მოტორულ-ევაკუატორული დარღვევების განვითარება, მყარი დისკინეზიის ფორმირება;
- სეკრეტორული იმუნოგლობულინ-D-ს გამომუშავების დაქვეითება, იმუნიტეტის შესუსტება;
- დისმეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვება უმარტივესების ცხოველქმედების პროდუქტების ხარჯზე.
ორგანიზმში ლამბლიების ხანგრძლივი არსებობის შედეგად, განსაკუთრებით - იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე, ფორმირდება ქრონიკული ენდოგენური ინტოქსიკაციის სინდრომი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის დაზიანებას იწვევს.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ლამბლიოზის დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება:
- მყარი ნადები ენაზე;
- მეტეორიზმი, მუცლის შებერვა და ყურყური;
- შხეფის ხმა წვრილი ნაწლავის გასინჯვის დროს;
- მტკივნეულობა თორმეტგოჯა ნაწლავის საპროექციო არეში, მეზოჰიპოგასტრიტი;
- ღვიძლის გადიდება.
ზოგიერთი უჩივის პერიოდულ ტკივილს ჭიპის, მარჯვენა ფერდქვეშა და მუცლის ქვედა არეში, ბოყინს, მუცლის შებერვასა და ყურყურს, კუჭის გადავსების შეგრძნებას, სიმძიმის შეგრძნებას მკერდის ძვლის ქვემოთ, მადის დაქვეითებას. პატარა ბავშვებში ხშირია დღის განმავლობაში მრავალჯერადი დეფეკაცია ფაფისებური განავლით, იშვიათია შეკრულობა, შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ჭარბობს შეკრულობა ფაღარათის ხანმოკლე პერიოდებით. ფეკალურ მასაში შეიძლება შევამჩნიოთ გადაუმუშავებელი საკვების ელემენტები.
ლამბლიოზის დროს ხშირად აღინიშნება ნერვული სისტემის მოშლილობა. ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, გაღიზიანებას, ძილის დარღვევას, კოშმარულ სიზმრებს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ტიკებს, ჰიპერკინეზიას (უნებლიე მოძრაობებს). შესაძლოა, განვითარდეს ჰიპერტონიული კრიზიც. ასევე ხშირია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია - ემოციური ლაბილურობა, ლოკალური ჰიპერჰიდროზი (ჭარბოფლიანობა), სუბფებრილური ტემპერატურა, არითმია.
ქრონიკული ლამბლიოზი როგორც ბავშვებში, ისე დიდებში იწვევს კანის დაზიანებას. მაგალითად, ყველა დაავადებულს აღენიშნება სიფითრე, განსაკუთრებით - სახისა (მას ზოგჯერ პარადოქსულადაც კი მიიჩნევენ ჰემოგლობინის მაღალი მაჩვენებლის გამო), რაც სისხლძარღვების სპაზმით არის განპირობებულია. კანის არაერთგვაროვანი შეფერილობა და მისი იქტერიული (მოყვითალო) ელფერი დაავადების პირველსავე წლებში იჩენს თავს. კანისა და სკლერების ასეთი ელფერი ქოლესტაზის (ლამბლიოზის ჰეპატობილიარული ფორმის დროს) სიმპტომია. რუხი და მორუხო-იქტერიული ელფერი მყარი შეკრულობის შემთხვევაში ყალიბდება. კისრის, მუცლის, იღლიების ნაკეცებში კანი მოყვითალო-მოყავისფრო ფერს იღებს ლამბლიოზის ქრონიკული ფორმის გვიან სტადიაზე, რასაც გლუკოკორტიკოიდული უკმარისობა განაპირობებს. ლამბლიოზის დროს შესაძლოა ფერი იცვალოს ხელისგულებისა და ფეხისგულების კანმაც - თავდაპირველად მიიღოს მოყავისფრო-მოწითალო ელფერი, შემდეგ კი მოყვითალო-მოვარდისფრო. ასევე აღინიშნება კანის სიმშრალე. ბავშვებსა და მოზარდებში ლამბლიოზის გავრცელებული სიმპტომია ტუჩის წითელი არშიის (ქობის) დაზიანება.
ლამბლიოზის დროს თმა ზიანდება - ის ნელა იზრდება, იღებს არაერთგვაროვან შეფერილობას.
მიმდინარეობის მიხედვით ლამბლიოზი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული. მწვავე ფორმა ხშირად გვხვდება ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში.
სიცოცხლის პირველ თვეებში ლამბლიებით ინფიცირების (მშობლების ან უფროსი და-ძმისგან) შემთხვევაში ვითარდება მწვავე დიარეა (ფაღარათი), დაბალი სიცხე, გულისრევა, უმადობა. თავდაპირველად ბავშვს შესაძლოა კუჭის მოქმედება დღეში 10-ჯერაც ჰქონდეს. განავალი არის თხიერი, ქაფიანი, მოგვიანებით ხდება ცხიმიანი და მყრალი. იმატებს აირების გამოყოფა და მუცლის შებერილობა. ვითარდება ნაწლავური სპაზმი.
ინფიცირებულთა უმრავლესობას კანზე აღენიშნება ინფექციურ-ალერგიული ბუნების ცვლილებები - ბაცი ვარდისფერი გამონაყარი, რომელიც 3-5 დღეში ქრება ან ალერგიული დერმატიტი. სამწუხაროდ, ამ სტადიაში ლამბლიოზზე ეჭვის მიტანა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ უმეტესად საქმე გვაქვს ქრონიკულ ლამბლიოზთან, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა, მალადსორბცია, მუცელში სპაზმური ტკივილი, გულისრევა, მადის დაქვეითება;
- ფიზიკური განვითარებით ჩამორჩენა, მასის დაკარგვა, სისუსტე, ჰიპოტროფია;
- კანის ზემოთ აღწერილ ცვლილებებთან ერთად - ჭინჭრის ციება.
ორგანიზმის თავდაცვითი ძალების მოძლიერების, სწორი კვების, სათანადო დასვენების შემთხვევაში ორგანიზმში იქმნება ლამბლიების გამრავლებისთვის არახელსაყრელი პირობები, ორგანიზმი იწმინდება და კლინიკური სიმპტომები მცირდება. მეორე მხრივ, იმუნიტეტის დამაქვეითებელი ყველა ფაქტორი ხელს უწყობს ლამბლიების გამრავლებას და დაავადების რეციდივების განვითარებას ყველა სიმპტომის გამოვლენით.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ლამბლიოზის დიაგნოზი დაისმის განავლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ზონდაჟით მიღებული მასალის მიკროსკოპიული გამოკვლევის საფუძველზე.
მწვავე ლამბლიოზის შემთხვევაში ინიშნება კომბინირებული მკურნალობა დეტოქსიკაციის (ენტეროსორბცია, ინფუზიური თერაპია), საჭმლის მონელებისა და შეწოვის პროცესების (ფერმენტები, ვიტამინები, ბიოპრეპარატები) აღსადგენად, ასევე - ფურაზოლიდონი, ტრიქოპოლი, ფაზიჟინი.
ლამბლიოზის დიაგნოზი თითქმის ყოველთვის ქრონიკულ ფაზაში დაისმის. ამ შემთხვევაში ტარდება სამეტაპიანი მკურნალობა.
თავდაპირველად ხდება ენდოტოქსიკოზის ლიკვიდაცია, ლამბლიების მექანიკური მოშორება, ორგანიზმის თავდაცვითი ძალების ამაღლება. ეს ეტაპი გრძელდება 2-4 კვირას და მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს:
- დიეტას, რომელიც მიზნად ისახავს ლამბლიების გამრავლებისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნას (ფაფები, ბოსტნეული, ხილი, ჩირი, მცენარეული ზეთი, ნახშირწყლების, განსაკუთრებით - შაქრის შეზღუდვა);
- ნაღველმდენ ბალახებსა და პრეპარატებს (ნიკოდინი, ქოლენზიმი, ოქსაფენამიდი, ენტეროსგელი);
- ნაღვლის ბუშტისა და ნაწლავების გაწმენდას 6-7 დღეში ერთხელ (უზმოზე მიიღება 50-100 მლ 25%-იანი გოგირდმჟავა მაგნეზია ან 30-50%-იანი სორბიტის ან ქსილიტის ხსნარი, მომდევნო 2 საათის განმავლობაში - 300 მლ-მდე გადადუღებული, არა მინერალური, წყალი. ნაწლავების დაცლის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში საჭიროა დიეტის დაცვა. დიეტა: ბრინჯის ნახარში, ღუმელში მშრალად შემწვარი ხილი და ბოსტნეული, დიდი ოდენობით სითხე);
- 2-4 კვირის განმავლობაში ბრინჯით მდიდარი დიეტის დაცვას (უზმოზე მიიღება შემდეგი წესით მოხარშული ბრინჯი: 2 სუფრის კოვზს დაასხით ცივი წყალი, დატოვეთ დილამდე, გარეცხეთ, დაასხით 250-300 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 წუთს. ასე გააკეთეთ 3-ჯერ. შემდეგ ბრინჯი თუშფალანგზე გადმოყარეთ, გადაავლეთ ცხელი წყალი, გადაიღეთ თეფშზე და ნელ-ნელა ჭამეთ. თითოეული ლუკმა გულდასმით დაღეჭეთ. ამის შემდეგ 4 საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და დალიოთ. დღის განმავლობაში მიიღეთ 4-6 ჭიქა მდუღარე წყალი);
- ენტეროსორბენტების მიღებას;
- ფერმენტებს (დანიშნულებისამებრ);
- ნაწლავების გაწმენდას ლიმონის წვენით ოდნავ შემჟავებული ოთახის ტემპერატურის წყლით (1,5-2 ლ).
მომდევნო საფეხურია ანტიპარაზიტული მკურნალობა. პრეპარატს არჩევს და დოზირებას ადგენს ექიმი.
მესამე ეტაპია იმუნიტეტის ამაღლება და ნაწლავებში ლამბლიების გასამრავლებლად არახელსაყრელი პირობების შექმნა, დიეტა (იხილეთ ზემოთ). ასევე რეკომენდებულია ყოველდღიურად გოგრის სალათის, ჭარხლის, წითელი მოცვის ან შტოშის ნახარშის მიღება.
მკურნალობის შედეგი 92-95%-ში დადებითია, მაგრამ არცთუ იშვიათად 3-6 თვის შემდეგ გაკეთებულ საკონტროლო ანალიზებში ისევ აღმოჩნდება ხოლმე ლამბლიები. ამ დროს უნდა დადგინდეს, დაავადების რეციდივია ეს თუ რეინფექცია. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დაავადებულის ოჯახის წევრების (თუ ბავშვი ბაღში დადის - თანაბაღელების) გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში - მკურნალობა. ასევე მეტად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და ბავშვებისთვის ჰიგიენის წესების სწავლება.