ჰემატოლოგიურ ავადმყოფებს კანის ოთხი ტიპის ცვლილებები აღენიშნებათ. ესენია:
- სპეციფიკური ცვლილებები;
- გამოვლინება-სატელიტები;
- კანის ინფექციური დაზიანება;
- ქიმიოთერაპიის თანამდევი მეორეული ცვლილებები.
სპეციფიკური დაზიანებები ჰემოპოეზის ავთვისებიანი უჯრედებით კანის ინფილტრაციას უკავშირდება. მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ამოცნობის კუთხით. ვლინდება სიმსივნეებით, გლუვ ზედაპირზე არსებული ინფილტრაციებით და კვანძოვანი ელემენტებით.
კანისმხრივი გამოვლინება შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი და ნებისმიერ ადგილას გაჩნდეს. თუ ჰემატოლოგიური დიაგნოზი დასმულია, მათი ამოცნობა სირთულეს არ წარმოადგენს, ჰემატოლოგიური დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში კი აუცილებელია იმუნური მარკერებით გამოკვლევა, რაც ინფილტრირებული უჯრედების წარმომავლობის დადგენის საშუალებას იძლევა.
მიელოიდური ტიპის ლეიკემიის დროს კანზე არცთუ იშვიათად ჩნდება ბულები, ნეკროზები, პრურიგო (ახასიათებს წვრილი გამონაყარი და ძლიერი ქავილი)... მათი გაჩენა დაავადების მძიმე პროგნოზისა და მკურნალობის პერსპექტივის გაუარესების მომასწავებელია.
ეოზინოფილური სინდრომი შესაძლოა ვასკულიტის ან ექტოდერმის ტიპის ცვლილებებით გამოვლინდეს.
ხშირია გაურკვეველი გენეზის დაზიანება. ასეთია, მაგალითად, ნეიტროფილური დერმატოზი, სისხლძარღვოვანი გამოვლინება (ვასკულიტი, ერითრომელალგია, ზედაპირული ფლებიტი და სხვა), პრურიგო, პარანეოპლასტიკური პემფიგუსი, ჰიპერპიგმენტაცია.
ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული კანის დაზიანება ხშირია. ის, ფაქტობრივად, მუდმივ დიაგნოსტიკურ პრობლემას წარმოადგენს სისხლის დაავადების მქონე ავადმყოფებისთვის. გამომწვევი მიზეზის კვალობაზე, ცვლილებები შეიძლება 4 ჯგუფად დავყოთ:
- პრეპარატების ციტოსტატიკური მოქმედებით გამოწვეული დარღვევები (მუციტები, ონიქოლიზი, გამელოტება);
- ჰიპერმგრძნობელობა (პოლიმორფული ერითემა, მაკულურ-პაპულური ეგზანთემა. ჭინჭრის ციება);
- გაურკვეველი გენეზის ცვლილებები (ერითემა, დიფუზური ან კეროვანი პიგმენტაცია);
- კონკრეტული პრეპარატის მოქმედების სპეციფიკური გამოვლინება (მაგალითად, ბლეომიცინის მიღების დროს - თითების ნეკროზი, ინტერფერონით მკურნალობის დროს - ინექციის ადგილის ნეკროზი და ინდუცირებული ფსორიაზი და სხვა).
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდგომი რეაქცია "ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ" ასევე შეიძლება კანისმიერი გამოვლინებებით წარიმართოს. მწვავე ფაზაში ვითარდება მაკულურ-პაპულური ეგზანთემა, ქრონიკულში - ლიქენიზაცია და სკლეროდერმიის მსგავსი ცვლილებები.
იმუნური სისტემის დათრგუნვის გამო არცთუ იშვიათია კანის ინფექციური დაზიანება, რომელსაც სხვადასხვა აგენტი იწვევს, ხშირად მიმდინარეობს ატიპურად, საჭიროებს დაზიანებული კანის ბიოფსიას და ბიოპტატის მიკრობიოლოგიურ, მიკოლოგიურ და ჰისტოლოგიურ ანალიზს.