ლეიკემოიდური რეაქცია წარმოადგენს სისხლმბადი ორგანოებისა და პერიფერიული სისხლის ცვლილებას, რომელიც ჰგავს ლეიკემიას და სისხლმბადი სისტემის სხვა დაავადებებს, დროებითია და არ გარდაიქმნება იმ სიმსივნედ, რომელსაც ჰგავს. ასეთი რეაქციები გამოწვეულია ინფექციით, ინტოქსიკაციით, სიმსივნით, ძვლის ტვინის სიმსივნის მეტასტაზირებით.
სხვადასხვა ტიპის ლეიკემოიდური რეაქციის დროს განვითარების მიზეზი და მექანიზმი სხვადასხვაა, მაგალითად, სისხლში უმწიფარი უჯრედული ელემენტების მოხვედრა, სისხლის უჯრედების გაძლიერებული წარმოქმნა, ქსოვილში უჯრედთა გამოსვლის შეფერხება ან ყველაფერი ერთად. ლეიკემოიდურმა რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები სხვა ორგანოებში- სისხლში, ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში, ელენთაში.
ლეიკემოიდური რეაქცია ჰგავს ქრონიკულ მიელოლეიკოზს, მაგრამ, ქრონიკული მიელოლეიკოზისგან განსხვავებით, ყოველთვის თან სდევს მძიმე ინფექციები და ინტოქსიკაცია, მიმდინარეობს მაღალი სიცხით, ანთებითი კერების არსებობით და სეფსისით.
სისხლში ეოზინოფილების სიჭარბით მიმდინარე ლეიკემოიდური რეაქცია ვლინდება ალერგიული დიათეზის, მედიკამენტებისადმი სენსიბილიზაციის, იშვიათად- ონკოდაავადებების (ლიმფოსარკომის, ლიმფოგრანულომატოზის) დროს. ასეთი რეაქციები საჭიროებენ ყოველმხრივ გამოკვლევას ჰელმინთოზებისა და სისხლის სისტემის ონკოდაავადებების გამოსარიცხავად.
რეაქტიული ერითროციტოზი ძალიან ჰგავს ერითრემიას. ყველაზე ხშირად ერითროციტოზის მიზეზია დაქვეითებული ოქსიგენაციით (ჟანგბადით გაჯერება) მიმდინარე ფილტვის დაავადებები, გულის გამოხატული მანკები, თირკმლის სიმსივნური დაავადებები. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ულტრაბგერითი და კომპიუტერული გამოკვლევა.
მიელემია ჰგავს მწვავე ერითრომიელოზს, მაგრამ მისგან სისხლსა და ძვლის ტვინში ბლასტური უჯრედების არარსებობა განასხვავებს. ხშირია ძვლის ტვინის კიბოს მეტასტაზირების დროს.
ლიმფოზური ტიპის ლეიკემოიდური რეაქცია ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექციით არის გამოწვეული. მის გავრცელებულ სახესხვაობას წარმოადგენს ნაკლებად სიმპტომური ინფექციური ლიმფოციტოზი. სისხლის სურათი ქრონიკული ლომფოლეიკოზის მსგავსია, მაგრამ ამ ორი დაავადების არევა შეუძლებელია, ვინაიდან ლიმფოზური ტიპის ლეიკემოიდური რეაქცია პრაქტიკულად ყოველთვის ბავშვებში გვხვდება, ქრონიკული ლიმფოლეიკოზი კი მხოლოდ ზრდასრულებში.
მონოციტური ტიპის ლეიკემოიდური რეაქცია ხშირია ტუბერკულოზის, სარკოიდოზის, ვალდენ-სტრემის მაკროგლობულინემიის, ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს. ქრონიკული მონოციტოზისგან მას ამა თუ იმ დაავადების ნიშნების არსებობა განასხვავებს- მონოციტური ლეიკემია პირველი რამდენიმე წელი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ლეიკოციტოზის მსგავსი რეაქცია ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციურმა მონონუკლეოზმა, ქრონიკულმა ჰეპატიტმა, ნეფრიტმა, ჰიპერნეფრომამ, პარაზიტებით ინვაზიამ.
ლეიკემოიდური რეაქცია ძალზე სხვადასხვანაირი კლინიკური სურათით ვლინდება. მაგალითად, რინიტით (ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო), ანგინით... სადიაგნოსტიკო ნიშანს წარმოადგენს სისხლში სპეციფიკური უჯრედების არსებობა. დაავადება რამდენიმე კვირას გრძელდება, მაგრამ სისხლის სურათის ნორმალიზებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. არ არის გამორიცხული რეციდივები, მაგრამ გაცილებით მსუბუქად მიმდინარე, ზოგჯერ- პირველი მწვავე პერიოდიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
ლეიკემოიდური რეაქცია ხშირად არ საჭიროებს სპეციფიკურ მედიკამენტურ თერაპიას, ვინაიდან ძირითადი კლინიკური სიმპტომები მალე ქრება. პროგნოზი, წესისამებრ, კეთილსაიმედოა. ძალიან საშიშია სწრაფად მზარდი ელენთის გახეთქვა.